Home
ქართული | English
დეკემბერი 2024
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
2526272829301
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
303112345

შეიძინეთ ჩვენი წიგნები ღვინის მაღაზიებში

მულტიმედია

კომენტარები

ახალი ამბები – გადაცემა "ღვინის გზამკვლევი" (23) 22.02.2013

<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<
 
სომხური ღვინის მწარმოებლთა გაერთიანება, ქართული ღვინის რუსეთის ბაზარზე დაბრუნებასთან დაკავშირებით უკმაყოფილებას გამოთქვამს. გაერთიანების პრეზიდენტის, ავაგ არუთინიანის თქმით, ქართული ღვინის ექსპორტი სომხურ ღვინოს რუსულ ბაზარზე, არასახარბიელო პირობებს შეუქმნის. მისივე თქმით, სომხურმა ღვინომ, გამოცხადებული აკრძალვების შემდეგ, რუსეთის ბაზარზე სწორედ ის ძვირადღირებული ნიშა დაიკავა, რომლითაც 2006 წლამდე ქართული ღვინო სარგებლობდა. საექსპორტო საფრთხის რეალური არსებობის არგუმენტად, მას ის ფაქტი მოჰყავს, რომლის მიხედვითაც, ღვინის სამშობლოს სტატუსის მოსაპოვებლად, საქართველომ ყველა ძალისხმევა გამოიყენა და მიზანს მაინც  მიაღწია. იგივე სცენარის განვითარებას ელიან სომეხი მეღვინეები რუსულ ბაზარზე ქართული ღვინის დაბრუნების შემთხვევაშიც.
ავაგ არუთინიანმა რუსეთის ბაზარზე ამჟამად არსებული მდგომარეობაც შეაფასა და აღნიშნა, რომ 2006 წლის შემდეგ. ამ ბაზარზე განხორციელებული ცვლილებების შედეგად, ხელსაყრელი ნიშის დაკავება ქართულ ღვინოსაც გაუჭირდება. სომხური ღვინის მწარმოებელთა გაერთიანების პრეზიდენტის თქმით, მომდევნო 5 წელიწადში, ღვინის ქართველი მწარმოებლები, რუსულ ბაზარს ღვინის იმ რაოდენობითაც ვერ მოამარაგებენ, რა რაოდენობის ღვინოც მათ 2006 წლამდე გაჰქონდათ ამ ბაზარზე.
 
<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<
 
რუსი ინსპექტორები საქართველოში 25 თებერვალს ჩამოვლენ. ამის შესახებ რუსული საინფორმაციო სააგენტო ინტერფაქსი იუწყება. გენადი ონიშჩენკოს განცხადებით, ექსპერტების სამი ჯგუფი, პირველად იმ 44 ქართულ კომპანიას შეამოწმებს, რომლებმაც როსპოტრებნადზორის მიერ მითითებული დოკუმენტაცია მათ სრული სახით გაუგზავნეს. სანიტარულ შემოწმებას 40-მდე ღვინის კომპანია გაივლის. რადიო კომერსანტის ინფორმაციით კი, „როსპოტრებნადზორის“ წარმომადგენლები პირველ რიგში იმ კომპანიებს შეამოწმებენ, რომლებიც საერთაშორისო ინვესტიციების საკოორდინაციო ცენტრთან თანამშრომლობენ. მათ შორის არიან - ბადაგონი და ასკანელი ძმები. ამის შესახებ გადაწყვეტილება თავად ცენტრის წარმომადგენლებმა რამდენიმე დღის წინ რუსეთში გამართულ შეხვედრაზე მიიღეს.
კითხვაზე, გეგმავს თუ არა რუსეთის მთავარი სანიტარი საქართველოში ინსპექტირების მეორე ეტაპის განხორცილებას, ონიშჩენკომ უპასუხა, რომ ამ ეტაპს ქართული ღვინის კომპანიები აუცილებლად გაივლიან. ინსპექტირების პირველი ეტაპის დასრულება კი პირველ მარტს იგეგმება.
 
