ლევან სეფისკვერაძე
საქართველოს ეთნოგრაფიულ მუზეუმში 12 მაისს დაგეგმილი ახალი ღვინის ფესტივალისათვის, ღვინის კლუბში უკვე დასრულდა საფესტივალოდ ოჯახურ მარნებში დაყენებული ღვინოების შერჩევა. ახალი ღვინის ფესტივალი წელს უკვე მესამედ გაიმართება და ფესტივალის მიმართ გლეხებისა და ღვინის კომპანიების დაინტერესება წლიდან-წლამდე იზრდება.
კახეთი კვლავ ფავორიტია!
ღვინის კლუბში ოჯახურმა მარნის მფლობელებმა უკვე მიიტანეს რამდენიმე ათეული ღვინის ნიმუში, რომლებიც ფესტივალზე მხოლოდ წინასწარი შერჩევა-დეგუსტაციის შემდეგ უნდა მოხვდეს. 25 აპრილს, თბილისში, ინგოროყვა 2-ში ქუჩაზე მდებარე რესტორან “ლურჯ სუფრაში” გამართულ ღვინის კლუბის შიდა დეგუსტაციის პირველ ეტაპზე 31 ღვინის ნიმუში გაისინჯა. სასიხარულოა, რომ წელს, წინა ფესტივალებთან შედარებით, გაიზარდა როგორც ფესტივალში მონაწილეობის მსურველთა რაოდენობა, ასევე მეღვინეთა გეოგრაფიაც. შარშანდელი ახალი ღვინის ფესტივალისგან განსხვავებით, წლევანდელ ღვინის ფესტივალზე უფრო ფართოდ იქნება წარმოდგენილი იმერული, გურული და ქართლის ღვინოები. ასევე წელს პირველად, ფესტივალში მონაწილეობას მეგრული ღვინოც მიიღებს (სალხინოს მონასტრის ოჯალეში), ხოლო რაც შეეხება ქართული მეღვინეობის მთავარ რეგიონს – კახეთს, როგორც გასულ წლებში, წლევანდელ ახალი ღვინის ფესტივალზეც, ყველაზე მეტი ღვინო სწორედ კახეთიდან იქნება წარმოდგენილი.
ღვინის კლუბის მიერ გამართულ შერჩევა-დეგუსტაციას ღვინის სპეციალისტები და მოყვარულებიც ესწრებოდნენ, ღვინოების შერჩევა ხდებოდა საერთო შეთანხმების საფუძველზე და თუკი რომელიმე კონკრეტული ნიმუშის გარშემო აზრთა სხვადასხვაობა იქმნებოდა, ყველაფერი ხმის მიცემის წესით წყდებოდა.
დაწუნებული ღვინოების ძირითადი პრობლემა უყურადრებობა გახლდათ. იყო დაავადებული და დაძმარებული ნიმუშებიც, რომელთა ფესტივალზე წარმოდგენა უბრალოდ დაუშვებელი იყო. ასევე გაისინჯა ღვინოები, რომლებიც არც გემოთი გამოირჩეოდნენ და არც კონკრეტულ ჯიშს შეესაბამებოდნენ. იყო რამდენიმე შემთხვევა, როცა საფერავის, შავკაპიტოს და ოცხანური საფერეს ნაცვლად, სადეგუსტაციოდ წარმოდგენილ ბოთლებში, ჰიბრიდული ჯიშის ყურძნისაგან დაწურული ღვინოები ესხა.
კამათი დეგუსტაციაზე
ირაკლი ჩოლობარგია, ღვინის სააგენტოს უფროსის მოადგილე: ”მივესალმები ღვინის კლუბის ასეთ კარგ წამოწყებას და თქვენი ფესტივალის ერთ-ერთი გულშემატკივარი ვარ. რაც შეეხება დღეს გასინჯულ ოჯახურ ღვინოებს, პრობლემები მართლაც არსებობს, თუმცა ყველაფერი გამოსწორებადია. მით უმეტეს, რომ თვითონ ხალხი არის ძალიან მონდომებული და მოწადინებული. მე ჩემი მხრიდან, რაც შემეძლება ყველანაირად დავუდგები მხარში ღვინის კლუბსაც და გლეხებსაც, რადგან თითქმის ყველა დიდი და ცნობილი ღვინო, თავის დროზე სწორედ ოჯახურ პირობებში შეიქმნა”.
