Home
ქართული | English
დეკემბერი 2024
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
2526272829301
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
303112345

შეიძინეთ ჩვენი წიგნები ღვინის მაღაზიებში

მულტიმედია

კომენტარები

დეგუსტაცია - თეთრი კახურები

მალხაზ ხარბედია
 
დეგუსტაცია - თეთრი კახურები
 
ტრადიცია, ცოდნა, გაბედულება
 
კახური, ქვევრში დაყენებული ტრადიციული ღვინო ქართული კულტურის ისეთივე მნიშვნელოვანი მონაპოვარია, როგორც ვთქვათ, “ვეფხისტყაოსანი” ან ქართული მრავალხმიანობა. თანაც ისიც უნდა ვაღიაროთ, რომ კახური ღვინო შესაძლოა ქართული კულტურის ყველაზე უფრო არქაული და საუკუნეთა სიღრმეში ფესვგადგმული მოვლენაა. დაზუსტებით ძნელი სათქმელია, თუ როდის დაიწყო ჩვენმა წინაპარმა ქვევრებში ღვინის დადუღება-შენახვა და როდის ჩამოყალიბდა ის განუმეორებელი გემო, რომელიც ბევრს აოცებს, ბევრისთვის კი ყველაზე მშობლიურ განცდებს აღძრავს. კახური ტიპის ღვინო სხვადასხვა ეპოქაში სხვადასხვანაირი იყო, ზუსტად არავინ იცის როგორი იყო იგი ძველ დროში, ადრე თუ გვიანშუასაუკუნეებში. მისი ტიპურობის ნიშნები სხვა იყო XIX-ე საუკუნის 40-იან წლებში. იმავე საუკუნის ბოლოსა და XX-ის დასაწყისში კახურმა ცოტათი სახე იცვალა, ცვლილები გაგრძელდა საბჭოთა პერიოდშიც.
ეს პროცესები დღესაც გრძელდება, უკანასკნელ წლებში ძალზე მრავალფეროვანი გახდა კახური ღვინოების სპექტრი. ვერ ვიტყვი, რომ ხარისხის თვალსაზრისით განსაკუთრებული წინსვლაა, თუმცა მრავალფეროვნების მხრივ ნამდვილად შეიმჩნევა საინტერესო ძვრები: ქვევრთან ერთად გამოჩნდა ახალ მუხის კასრებში დავარგებული კახური ღვინოებიც, იყენებენ მუხის ჩიფსებსაც, ნელ-ნელა ყურადღება ექცევა ლეგენდარულ და კახური ღვინისთვის უმნიშვნელოვანეს მიკროზონებს, ხდება ახალი ტერუარების მოძიებაც.
ეს მრავალფეროვნება კარგიცაა და ცუდიც. კარგია იმიტომ, რომ სტილების მრავალფეროვნებით პოტენციური მომხმარებლის (მათ შორის, უცხოელი მომხმარებლის) რიცხვი იზრდება, ცუდია იმიტომ, რომ ამ სიჭრელეში შეიძლება გაგვექცეს და გამოგვეპაროს კახური ღვინის ნამდვილი ბუნება, რადგან უცხო გემოებს გამოდევნებულმა შეიძლება დავივიწყოთ ის მთავარი, რაც კახურ ღვინოებს ახასიათებს. ერთი რამ ცხადია, კახურმა ღვინომ პირველ რიგში უნდა გამოხატოს ნიადაგის თვისებები. ჩემი აზრით, მას ყველაზე მეტად