Home
ქართული | English
დეკემბერი 2024
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
2526272829301
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
303112345

შეიძინეთ ჩვენი წიგნები ღვინის მაღაზიებში

მულტიმედია

კომენტარები

ჯანფრანკო სოლდერა - Case Basse-სჯადოქარი

მონტალჩინოს სამხრეთ-დასავლეთით მდებარე მიწის პატარა ნაკვეთზე ჯანფრანკო სოლდერამ უნიკალური ეკოსისტემა შექმნა, რომლითაც დღემდე ინტერესდებიან მეცნიერები. მისი ღვინოები, ფაქტობრივად, რარიტეტებია, რომელზეც მთელი მსოფლიოს კოლექციონერები და აუქციონები "ნადირობენ". 

ჯანფრანკო სოლდერა განსაკუთრებული ადამიანია. თავისსავე შექმნილ სამყაროში ცხოვრობს, რომელთან შედარებითაც დანარჩენი მეღვინეობა ანტისამყაროა. კომერცია და მარკეტინგი მისთვის ნაკლებად საინტერესოა, ისევე, როგორც კრიტიკოსთა შეფასებები. ამ უკანასკნელთათვის სოლდერა ტრადიციების ხმალამოწვდილი დამცველიცაა, უკომპრომოსო რომანტიკოსიც და ნატიფ ღვინოთა შექმნის ეტალონიც, თავად კი საკუთარ თავს უბრალო გლეხად მიიჩნევს, დედაბუნების შეგირდად, რომელმაც განსაკუთრებული ყნოსვით დააჯილდოვა.

რობერტ პარკერი ყველას ურჩევს, ეწვიოს Case Basse-ს, რათა საკუთარი თვალით იხილოს, როგორ მზადდება დიდებული ღვინო, "იდიოსინკრაზიული, მაგრამ ბრწყინვალე." მსგავსი არასოდეს არაფერი გამისინჯავს - ამბობს ის და მართლაც, ეს ღვინო გულგრილს არავის ტოვებს.

სოლდერას მამულში სტუმრობა ეზოში მდგარი ბებერი ზეთისხილის "გაცნობით" იწყება, რომელიც ჯერ კიდევ 2500 წლის წინ დარგეს ეტრუსკებმა. უამრავ ქარტეხილსა და უბედურებას გადარჩენილი ხე დღესაც ცოცხალია და მშვენიერ ზეთს იძლევა. "აი, რა არის ბუნება. სხვა მასწავლებელი არც არის საჭირო" - ამბობს მასპინძელი. მისთვის ნაკლებად მნიშვნელოვანია კრისტისა და სოთბის აუქციონები, მთავარია, Case Basseიმ ადამიანებთან მოხვდეს, ვისაც მისი დაფასება შეუძლია და პირველი ყლუპის დაგემოვნების შემდეგ თვალები სიამოვნებისგან უბრწყინავს.

მეგობრები

"ჯოვანი კონტერნოსთან ძმასავით ვიყავი. საერთო ინტერესები გვქონდა, ერთი ფილოსოფია. XX საუკუნის ყველაზე დიდი იტალიელი მეღვინე იყო. კარგია, რომ მისი ვაჟი, რობერტო მამის ტრადიციებს აგრძელებს".

"ჩემი მეგობარი ჯუზეპე კვინტარელი ფანტასტიურ ამარონეს ამზადებდა. მეორე, იოშკო გრავნერი მსოფლიოში საუკეთესო თეთრ ღვინოებს აყენებს. მგონი, საკმარისია. მეგობარი არ შეიძლება ბევრი იყოს, ისევე, როგორც დიდი ღვინო. ასეთი კი სულ ექვსია: Conterno, Mascarello, Quintarelli, Gravner, Rinaldi, Soldera. ისინი ძალიან ძვირი ღირს, მაგრამ მე შემიძლია თავს ამის უფლება მივცე. ღვინოს თუ ვსვამ, საუკეთესო უნდა იყოს, თუ არადა, წყალი მირჩევნია. ფასი არ მაინტერესებს, ჩემთვის მთავარი ემოცია და სიამოვნებაა. დიდი ღვინოები ყველასთვის არ არის განკუთვნილი. მათ მეფეები და იმპერატორები მიირთმევდნენ, ასევე, პაპებიც - იმიტომ, რომ შეფასება შეეძლოთ - ამ საქმეში მშვენიერი პრაქტიკა ჰქონდათ".

