Home
ქართული | English
დეკემბერი 2024
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
2526272829301
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
303112345

შეიძინეთ ჩვენი წიგნები ღვინის მაღაზიებში

მულტიმედია

კომენტარები

დეგუსტაცია – Rose&ტვიში

სიახლე&ტრადიცია საზაფხულო ღვინოების დეგუსტაციაზე

ალეკო ცქიტიშვილი
 
            საშუალო სტატისტიკური ქართველისთვის საზაფხულო ღვინის არსი ჯერ კიდევ შეუცნობელია და რომ ჰკითხო, ერთადერთ გამაგრილებელ ალკოჰოლურ სასმელად კონსერვანტებით გაძეძგილ სამამულო ლუდს დაგისახელებთ. არადა, როცა ძალიან ცხელა, ტემპერატურა ცელსიუსით ორმოცს გრადუსს აღწევს, აფორიაქებულ სულს ყველაზე უკეთ ჩაციებული საზაფხულო ღვინო თუ დაგიამებთ - კარგად დაბალანსებული სიმჟავით, მსუბუქი ტანინებითა და ყვავილების მრავალფეროვანი არომატით.
 
            საზაფხულოდ შესატყვისი სასიამოვნო მჟავიანობა და სიმსუბუქე, ლოგიკურად, დასავლეთ საქართველოს ღვინოებში უფრო უნდა ვეძიოთ - ციცქა, ცოლიკოური, კრახუნა, ჩხავერი, საკმიელა, ალადასტური - იმერეთსა და გურიაში გავრცელებული ამ ვაზის ჯიშებისგან მიღებული ღვინოები ნამდვილად საუკეთესო იქნებოდა გასაგრილებლად. თუმცა, არც ქართლის სახელგანთქმული ჯიშები უნდა დავივიწყოთ - ჩინური, თავკვერი, გორული მწვანე (იქვე ღვინო "ატენური") და არც კახური ადგილწარმოშობის კონტროლირებადი ღვინოები - "წინანდალი" და "მანავის მწვანე".
"ღვინის კლუბმა" კი საზაფხულო ღვინოების დეგუსტაციისათვის, რომელიც 10 ივლისს რესტორან "დაინინგ რუმში" (The Dining room) გაიმართა, სამამულო წარმოების ვარდისფერი ღვინოები და "ტვიშები" აირჩია. ასეთი განსაკუთრებული არჩევანი განაპირობა ადგილწარმოშობის დასახელების ღვინო "ტვიშის" პოპულარობამ (იგი რამდენიმე ღვინის კომპანიის არსენალშია) და ბოლო წლებში ბაზარზე ქართული ვარდისფერი ღვინოების გამოჩენამ, რომელთაგან ზოგიერთმა საერთაშორისო გამოფენებშიც მიაღწია წარმატებას. ამდენად, "ღვინის კლუბის" საზაფხულო ღვინოების დეგუსტაციის მიზანი, შეიძლება ითქვას, ტრადიციისა და სიახლის შეფასება გახლდათ.
ვარდისფერი ღვინოების პოპულარობა ბოლო დროს მთელი მსოფლიოს მასშტაბით იზრდება. "როზეს" ბუმმა ერთნაირად მოიცვა ტრადიციული მეღვინეობის ქვეყნებიც და ე. წ. ახალი სამყაროც. ამ ტენდენციას საქართველო ოდნავ დაგვიანებით, მაგრამ არც თუ ურიგოდ შეუერთდა. ღვინის ყველაზე მსხვილ ქართულ კომპანიებს – "თელიან ველს", "თელავის მარანს", "ბადაგონს" თავიანთ მარაგში უკვე აქვთ საფერავისგან დამზადებული ვარდისფერი ღვინოები (Rosé). "ქინძმარაულის მარანმა" კი Rosé -სთვის საუკეთესოდ მიიჩნია უცხოური ყურძნის ჯიში - მუსკატი, რომლის მოსავალი საქართველოში იკრიფება.
 The Dining room-ში გამართულ დეგუსტაციაზე სწორედ ამ კომპანიების ვარდისფერი ღვინოები იყო წარმოდგენილი. "ღვინის კლუბის" წევრთა შეფასებით, ქართული ვარდისფერი ღვინოები საკმაოდ კარგი ხარისხისაა, თუკი გავითვალისწინებთ, რომ საუბარია 20 ლარამდე ღირებულების საფასო სეგმენტის ღვინოებზე.