მოეთხოვება ტერუარის ასახვა, აბსოლუტურად უნდა განსხვავდებოდეს ერთმანეთისგან ბაკურციხე-კარდენახი-ხირსა-ტიბაანის რქაწითლიდან ქვევრში დაყენებული თეთრი ღვინოები და მეორე მხრივ, ყვარლისა და ენისელისა, სხვა უნდა იყოს ახმეტის კახური და იყალთო-წინანდალი-კონდოლისა, ისევე როგორ გურჯაანული ქვევრის ღვინოები უნდა განსხვავდებოდეს მანავურისგან.
ცალკე საკითხია ჯიშები. ამ მხრივ არანაირ ეჭვს არ იწვევს ის ფაქტი, რომ თეთრი კახურებისთვის რქაწითელია ზედგამოჭრილი. დღეს მართალია უკვე რამდენიმე კომპანია ასხამს კახური ტიპის ღვინოს ქისიდან, ხიხვიდან და კახური მწვანიდან, მაგრამ კახური ქვევრის ღვინოებისთვის ალბათ მაინც რქაწითელი უნდა მივიჩნიოთ მაგალითის მიმცემად. შესაძლოა ქისიდან და მწვანედან უფრო სასიამოვნო, მდიდარი არომატებისა და ეფექტების ღვინო დაიწუროს, მაგრამ მას მაინც ვერ ექნება ის ხასიათი, რითაც პირველივე ყლუპზე იცნობა რქაწითელი.
ადრე კახური ღვინოების ფერის შეფასებისას ძირითადად ჩაის ფერს ახსენებდნენ ხოლმე. დღეს ფერთა ეს გამა გაცილებით მრავალფეროვანი გახდა, დახასიათებისას ყველაზე ხშირად ქარვისფერსა და მუქ ქარვისფერს მოკრავთ ყურს, თუმცა ზოგჯერ ცეცხლისფერსა და უნაბისფერსაც იტყვიან ხოლმე კახურ ღვინოებზე.
ეს ფენომენი წარმოუდგენელია კახური სამზარეულს გარეშე. ქვევრისა და სხვა ტექნოლოგიური დეტალების გარდა პირველ რიგში ადგილობრივ სამზარეულოზე უნდა მივაქცევინოთ მომხმარებელს ყურადღება, რადგან არაფერი ისე არ უხდება ხაშლამას, ბოზბაშს, ჩაქაფულს, გუდის ყველსა და თუ სხვა ქართულ კერძებს, როგორც კახური და მასზე საუბრისას ყოველთვის უნდა ვახსენოთ ხოლმე ტრადიციული ქართული სამზარეულოც, რომელიც მოდერნიზების შემთხვევაშიც ძალიან კარგ მეწყვილედ დარჩება კახური ღვინისთვის.
“მადიანი” თავისი დეგუსტაციების ციკლს ყველაზე ქართული ღვინით, კახურებით იწყებს და ეს დეგუსტაცია პირველ რიგში ამ ტიპის ღვინის პოპულარიზაციასა და მკითხველამდე მიტანას ისახავს მიზნად. ბევრმა არც კი იცის, რომ დღეს 15-მდე სხვადასხვა დასახელების ხარიხიანი კახური ღვინო ისხმება ბოთლში, იგი ელის თავის მყიდველს, შემფასებელს, ადამიანებს, ვინც არ კმაყოფილდებიან მხოლოდ გლეხის მიერ უმარტივესი წესით დაყენებული კახური ღვინით და ვინც აცნობიერებს, რომ კახური ღვინის მომავალი ტრადიციის გარდა ცოდნასა და გაბედულებაზეცაა დამოკიდებული.
 