მონტალჩინო  

"Case Basse-ს მონტალჩინოს ვერცერთ მეურნეობას ვერ შევადარებ. ეს სრულიად სხვა სამყაროა. სამი ყველაზე ცნობილი იტალიური ჯიშიდან - სანჯოვეზე, ალიანიკო და ნებიოლო - სანჯოვეზე ყველაზე მსუბუქია. მონტალჩინო კი საუკეთესო ადგილია მისი იდეალური დამწიფებისთვის".

"ამჟამად ადამიანები იმ ტერიტორიებს ითვისებენ, რომლებიც განსაკუთრებულ ფასეულობებს არ წარმოადგენს. კომერცია და მეღვინეობა განსხვავებული ცნებებია. ადრე 700 ათას ბოთლ ბრუნელოზე 15 ათასი Case Basse მოდიოდა. დღესდღეობით ჩემი წარმოება იგივე რჩება, მთელს მონტალჩინოში კი ეს ციფრი ათჯერ გაიზარდა".

მიწა

"ეს მიწა ყნოსვით შევარჩიე. მიტოვებული და უდაბური იყო. თუმცა, ერთი შეხედვით. სინამდვილეში უამრავი ბუჩქი და ბალახი იზრდება - ეს გარკვეულ წარმოდგენას იძლევა ადგილის პოტენციალზე. რასაკვირველია, გემოსაც უსინჯავ, რომ მიხვდე, რა შეიძლება მასზე გაიზარდოს. 1972 წელს საინტერესო პოტენციალის მიწა შევარჩიე - კარგი დრენაჟით, მდიდარი მინერალებით და წყლის მარაგით".

"მიწა ყველაფერს გეუბნება, უბრალოდ, კითხვა უნდა იცოდე. თუ ეს არ შეგიძლია, ღვინის დაყენება არ ღირს. სჯობს, სხვა საქმით დაკავდე. წინათ გლეხი იძულებული იყო, მიწის ენა სცოდნოდა: ინტუიციით ხვდებოდა, სად უნდა დაეთესა ბარდა, ხორბალი, ყურძენი. შეცდომის უფლება არ ჰქონდა, რადგან მომდევნო წლამდე შვილებს მშიერს დატოვებდა".

"ვენახისთვისMმიწის ძებნა 25 წლისამ დავიწყე. მთელი პიემონტი, ვენეტო და ტოსკანა მოვიარე, გავიცანი გამოჩენილი მეღვინეები - ჯუზეპე მასკარელო, ჯუზეპე კვინტარელი, ჯოვანი კონტერნო, რომლებიც შემდეგ ჩემი მეგობრები გახდნენ".  

"ყველაფრის კეთება შემიძლია, რაც ვენახს სჭირდება. ვაზის გასხვლა თავად რომ არ ვიცოდე, ამის საფუძვლიანად კეთებას მუშებს ვერ მოვთხოვდი. მასწავლებლები არ მყოლია. ბუნებისგან ვსწავლობ. მეცნიერებთან ურთიერთობა კი გარკვეული მოვლენების ახსნაში მეხმარება".

