Home
ქართული | English
დეკემბერი 2024
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
2526272829301
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
303112345

შეიძინეთ ჩვენი წიგნები ღვინის მაღაზიებში

მულტიმედია

კომენტარები

გიორგი ლევიძე: „ღვინის პასპორტი“ ღვინის ენთუზიასტებს, პროფესიონალებს, მწარმოებლებს უამრავ სიკეთეს მოუტანს“

ლევან სეფისკვერაძე

27-28 იანვარს თელავში „ღვინის კლუბმა“ USAID-ის პროექტის ფარგლებში განხორციელებული  პროექტის, „ღვინის პასპორტის“ და პრეზენტაცია და ტრენინგი გამართა. „ღვინის პასპორტის“ ავტორებმა საზოგადოებას გააცნეს აღნიშნული პროექტის ფარგლებში შექმნილი  ვებ-გვერდი და მობილური აპლიკაცია, რომელთა მეშვეობითაც ღვინის ტურიზმით დაინტერესებულ ადამიანებს შეუძლიათ მარტივად მოძებნონ როგორც ცალკეული დიდი თუ მცირე ქართული მარნები, ასევე ამ მარნებში წარმოებული ღვინის მრავალფეროვანი სორტიმენტი. გარდა ამისა, ღვინით დაინტერესებულ ადამიანებს სწორედ ხსენებული ვებ-გვერდისა და აპლიკაციის მეშვეობით შეელებათ ნახონ მარნების მიერ მათთვის შეთავაზებული ფასდაკლებები, ღვინის და კულინარიული მასტერკლასები, ვენახში თუ მარანში ექსკურსიები და სხვა...

პროექტ „ღვინის პასპორტის“ ერთ-ერთი სულისჩამდგმელი, ციფრული პროექტების მენეჯერი და ბიზნეს ანალიტიკოსი გიორგი ლევიძე VINOGE.COM-სთან საუბარში ამბობს, რომ აღნიშნული პროექტი არის უნიკალური საშუალება მომხმარებლისა და მარნისთვის, რათა მათ იოლად აღმოაჩინონ ერთმანეთი და დაამყარონ კომუნიკაცია. იგი იმასაც ამბობს, რომ სრულად იზიარებს „ღვინის კლუბის“ ხედვებს ქართული მეღვინეობის სამომავლო პერსპექტივებთან დაკავშირებით და იმედი აქვს, რომ მომავალში კიდევ ბევრ საინტერესო პროექტს განახორციელებენ ქართული მარნების მხარდასაჭერად.  

გიორგი ლევიძე, ციფრული პროექტების მენეჯერი:„მართალია „ღვინის პასპორტის“ პროექტი სიახლეა ქართულ სინამდვილეში, თუმცა მსგავსი თემატიკის პროექტის შექმნის იდეა საკმაოდ დიდი ხნის მანძილზე მწიფდებოდა გუნდის წევრებში. ვფიქრობდით შეგვექმნა ინტერაქტიული რუკა, სადაც ყველა დაინტერესებული ადამიანი იოლად შეძლებდა, სასურველი მარნის პოვნას. გვინდოდა გაგვეკეთებინა ქართული მეღვინეებისა და ღვინოების კატალოგი. გვსურდა საგანმანათლებლო რესურსის შექმნა ღვინით დაინტერესებული მომხმარებლებისთვის და უამრავი რამ, რაც გარკვეული სახით უკვე არსებობდა ციფრული სახით, მაგრამ საჭიროებდა უფრო სრულყოფილი სახის მიცემას და ერთ სივრცეში გაერთანებას. 

- „ღვინის პასპორტის“ კონცეფციაზე რას გვეტყვით?

- უშუალოდ „ღვინის პასპორტის“ კონცეფციის დამუშავება USAID-ის ეკონომიკური უსაფრთოების პროგრამის ფარგლებში განხორციელდა. ყველა ზემოთჩამოთვლილ იდეას ხორცი შევასხით და პროექტის გვირგვინად ღვინის პასპორტი ვაქციეთ, რომელიც ღვინის ენთუზიასტებს, პროფესიონალებს, მწარმოებლებს,  უამრავ სიკეთეს მოუტანს. კერძოდ, გაზრდის ცნობადობას, აამაღლებს ცნობიერებას, გაზრდის გაყიდვებს.

შევქმენით ვებ და მობაილ აპლიკაციებიინტერაქტიული რუკით, ღვინის და მეღვინეების კატალოგით, საინტერესო სტატიებით და ღონისძიებების კალენდრით.

მომხმარებლებს ვთავაზობთ „ღვინის პასპორტის“სხვადასხვა ვარიანტს, როგორც დროის პერიოდებზე დაფუძნებულს (1, 3, 6, 12 თვიან)  ასევე თემატურ (მცირე მარნები, ორგანული ან ნატურალურიღვინოები, დიდი კომპანიები და ა.შ.) პაკეტებს.

გვიამბეთ თქვენს როლზე „ღვინის პასპორტის“ დაგეგმვაში, შექმნაში და განხორციელებაში. თუ გქონიათ გამოცდილება მსგავს თემატიკაზე მუშაობაში?

- ღვინის პასპორტის პროექტში ჩავერთე, როგორც ბიზნეს ანალიტიკოსი და IT პროექტების მენეჯერი. მიმუშავია სხვადასხვა თემატიკის პროექტებზე ციფრული მედიის, ფინანსების, დაზღვევის მიმართულებით.