* * *
დეგუსტაციაში მონაწილეობას იღებდნენ: გიორგი ბარისაშვილი, “ელკანას” მეღვინეობა-მევენახეობის დარგის კონსულტანტი, დავით მაჭავარიანი, ენოლოგი, კომპანია “დუგლაძეები”, მიხეილ მესხი, ენოლოგი, კომპანია “მილდიანი”, შალვა ხეცურიანი, კომპანია “ხეცურიანის მარანი”, დავით თამარაშვილი, ენოლოგი, გაზეთ “ქვევრის” მთავარი რედაქტორი, მალხაზ ხარბედია, “მადიანის” მთავარი რედაქტორი, ბლოგ vinoge.com-ის ავტორი.
 
 
1. ჩაკრულო, Kakheti Co. 2007
 
დავით მაჭავარიანი: - კარგი ფერი აქვს, ქარვაში გარდამავალი მუქი ოქროსი, თუმცა გამჭვირვალობა აკლია. იგრძნობა მსუბუქი არომატები, ასევე თაფლისა და აკაციის ყვავილის ტონები. სხეულიანი და ძლიერი ღვინო ჩანს, სპირტის შემცველობა მაღალი აქვს, კარგი კახური ღვინოა.
მალხაზ ხარბედია: - ღია ქარვისფერია, თუმცა, ბოლომდე გაუმჭვირვალე. თავიდან მშრალი ტონები აქვს – ჯერ თივის, შემდეგ ჩახარშული ხორბლის სურნელი წამოვიდა. გემოზე - რბილი და სასიამოვნოა. დაბალანსებული ღვინოა, ხავერდოვანი და ხანგრძლივი დაბოლოებით.
დავით თამარაშვილი: - დიდი შთაბეჭდილება ვერ დატოვა – ვერც ფერით, ვერც გემოთი. საშუალო კახური ღვინოა.
შალვა ხეცურიანი: - ფერი არც მე მომეწონა, ყვითელი, თითქოს უსხივოა. სასიამოვნო ვარდის ტონები შევამჩნიე, თუმცა უცებვე დაისპირტა და ამის გამო არომატს დაბალანსებულს ვერ ვუწოდებ. როგორღაც დახურული ღვინოა და კახურისთვის ძალიან იოლი. მომწარო და მოკლე დაბოლოება აქვს.
მიხეილ მესხი: - თუ ნამდვილი კახურია, ფერი უფრო ინტენსიური უნდა ჰქონდეს, უფრო მუქი. ჯანმრთელი ღვინოა, სურნელიც სუფთა აქვს, თუმცა თითქოს მკვახე ყურძნისგან აღებული, "მწვანე სუნები" ახასიათებს. გემო დაბალანსებულია. ოდნავ თხელი მეჩვენა, მუხა საკმაოდ ზომიერად აქვს და ბოლოში კარგად დაჰყვება, თუმცა გოგირდის ტონს ტოვებსაც, რაც კახურისთვის უხეშად მოჩანს.
გიორგი ბარისაშვილი: - ახალგაზრდა ღვინო ჩანს, ლექის ან საფუარის გავლენა იგრძნობა. სხეულიანი და სავსე ღვინოა, თუმცა ვერ ვიტყვი, რომ ჰარმონიულია. ფინალიც სუსტი აქვს. 
 
2. კახეთი, თელავის მარანი, 2008
 
შალვა ხეცურიანი: - წინაზე უფრო მუქია, თუმცა ასევე უსხივო. პირველ ცხვირში უცხო ტონებია, მერე თაფლის სურნელს გამოვარჩევ, თავიდან სპირტი თითქოს ცალკე გარბის, მაგრამ შემდეგ ბალანსდება. გემოს სიმწარეც დაკრავს თავიდან. ნამდვილი კახურისთვის ტანინები და სხეულიანობა აკლია, თხელი ღვინოა.
მიხეილ მესხი: - ლამაზი ფერი აქვს. მწიფე ქლიავის სურნელი იგრძნობა. მსუბუქად დაჟანგულია, რაც უხდება კიდეც და არომატშიც კარგად ჯდება. მწიფე, დამრგვალებული ტანინებია, უკვე სხეულში გადასული. პირველ ნიმუშზე უკეთესი გემო აქვს. 
გიორგი ბარისაშვილი: - სასიამოვნო ოქროსფერია. ხილის სასიამოვნო ტონები იგრძნობა, რაც ნამდვილი კახურისთვის ტიპიური არ არის. სიმწარე დაკრავს, ძალიან ძლიერი არაა, მაგრამ ძარღვიანობა ეტყობა. უფრო ჰარმონიულია და დაბალანსებული, კარგადაც ბოლოვდება. 
დავით მაჭავარიანი: - ძალიან მომეწონა. ფერში სხივი უდგას, არომატი მესიამოვნა, თავიდან ვერ გამოვიცანი და მერე მივხვდი – გაზაფხულზე ქვევრს თავს რომ მოხდიან და ჭაჭის სუნი გეცემა, ასეთი სუნი აქვს – აშკარად მთლიანი მტევანია დაწურული, კლერტიანა, რაც "მწვანე სურნელს" ანიჭებს. არც ტანინია ზედმეტად გამოხატული, არც სპირტი, მძიმე არაა, სასიამოვნო დასალევია.
მალხაზ ხარბედია: - ფერით წინას სჯობს, თუმცა სურნელებით უფრო სწორხაზოვანია, უბრალო სუფრის ღვინის ტონები აქვს. გემოში იგრძნობა ცოტათი მკვახე ტანინები, ბოლომდე დაუბალანსებელია, თუმცა რაღაცნაირი თბილი დაბოლოება აქვს.  
დავით თამარაშვილი: - ფერი პირველზე ბევრად უკეთესი აქვს. ტიპიური კახურის კვალობაზე საშუალო ღვინოა, თუმცა, ჯანსაღი და სასიამოვნო დასალევი.
 
