Home
ქართული | English
ნოემბერი 2024
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
28293031123
45678910
11121314151617
18192021222324
2526272829301

შეიძინეთ ჩვენი წიგნები ღვინის მაღაზიებში

მულტიმედია

კომენტარები

ყველაზე ძვირფასი შოკოლადი

ნათია ჯინჯოლავა

ჩვენს წელთაღრიცხვამდე დაახლოებით 1500 წლის წინ მექსიკის ყურეში ოლმეკების ცივილიზაცია წარმოიშვა. მათი კულტურიდან სამყაროს ბევრი ვერაფერი შემორჩა, მაგრამ ლინგვისტთა დიდი ნაწილი მიიჩნევს, რომ სიტყვა „კაკაო“ პირველად სწორედ ოლმეკებთან  გაისმა  ჩვ.წ.აღ-მდე 1000 წლის წინ და დაახლოებით „კაკავა“-დ ჟღერდა. მას მერე ინდიელთა სხვადასხვა ცივილიზაციები შოკოლადს საუკუნეების მანძილზე ეთაყვანებოდნენ - მაიას ტომების რწმენით, ღმერთები რიტუალის დროს ცხელ შოკოლადს, როგორც წმინდა სასმელს სვამდნენ, აცტეკები კი კაკაოს მარცვლებს საერთოდ ღვთიურ საკვებად მიიჩნევდნენ...

ძველ დროში ამ ეგზოტიკურ პროდუქტს მხოლოდ სასმელის სახით მიირთმევდნენ. კონკისტადორების მიერ ესპანეთში ჩატანილი ცხელი შოკოლადის რეცეპტი საფრანგეთმა აიტაცა. ლუდოვიკო XIV დავიდ შაიუს შოკოლადის პირველი მაღაზიის გახსნის ნებაც დართო. მაშინ შოკოლადს აცტეკების უძველესი წესის თანახმად ამზადებდნენ და შესაბამისად, ძალიან ძვირი ღირდა: საბრალო მუშები კაკაოს მარცვლებს მუხლზე დაჩოქილნი ფქვავდნენ. სწორედ ამიტომაც ხდებოდა შოკოლადის მასიური „გაყალბება“ დაკეპილი ნუშის მასაში მცირეოდენი კაკაოს გარევის გზით. 1740 წელს ცნობილი ფრანგი ეკონომისტი და სამართალმცოდნე ჟაკ სავარი წერდა, რომ მთელ ევროპაში ყველაზე ცუდი შოკოლადი პარიზში მზადდებოდა. 1732 წელს დიუბიუსონმა სპეციალური მაღალი მაგიდა გააკეთა, რომელიც ქვემოდან თბებოდა, რამაც ფაბრიკის მუშებს ფეხზე წამოდგომის საშუალება მისცა.

რბილი შოკოლადი პასტილების, ბატონებისა და რულეტების სახით მხოლოდ 1674 წელს გამოჩნდა. შოკოლადის პირველი ფილა კი ბრიტანულმა კომპანია „Fry & Sons”-მა გამოუშვა სახელწოდებით „Chocolat delicieux a Manger”. შოკოლადის წარმოებაში გადატრიალება 1828 წელს მოხდა, როდესაც ინჟინერმა კონრად ვან ჰოუტენმა კაკაოს მარცვლებისგან ცხიმის მისაღებად ჰიდრავლიკური პრესი შექმნა. 1879 წელს, რვა წლის შეუწყვეტელი ექსპერიმენტების შემდეგ, შვეიცარელმა დანიელ პეტერმა ბაზარზე რძიანი შოკოლადი გამოუშვა. იმავე წელს, გამომგონებელმა ბერნიდან რუდოლფ ლინტმა ორიგინალური მოწყობილობა შექმნა და საფუძველი ჩაუყარა შოკოლადი „Fondat“-ის წარმოებას, რომელიც ისეთი გემრიელი ყოფილა, რომ ენაზე დნებოდა. ეს მოწყობილობა იმდენად დიდი პოპულარულობით სარგებლობდა, რომ 20 წლის შემდეგ ციურიხელმა კონდიტერმა რუდოლფ შპრიუნგლიმ მის შესაძენად 1,5 მილიონი ფრანკი გადაიხადა, რაც იმ დროისათვის 435 კილოგრამი ოქროს ფასის ექვივალენტი გახლდათ. პირველი გლაზირებული შოკოლადი 1900 წლიდან და შოკოლადის კანფეტები გულსართით 1912 წლიდან გაჩნდა. 1980 წელს მსოფლიო საწარმოო შპიონაჟის ისტორიამ შეძრა, როდესაც შვეიცარიელი კომპანიის „Suchard-Tobler”-ის ერთ-ერთი შეგირდი საიდუმლო რეცეპტის რუსეთის, ჩინეთისა და საუდის არაბეთის შოკოლადის მწარმოებლებისთვის მიყიდვას შეეცადა.