სოლდერას ბოკალი

სოლდერას უნაკლო ცხვირი Case Basse-შესაფერის ბოკალს დიდხანს ვერ პოულობდა. მისთვის მიუღებელი აღმოჩნდა ბრუნელო-დი-მონტალჩინოს კონსორციუმის მიერ მოწონებული სასმისიც. ბოლოს იდეალური ბოკალი თავად გამოიგონა. მნიშვნელოვანი იყო არა მხოლოდ ფორმა, არამედ მინის შემადგენლობაც: სოლდერა ტყვიის კატეგორიული წინააღმდეგია, აქედან გამომდინარე, ბროლისაც. 1980-იანი წლებიდან ყველგან თავისი ბოკლებით მოგზაურობს, რომელთაც სპეციალურად მისთვის სლოვენიის მინის ქარხანა ამზადებს. რესტორატორებს პირობას უყენებს: თუ ბარათში მისი ღვინის შეტანა სურთ, აუცილებლად უნდა ჰქონდეთ მისივე ჭიქებიც. მიიჩნევს, რომ ეს ბოკალი იდეალურია როგორც Case Basse-ს, ასევე სხვა დიდი ღვინოებისთვისაც. 

ფესვები

"ყნოსვა ან გაქვს, ან - არა. ჩემი ძმა, მაგალითად, საერთოდ ვერ ერკვევა სუნსა და გემოში, მისთვის სულერთია, რას მიირთმევს. მამა კუჭის წყლულით იტანჯებოდა და იძულებული იყო წყალზე მოხარშული ბრინჯი ეჭამა, ამიტომ დედა თავის კულინარიულ შესაძლებლობებს ჩემზე "ცდიდა." უნდა აღვნიშნო, რომ შესანიშნავად ამზადებდა".

"როდესაც პატარა ვიყავი, მთელი ზაფხულის განმავლობაში სოფელში დიდ ბაბუასთან მივდიოდი. ის ღვინოს რაბოზოსგან წურავდა, რომელიც ვენეტოს უხეში ავტოხთონური სახეობაა. სხვა ბავშვებთან ერთად ფეხებით ვჭყლეტდი ყურძენს. ბაბუა მიიჩნევდა, რომ ბავშვის წონა ამ პროცედურისთვის იდეალურია".

ღვინო

"ჩემი ღვინოების გასაგებად კარგი ყნოსვაა საჭირო. ხშირად შემინიშნავს, როგორ უნათდებათ თვალები ადამიანებს, რომლებიც პირველად სინჯავენ მას. თუ თვალები არ ბრწყინავს, ესე იგი, ღვინო ემოციას არ იწვევს. სიამოვნება, ტკბობა, ემოციები - მთავარი მიზეზია, რის გამოც ღვინის სმა ღირს.

"ღვინის 95% არომატია, დანარჩენი 5% - გემო, რომელმაც უნდა დაადასტუროს ის, რაც არომატში დევს. ყნოსვა - ყველაზე მნიშვნელოვანია ხუთი შეგრძნებიდან. სურნელით ვირჩევთ მეორე ნახევარს. თუ მამაკაცს ქალის სურნელი არ მოსწონს, მასთან ვერ იცხოვრებს და პირიქით. სურნელი - ცხოვრებაა, სწორედ მისი წყალობით არ ეკარებიან ცხოველები შხამიან ბალახს".

"ყნოსვის ცენტრი ტვინის იმავე მონაკვეთშია მოთავსებული, სადაც კოგნიტიური შესაძლებლობები. თუ ყნოსვას ვავითარებთ, შემეცნების უნარიც ვითარდება, მაგრამ თანამედროვე ადამიანი თრგუნავს ამ შეგრძნებას, ახშობს, ხელოვნური არომატით ფარავს. ადამიანები საკუთარ სურნელსაც ვნიღბავთ, თითქოს არ გვინდა ვიყოთ ისინი, რაც ვართ".  