3. მოიხსნა დეგუსტაციიდან.
 
4. რქაწითელი, კარდენახის Grand Cru წარაფი, თავადი მაყაშვილის მარანი, 2006
 
მიხეილ მესხი: - ჯანმრთელი და ახალი ღვინოა. არომატებით კახურსაც წააგავს და ევროპულსაც, რქაწითელისთვის არატიპიური ტონებიც შევნიშნე. ტანინი ცოტა აქვს, ცოტათი უხეში, მაგრამ უსხეულოც არაა – გემოს ტოვებს.
გიორგი ბარისაშვილი: - ცოტა შებურულია, სხივი არ გასდის. კასრში დაძველებულსაც ჰგავს, მსუბუქი ღვინოა, იგრძნობა ხილის არომატები. საკმაოდ დაბალანსებულია.
მალხაზ ხარბედია: - კლასიკური ქარვისფერია. სურნელებიდან დაფნისა გამოვარჩიე. სხეულიანი ღვინოა, თუმცა ტანინები არ სუსხავს. დაბალანსებულია. გამორჩეული ფინალი არა აქვს.
დავით თამარაშვილი: - კახურია, მაგრამ არატიპიური. სხეულიც იგრძნობა და ბალანსიც.
შალვა ხეცურიანი: - ფერი მეორე ნიმუშს ჰქონდა ყველაზე კარგი, მაგრამ მე არ ვფიქრობ, რომ ფერს განსაკუთრებული მნიშვნელობა უნდა მიენიჭოს. დასალევად აქამდე გასინჯულთაგან ეს მომეწონა ყველაზე მეტად. 
 