დეგუსტაციის დროს, რამდენიმე ნიმუშის გასინჯვის შემდეგ, ცხარე კამათი და დისკუსიაც წარმოიშვა. ღვინის კლუბში გაწევრიანებული ადამიანები უპირველად თანხმდებიან იმაზე, რომ ქართული ღვინის ხარისხი აუცილებლად წინ უნდა წავიდეს. თუმცა, მთელ რიგ საკითხებში, ღვინის კლუბის წევრები სხვადასხვა პოზიციაზე დგანან. მაგალითად, დიდი კამათი მოჰყვა ღვინის რამდენიმე ნიმუშის ახალი ღვინის ფესტივალზე დაშვება-არდაშვების საკითხს. ამ ნიმუშებს ხარისხობრივი პრობლემები ჰქონდათ, თუმცა, ჭაშნაგირთა ერთი ნაწილი ფიქრობდა, რომ რაკი ღვინოები ოჯახური იყო, მათ მიმართ ზედმეტი სიმკაცრე არ იქნებოდა მართებული. საბოლოო ჯამში კი, როგორც უკვე ვთქვით, ყველაფერი კენჭისყრით და უმრავლესობის აზრით გადაწყდა.
შერჩევა-დეგუსტაციის ერთ-ერთი მონაწილის, მეღვინე კახა ჭოტიაშვილის აზრით, შესარჩევად წარმოდგენილი ღვინოები, მთლიანობაში ნამდვილად არ იყო ისეთი ხარისხის, როგორიც სასურველია რომ ყოფილიყო. თუმცა, რამდენიმე ნიმუში (მაგალითად ჭიკაანური ქისი და ბუკისციხის ჩხავერი) იმდენად საინტერესო იყო, რომ მათი ბოთლში ჩამოსხმა და ღვინის ბაზარზე გატანაც თავისუფლად შეიძლებოდა. დეგუსტაციაზე ღვინის კლუბის წევრმა, მეღვინე სოლიკო ცაიშვილმა კი აღნიშნა, რომ აუცილებლად უნდა იქნას გათვალისწინებული ის მიკროზონები, სადაც წარმოდგენილი ღვინოები შეიქმნა. სოლიკო ცაიშვილის აზრით, შერჩევა-დეგუსტაციზე წარმოდგენილი რამდენიმე ღვინო, ყურძნის კონკრეტული ჯიშებისათვის არცთუ ხელსაყრელ ადგილებში მოწეული ყურძნისგან დამზადდა. ”როდესაც მიკროზონას მეტი არ შეუძლია, მაშინ ვერც მეღვინეს დავადანაშაულებთ, უფრო კარგი ღვინო რატომ არ დააყენეო” – ამბობს ბატონი სოლიკო.
მეღვინედ არ იბადებიან
მეღვინე კახა ბერიშვილი კი მიიჩნევს, რომ გასულ წლებთან შედარებით, ე.წ. გლეხური ღვინის საერთო ხარისხი უმჯობესდება და სულ მალე, ქართული ოჯახური ღვინოებიც მიუახლოვდებიან ზოგად სტანდარტებს.
კახა ბერიშვილი, მეღვინე: ”მეღვინეობა ყველამ რაღაც წერტილიდან დავიწყეთ და თავიდან ბევრი რამ არ ვიცოდით. არაერთი ცნობილი მეღვინე აღიარებს, რომ მათი დაყენებული პირველი ღვინოები მხოლოდ ექსპერიმენტების კუთხით იყო საინტერესო. მე მთლიანობაში დადებითად ვაფასებ დღევანდელ ღვინის დეგუსტაციას, რადგან რაც წლების წინ კახეთის სოფლებში დამილევია, იმ ღვინეობს ეს ნიმუშები ნამდვილად სჯობს. ვიცი, რომ ნებისმიერი მეღვინისათვის ძალიან გულსატკენია, როდესაც იგებს, რომ მის მიერ დაყენებული ღვინო ღვინის კლუბმა დაიწუნა, მაგრამ გვერწმუნეთ, ეს არც ჩვენი თვითმიზანია და არც გასახარელი რამაა.Mმჯერა, რომ ყველა ჩვენს მიერ დაწუნებული ღვინის ავტორი საკუთარ შეცდომებს გამოასწორებს და მომავალში უფრო კარგ ღვინოს წარმოადგენენ ფესტივალისათვის”.