"დასავლურ კულტურაში ღვინო შუამავალია ღმერთსა და ადამიანს შორის. არცერთ სხვა პროდუქტს არა აქვს ასეთი ფილოსოფიური და სიმბოლური მნიშვნელობა. მხოლოდ ღვინო ცოცხლობს ადამიანზე დიდხანს. დიონისე ღვინისა და ბედნიერების ღმერთია. ღვინო ბედნიერებასთან მიახლოებაში გვეხმარება. განა ეს ცოტაა?"

"არასოდეს დაიჯეროთ, როცა გეუბნებიან, რომ "ამ ღვინოში ესათუის არომატი,  ნოტები და გემო იგრძნობა." ღვინო - სუბიექტურობაა".

"ღვინო, რომელიც მხოლოდ იმას შეიცავს, რასაც ვაზი, მხოლოდ გონებისთვის კი არა, მთელი ორგანიზმისთვისაა სასარგებლო. რაც შეეხება დანამატებიან სასმელს, ის უკვე შხამია".

"თუ ღვინო თავიდანვე არ ვარგა, ვეღარასოდეს გაუმჯობესდება. კარგი ღვინო ნებისმიერ ასაკში კარგია, ცუდს კი ვერანაირი ტექნოლოგიით ვეღარ გააკეთილშობილებ. ბარიკებს, დანამატებს, ქიმიას მხოლოდ დეფექტების შენიღბვა შეუძლია, მაგრამ მათ ვერ აღმოფხვრის. Case Base სხვა სამყაროა, ოღონდ კარგი ყნოსვა უნდა გქონდეს, რომ ეს აღიქვა".

ეტიკეტი

ჯანფრანკო სოლდერა ორი სახის წიგნებს აღიარებს: ღვინოსთან დაკავშირებულ სამეცნიერო ტრაქტატებს და ძველბერძნულ ლიტერატურასა და ფილოსოფიას. სხვა დანარჩენი მისთვის უინტერესოა.

Case Basse-ს ეტიკეტის სიუჟეტსაც მითოლოგიური ფესვები აქვს. ასო "S"(Soldera) დელფინის ფორმითაა გამოსახული, რაც განათლებულ მკითხველს დიონისესთან "გადაისვრის". მითი გვამცნობს: დიონისეს შეუყვარდა არიადნე, რომელიც მისგან გადარჩენილმა თეზევსმა ოკეანეში ერთ-ერთ უდაბურ კუნძულზე დატოვა. დიონისემ არიადნეს საძებნელად დელფინები გააგზავნა. როდესაც მის კვალს მიაგნეს, თავადვე შემოაჯდა ზურგზე დელფინებს, რათა სასურველ კუნძულამდე მიეცურა. სოლდერა მიიჩნევს, რომ მისი საქმიანობა ამ ისტორიაში დელფინების როლს ჰგავს.

ეკოსისტემა

"არც ორგანიკის მწამს და არც ბიოდინამიკის. მხოლოდ ბუნების მჯერა. 40 წელია მიწას ვამუშავებ და ამ ხნის განმავლობაში გრამი შხამიც კი არ ჩამიდია მასში".

"ვაზის კულტივირებაზე ადვილი არაფერია. ყურძენი უპრეტენზიო მცენარეა. აი, ჩემს ცოლს კი ძალიან უჭირს - უამრავი სხვადასხვა მცენარე აქვს ბაღში".

"ეს ნერგები უკვე 40 წლისაა. ნახეთ, რა ცოტა კვანძია გასხვლის ადგილას, რა სწორი და ჯანსაღი ყლორტები აქვს. ეს იმიტომ, რომ ზუსტად უნდა იცოდეთ, რა დროს ავნებს ყველაზე ნაკლებად გასხვლა ვაზს და ჭრილობების სათუთად მოვლაც შეგეძლოთ".

"ნარგავების სიმჭიდროვე ჩემს ვენახში ჰექტარზე 3500-4500-ია. უფრო მჭიდროდ დარგვის შემთხვევაში ყლორტები დამოკლდება, ეს კი ფესვების სიგრძეზე მოქმედებს. 10 000 ძირი ჰექტარზე აბსურდია".