5. კახური სამეფო, ქინძმარაულის მარანი, 2008
 
მიხეილ მესხი: - ცოტა სხივი აკლია ფერში, ღრმა და ინტენსიური ბუკეტი აქვს და გამორჩევას კარგი დაკვირვება სჭირდება. უფრო სტანდარტული რქაწითლისკენაა, მაგრამ ტანინი აკლია, ნამდვილი კახურივით ძელგი არ არის. ეს ალბათ სპეციალურადაა გაკეთებული, რომ ყველასთვის იოლი დასალევი იყოს და არამარტო კახელებისთვის. მე სწორედ ამ სიმსუბუქის გამო მომეწონა. ჯერჯერობით ეს ღვინო საუკეთესო იყო.
გიორგი ბარისაშვილი: - სხივიანი ღვინოა, კარგი ფერით. ნაზი, თუმცა კახურისთვის უკმარი სურნელით. დაბალი მჟავიანობა შევამჩნიე, ცოტა ტანინი, კარგი დაბოლოება. ჯამში კარგი ღვინოა,
დავით მაჭავარიანი: - კარგი ჩალისფერი, სუფთა და ნაზი არომატებით, თუ ჩააკვირდები, ჩირის, კომშის ტონებს შეამჩნევ, გემოც სასიამოვნოა, დაბალანსებული, ხანგრძლივი ფინალით. მოკლედ, ყველა მახასიათებელი კარგი ჰქონდა.
მალხაზ ხარბედია: - სასიამოვნო ქარვისფერი ახასიათებს. პირველივე ჩასუნთქვით ცოტა სპირტუოზულობა შეეტყო და ბუკეტი ამის შემდეგად მალე არ გაიხსნა, მხოლოდ ჩაის ტონები ვიგრძენი. ბოლომდე დაბალანსებული არაა, თუმცა ფინალი შესამჩნევი აქვს.
დავით თამარაშვილი: - აქამდე გასინჯულთაგან ყველაზე კარგი იყო და მხოლოდ იმას დავუწუნებ, რომ ტიპიური კახურისგან საკმაოდ განსხვავებულია.
შალვა ხეცურიანი: - ღვინისთვის ყველაზე კარგი შეფასებაა, როცა დეგუსტაციისას დალევა მოგინდება! სწორედ ასეთი ღვინო იყო. სანელებლების სურნელი ვიგრძენი, რაც ჩემთვის ყველაზე დამახასიათებელია ქართული თეთრი ჯიშებისთვის. ამ არომატის შემდეგ უფრო მეტ ძალას და სხეულიანობას ველოდი. ჰო, თამბაქოს გემოც დავიჭირე ბოლოს.
 
6. N8 კახური, თელიანი ველი
 
მეექვსე ნიმუშზე აზრთა სხვადასხვაობა თითქმის არ ყოფილა. ყველამ შეამჩნია, რომ ეს არატიპიური კახური ღვინო იყო, ევროპულ სამოსში გახვეული – უფრო ღია ფერის, ნაირგვარი არომატით და ნაკლებ ტანინიანი, მსუბუქი. ყველაზე გამოკვეთილად დავით მაჭავარიანმა დაახასიათა: - “მე ვფიქრობ, რომ სწორედ აქეთ უნდა წავიდეს კახური ღვინო და არა პირიქით - ეს ღვინო წავიდეს კახურისკენ. ხშირად ხდება, უცხოელს გაასინჯებ ქართულ ღვინოს და თავიდან ძალიან იუცხოვებს, შესაგუებლად შეჩვევა სჭირდება. ეს შეგიძლება თამამად დაალევინო ევროპელსაც, ამერიკელსაც და არაფერი გაუკვირდება. ძალიან მაინტერესებს, რა ღვინოა.”  
 
7. მოიხსნა დეგუსტაციიდან.
 
8. ქისი, ვინოტერა, 2006

დათო მაჭავარიანი: - არომატი საკმაოდ სუსტი აქვს.

მიხეილ მესხი: - ძალიან თხელი ღვინოა, მართალია ჯანმრთელი არომატები ჩანს, მაგრამ ფერიც და გემოც თხელი ღვინისა აქვს.

გიორგი ბარისაშვილი: - ღვინოს ღია ფერი აქვს, ჩანს მცირედი სხივიც, ხილის ტონებიც იგრძნობა, თუმცა გემოზე მცირე სიმწარე აქვს.

მალხაზ ხარბედია: - ფერზე უბრალოა, არომატიც საკმაოდ ჩაკეტილი აქვს, თუმცა გემოზე რბილი და სასიამოვნოა. ბალანსი აკლია, მაგრამ ამის მიუხედავად დაბოლოებაში რაღაც საინტერესო გემო აშკარად იჩენს თავს, მაგალითად ლიმნის ცედრის.