დღეისათვის მსოფლიოში საუკეთესოდ ბელგიური, ფრანგული და შვეიცარიული შოკოლადი მიიჩნევა და არც თუ უმიზეზოდ. ბელგიელები ნიჭიერი ხალხია და  შოკოლადის გარდა, მათ საქსაფონის, მაქმანის, კარტოფილი ფრის და პრალინეს გამოგონებითაც გაითქვეს სახელი. აი, ყველაზე გემრიელ შოკოლადს კი ბრიუგეში გასინჯავთ, რომელსაც სრულიად დამსახურებულად უწოდებენ შოკოლადის დედაქალაქს. სწორედ ბელგიელები იყვნენ პირველები შოკოლადის კანფეტის გამოგონებაში, როდესაც ხველების საწინააღმდეგო საშუალების შექმნის მცდელობისას, მოკრძალებულმა ბრიუსელელმა აფთიაქარმა იოჰან ნეიჰაუზმა შემთხვევით მწარე შოკოლადი მიიღო.  

თანამედროვე შოკოლატიეებს ექსპერიმენტების არ ეშინიათ. თავიანთ ქმნილებებში თამამად ამატებენ ისეთ ინგრედიენტებს, როგორიცაა ქონდარი, ფორთოხალი, წიწაკა, შაშკვლავი, ზეითუნის ზეთი და ნაირგვარი პარფიუმერული ესენციები. პრაქტიკულად, ყველა გემოს შოკოლადი არსებობს, თამბაქოსა და შემწვარი ხახვიდან დაწყებული და ზღვის წყალმცენარეებით დამთავრებული (თუმცა იმასაც ამბობენ, ამ უკანასკნელმა არ გაამართლაო). შვეიცარიელი ოსტატების მიერ ტროპიკული ყვავილებისგან შექმნილი დრაჟეები ადამიანს მსუბუქ ეიფორიაში აგდებს. კონდიტერების მტკიცებით, არომატი, გულსართი და ფორმა ყველანაირი შეიძლება იყოს, აი, შოკოლადის მასა კი მხოლოდ ნატურალური კაკაოს პროდუქტებისგან უნდა მზადდებოდეს. განსაკუთრებული რეცეპტები თაობიდან თაობაზე მემკვიდრეობით გადადის.

და, რაც არ უნდა გასაოცრად მოგვეჩვენოს, მსოფლიოში ყველაზე ძვირფასი შოკოლადი ევროპაში არ მზადდება. მას ამერიკელები აწარმოებენ (თუმცა მისი რეცეპტი დანიელმა კონდიტერმა შექმნა).

ამერიკული ჟურნალი „Forbes“-ის მიერ გამოქვეყნებული უძვირფასესი და ექსკლუზიური შოკოლადების ყოველწლიური რეიტინგი დღეისათვის ასეთია:

რეიტინგში პირველ ადგილზე ამერიკული კომპანია „Chocopologie by Knipshildt“ გახლავთ. კონექტიკუტის შტატში მდებარე კომპანია შოკოლადის ბიზნესში 100 წელზე მეტია, რაც მოღვაწეობს და მის პროდუქციაზე მოთხოვნილება დღესაც იზრდება. ამ შოკოლადს სიამოვნებით მიირთმევენ, როგორც თეთრ სახლში, ასევე ბუკინგემის სასახლეში. ინგლისის დედოფალს ყვარებია განსაკუთრებულად. ერთი გირვანქა (453 გ) შოკოლადი სულ რაღაც 2600 ამერიკული დოლარი ღირს.

