2024 წლის რთველი ბორდოში ოფიციალურად დაიწყო, რაც კრემანტის ღვინის წარმოების პირველ ნაბიჯს ნიშნავს ამ წელს. რეგიონში რთველი სიმბოლურად ტრადიციისა და გამძლეობის ნიშად მიიჩნევა. კრემანტი ბორდოს ვენახების მხოლოდ 1%-ს მოიცავს, თუმცა მიმდინარე წელს მისი მოსავალი განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენს, რადგან მევენახეები, როგორც პროგნოზირებდნენ, დაბალ წარმოებას ელიან. ბორდოს ღვინის საბჭომ (CIVB) ამ მოსალოდნელი დეფიციტის მიზეზებად კლიმატური გამოწვევები და ვენახების შემცირება დაასახელა.
რემანტშო ყურძნის კრეფა გასულ კვირას დაიწყო, ხოლო წითელი ღვინის ძირითადი რთველი დაახლოებით 23 სექტემბრისთვის არის ნავარაუდევი. ეს პერიოდი უფრო „ტრადიციულ“ დროს ემთხვევა, რაც „ნორმალურ“ ტემპერატურას ეხმიანება, რომელიც წელს ბორდოში ფიქსირდება. წლების განმავლობაში არამდგრადი ამინდების შემდეგ, რაც რთველის თარიღს ხშირად წინ სწევდა, ტრადიციულ ვადებში დაბრუნება ბევრისთვის დადებით ნიშნად აღიქმება.
თუმცა, მიუხედავად ზაფხულის ხელსაყრელი პირობებისა, მოსავლის საერთო პროგნოზი ფრთხილი რჩება. ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორი ვენახების განზრახ შემცირებაა. შარშან ბორდოს ვენახების ფართობი 103,000 ჰექტარზე დაფიქსირდა, თუმცა ეს რიცხვი წლის ბოლომდე კიდევ უფრო შემცირდება. ეს ნაბიჯი ნაწილია მიმდინარე ზედმეტი წარმოების კრიზისის მოგვარების მცდელობისა, რაც რეგიონში რთულ გადაწყვეტილებებს გამოიწვევს.
ვენახების სტრატეგიული შემცირების გარდა, წელს ბუნებამაც სერიოზული გამოწვევები შექმნა. გაზაფხულის წვიმებმა ოიდიუმის ძალიან ძლიერი “ზეწოლა“ გამოიწვია, სოკოვანი დაავადება, რომელიც ნესტიან პირობებში ვითარდება და მოსავალს ანადგურებს. ბორდოს ღვინის საბჭომ მევენახეების ძალისხმევა აღიარა. მიუხედავად ამ ძალისხმევისა, ოიდიუმმა მნიშვნელოვანი ზიანი მიაყენა მოსავალს, რაც ასევე ამცირებს მოსალოდნელი მოსავლის რაოდენობას.
ასევე, მერლოს ჯიშის ყურძენი, რომელიც ბორდოში ყველაზე ფართოდ არის გაშენებული, „კულიურის“ ფენომენით დაზარალდა. „კულიური“ ხდება მაშინ, როდესაც ყვავილები ნაყოფად ვერ ვითარდებიან, რაც არასასურველი ამინდის შედეგია ყვავილობის პერიოდში. წელს, ეს პრობლემა ივნისის წვიმებმა კიდევ უფრო გაამწვავა, რაც მოსავლის პოტენციალს ზღუდავს. მიუხედავად ამ სირთულეებისა, იმედი ჯერ კიდევ არის, რომ დარჩენილი ყურძნის ხარისხი მაღალი იქნება, განსაკუთრებით კრემანტისთვის ახლახან დაკრეფილი ყურძნის „ძალიან კარგი მჟავიანობის“ გათვალისწინებით, რაც ცქრიალა ღვინის წარმოებისთვის ხელსაყრელ პირობებს ქმნის.
ბორდოს გამოწვევები მხოლოდ ვენახებით არ შემოიფარგლება; ეს რეგიონში ეკონომიკური სირთულეების შედეგიცაა. ბორდო გადაჭარბებული წარმოების კრიზისს ებრძვის, რამაც ბაზრის გადატვირთვა და ფასების დაცემა გამოიწვია. ამ რეალობის საპასუხოდ, ბევრმა მწარმოებელმა ვენახების შემცირება გადაწყვიტა, რასაც ფინანსური კომპენსაციები უჭერს მხარს. გარდა ამისა, სახელმწიფო აწესებს ჯარიმებს იმ მიწის მესაკუთრეებისთვის, რომლებიც ვენახებს უყურადღებოდ ტოვებენ, რათა თავიდან აიცილოს დაავადებების გავრცელება მიტოვებული ნაკვეთებიდან.
2024 წლის რთველი ბორდოში სავსეა გამოწვევებით, თუმცა რეგიონში ოპტიმიზმიც არსებობს, განსაკუთრებით რთველის ხარისხის მიმართ. მზიანი ზაფხული გადარჩენილი ყურძნის დამწიფებას უწყობს ხელს და კრემანტის პირველმა ნიშნებმა შეიძლება მიუთითოს, რომ წელს, რაოდენობის მიუხედავად, ბორდო მაღალი ხარისხის ღვინოებს მიიღებს.
© ღვინის კლუბი/vinoge.com
თქვენი კომენტარი