 
9. ბინეხი, კახური, ვაზი +, 2008
 
გიორგი ბარისაშვილი: - კახური არაა, ცხადია. ფერიც ევროპულია, თითქოს მწვანე გადაკრავს. ნაზი ღვინოა, ნაკლებსხეულიანი.
მიხეილ მესხი: - მე მომეწონა, თუ ყურადღებას აღარ მივაქცევთ კახურობა-არაკახურობას. უცხოელ მომხმარებლამდე ადვილად მისატანი ღვინოა, არომატული, ცოცხალი, თუ შეიძლება ასე ვთქვათ, ღიმილიანი. კახეთიც ხომ ევროპაა და ევროპული ღვინო დავარქვათ.
შალვა ხეცურიანი: - თხელია, მაგრამ რთული და საინტერესო ღვინოა, არომატული, კარგი დასალევი, არატიპიურობისთვის ნუ დავიწუნებთ.
დავით თამარაშვილი: - ქისი ხომ არ არის? ჯიშური არომატი მომდის, მაგრამ მთლად ქისისა თითქოს არაა. მომეწონა და მაინტერესებს, რა ღვინოა?
მალხაზ ხარბედია: - გამორჩეული ღვინოა. საერთოდ ჩემთვის კახური ღვინის შეფასებაში ძალზე მნიშვნელოვანია ტიპიურობაც და არატიპიურობაც, ანუ ტრადიციასაც ვაფასებ და სიახლესაც, მრავალფეროვნებასაც. ეს ღვინო სწორედ აფართოებს კახური ღვინის ჩარჩოებს. დახვეწილი ღვინოა, მარტივი არაა, რაღაც საიდუმლოც აქვს. ევროპული ღვინოსავით აქვს ატმისა და ხილის ტონები, მაგრამ უფრო დაძველებული, ჩირის არომატებში გადასული. თვალდახუჭულზე შაბლისაც კი მივამსგავხე.
დავით მაჭავარიანი: - ჩემთვის ყველაზე კარგი ღვინო იყო, ამაზე უკეთესს ამ დეგუსტაციაზე აღარც ველი. მეც ვფიქრობ, რომ რქაწითელი არაა, უფრო ხიხვი მგონია, ზოგს ქისად მოეჩვენა, ზოგს – ჩინურად, ვნახოთ, ვინ გამოიცნობს. კომპლექსური არომატი აქვს. არის მოტერპენო ტონებიც – ანუ პირველადი ყურძნის... ბარემ განვმარტოთ. მეორადი არომატია ფერმენტაციისას აღებული და მესამე – დაძველება-დავარგების შემდეგ. ამას ვარდის სურნელიც დაკრავს და დაძველებული ღვინის შესაბამისი სუნებიც – ხილისა და ჩირის. გემოს რაც შეეხება, თავიდან თითქოს თხელია, მაგრამ ბოლოსკენ ალკოჰოლი წინა პლანზე გამოდის და ბოლო ყლუპ ძალიან დაბალანსებული და ჰარმონიული აქვს.
 
10. ქისი, გ.ვაშაძე & ძმები, 2007
 
მიხეილ მესხი: - ჯანმრთელი, არომატული ევროპული ღვინოა, მაგრამ ასეთი ფერი საიდან აქვს? როგორც ევროპული, მომეწონა...
გიორგი ბარისაშვილი: - ერთი შეხედვით გადაჟანგულია, მაგრამ ბუნებრივი ყვითელია. გადამწიფებული ატმის, ან ტყემლის მურაბის არომატი აქვს, მაგრამ ეს გემოშიც გადმოდის და სიტკბოს აძლევს. დაბალანსებულსაც ვერ დავაქმევ, მუხა ცალკეა და ტკბილი ტონები - ცალკე. რქაწითელი არ უნდა იყოს, სხეული აკლია.
მალხაზ ხარბედია: ამ არომატს ეგრევე ვცნობ. ძალიან არატიპიურია და ამიტომ საინტერესოც. პირველ ცხვირში ძალიან ეფექტური სურნელები იგრძნობოდა, რასაც თეთრი ქლიავის მოტკბო ტონებს დავამატებდი. კარგი ნიმუშია, კახურთან ცოტა აქვს საერთო.
დავით მაჭავარიანი: - საინტერესო, კარგად მოვლილი, ჟანგბადთან მიუკარებელი ღვინოა. ამიტომ, ფერი დუღილამდე უნდა ჰქონდეს მიღებული, მაცერაციის დროს, ტანინებიც აქედან აქვს. 
შალვა ხეცურიანი: - ფერი მომეწონა ყველაზე მეტად. ქინძის, ანანასის ტონები აქვს, პარფიუმისაც კი, მერსოს ღვინოები მომაგონა. გემოც ძლიერი აქვს სხვათა შორის, კარგი ბალანსით, მწკლარტე, თუმცა, სიტკბო დაკრავს და ამის გამო ვეღარ შევაქებ.
დავით თამარაშვილი: - სასიამოვნო ფერია, ჯიშური არომატით, მწვანე უნდა ერიოს. კარგი ღვინოა, მაგრამ მაგრამ ზომაზე მეტად ტკბილია, ტკბილი კახური თეთრი ღვინო კი არ არსებობს.
 