მეორე ადგილს კვლავაც ამერიკული კომპანია „Nōka“ იკავებს და, როგორც ამბობენ, სრულიად დამსახურებულად. ამ შოკოლადის ფასი ერთ გირვანქაზე 854 ამერიკული დოლარია. საკოლექციო სერია „Nōka Vintages Collection“-ის 10 სხვადასხვა ვარიანტი გამოდის და მისი ფასი კოლოფში კანფეტების ოდენობაზეა დამოკიდებული. ყველაზე პატარა, ოთხკანფეტიანი ყუთი 16 დოლარი ღირს - ეს ნუგბარი ხომ ვენესუელასა და ეკვადორიდან შემოტანილი საუკეთესო კაკაოსგან მზადდება. „ოქროს გლობუსის“ დაჯილდოებაზე დამატებით პრიზად ზუსტად „ვინტაჟის“ შავი შოკოლადი აირჩიეს.

მესამე ადგილზე შვეიცარიული კომპანია „Delafee“ გავიდა. გირვანქის ღირებულება 508 ამერიკული დოლარია. ამ შოკოლადს ყველაზე დახვეწილი გემოვნების მქონე გურმანებიც კი განსაკუთრებულად აფასებენ. მის შემადგენლობაში განადან და ეკვადორიდან შემოსული კაკაოს მარცვლებიდან ნაწარმოები 56%-იანი ნატურალური შოკოლადი შედის. ორიგინალური რეცეპტიდან გამომდინარე, შოკოლადი მხოლოდ მისთვის დამახასიათებელ არომატს და გემოს წლების მანძილზე ინარჩუნებს. მისი გასინჯვა კიდევ ერთხელ გვარწმუნებს, რომ მსოფლიოში საუკეთესო შოკოლადს მართლაც შვეიცარიელები ამზადებენ.

მეოთხე ადგილზე გასული შოკოლადი სრულიად ამართლებს თავის სახელწოდებას „ღვთაებრივი“. „Godiva“ გულგრილად არავის ტოვებს. დახვეწილი გაფორმება და მართლაც ღვთაებრივი გემო ყველას ხიბლავს და მისი არყიდვა შეუძლებელია. მით უმეტეს, რომ ფასიც შედარებით დაბალი აქვს. ამ ნიუ-იორკული კომპანიის გირვანქა შოკოლადი სულ 120 ამერიკული დოლარი ღირს.

კომპანია „Richart“-ის ფრანგული შოკოლადი მსოფლიო ბაზარზე უკვე 86 წელია, რაც იყიდება. ერთი გირვანქის ფასი 120 ამერიკულ დოლარს შეადგენს, რაც საშუალებას იძლევა გურმანების მაგიდაზე უფრო ხშირად მოხვდეს. განსაკუთრებული პოპულარობით ნაკრები „Petit Richart“-ი სარგებლობს, რომელშიც 49 სხვადასხვა სახეობის კანფეტი დევს.

პირველ ხუთეულზე დაწვრილებით ვისაუბრეთ, დანარჩენი ადგილები კი ასე განაწილდა:  6. „Pierre Marcolini“ - გირვანქა 102$;  7. „Debauve&Callais“ - გირვანქა 94$;  8. „Chuao“ - გირვანქა 79$; 9. „Richard Donnely“ - გირვანქა 75$;  10. „Voges haut Chocolat“ - გირვანქა 69$; 11. „La Masion du Chocolat“ - გირვანქა 65$; 12. „Michel Cluizel“ - გირვანქა 50$; 13. „Jacques Torres Chocolate“ - გირვანქა 50$.