<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<
 
“ღვინის ტურიზმის საერთაშორისო კონფერენციაში” მონაწილეობას საქართველოც მიიღებს. ღონისძიება 15 და 16 მარტს, ხორვატიის დედაქალაქში - ზაგრებში გაიმართება, რომელსაც საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრი და ტურიზმის ეროვნული დეპარტამენტის წარმომადგენლებიც დაესწრებიან. ზაგრების კონფერენციაზე საქართველოს ღვინის კომპანია “ხოხბის ცრემლების” მფლობელი ჯონ ვურდემანი წარადგენს, რომელიც კონფერენციაზე მოწვეულ სტუმრებს საქართველოში ღვინის ტურიზმის ყველა ძირითად თემას გააცნობს.
გავრცელებული ინფორმაციით, კონფერენციის ფარგლებში ქართული ღვინის დეგუსტაციაც გაიმართება. კონკრეტულად ეს ღონისძიება 16 მარტს არის დაგეგმილი. ქართული ღვინის კომპანიებიდან, დეგუსტაციაში მონაწილეობას მიიღებენ – კონდოლის 2009 წელს ჩამოსხმული რქაწითელი, კახური წესით ქვევრში დაყენებული ქისი და შატო მუხრანის მიერ 2007 წელს ჩამოსხმული საფერავი.
აღსანიშნავია, რომ ზაგრების კოფერენციის სპონოსრებს შორის - ღვინის ეროვნული სააგენტო და ტურიზმის ეროვნული დეპარტამენტიც არიან. კონფერენციის ოფიციალურ ვებ-გვერდზე აღნიშნულია, რომ ღვინის ტურიზმის საერთაშორისო კონფერენციის ფარგელებში გამართული სხვადსხვა ტიპის ღონისძიებები, ღვინის ტურიზმით დაკავებულ ადამიანებს ხელსაყრელ პირობებს უქმნის იმისათვის, რომ მიიღონ ახალი გამოცდილება, სასარგებლო ინფორმაცია და საჭირო კონტაქტები. 
 
<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<
 
სწორედ ღვინის ტურიზმის ხელშეწყობას უკავშირდება საქართველოს გიდების ასოციაციის სამომავლო პროექტი, რომელიც საქართველოში მომუშავე გიდებს ვაზისა და ღვინის ტურიზმის სფეროში გადაამზადებს. ამის შესახებ, გუშინ, გიდის საერთაშორისო დღის აღსანიშნავად, საქართველოს ეროვნულ მუზეუმში გამართულ ღონისძიებაზე გახდა ცნობილი. პროექტის დეტალებზე რადიო “ცხელ შოკოლადთან” საქართველოს გიდების ასოციაციის პრეზიდენტი ქეთევან მელაძე საუბრობს:
“პროექტი ძალიან საინტერესოა. გადამზადების პროცესი კახეთიდან დაიწყება და საქართველოს სხვა რეგიონებსაც მოიცავს. Eეს გულისხმობს ღვინის გიდის სპეციალურ კურსებს, რომლის დროსაც ჩვენს ასოციაციაში გაერთიანებული გიდები გადამზადდებიან. ამის შემდეგ, მათი წინამძღოლობით ჩატარებული ღვინის ტურის ფარგლებში, ტურის მონაწილეები ღვინის ქარხნებს, მარნებსა და ვენახებს ეწვევიან. გიდების გადამზადებას მარტიდან დავიწყებთ.”
 
<<<<<<<<<<<<<<<<<<<<
 
როგორ უნდა აღვწეროთ ღვინო – ამ კითხვაზე ზუსტი პასუხი, ჩვენგან მეტად მნიშვნელოვანი ინფორმაციის ფლობას მოითხოვს, რომლის შესახებაც სამშაბათს, ღვინის კლუბში მალხაზმა ისაუბრა. 19 თებერვალს ღვინის კლუბში შეკრებილებმა ყველა იმ ტერმინის განმარტება მოისმინეს, რომელიც ღვინის პირველი შეფასებით იწყება და მისი დაგემოვნებით სრულდება. ლექციას მეც ვესწრებოდი და ამიტომ უფრო დეტალურ ინფორმაციას ჩემს სიუჟეტში შემოგთავაზებთ:
 
