Home
ქართული | English
დეკემბერი 2024
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
2526272829301
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
303112345

შეიძინეთ ჩვენი წიგნები ღვინის მაღაზიებში

მულტიმედია

კომენტარები

აქტიური 2013 წელი ღვინის კლუბში

ლევან სეფისკვერაძე

ლექციები და დეგუსტაციები

2013 წელს ღვინის კლუბი ტრადიცულად აქტიური იყო ლექცია–სემინარების თვალსაზრისით. მთელი წლის მანძილზე თბილისში გუდიაშვილის ქუჩაზე მდებარე საჯარო ბიბლიოთეკის მესამე კორპუსის დარბაზში ღვინის კლუბის ორგანიზებით, სხვადასხვა სახის ლექცია–სემინარები იმართებოდა და რაც მთავარია, ამ ღონისძოებებზე დასწრება ღვინის კლუბის წევრთა გარდა, სხვა ნებისმიერ მსურველსაც შეეძლო. 2013 წლის ლექციების სეზონი იანვრის თვეში ენოლოგმა მიშა მესხმა გახსნა, რომელიც ღვინით დაინტერესებულ საზოგადოებას ღვინის დაწმენდა, დამუშავება და სტაბილიზაციაზე ესაუბრა.

მნიშვნელოვანი და აქტუალური იყო პროფესორ ლევან უჯმაჯურიძის  მოხსნება თემაზე: “ვაზის ჯანსაღი სარგავი მასალის წარმოების ტექნოლოგიები“, სადაც მეცნიერმა საინტერესოდ ისაუბრა საქართველოში არსებულ ვაზის ჯიშებზე და ვაზის ნერგების ხარისხიანად გამოყვანის ხერხებზე.

მთელი წლის მანძილზე ღვინის კლუბის ეგიდით ლექცია–სემინარებს საქართველოში ცნობილი მეღვინეები და ღვინის სპეციალისტები ატარებდნენ. აქტიური იყო ე.წ. ნატურალისტების ფლანგი. კლუბის წევრმა ნატურალური ღვინის მწარმოებლებმა წელსაც მსოფლიოს არაერთი ქვეყანა მოიარეს და მათი ღვინის წარმატებების შესახებ კლუბის წევრებისა და გაზეთ “მარნის“ მკითხველისთვისაც არაერთხელ გახდა ცნობილი. ლონდონის, რომის, გენუის, პარიზის და ევროპის სხვა ქალაქების ღვინის გამოფენებსა და ფესტივალებში ქართული ნატურალური ღვინის ნიმუშებმა დიდი ინტერესი გამოიწვია და ამ საკითხებზე კლუბის ლექციების დროსაც ხშირად იყო საუბარი.

2013 წლის მანძილზე ღვინის კლუბის მიერ ღვინის არაერთი დეგუსტაცია გაიმართა, სადაც მონაწილეობის მიღება ნებისმიერ მსურველს შეეძლო. რესტორან “აზარფეშაში“ რამდენჯერმე მეტად საინტერესო ღვინის დეგუსტაცია და მეგობრული ვახშამი გაიმართა, სადაც ქართული და უცხოური არაერთი ღვინის ნიმუში გაისინჯა. განსაკუთრებული და გამორჩეული იყო ქართული და ფრანგული ღვინოების შედარებითი დეგუსტაცია. დეგუსტაცია ფარული გახლდათ და დასასრულს სახალისო გათამაშებაც გაიმართეა. იმ მონაწილეს, რომელმაც ყველაზე ზუსტად გამოიცნო და გამოარჩია ქართული ღვინო ფრანგული ღვინისგან, ღვინის კლუბისგან გადაეცა სასაჩუქრე კომპლექტები.

ფესტივალები – ღვინის კლუბის სახე

ალბათ ცალკე უნდა ვისაუბროთ “ქართული ღვინის გზამკვლევზე“ – წიგნზე, რომელიც ღვინის კლუბის ინიციატივით და მალხაზ ხარბედიას ავტორობით მესამე წელია გამოიცემა. ღვინის გზამკვლევის 2013 წლის გამოშვებაში პრაქტიკულად ამომწურავად იყო ასახული ქართულ ღვინის ბაზარზე არსებული ვითარება, ღვინის კომპანიები, ჯიშური მრავალფეროვნება, რეგიონები, მიკროზონები და სხვა... 2013 წელს ეს წიგნი ჩინურადაც კი ითარგმნა, გარდა ამისა წიგნს დადებითი გამოხმაურებები ჰქონდა ევროპაში, ბრიტანეთსა და თუ აშშ-ში. გზამკვლევის მორიგი გამოშვება 2014 წლის იანვარში გამოვა.