ამ რეიტინგში არშესული ყველაზე ძვირადღირებული შოკოლადის ნაკრები ბრიტანეთში იყიდება. მაღაზიათა ქსელ „Harrods“-ში 2009 წლიდან გაყიდვაში ე.წ. „ბანბანერი“ გაჩნდა, რომლის ფასსაც 5000 გირვანქა სტერლინგი შეადგენდა. შოკოლადის შედევრის მწარმოებელი ლიბანური საკონდიტრო ფაბრიკა „Patchi“ გახლდათ. ერთ კოლოფში ოქროთი და სვაროვსკის კრისტალებით მორთულ, ხელით ნაქსოვ ინდურ აბრეშუმში სათითაოდ გახვეული 49 შოკოლადის კანფეტი დევს. თავად ძვირფასი ყუთი ტყავითა და აბრეშუმითაა გაფორმებული და კამფეტების ერთმანეთისგან გამყოფ ძგიდეებად პლატინის და ოქროს ფირფიტები ალაგია. კოლოფის ექსკლუზიური და დახვეწილი დიზაინი თავად ქარხანაში მოიფიქრეს. ეს შოკოლადის ხელოვნების ნიმუში კაკაოს საუკეთესო ჯიშების ერთმანეთში არევის შედეგად შექმნილი, განსაკუთრებული რეცეპტითაა დამზადებული. „Harrods“-ის  წარმომადგენელმა ანდრე დანგმა განაცხადა, რომ მათი პროდუქციის  მომხმარებლთა დიდი ნაწილი „wow“-ფაქტორის მქონე პროდუქტის შეძენის სურვილს გამოთქვამდა და შოკოლადის ეს სერია იმათთვისაა, ვისაც დაუვიწყარი სამახსოვრო საჩუქრის გაკეთება უნდა. მით უმეტეს, რომ კოლოფის შეგთავსის არჩევა, „Patchi“-ის ფართო ასორტიმენტიდან გამომდინარე, საკუთარი გემოვნებით შეიძლება. თანაც ყუთში მისალოცი ბარათისა და სასიყვარულო წერილის ჩადების შესაძლებლობაც არის გათვალისწინებული. მწარმოებლები გვპირდებიან, რომ ყველაზე ძვირადღირებული ნაკრები - ახალი ლუქს კლასის ხაზის „High Life“-ს პრემიალური პროდუქტების მხოლოდ ერთი ნაწილია.

ჩემთვის და მომხმარებელთა ფართო მასებისთვის სამწუხაროდ, შოკოლადის „შოკოლადი“ ძალიან ცოტა დარჩა: სპეციალისტები ირწმუნებიან, დღეისთვის მასობრივ წარმოებაში არსებული შოკოლადის ბატონებს, ფილებს და კანფეტებს ნამდვილ შოკოლადთან საერთო პრაქტიკულად აღარ აქვთო. საქმე იმაშია, რომ მსხვილი კომპანიების ნაწარმისთვის სავალდებულოა შენახვის გრძელი ვადა. გარდა ამისა, ფასიც დაბალი უნდა ჰქონდეს, რაც იმას ნიშნავს, რომ მწარმოებლები იაფ პროდუქციას და კონსერვანტებს იყენებენ. ცნობილი შოკოლატიე რიჩარდ დონელი, რომელიც თავისი კლიენტებისთვის ექსკლუზიურ შოკოლადს საკუთარი ხელით ამზადებს, ამბობს: „ჩვენი მიზანია შოკოლადისთვის დაუვიწყარი გემოს მინიჭება და ცხოვრება ძალიან მოკლეა იმისთვის, რომ იგი იაფფასიან შოკოლადზე ვხარჯოთ“.

© ღვინის კლუბი/Weekend

თქვენი კომენტარი

თქვენი ელ-ფოსტა არ გამოქვეყნდება
  • Web page addresses and e-mail addresses turn into links automatically.
  • No HTML tags allowed

More information about formatting options

საქართველოს ღვინის რუკა
თქვენ შეგიძლიათ დაეხმაროთ ჩვენს ბლოგს "PayPal"-ის საშუალებით.

ტოპ ხუთეული