წარმოდგენილი ვარდისფერი ღვინოებიდან, ხმათა უმრავლესობით, საუკეთესო საზაფხულო ღვინოდ "თელიანი ველის" Rosé დასახელდა. თუმცა, ზოგიერთმა მონაწილემ ცალსახად "ბადაგონის" ან "თელავის მარნის“ ღვინოები გამოარჩია. საერთო აზრით, სამივე ეს ღვინო მაღალი ქულებით შეფასდა. რაც შეეხება "ქინძმარაულის მარნის" "მუსკატს", რომელიც დეგუსტაციაზე ორი ვარიაციით იყო წარმოდგენილი (ნახევრადმშრალი და მშრალი), "ღვინის კლუბის" მოწონება უფრო მშრალმა დაიმსახურა. ითქვა, რომ მუსკატის მძაფრი ჯიშური არომატები მშრალ ღვინოში უფრო შენარჩუნებულია.
ვარდისფერი ღვინოებისგან განსხვავებით, "ტვიშებმა" მაინცდამაინც კარგი წარმოდგენა ვერ დატოვა. დეგუსტაციაზე წარმოდგენილი "ტვიშის" შვიდი ნიმუშიდან ორი დაავადებული აღმოჩნდა, დანარჩენების ხარისხმა კი აზრთა სხვადასხვაობა გამოიწვია. გამოითქვა აზრი, რომ კომპანიები შესაძლოა, დიდად არ იცავენ "ტვიშის“ დაყენების პირობას, რომ ღვინომასალად აუცილებლად ტვიშის მიკროზონაში დაკრეფილი ცოლიკოური უნდა იყოს გამოყენებული. ზოგიერთ ნიმუშში ცოლიკოურის ჯიშური არომატი არც კი იგრძნობოდა.
"ტვიში" ერთადერთი ნახევრადტკბილი თეთრი ღვინოა, რომელსაც საქართველოს კანონმდებლობით მინიჭებული აქვს ადგილწარმოშობის დასახელების კონტროლირებადი ღვინის სტატუსი. ღვინის ამ სახელოვანი ბრენდის ისტორია საბჭოთა პერიოდს უკავშირდება, როცა რუსეთის დიდ ბაზარზე პოპულარული იყო ტკბილის არასრული დადუღებით მიღებული ნახევრადტკბილი ღვინოები. "ტვიში" ლეჩხუმში, სოფელ ტვიშსა და მიმდებარე სოფლებში დაკრეფილი ცოლიკოურისგან მზადდება. თვით ცოლიკოურსაც ამ რეგიონის მევენახეობა-მეღვინეობაში ას წელზე მეტი ისტორია არ უნდა ჰქონდეს, რადგან მანამდელ წყაროებში ეს იმერული ვაზის ჯიში ლეჩხუმში არსად მოიხსენიება.
"ღვინის კლუბის" პრეზიდენტის, მალხაზ ხარბედიას თქმით, დღესდღეობით, როცა საბჭოთა კავშირიც და რუსეთის ბაზარიც წარსულს ჩაბარდა და ქართული ღვინო დასავლეთის ქვეყნების ბაზრების ათვისებას იწყებს, ჩვენებურ ნახევრადტკბილებს დიდი გამოცდა ელით. ევროპის ქვეყნებისა და ამერიკის საშუალო სტატისტიკურ მომხმარებელს ასეთი ტიპის ღვინოები მაინცდამაინც არ მოსწონს. "ტვიში" კი მართლაც გამონაკლისია. ჰარმონიულობის, სინაზისა და მინდვრის ყვავილების მრავალფეროვანი არომატის გამო, ეს ნახევრადტკბილი ღვინო დასავლეთის ბაზრებისთვისაც შეიძლება საინტერესო იყოს.   
"ტვიშებიდან" საუკეთესო საზაფხულო ღვინოდ დეფუსტაციაზე "ჯივიესის" "ტვიში" დასახელდა (მოსავლის თარიღი ეტიკეტზე მითითებული არ იყო). "ამ ღვინოს აქვს ის, რითაც ზოგადად მოგვწონს "ტვიში" - მინდვრის ყვავილების სურნელი, ხანგრძლივი გემო, სასიამოვნო სიმჟავე და რაც მთავარია - ცოლიკოურის ჯიშური არომატი", - აღნიშნა კლუბის წევრმა, "თავად მაყაშვილის მარნის" მეღვინემ, სოლომონ ცაიშვილმა.
მოწონება დაიმსახურა ასევე "თელიანი ველისა" (2007 წ.) და "მილდიანის" (2005 წ.) მიერ ჩამოსხმულმა "ტვიშებმა". მალხაზ ხარბედიას თქმით, როგორც ნახევრადტკბილი ღვინო, "ტვიში" ხშირად ივითარებს ნაღების, ტყავის არომატს, რაც აქ დასაშვებია და ნორმალურად ითვლება, მშრალ ღვინოში კი დაავადებად მიიჩნევენ ხოლმე. "მილდიანის" "ტვიშში", რომელიც 2005 წლის მოსავლისაა და შეიძლება უკვე დაძველებულ ნიმუშადაც მივიჩნიოთ, სწორედ ნაღების არომატი შეინიშნება.
 
