Home
ქართული | English
ოქტომბერი 2024
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
30123456
78910111213
14151617181920
21222324252627
28293031123

შეიძინეთ ჩვენი წიგნები ღვინის მაღაზიებში

მულტიმედია

კომენტარები

ცოდნა და დღესასწაული – რჩევები ღვინის საახალწლო ბაზრობის სტუმრებს

მალხაზ ხარბედია

დარჩა ერთი დღე ღვინის საახალწლო ბაზრობის გახსნამდე. ღვინის კლუბში, რა თქმა უნდა, ვღელავთ და თქვენი, ღვინის მოყვარულების დიდი მხარდაჭერის იმედი გვაქვს, რადგან ასეთი და ამ მასშტაბის საახალწლო ღვინის დღესასწაული პირველად ტარდება ჩვენს ქვეყანაში. ახალი ღვინის ფესტივალივით, რომელიც 9 წლის მანძილზე საქართველოს და კავკასიის ყველაზე მნიშვნელოვან და ხალხმრავალ ღვინის ზეიმად იქცა, გვინდა ეს წინასაახალწლო ბაზრობაც დემოკრატიულ და ღია სივრცედ ჩამოყალიბდეს, სადაც ყველა, მეღვინე თუ ღვინის დამფასებელი, კიდევ უფრო გაიფართოვებს თვალსაწიერს, ადამიანები გაიცნობენ ერთმანეთს, გასინჯავენ ახალ–ახალ ღვინოებს და რაც მთავარია, შეიქმნიან სადღესასწაულო, საშობაო–საახალწლო განწყობას.

იმედი გვაქვს, ბაზრობა ბევრ ქართველ თუ უცხოელ ღვინის ენთუზიასტსა და პროფესიონალს მოიზიდავს. თანაც ეს ახალი ფორმატი, ღვინის ბაზრობა ახალ პერსპექტივებს დასახავს და თანამედროვე ქართული ღვინის კულტურაში დაგროვილი მიღწევების ახლებურად გააზრების საშუალებას მოგვცემს. ჩვენს ქვეყანაში კიდევ ბევრი რამაა დასამკვიდრებელი ამ მიმართულებით, რათა ღირსეულად ვატაროთ ღვინის სამშობლოს საპატიო ტიტული. ბევრი რამაა დაფარული ქართველი და უცხოელი ღვინის მოყვარულისთვის ჩვენი ქვეყნის კუთხეებში, ნიადაგებში, ადამიანებში. ჩვენი კლუბის არსებობის 9 წლიანი ისტორიის მანძილზე არაერთხელ დავრწმუნდით, რომ ქართულ მევენახეობა–მეღვინეობას ამოუწურავი პოტენციალი აქვს და იგი არამხოლოდ მრავალფეროვანი ღვინოების წინაპირობაა, არამედ განსაკუთრებული აზროვნების, ახალი მიდგომების, განვითარების, წარმატების, ნაყოფიერი და მეგობრული ურთიერთობების, კეთილდღეობის, ერთიანობისა და რაც მთავარია, ძლიერი მომავლის საფუძველიცაა. ეს არის სივრცე, სადაც პიროვნებები, ინდივიდები საერთო საქმეს აკეთებენ და საშუალებას აძლევენ ბუნებას, ბოლომდე გამოხატოს თავისი თავი. ჩემი აზრით, ეს სფერო, დღეს საქართველოში ყველაზე წარმატებული და დიდი მომავლის მქონეა, და იგი არამხოლოდ ეკონომიკურ ზრდაზე, დიდ შემოსავლებზე და ცნობადობაზეა მიმართული, არამედ უპირველეს ყოვლისა ფასეულობების ჩამოყალიბებას უწყობს ხელს, ამკვიდრებს მიზანმიმართულებას, მოთმინებასა და პრინციპულობას.