მიუხედავად იმისა, რომ ახალი ღვინის ფესტივალი უკვე მესამედ იმართება და ღვინის კლუბის წევრებს, ფესტივალის ორგანიზების უკვე საკმაო გამოცდილება დაუგროვდათ, ბევრ რამეს ისინიც თანდათან სწავლობენ. ამიტომ, როგორც ღვინის კლუბის წევრი, ენოლოგი გიორგი სამანიშვილი ამბობს, სწავლა და პრობლემების ახლიდან დანახვა, ყველას ერთად გვჭირდება. სამანიშვილის აზრით, დაწუნებული ღვინის ავტორებს არ უნდა ეწყინოთ, თუ მათი ღვინო ფესტივალზე ვერ მოხვდება.
გიორგი სამანიშვილი, ღვინის ექსპერტი:”მინდა ჩემი დიდი პატივისცემა გამოვხატო ყველა იმ ადამიანის მიმართ, რომლებმაც ღვინის კლუბში საკუთარი ღვინო წარმოადგინეს და ახალი ღვინის ფესტივალში მონაწილეობის სურვილი გამოთქვეს. ესენი არიან ადამიანები, რომლებმაც იშრომეს, მოინდომეს, ხარჯი და ენერგია გასწიეს და ღვინო დააყენეს. ეს საქმე თუ არ გიყვარს, ამდენ წვალებას სხვა, უფრო მარტივ და უფრო შემოსავლიანი საქმის გაკეთებას ამჯობინებ. ამიტომ, მესმის, რომ მათ ასე ნაწვალები ღვინის დაწუნება შეიძლება ეწყინოთ, მაგრამ, ყველა უნდა ხვდებოდეს, რომ დაავადებულ და უბრალოდ ცუდ ღვინოებს, ფესტივალზე მოწვეულ სტუმრებს ვერ დავალევინებთ. ვეთანხმები ჩვენი კლუბის წევრებს, რომლებიც ოჯახური ღვინოების ხარისხის გაზრდაზე საუბრობენ. მე მჯერა, რომ შემდეგ წლებში ხარისხი კიდევ უფრო წინ წავა და შეფასებებშიც უფრო თამამები ვიქნებით”.
25 აპრილს, ღვინის კლუბელების მიერ გასინჯული ღვინის 31 ნიმუშიდან, თითქმის ნახევარს – 16 ნიმუშს, 12 მაისს, ახალი ღვინის ფესტივალზე თქვენც დაიგემოვნებთ. თუმცა, ეს მხოლოდ ერთი დეგუსტაციის შედეგებია. ღვინის კლუბში ყოველდღიურად არაერთი ღვინის ნიმუში შედის, რომლებიც პერიოდულად ისინჯება და ხარისხდება. გლეხებისა და ოჯახური მარნების მფლობელთა მხრიდან, ფესტივალით ასეთი დაინტერესება სასიხარულოა და ღვინის კლუბელებისათვის კიდევ ერთი დამატებითი სტიმულია. საბოლოო ჯამში, ღვინის კლუბის გადაწყვეტილებით, ახალი ღვინის ფესტივალზე 40-მდე ოჯახური ღვინო იქნება წარმოდგენილი და ეს სავარაუდოდ ის რაოდენობაა, რამაც ფესტივალზე მოსული სტუმრების ინტერესი ნამდვილად უნდა დააკმაყოფილოს. გარდა ამისა, ფესტივალზე, რასაკვირველია უხვად იქნება მსხვილი ქართული ღვინის კომპანიების მიერ წარმოდგენილი ღვინის ნიმუშებიც და ღვინოს მოყვარულები უკვე თავად გააკეთებენ არჩევანს.
© ღვინის კლუბი/Weekend
თქვენი კომენტარი