პერსპექტივები, ექსპერიმენტები, პრობლემები
 
დასასრულს დეგუსტაციის მონაწილეებმა ვარდისფერი ღვინოებისა და "ტვიშის" პერსპექტივები შეაჯამეს და საზაფხულო ღვინოების მომავალზეც იმსჯელეს.
ნიკა ლალიაშვილი, პარლამენტარი, "ღვინის კლუბის“ წევრი: "ძალიან მნიშვნელოვანია "საზაფხულო ღვინის" კულტურის განვითარება საქართველოში. მითუმეტეს, რომ ამ მიმართულებით ქართულმა კომპანიებმა საგრძნობ წარმატებებს უკვე მიაღწიეს. სწორი მარკეტინგული პოლიტიკის შემთხვევაში, ზაფხულის ცხელ დღეებში ქართული ვარდისფერი ღვინოების აქტუალობა ბევრად გაიზრდება. დასანანია, რომ სახელმწიფოს მხრიდან ყურადღება არ ექცევა ისეთი ბრენდის განვითარებას, როგორიცაა "ტვიში". დეგუსტაციამ ცხადყო, რომ წარმოებული "ტვიშების" უმრავლესობაში ძალიან ნაკლებადაა ან საერთოდ არ ფიგურირებს მთავარი ჯიშური კომპონენტი – ცოლიკოური. ეს კი საერთოდ შეუძლებელს ხდის ამ ღვინოებისათვის ცნობილი სახელის მიკუთვნებას. "ტვიში", ალბათ, ერთადერთი ნახევრადტკბილი ღვინოა, რომელსაც სათანადო კონტროლის შემთხვევაში, საზღვარგარეთ კომერციული პერსპექტივა ექნება. ამიტომაც, სასურველია, ხელისუფლებამ დაიწყოს ლეჩხუმის მცირერიცხოვანი მევენახეების მიზნობრივი დახმარება და წახალისება, რომ ნამდვილი "ტვიშის" წარმოების საკითხი ერთხელ და სამუდამოდ დარეგულირდეს".
"დაინინგ რუმის"Fმეპატრონის, ქეთი ბაქრაძის თქმით, შესაძლოა, სწორედ დაბალი ხარისხის გამოა, რომ მის რესტორანში "ტვიშზე" მოთხოვნა თითქმის არაა. ქართული კომპანიების ღვინოებიდან საზაფხულოდ ყველაზე მეტად სიამოვნებთ "შატო მუხრანის" "შარდონე" და "ბესინის" "წინანდალი".
"ზოგადად, ვცდილობ რესტორანში მცირე და საშუალო საწარმოების ღვინოებიც შემოვიტანო და არ მქონდეს მხოლოდ დიდი კომპანიების ნიმუშები. ცხადია, ამ დეგუსტაციის შედეგად გამოვლენილ საუკეთესო ნიმუშებს ყურადღებას მივაქცევთ. თუმცა, კლიენტების მოთხოვნიდან გამომდინარე, ალბათ, უფრო ვარდისფერ ღვინოებზე გავაკეთებთ არჩევანს. აქამდე რესტორანში მხოლოდ ფრანგული Rosé გვქონდა, რომელსაც სტუმრები ხშირად მოითხოვდნენ. დეგუსტაციაზე კარგი შთაბეჭდილება დატოვა "ბადაგონის" Rosé-მ, რადგან იგი უფრო მიახლოებულია ფრანგულთან და ამ ღვინოს აუცილებლად შემოვიტან", - განაცხადა ქეთი ბაქრაძემ.