ასერომ, ჩაინიშნეთ მეგობრებო, უთხარით თქვენს ახლობლებს, ოჯახის წევრებს, მეზობლებს, ნაცნობებს, რომ ხვალ და ზეგ, 23-24 დეკემბერს, საქართველოს ღვინის კლუბი და ვერის ბაზარი (ღვინის ქარხანა #1) დიდ დღესასწაულზე, ღვინის საახალწლო ბაზრობა 2018-ზე გეპატიჟებით! ზუსტად იმ ადგილას, სადაც ოთარ იოსელიანის გიორგობის თვეა გადაღებული.

ღვინის საახალწლო ბაზრობა 2018–ში 70-მდე ღვინის კომპანია და მცირე მეწარმე მიიღებს მონაწილეობას. იქნებიან როგორც ქართული ღვინის წამყვანი დიდი კომპანიები, ისე საშუალო და პატარა მეღვინეობები და საოჯახო მარნები საქართველოს სხვადასხვა კუთხიდან. ისინი წარმოადგენენ ყველანაირ ღვინოს: ქვევრის ქარვისფერ თუ ჭურის დასავლურ ღვინოებს (თეთრსაც და წითელსაც), ცქრიალა ღვინოს, თეთრ მშრალს და ნახევრადმშალსა თუ ნახევრადტკბილს, ვარდისფერს, წითელ მშრალს თუ ნახევრადტკბილს, შემაგრებულს. ასევე ჭაჭას, ხილის არყებს, ბრენდებს, ნაყენებს, წიპწის ზეთს, ფელამუშს, ჩურჩხელას და ა.შ..

თავიანთ საუკეთესო ღვინოებს და სხვა პროდუქტს დაგახვედრებენ შემდეგი ღვინის კომპანიები და საოჯახო მარნები:

მეღვინეობა ხარება, თბილღვინო, თელიანი ველი, მილდიანი, ასკანელი, შატო ნეკრესი, ღვინის კომპანია შუმი, შილდა, ბადაგონი, ვახტანგ ბერუაშვილის მარანი "ვახტანგური", სესიაშვილის მარანი, ნათენაძის მარანი, სიმონ ჩხეიძის მარანი, ჯაყელების ღვინო, ბუნებური, ალექსი ციხელიშვილის მარანი, შატო ხაშმი, Togonidze’s wine, ალექსანდრე დისტილერი, უსახელაური, დავით მიხელიძის მარანი, ღვინო კალამი, ღვარძელაშვილის მარანი, ძმების მარანი, ზედაშე, Union Wine Invest, კონდოლის მარანი, ტიბაანი, თელა, საქველმოქმედო კავშირი თემი, ნოდარ ბაღაშვილის მარანი, მარანი სანავარდო, Liquid Sun, Matrobela Wines, ახალგაზრდა მეღვინე, დავით ჩიხლაძის მარანი "გრავისი", არტიზანი, ბაიას ღვინო, ზურაბ ღვალაძის მარანი.

ახლა რჩევებსაც მივხედოთ:

  • ღვინის საახალწლო ბაზრობაზე შემოსვლა ორი მხრიდან იქნება შესაძლებელი, პირველ სართულზე მელიქიშვილის მხრიდან შემოხვალთ, ხოლო მეორე სართულზე კი მელიქიშვილი–პეტრიაშვილის კუთხიდან, ახალი დიდი ჭიშკრის გავლით მოხვდებით.

 

  • ბაზრობაზე შემოსვლისას გირჩევთ რუკასაც შეავლოთ თვალი, რომელიც ორივე შესასვლელთან და კიდევ რამდენიმე ადგილას დაიდგმება. ასე უფრო კარგად გაერკვევით, რომელი კომპანია რომელ სართულზე დგას, რა ნომერი მაგიდა უკავია და ა.შ.

 

  • არ დაუჯეროთ, ვინც გეტყვით, რომ ბაზრობაზე „უფასო ღვინო“ არ იქნება! თქვენ შეგეძლებათ გასინჯოთ სასურველი ღვინო, შემდეგ კი ან ჭიქით შეიძინოთ, ან ბოთლით, ანაც ყუთით. ყუთით შეძენის შემთხვევაში ძალიან გაახარებთ მწარმოებელს, არაა გამორიცხული საჩუქარიც მიიღოთ.