11. მოიხსნა დეგუსტაციიდან
 
12. კახური, დურუჯის ველი, Kakheti Co. 2006
 
გიორგი ბარისაშვილი: - ღია ჩალისფერი, სხივიანი ღვინოა სუსტი სურნელით. სიღრმეში ხილი იგრძნობა. ცოტათი სიმწარე ახასიათებს, გემოზე სუსტია, ნაკლებად სხეულიანი, დაბალი მჟავიანობით. ამის მიუხედავად, მაინც დაბალანსებულია. დაბოლოება ვერა აქვს ხანგრძლივი.
დავით მაჭავარიანი: - ტიპიურ კახურს არ გავს, მაგრამ გამორჩეულიც არაფრითაა – ჩვეულებრივი, ნორმალური, უბრალო ღვინოა, სუსტი არომატით და სუსტი სხეულით.
მალხაზ ხარბედია: - თავიდან თითქოს ინტრიგა გამოჩნდა, მაგრამ ძალიან ცოტა ხნით. ფერით გადაჟანგულ წინანდალს ჰგავს, ჯერ მკვახე ხილის ტონები აქვს, ბოლოს კი უცნაურად, თაფლის სიტკბოში გადადის. უსიამოვნო ღვინო ნამდვილად არ არის, არატიპიურია, მაგრამ ეს არატიპიურობა რამე საინტერესოსკენ კი არა, უფრო უბრალოებისკენ მიდის.
მიხეილ მესხი: - დავამატებ, რომ ან თხელი კახურია, ან სქელი ევროპული, ზუსტად ვერ დაადგენ. მუხის გემოც ჭარბადა აქვს და არ უხდება. ჯამში ჯანმრთელი, უბრალო, თხელი კახური ღვინოა.
შალვა ხეცურიანი: - მართალია, ნამდვილი კახურის ეტალონი აღარ არსებობს, არც წინანდლის, მაგრამ ამას კახურისა არაფერი არა აქვს. კარგი საშუალო სუფრის ღვინოა, თუმცა კახურზე პრეტენზია არ უნდა ჰქონდეს.
 
13. ტევანი, კახური, ნაფარეულის ძველი მარანი, 2007
 
გიოირგი ბარისაშვილი: - ფერი კახურისა აქვს, სურნელი – ძლიერი ხილის. ფერიდან გამომდინარე, ასეთ სუნს არ ველოდი, თუმცა, ასეთი შემთხვევა უკვე გვქონდა დღეს. გემოთი მომწაროა, მუხაც იგრძნობა, დაბოლოებაზე არაფერს ვიტყვი, მაგრამ დაბალანსებული ნამდვილად არის. ნორმალური ღვინოა.
მიხეილ მესხი: - მე არ მიყვარს, როცა ერთი მახასიათებელი ყველა დანარჩენს ჩრდილავს ხოლმე. ამას ძალიან გამორჩეული ჩაის სურნელი აქვს, რომელიც სხვას აღარ გაგრძნობინებს, ანუ ბუკეტი არა აქვს. გემოშიც მუხა დომინირებს. მჟავიანობისა და ტანინების მხრივ დაბალანსებული, ცოტა თხელი ღვინოა.
მალხაზ ხარბედია: - არატიპიური ღვინოების სერია გრძელდება. ნიგვზის ტონები აქვს და ქონდარსაც ვგრძნობ. სხეულიანი ღვინოა და დაბალანსებული, მიუხედავად იმისა, რომ გამორჩეული არაფერი აქვს. რასაც სურნელი გპირდება და გემო გთავაზობს, ზუსტად ის ბალანსია.
დავით მაჭავარიანი: - ნორმალური ფერია, არომატიც საინტერესოა. მიუხედავად იმისა, რომ ჩაი დომინირებდა, კომშისა და წიწვის ტონებიც დავიჭირე, თუმცა, გემო ბანალური ჰქონდა და დაბოლოების შემდეგ თითქმის არაფერს გიტოვებდა.
 