ბოლო ნიმუშების დაგემოვნებისას დეგუსტაციას გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრი, ვალერი რჩეულიშვილი შემოუერთდა თავისი "მხიარული ხიდისთავურით". ეს ღვინო დაყენებულია სოფელ ქვეშში, ზღვის დონიდან 750 მეტრზე გაშენებული თავკვერის, გორული მწვანისა და ჩინურის ვენახიდან მოწეული ყურძნის შერევით. მართალია, ასეთი ტექნოლოგიით დამზადებული ღვინო ევროპაში Rosé-დ არ მიიჩნევა, მაგრამ ვალერი რჩეულიშვილის "მხიარული ხიდისთავური" უეჭველად საზაფხულო ღვინოა. სახელწოდებას კი ძველი ისტორია აქვს, როცა ამ რეგიონში თეთრი ყურძნების - ჩინურისა და გორული მწვანეს ჭაჭაგამოცლილ ტკბილს ზემოდან წითელ ყურძენს - თავკვერს აწურავდნენ და მის ჭაჭაზე ერთი კვირით ტოვებდნენ. შედეგად იღებდნენ ვარდისფერი შეფერილობის ღვინოს, რომელსაც "მხიარულ ხიდისთავურს" ეძახდნენ.
ამ ღვინომ "ღვინის კლუბის" წევრებს შეახსენა, რომ ქართული ვაზის ჯიშები ჯერ კიდევ სათანადოდ არ არის ათვისებული და თამამი ექსპერიმენტატორების ხელს ელოდება. თუნდაც, ვარდისფერი ღვინოების წარმოებაში საფერავზე ბევრად საინტერესო შედეგი შეიძლება მოგვცეს ისეთმა არანაკლებ სახელოვანმა ჯიშებმა, როგორიცაა: ალადასტური, თავკვერი, ჩხავერი, სხილათუბანი... უბრალოდ, საჭიროა, ეს ჯიშები კიდევ ერთხელ აღმოვაჩინოთ და ღვინის მოყვარულებამდე მივიტანოთ.
 
© ღვინის კლუბი/“Weekend“
 

თქვენი კომენტარი

თქვენი ელ-ფოსტა არ გამოქვეყნდება
  • Web page addresses and e-mail addresses turn into links automatically.
  • No HTML tags allowed

More information about formatting options

საქართველოს ღვინის რუკა
თქვენ შეგიძლიათ დაეხმაროთ ჩვენს ბლოგს "PayPal"-ის საშუალებით.