<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<
 
რუს იმპორტიორებთან კავშირის დამყარებაში ქართველი მეღვინეებს კიდევ ერთი არასამთავრობო უწყება დაეხმარება. ახალი ორგანიზაციის სახელწოდება ასეთია: „ქართული ღვინის ექსპორტიორთა ასოციაცია“, რომელშიც 10-მდე ქართული ღვინის კომპანია გაერთიანდა. მათ შორის არიან - „საქართველო“, „ღვინო ნონეშვილი“, „ჩელთი“, „ქიმერიონი“ და ა.შ. აღნიშნული ასოციაციაცია, საქართველო-რუსეთის ეკონომიკური თანამშრომლობის ცენტრის ინიციატივით ჩამოყალიბდა. ცენტრი ოფიციალურად წარმოადგენს „როსპოტრებნადზორთან“ არსებული საკონსულტაციო საბჭოს წევრ ორგანიზაციას, რომელიც ორი ქვეყნის ეკონომიკურ სუბიექტებს შორის თანამშრომლობის გაღრმავებას ხელს უწყობს. ასოციაცია ინფორმაციის გაცვლას, საერთო გადაწყვეტილების მიღევამდე მსჯელობის საშუალებას და ერთობლივი ნაბიჯების გადადგმას ისახავს მიზნად. საქართველო-რუსეთის ეკონომოკიური თანამშრომლობის ცენტრი კი ქართველ ექსპორტიორებს ყველა იმ საჭირო ინფორმაციით და კონტაქტებით უზრუნველყოფს, რომელიც რუსეთის ბაზარზე არსებულ მდგომარეობას, დისტრიბუტორების შერჩევას და სხვა მნიშვნელოვანი საკითხებს ეხება. ასოციაციის მნიშვნელობის შესახებ ეკონომიკური თანამშრომლობის ცენტრის ხელმძღვანელმა გიორგი სეთურიძემ,  18 თებერვალს, სასტუმრო „თბილისი მერიოტში“ გამართულ პრეს-კონფერენციაზე ისაუბრა:
„ყველა დაინტერესებულ მოთამაშეს დავეხმარებით იმისათვის, რომ მან მოძებნოს უმოკლესი გზა ყოველგვარი ზედმეტი რგოლების გარეშე და წარმატებით განახორციელოს ექსპორტი რაც შეიძლება ნაკლები რისკებით რუსეთის ბაზარზე“.
ასოციაციაში გაწევრიანება, ღვინის კომპანიების გარდა ( თუმცა ჯერ არც მათი რაოდენობაა შესვსებული) ყველა იმ კომპანიას შეუძლია, რომელიც საკუთარ პროდუქციას საქართველოს საზღვრებს გარეთ ჰყიდის.
 
<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<
 
„ბორდოს შატოს მესაკუთრეთა უმეტესობამ არ იცის, როგორ გაყიდოს ღვინო“ - ეს განცხადება ბორდოს ერთ-ერთმა მსხვილმა მწარმოებელმა ფილიპ მაგრემ (Magrez), ბრიტანულ გამოცემასთან  “დეკანტერთან“ საუბარში გააკეთა. მისი თქმით, საკუთრების განსხვავებული სისტემა, ბორდოს გაყიდვებს პრობლემებს უქმნის. სისტემის მიხედვით, შატოს მფლობელი ბორდოს რამდენიმე წვრილი მწარმოებლისგან ყიდულობს და ღვინოს საბოლოო სახით საკუთარი ბრენდის სახელით ყიდის. სწორედ ასეთ სისტემა აქვს საკუთარ შატოში ფილიპ მაგრეცსაც, რომელიც ბორდოს გაყიდვებთან დაკავშირებულ პრობლემებს, საოჯახო ბიზენსში არსებულ ურთიერთდაპირისპირებებსაც უკავშირებს.
„რაც უფრო ნაკლები წარმომადგენელი გყავს ერთი და იმავე ოჯახიდან შენს კომპანიაში, ეს მით უფრო უკეთესია კომპანიის შეუფერხებელი მუშაობისთვის“ - ამბობს მაგრეცი და ოჯახური ბიზნესის მართვის საკუთარი მაგალითი მოყავს, რომლის მიხედვითაც ბორდოს მწარმოებელ - „მაგრეების ჯგუფს“ ის თავის დასთან და 77 წლის მამასთან ერთად უძღვება: „მამაჩემს ღვინის წარმოების 40 წლიანი გამოცდილება აქვს, ამიტომ კომპანიის მართვის წესებს ხშირად მე და ჩემს დას სწორედ მამა გვკარნახობს. ხანდახან ვერ ვთანხმდებით, მაგრამ საბოლოოდ მაინც ვერთიანდებით, იმიტომ რომ ჩვენ პირველ რიგში მომხმარებელზე ვზრუნავთ“  - ამბობს ბორდოს მსხვილი მწარმოებელი, რომელიც საკუთარ პროდუქციას, საფრანგეთის გარდა, ინგლისისა და იტალიის ბაზრებზეც ყიდის.
 