14. კახური, ქინძმარაულის მარანი, 2006
 
მალხაზ ხარბედია: - ძალიან ეკზოტიკური, უცხო სურნელები აქვს, თუმცა პირველ რიგში ჩაის ტონები იგრძნობა. გამოხატული დაბოლოება აქვს. ნაცნობი გემო აქვს, მემგონი “ქინძმარაულის მარნის” ღვინო უნდა იყოს.
შალვა ხეცურიანი: - მდიდარი ქარვისფერი, თითქმის ოქრო, ძალიან კარგი  და მდიდარი არომატი, გემოც კარგ ბალანსს ქმნის სურნელთან. კრემ ბრიულეს ტონები ჰქონდა, რაც აქამდე არ შემიმჩნევია კახურ ღვინოში. ერთად-ერთი, ჩემთვის ცოტათი სხეულიანობა და ძალა აკლდა, თორემ სხვაფრივ არაფერი დაეწუნებოდა.
მიხეილ მესხი: - თითქოს საგანგებოდ დაემთხვა, რომ ბოლო ნიმუში საუკეთესო კახური გამოვიდა. ძალიან ლამაზად ისხმებოდა და ლამაზად ჩანდა ჭიქაშიც – მბრწყინავი ქარვისფერი იყო. მრავალმხრივი არომატი ჰქონდა, საიდანაც ვერაფერს ვერ გამოარჩევდი – ზომიერი იყო სურნელითაც და გემოთიც. ტიპიურობაზე თუ ვლაპარაკობთ, ჩემთვის ტიპიური კახური ღვინო სწორედ ასეთია.
 
© მადიანი/vinoge.com
 

 



ისე ჩემი აზრით ისიც უნდა ეწეროს რომელი ღვინო მოიხსნა დეგუსტაციიდან და რატომ. საინტერესოა უბრალოდ.


მოხსნილი ღვინის არდასახელება მიღებული პრაქტიკაა, რადგან ხშირ შემთხვევაში მწარმოებელისგან დამოუკიდებელი მიზეზი ხდება ხოლმე მოხსნის მიზეზი (მაგ. ე.წ. საცობის ტონი, ან შენახვის პირობები მაღაზიაში და სხვ.), თუმცა ხშირია დაავადებული ღვინის შემთხვევებიც.



კახურების დეგუსტაციას როდის ჩაატარებს ღვინის კლუბი?


სხვათა შორის, თეთრი კახური ღვინოების დეგუსტაცია ამ შაბათს გვაქვს, 2 აპრილს. და რადგან 20–ზე მეტი დაგროვდა კახური ტიპის ღვინოები, რომლებიც ბაზარზეა გამოტანილი, ამიტომ, გადავწყვიტეთ ორ ნაწილად გაგვეყო. 1. ქვევრში დაყენებული თეთრი კახურები. 2. რეზერვუარული თეთრი კახურები. ესენი ალბათ მაისის ბოლოს ჩატარდება

თქვენი კომენტარი

თქვენი ელ-ფოსტა არ გამოქვეყნდება
  • Web page addresses and e-mail addresses turn into links automatically.
  • No HTML tags allowed

More information about formatting options

საქართველოს ღვინის რუკა
თქვენ შეგიძლიათ დაეხმაროთ ჩვენს ბლოგს "PayPal"-ის საშუალებით.