 

  • ბაზრობაზე ჩამოისხმება სადღესასწაულო სახელობითი ღვინოები, კარდანახული რქაწითელი და კარდანახული საფერავი (Art Gvino). სპეციალური ეტიკეტით და შეფუთვით.

 

  • შესასვლელთან, მეორე სართულზე დიდი გასტრონომიულ–კულინარიული ამბავი გელოდებათ – მწვადი და თევზი მაყალზე (შავი ზღვის ბარაბული, კეფალი, გარბული, სარღანი), ქათმის მწვადი, ღომი, მწნილი, კიტრი–პამიდორი და სეზონური მწვანილეული, ქვევრის ლუდი, ჩურჩხელა, და ა.შ.

 

  • ყველის დიდი (20–ზე მეტი დასახელების) არჩევანი ექნება Cheese Corner–ს, რომელიც ყველის ასორტის შემოგთავაზებენ.

 

  • ბაზრობაზე სამნაირი გლინტვეინი იქნება, სამი ერთმანეთისგან სრულიად განსხვავებული „ქაფქაფა ღვინო“.

 

  • საახალწლო განწყობის შესაქმნელად რამდენიმე კომპანია ცქრიალა ღვინით იქნება წარმოდგენილი, როგორც ტრადიციული ბოთლური მეთოდით დამზადებული, ასევე რეზერვუალური წესით დაყენებული ცქრიალა ღვინოებით.

 

  • რა თქმაუნდა, გვექნება ჩურჩხელების დიდი არჩევანი.

 

  • აქვე იქნება ხელნაკეთი ნამუშევრების გამოფენა-გაყიდვაც (არტმანი, ფოტია, ლორინა არტ, IrenDesign, ნინო მისრიაშვილი, ხის აქსესუარები, Woodson Georgia).

 

  • ღვინის საახალწლო ფესტივალზე გელით მეგობრებთან და ოჯახთან ერთად. ასევე გელით მარტოხელა ღვინის მოყვარულებსაც, დაგხვდებით ხელგაშლით.

 

  • ჭიქები შეგიძლიათ შეიძინოთ Tabla Nova–ს სტენდთან. ჩანთით და საფესტივალო წარწერებით ჭიქა ეღირება 10 ლარი. უჩანთოდ და საფესტივალო წარწერებით – 8 ლარი. უბრალოდ სადეგუსტაციო ჭიქა – 6 ლარი.

 

  • ამას გარდა შეგიძლიათ შინიდან წამოიღოთ სადეგუსტაციო ჭიქები. ვიცით, რომ უკვე ბევრს გაქვთ, მათ შორის ჩვენი ახალი ღვინის ფესტივალის 2010–2017 წლის ჭიქებიც.

 

  • დღესასწაულზე მუსიკალური გაფორმებაც გვექნება, თუმცა მსურველებს თავადაც შეგიძლიათ იმღეროთ.

 

  • გარეთ დაინთება სადღესასწაულო კოცონები, სადაც გათბებით და შემცივნულ ღვინოსაც გაათბობთ ხოლმე.

 

  • 23 დეკემბერს, 17:00–ზე გაიმართება ღვინის კლუბის საიტის, Vinoge.com-ის 10 წლის იუბილე.

 

© ღვინის კლუბი/vinoge.com

თქვენი კომენტარი

თქვენი ელ-ფოსტა არ გამოქვეყნდება
  • Web page addresses and e-mail addresses turn into links automatically.
  • No HTML tags allowed

More information about formatting options

საქართველოს ღვინის რუკა
თქვენ შეგიძლიათ დაეხმაროთ ჩვენს ბლოგს "PayPal"-ის საშუალებით.

ტოპ ხუთეული