"ვენახების ირგვლივ არსებული ბაღების, ტყეებისა და წყაროების ამოცანა ბუნებრივი წონასწორობის შექმნაა. ვენახი ეკოსისტემის ერთ-ერთი ელემენტია. თუ წონასწორობა დაცულია, ვაზს ავადმყოფობა ვერ ერევა. სხვათა შორის, ეს ადამიანსაც ეხება".

"ვენახში 280 ჩიტის სახლი მაქვს. ფრინველები ვაზს მავნე მწერებისგან ასუფთავებენ, ღამის მავნებლებზე კი ღამურები ნადირობენ. ერთი ღამურა ღამის განმავლობაში 500-600 მწერს ჭამს".

სარდაფი

"სარდაფი არ არის შოუ-რუმი, როგორც ახლაა მიღებული. ყველაფერი მხოლოდ ღვინოზე უნდა იყოს მიმართული. რა არის საჭირო ამისთვის? მუდმივი ტემპერატურა, მაღალი ტენიანობა, სიბნელე, სიჩუმე და ჰაერის უწყვეტი ცირკულაცია. ერთ-ერთის არარსებობის შემთხვევაში სარდაფი სრულფასოვანი ვერ იქნება".

"Case Basse-ს ქვეშ კლდე რომ ყოფილიყო, სარდაფს კლდეში ამოვჭრიდი და ბუნებრივი გზით ისუნთქებდა. რადგანაც კლდე არ არის, სხვა გამოსავალი ვიპოვე: მიწა ამოვთხარე, კედლების მაგივრად არმატურა და ბადე ჩავდგი და ქვით ამოვავსე. არავითარი ცემენტი და ხსნარი".

"სამი რამ არ უნდა იყოს სარდაფში: წნეხი, ბარიკები და უსიამოვნო სუნი. თუ სარდაფის სუნი არ მოგწონთ, იქაური ღვინო არ დალიოთ. ჰაერი სრულიად სუფთა უნდა იყოს. წინააღმდეგ შემთხვევაში ის ღვინოშიც შეაღწევს".

"მეორე ღვინო არ მაქვს, რადგან მარცვალი, რომელიც იდეალურად არ მეჩვენება, ვენახში რჩება. მეორე ღვინის კეთება ჩემთვის უინტერესოა".

"შევუკვეთე სპეციალური მანქანა, რომელიც მტევნიდან მოშორებულ მარცვალს მთელს ტოვებს. წნეხვა კი არ გადააქცევს ყურძენს ღვინოდ, არამედ საფუარი Saccharomyces. მტევნიდან მოწყვეტილ მარცვალზე რჩება ხვრელი, საიდანაც მასში საფუარი ხვდება. სხვა არაფერია საჭირო. ფერმენტაცია მთელი მარცვლის შიგნით იწყება, რემონტაჟის დროს კი მარცვალი იშლება, მაგრამ ეს სხვა პროცესია".

"არ ვიყენებ წნეხს, ფოლადს, თერმოკონტროლს, სხვის საფუარს. ხომ არავის მოუვა თავში საკუთარი ცოლის დაორსულება სხვას ანდოს? ღვინის შემთხვევაშიც იგივეა. საფუარი მხოლოდ საკუთარი შეიძლება იყოს. კომერციული საფუარი ლუდისთვისაა განკუთვნილი, ღვინოსთან არაფერი ესაქმება".

"ფლორენციის უნივერსიტეტი ჩემი საფუარის კულტურებს შეისწავლის. მილილიტრ დურდოზე სულ ცოტა 60 მილიონი სხვადასხვა შტამის საფუარის უჯრედი მოდის, ზოგიერთ წელიწადში მათი რიცხვი 190 მილიონამდეც ასულა. რატომ უნდა ჩავერიოთ თერმოკონტროლით ბუნებრივ პროცესში? საფუარმა უკეთ იცის თავისი საქმე. ადამიანს მხოლოდ ყველაფრის გაფუჭება ძალუძს. ბუნება მასზე ჭკვიანია".

