Home
ქართული | English
დეკემბერი 2024
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
2526272829301
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
303112345

შეიძინეთ ჩვენი წიგნები ღვინის მაღაზიებში

მულტიმედია

კომენტარები

ახალი ღვინის ფესტივალი 2017 - დღესასწაული და აღმოჩენები

თამთა ყველაიძე

ღვინის ეროვნული სააგენტო

ახალი ღვინის ფესტივალი, ეს არის ჩემთვის ახალი აღმოჩენების დღე.  პირველად ფესტივალზე ვიყავი 2012 წელს, ეთნოგრაფიულ მუზეუმში და დღემდე მახსოვს ის საოცარი შთაბეჭდილება, რაც დამეუფლა, როდესაც პირველად დავაგემოვნე ჯაყელის საფერავი და სოლიკო ცაიშვილის რქაწითელი.  ყველაზე საოცარი, რაც ამ ფესტივალს აქვს, არის ის, რომ ერთ ადგილას და ერთ დღეს შიგიძლია დააგემოვნო ყველა რეგიონის ღვინო და გრჩება შთაბეჭდილება, რომ თითოეულ მეღვინესთან სახლში მიდიხარ სტუმრად და ეცნობი თითოეული რეგიონის ხასიათს თავისი ჯიშური მრავალფეროვნებით: ქართლიდან, იაგოს ღვინის შემდეგ, შეგიძლია გვერდით კარავში გასინჯო  ბახიას საოცარი საფერავი, იქვე ხვდები დასავლეთის ღვინოებს - არჩილ გუნიავას კრახუნა, ამირან ვეფხვაძის ოცხანური საფერე, თოფურიძის საოცარი ვარდისფერი ჩხავერი და კიდევ ძალიან ბევრი განსაკუთრებული ღვინო აღმოსავლეთ თუ დასავლეთ საქართველოდან.  ერთ დღეში შეგიძლია იმოგზაურო კახეთიდან აჭარის მაღალმთიან რეგიონამდე. ეს ყველაფერი არ გავს ღვინის ბარში მშრალ დეგუსტაციას.  იმ ემოციას, რაც გეუფლება, როდესაც ღვინოს აგემოვნებ მეღვინესთან ერთად, რომლის ხასიათს ღვინოშიც გრძნობ და ჯიშების იმ აშკარა კონტრასტს,  რასაც ფესტივალზე ასე მძაფრად აღიქვავ, რა თქმა უნდა, ვერ შეედრება ვერც ერთი სტანდარტული, პროფესიონალური დეგუსტაცია. ფესტივალი რომ წარმატებულია, მეტყველებს ის ფაქტიც, რომ წლიდან წლამდე მონაწილე მარნების რაოდენობა იზრდება. იზრდება, როგორც ქართველი, ასევე უცხოელ ვიზიტორთა რაოდენობაც. წელსაც, ისევე როგორც წინა წლებში, მოუთმენლად ველი  ახალ აღმოჩენებს. მიხარია, რომ ამ ერთი დიდი ოჯახის კიდევ ბევრ, ახალ წევრს გავიცნობ.

მარიამ ბერძენიშვილი

ფილოლოგი

ეს არის დღესასწაული, რომელსაც გაზაფხულის მოსვლაზე მეტად ველოდები. ახალი ღვინის ფესტივალი საუცხოო გემოების, ადამიანებთან ცოცხალი ურთიერთობებისა და დიადი აღმოჩენების დღეა. ვფიქრობ, მთავარი შთაბეჭდილება მაინც ძველ მეგობრებთან დაუვიწყარი შეხვედრების აღნიშვნაა ახალი ღვინოების წრუპვითა და მათი გემოების შეყვარებით. ეს არის დღესასწაული, რომელიც აერთიანებს ყველა თაობის წარმომადგენელს. ამდენი ლაღი, თავისუფალი, ფერადი ახალგაზრდა არცერთ სხვა ღონისძიებაზე არ მინახავს. არც ამდენი შეყვარებული წყვილი ერთად. სულმოუთქმელად ველოდები ქისის, ჩხავერის დაგემოვნებას და რაღაც ისეთის აღმოჩენას, რაც სადღეგრძელოს იქვე და ხმამაღლა (იქნებ, ლექსად ან სიმღერადაც) მათქმევინებს. თან ვოცნებობ, ამჯერად მე აღმოვჩნდე ის ბედნიერი, რომელიც საუკეთესო საფერავით  სავსე კასრს ზურგზე მოიკიდებს და სახლში წაიღებს. მოკლედ, მე ველი სასწაულს.