რამდენად გამოიყენეთ საერთაშორისო გამოცდილება?

- ამ პროექტში, პირველ ეტაპზე გავაანალიზეთ საერთაშორისო გამოცდილება, როგორც ბიზნესის თვალსაზრისით, ასევე ტექნოლოგიური შესაძლებლობების მხრივ. აღმოვაჩინეთ, რომ აღნიშნული კონცეპტი წარმატებით მუშაობს საფრანგეთში და აშშ-ში, კერძოდ ნაპას ხეობაში, რომელიც განთქმულია ღვინის წარმოებითა და ღვინის ტურიზმით. 

ჩვენის მხრივ შევეცადეთ ღვინის „პასპორტის”ქართული ვერსია უფრო მრავალფუნქციურ და ამავდროულად ადვილადგამოსაყენებელ ინსტრუმენტად გვექცია, ვიდრე მისი უცხოური ანალოგები. კერძოდ, მომხმარებლის ინტერფეისი გავხადეთ უფრო მეტად მოქნილი, დავამატეთ გადახდის სხვადასხვა მეთოდი, დავნერგეთ შეფასებისა და ბონუს ქულების დაგროვების სისტემები და რაც მთავარია სწორება გავაკეთეთ მხოლოდ ხარისხიან კონტენტზე. 

საინტერესოა რამდენად კარგად და ორგანულად თანაარსებობენ  ღვინო და თანამედროვე ტექნოლოგიები?

- ამ მიმართულებით საქართველოში გარკვეული გამოწვევები არსებობს, თუმცა პროექტზე მუშაობის პროცესში აღმოვაჩინეთ, რომ მწარმოებლებს კარგად აქვთ გააზრებული თანამედროვე ტექნოლოგიების როლი როგორც უშუალოდ წარმოების პროცესში,ასევე პროდუქტის უშუალოდ მომხმარებლამდე მიტანის საქმეში.

დიდი კომპანიების უმეტესობა ამ მიმართულებით ბევრად უკეთესად გამოიყურება, ვიდრე მცირე მარნები, რადგან ისინი ფლობენ უფრო მეტ ცოდნას და რესურსს, გააჩნიათ ვებ-გვერდები და სოციალური მედიის სხვადასხვა პლატფორმებზე არიან წარმოდგენილი. 

ძალიან სასიამოვნო იყო იმის აღმოჩენა, რომ მცირე მარნებმა კარგად გაიაზრეს პროექტის მნიშვნელობა და მათი მხრიდან არსებობს მზაობა და სურვილი უფრო მეტი დოზით გამოიყენონ თანამედროვე ტექნოლოგიები, რადგან აცნობიერებენ რომ ესაა გასაღები წარმატებისკენ სავალ გზაზე.

თქვენი აზრით, რამდენად წაადგება ეს პროექტი ქართულ მეღვინეობას?

- როგორც ზემოთ აღვნიშნე ეს პროექტი არის უნიკალური საშუალება მომხმარებლისა და მარნისთვის, რომ იოლად აღმოაჩინონ ერთმანეთი და დაამყარონ კომუნიკაცია. ამასთან მომხმარებელს საშუალება ეძლევა არა მხოლოდ აღმოაჩინოს კონკრეტული ღვინო თუ მეღვინე, არამედ გაიღრმავოს ცოდნა მეღვინეობის მიმართულებით და ამავდროულად ისარგებლოს ექსკლუზიური პირობებითა და ფასდაკლებებით. მეტად ინფორმირებული და დაინტერესებული მომხმარებელი მარნისთვის ნიშნავს მეტ სტუმარს, მეტ ურთიერთობას და მეტ შემოსავალს. ეს ის შემთხვევაა, როცა ყველა მხარე იმყოფება ეგრეთწოდებულ Win-Win სიტუაციაში.

თქვენი და „ღვინის კლუბის“ კოლაბორაციით თუ იგეგმება „ღვინის პასპორტზე“ მუშაობის გაგრძელება ან|და მისი მსგავსი შინაარსის ახალი პროექტის განხორციელება?   

- პროექტზე მუშაობისას გავიცანით არაჩვეულებრივი ადამიანები, მოვისმინეთ უამრავი იდეა თუ წინადადება, რომელზეც აქამდე არ გვქონდა ნაფიქრი და აუცილებლად გავითვალისწინებთ აპლიკაციების შემდგომ ვერსიებში. ამასთან კარგად გვესმის მუდმივი განახლებების და ახალი ფუნქციების დამატების აუცილებლობა, წინააღმდეგ შემთხვევაში ნებისმიერი ციფრული პროდუქტი განწირულია კრახისთვის. 

აქედან გამომდინარე, აუცილებლად გავაგრძელებთ „ღვინის კლუბთან“ ურთიერთობას, რადგან ჩვენ სრულად ვიზიარებთ კლუბის ფილოსოფიას, რაც ზოგადად ღვინის ინდუსტრიის მხარდაჭერას და განვითარებას გულისხმობს და შევძლებთ არსებული პროექტების განვითარებას და ახალი პროექტების განხორციელებასაც“

© ღვინის კლუბი/vinoge.com

თქვენი კომენტარი

თქვენი ელ-ფოსტა არ გამოქვეყნდება
  • Web page addresses and e-mail addresses turn into links automatically.
  • No HTML tags allowed

More information about formatting options

საქართველოს ღვინის რუკა
თქვენ შეგიძლიათ დაეხმაროთ ჩვენს ბლოგს "PayPal"-ის საშუალებით.