"ჩემს სარდაფშიYყველაზე ძველი კასრი 1978 წლისაა. ორი ასეთი უკვე გადავაგდე, მესამე კი შესანიშნავ მდგომარეობაშია. ამის განსაზღვრა სუნით ძალზე მარტივია. მას შემდეგ, რაც ღვინოს ბოთლებში ვასხამ, კასრს ვრეცხავ, ვასუფთავებ და ყურადღებით ვყნოსავ. სუნი თავად მეუბნება, რა უნდა ვუყო მას".

"დიდ კასრში ღვინო ნელა ძველდება, პატარაში კი შოკი ემართება. მუხის ტანინები ყურძნისაზე ბევრად უხეშია. ისინი მხოლოდ ერთ შემთხვევაშია საჭირო: თუ ყურძენი მთლად კარგი არ არის და რაღაც ნივთიერებები აკლია. მაგრამ ეს უკვე ღვინო აღარ არის, სხვა რამეა".

"მე კი არ ვწყვეტ, როდის ჩამოვასხა ღვინო, სასმელი თავად მეუბნება, როდის არის მზად. თითოეულ კასრს კვირაში ორჯერ მაინც ვსინჯავ. თუ დაღვინების ხარისხს სუნითა და გემოთი ვერ გრძნობთ, სჯობს მედღვინეობას თავი დაანებოთ".

"აზოტი, ინერტული აირი - ეს ყველაფერი სუსტი ღვინისთვისაა. დიდ ღვინოებს დამჟავების არ ეშინიათ. წინააღმდეგ შემთხვევაში 5-6 წლის განმავლობაში ჩემი ღვინო კასრებში ვერ განვითარდებოდა".

მოსავალი

"36 წლის განმავლობაში 33 საუკეთესო მოსავალი მქონდა. ყველაზე რთულ წლებშიც კი ვახერხებდი დიდი ღვინოების დაყენებას".

"ცოტა ხნის წინ 1983 წელს ჩამოსხმული ღვინო გავხსენი. იგივე ფერი აქვს, რაც 2006-ისას. ჩემი სასმელი კარგად უმკლავდება ასაკს. მინერალობა საგრძნობლად არის გამოხატული, მაგრამ ელეგანტურობა, სიღრმე, სირთულე - ყოველთვის იგივეა".

"ღვინო ცოცხალი სუბსტანციაა. ერთი მოსავლის ორი კასრი სხვადასხვაგვარად ვითარდება. ორ ბოთლში ჩამოსხმული ერთიდაიგივე ღვინო განსხვავებულია. ოდნავ სხვა საცობი, შენახვის პირობები და თითოეული ბოთლი თავის უნიკალურ ხასიათს იძენს. თუ ორ ბოთლში ჩამოსხმული სასმელი იდენტურია, ჩათვალეთ, რომ ღვინო მკვდარია".

"პრობლემური მოსავალი მხოლოდ ორჯერ მქონდა: 1976 და 1989 წლებში. მაშინ ბევრი რამ ვისწავლე და არანაკლებ რთულ 2002 და 2003 წლებში საუკეთესო ღვინო დავწურე. მტევნებს სკურპულოზულად ვარჩევდი. 2003-ში მხოლოდ 11 000 ბოთლი მივიღე, 2002-ში - 6 500 და ეს 8 ჰექტარიდან. კონსორციუმის რეგლამენტის მიხედვით 56 000 ბოთლის ჩამოსხმა შემეძლო და ბევრი ასეც იქცევა,Mმაგრამ მე არ მაინტერესებს რეგლამენტი, ჩემთვის ღვინოა მთავარი".