ზურაბ ხვთისიაშვილი

ხვთისაანთ მარანი

2013 წლიდან მოყოლებული ახალი ღვინის ფესტივალი ჩემთვის მაისის განსაკუთრებული დღეა (კალენდარშიც კი უნდა შევიტანოთ ასე მგონია, მაისის მეორე შაბათი ). ამ დროიდან ყოველ წელს მიხარია ღვინის, პოზიტივის, ურთიერთობის, სიახლის ზეიმში მონაწილეობა. განსაკუთრებით კარგად მახსენდება ეთნოგრაფიულ მუზეუმში გამართული ფესტივალები, თუმცა 2016 წელს მთაწმინდის პარკში გამართულმა  ყოველგვარ მოლოდინს გადააჭარბა....  შესანიშნავი გარემო, სივრცე, სისუფთავე, სიმყუდროვე... ღვინის კლუბი ყოველ წელს უფრო  საინტერესოს ხდის ამ პროექტს და შესაბამისად ხალხის რაოდენობაც მატულობს. აქამდე სტუმრის სტატუსით ვესწრებოდი, წელს უკვე მონაწილე ვარ და მასპინძელი. მოლოდინმა გამიმართლა, ჩემმა ღვინომ შესარჩევი კონკურსი წარმატებით გაიარა და იმედი მაქვს, ფესტივალზე მოსულ სტუმრებს გულგრილს არ დატოვებს ბიოლოგიურად სუფთა, ქვევრში დაყენებული რქაწითელი. გელით 2017 წლის 13 მაისს მთაწმინდის პარკში  ახალი ღვინის ფესტივალზე!

ზურაბ თოფურიძე

ბუნებრივი ღვინის მწარმოებელი კომპანიის, იბერიელის დამფუძნებელი

ჩემთვის ახალი ღვინის ფესტივალი ნიშნავს დღესასწაულს, სიყვარულს, სიხარულს, მეგობრებთან ჩახუტებას, კარგ დროსტარებას; საქრთველოს შეგრძნებას, შესუნთქვას და გემოს გაგებას... თავიდან სკეპტიციზმი იყო, ვიფიქრე ლოთობის ცენტრი გახდებოდა; შემდეგ ვიგრძენი ამ დღის პოტენციალი, მადლი და მომავალი წარმატება;  რაღაც ასეთი, ენერგიის გამოთავისუფლება,  ჯინის ბოთლიდან გამოშვება თურმე გვჭირდებოდა.  უზარმაზარი, არნახული და უძველესი კულტურის ნელ-ნელა ამოსვლა და განახლება დაიწყო ამ ფესტივალებით! ზუსტად ისე, აკა მორჩილაძე რომ ამბობს: ქვევრი მოხადა და იქიდან საქართველო ამოვარდაო... წელს დიდი მოლოდინი მაქვს. ზემოთჩამოთვლილის გარდა , მგონია, რომ წლევანდელი ფესტივალიდან დაიწყება ქართული ბუნებრივი ღვინის რეალური რენესანსი, დარწმუნებული ვარ ამაში, და სწორედ აქ ყველანი ერთად უნდა დავდგეთ!

© საქართველოს ღვინის კლუბი, ღვინის ეროვნული სააგენტო, ღვინის საინფორმაციო ცენტრი

თქვენი კომენტარი

თქვენი ელ-ფოსტა არ გამოქვეყნდება
  • Web page addresses and e-mail addresses turn into links automatically.
  • No HTML tags allowed

More information about formatting options

საქართველოს ღვინის რუკა
თქვენ შეგიძლიათ დაეხმაროთ ჩვენს ბლოგს "PayPal"-ის საშუალებით.