<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<
 
ფრანგმა მკვლევარებმა, ფრანგულ ღვინოში პესტიციდები აღმოაჩინეს. მათ დაახლოებით 300-მდე ფრანგული ღვინო შეამოწმეს, რის შემდეგაც ღვინის შეწამვლის დროს გამოყენებული ნივთიერება შერჩეული ღვინოების 90%-ში გამოვლინდა.  ხაზი უნდა გაესვას იმას, რომ ექსელის ლაბორატორიამ კვლევა ისეთ ცნობილ ფრანგულ ღვინის ჯიშებზე ჩაატარა, როგორიცაა -   ბორდოს, ასევე რონისა და აკვიტანიის ( Aquitanie) რეგიონის ღვინოები, რომლებშიც 50 - მდე სხვადსხვა მომწამვლელი მოლეკულა აღმოჩნდა. კვლევის ხელმძღვანელის პასკალ შატონეს თქმით, ყველაზე სამწუახარო ის არის, რომ ეს მოლეკულები რეაქციაში შედიან და მათი ერთობლივი მოქმედება ორმაგად უფრო საზიანოა, ვიდრე თითოეული მათგანის არსებობა ღვინოში.
2008 წელს, საფრანგეთის სოფლის მეურნეობის ეროვნული გეგმის თანახმად, ღვინის წარმოებისას პესტიციდების გამოყენება 50%-მდე უნდა შემცირებულიყო, თუმცა 2012 წელს ეს მაჩვენებელი პირიქით, დაახლოებით 3% - ით გაიზარდა. ამას ისიც ემატება, რომ თუკი არსებობს ევროკავშირის მიერ ყურძენში დაშვებული პესტიციდების რაოდენობა, მსგავსი რეგულაციები ღვინოსთან დაკავშირებით ჯერ შემუშავებულიც არ არის.
მკლევარების თქმით, მომწამვლელი ნივთიერებით ყველაზე მეტად სასოფლო სამეურნეო დარგში დასაქმებული ადამიანები ზარალდებიან და უფრო ნაკლებად მომხმარებლები. 2012 წლის მაისში, საფრანგეთის მთავრობამ ოფიციალურად აღიარა კავშირი, რომელიც პესტიციდებსა და პარკინსონის გამომწვევ მიზეზებს შორის არსებობს. 
 
<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<
 
გადაცემის დასასრულს სასარგებლო ინფორმაციას გაგიზიარებთ. 28 თებერვალს, ღვინის ბარი „აზარფეშაში“ ( ალბათ გახსოვთ, რამდენიმე კვირის უკან იქ გამართული აზარტული დეგუსტაციის შესახებაც ვისაუბრეთ) „ქართული ღვინის და ყველის ქორწილი“ გაიმართება. დეგუსტაციის მონაწილეები ყველა ტიპის ქართულ ღვინოს და ქართულ ყველს დააგემოვნებენ. უფრო დეტალურად გეტყვით, რომ საშუალება გექნებათ გემო გაუსინჯოთ თეთრ მშრალ, ქვევრის კახურ, მშრალ, ვარდისფერ, წითელ, ნახევრადტკბილ, ტკბილ და შემაგრებულ ღვინოებს. მრავალფეროვანი ასორტიმენტი იქნება წარმოდგენილი ყველის სექციაშიც, რომელიც იმერულ, მეგრულ, რაჭულ, ცხვრის, გუდის, თხის და საქართველოში წარმოებული ყველის ყველა სახეობას მოიცავს.
შეგახსენებთ, რომ დეგუსტაცია 7 საათზე დაიწყება, ღვინის ბარი, ინგოროყვას ორ ნომერში მდებარეობს. ღონისძიებაში მონაწილეობა ფასიანია და ის 30 ლარით განისაზღვრება.  ბილეთების დასაჯავშნად მოინახულეთ ჩვენი გადაცემის გვერდი ფეისბუქზე, სადაც დეტალური ინფორმაციაა იმის შესახებ, თუ როგორ და სად უნდა შეიძინოთ ბილეთები.
 
<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<
 
დღეს, პარასკევს, 22 თებერვალს, გამოვიდა ღვინის კლუბის გაზეთ ,,მარანის" მორიგი ნომერი, რომელშიც შეგიძლიათ გაეცნოთ შემდეგ მასალას: ალეკო ცქიტიშვილის წერილს ქარხნული წარმოების ჭაჭასა და მის პერსპექტივაზე; ლევან სეფისკვერაძის სტატიას კრახუნას ჯიშის ვაზზე და ღვინოზე; ნანა კობაიძის წერილს Master of Wines ტიტულის მნიშვნელობისა და მის მფლობელთა შესახებ; რუსუდან სავანელის მიმოხილვას იტალიური სამზარეულოს სიამაყეზე - ,,პასტა თუ მაკარონი". ბოლო, მერვე გვერდზე, ტრადიციულად, უგემრიელეს რეცეპტებს გთავაზობთ. იკითხეთ ,,მარანი" ყოველკვირეულ დაიჯესტ WEEKEND-თან ერთად. 
 
© რადიო "ცხელი შოკოლადი"

თქვენი კომენტარი

თქვენი ელ-ფოსტა არ გამოქვეყნდება
  • Web page addresses and e-mail addresses turn into links automatically.
  • No HTML tags allowed

More information about formatting options

საქართველოს ღვინის რუკა
თქვენ შეგიძლიათ დაეხმაროთ ჩვენს ბლოგს "PayPal"-ის საშუალებით.

ტოპ ხუთეული