"2005 წელს ერთი კასრი ნორმალურად დაღვინდა, მეორე ვადაზე ადრე - 36 თვეში. ჩამოვასხი, როგორც Pegasos Toscana IGT. წინაIGT1992 წელს დავაყენე. მაშინ საერთოდ არ მქონდა გაკეთებული არც ერთი ბოთლი ბრუნელო რიზერვა." (ეს მესამე მოსავალია, რომელსაც სოლდერა 33 საუკეთესოს არ მიაკუთვნებს).

აღიარება

"აღიარება არაფერს ნიშნავს. ჩემთვის მნიშვნელოვანი მხოლოდ იმ ადამიანთა შეფასებაა, რომელნიც გამორჩეული ყნოსვით არიან დაჯილდოებულნი. 60 წლის განმავლობაში მხოლოდ 10 ასეთს შევხვდი. 1983 წელს სოლდერას შესახებ არავინ არაფერი იცოდა, მაგრამ სასმელი თავად ამბობს ყველაფერს. ჩემი პირველი ბრუნელო ეპოქის ყველა დიდმა "ცხვირმა" აღიარა".

"საბოლოოდ მხოლოდ შედარებითი დეგუსტაცია ავლენს, რომელი ღვინოა უკეთესი. მოიტანეთ სამი ბოთლი, რომელთაც მსოფლიო მეღვინეობის მწვერვალად მიიჩნევთ, მე სხვა სამს მოვიტან და ვნახავთ, რომელი დაიცლება. ბოლოს ეს თამაში ერთ ავსტრალიელ ღვინის ექსპერტთან ვითამაშე. მან Monfortino 1982, Sori Tildin 1955 დაMonprivato 1977მოიტანა. "შეხედე – ვუთხარი მას, მეც იგივე ბოთლები მაქვს."

Curriculum Vitae

1937, 29 იანვარი - დაიბადა ტრევიზოში, მალე ოჯახი მილანში გადავიდა.

1951 - მუშაობდა შეგირდად ლითოგრაფიულ სახელოსნოში.

1958-1960 - მსახურობდა ჯარში.

1960 - მილანში დაბრუნების შემდეგ სადაზღვევო კანტორაში დაიწყო მუშაობა.

1963 - დაქორწინდა გრაციელა რონკალიონიზე, რომელმაც მოგვიანებით Case Basse-ში ულამაზესი ბოტანიკური ბაღი გააშენა.

1964 - დაიბადა ქალიშვილი მონიკა.

1966 - დამოუკიდებელი სადაზღვევო აგენტი (2002 წლამდე).

1972 - მონტალჩინოს სამხრეთ-დასავლეთით მიწის ნაკვეთი იყიდა და  სანჯოვეზე გროსოს ძირები ჩაყარა.

1973 - დაიბადა ვაჟი მაურო.

1983 - ბაზარზე გამოუშვა პირველი ბრუნელო: Case Basse Brunello di Montalcino DOCG 1977.

1997 - მეუღლესთან ერთად საბოლოოდ გადავიდა Case Basse-ზე.

2001 - საკუთარი პროექტით ააშენენა სარდაფი, რომელიც "სუნთქავს."

2003 - ქალიშვილი მონიკა ქმარ პაულოსთან და ოთხ შვილთან ერთად Case Basse-ზე გადავიდა და მის მართვაში ჩაერთო.

მოამზადა ნანა კობაიძემ
© ღვინის კლუბი/Weekend

თქვენი კომენტარი

თქვენი ელ-ფოსტა არ გამოქვეყნდება
  • Web page addresses and e-mail addresses turn into links automatically.
  • No HTML tags allowed

More information about formatting options

საქართველოს ღვინის რუკა
თქვენ შეგიძლიათ დაეხმაროთ ჩვენს ბლოგს "PayPal"-ის საშუალებით.

ტოპ ხუთეული