მომავალ წელს ღვინის კლუბი დაიწყებს გამოცემათა სერიას, “საქართველოს მევენახეობა-მეღვინეობის წყაროები”, რომელშიც თავს მოიყრის სხვადასხვა დროს, ქართულ და უცხოურ ენებზე გამოცემულ და ასევე საარქივო, დღემდე უცნობ, გამოუქვეყნებელ მასალებს, რომელიც საქართველოს მევენახეობა-მეღვინეობის ისტორიის საკითხებს ეძღვნება. თავდაპირველად XIX საუკუნის ბოლოს ჩამოყალიბებული “კავკასიის ფილოქსერის კომიტეტის” მიერ გაწეული მრავალწლიანი კვლევის შედეგები ითარგმნა ქართულ ენაზე, რომელიც 1890-იან წლებში რუსულ ენაზე გამოიცა ტფილისში. წიგნების ნაწილი უკვე ითარგმნა ქართულ ენაზე და გურია-სამეგრელოს, ასევე რაჭა-ლეჩხუმის ტომები უკვე იანვარ-თებერვალში გამოვა.

ღვინის კლუბის მიერ გამართულ ღონისძიებათა შორის რასაკვირველია გამორჩეული და უმთავრესი იყო “ახალი ღვინის ფესტივალი“, რომელიც წელს უკვე მეოთხედ გაიმართა. 11 მაისს თბილისის ეთნოგრაფიულ მუზეუმში ახალი ღვინის ფესტივალმა თავი ოცდაათამდე კომპანიას და ორმოცამდე ოჯახურ მარანს მოუყარა. საქართველოს მევენახეობა-მეღვინეობის თითქმის ყველა ტრადიციული რეგიონიდან წარმოდგენილმა ღვინოებმა კიდევ ერთხელ გვიჩვენა, რომ ბოლო წლებში საქართველოში მეღვინეობა სწრაფად ვითარდება. ამავე დროს, ფესტივალის სტუმრების მაგალითზე, თვალშისაცემია საზოგადოებაში ღვინის მოხმარების კულტურის ზრდა.

მსხვილი კომპანიების მეღვინეები კვლავ აგრძელებენ ექსპერიმენტებს და დასავლეთის ბაზრებისთვის განკუთვნილ პროდუქტებს კიდევ უფრო აუმჯობესებენ. “ახალი ღვინის ფესტივალზე“ გამოტანილმა ბოლო მოსავლის ღვინოებმა გვიჩვენა, რომ კომპანიების მეღვინეები ბოლო პერიოდში ცდილობენ საშუალო და მაღალი საფასო სეგმენტის ღვინოები ჩამოასხან და საერთაშორისო არენაზე ამ გზით გაუწიონ კონკურენცია როგორც ტრადიციული მეღვინეობის ქვეყნების, ისე ე.წ. ახალი სამყაროს ღვინოებს. ეს ტენდენცია, ფაქტობრივად, საქართველოს მევენახეობა-მეღვინეობის განვითარების ახალ ეტაპზე მიგვითითებს.

წელს შემოდგომაზე ასევე გაგრძელდა ღვინის კლუბის მიერ შექმნილი საინტერესო ტრადიცია, სახელწოდებით: “თბილისობა ღვინის კლუბთან ერთად“.ფესტივალზე დასწრება და ღვინის სასურველი ნიმუშების დაგემოვნება ტრადიციულად უფასო იყო და ღონისძიებაში მონაწილეობის მიღება, ისევე როგორც ღვინის კლუბის მიერ გამართულ სხვა ამგვარ ღონისძიებებში, ამჯერადაც ყოველგვარი საშვებისა და ბილეთების გარეშე ხდებოდა.

წლის გამორჩეულები

2013 წელსაც ღვინის კლუბმა და აშშ საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) პროექტმა EPI-მ (ეკონომიკური აღმავლობის ინიციატივა) სასტუმროებს, რესტორნებს, კაფეებს, ღვინის მაღაზიებს, ღვინის მწარმოებლებსა და ტურისტულ კომპანიებს შესთავაზა ერთდღიანი უფასო ტრენინგები თემაზე “როგორ გავაცნოთ ქართული ღვინო სტუმარს“. 2012 წელს დაწყებული ეს პროექტი გათვლილი იყო როგორც ზემოთჩამოთვლილი სფეროების მომსახურე პერსონალზე, ასევე ზედა რგოლის მენეჯერებზეც. პროგრამა შემუშავდა ამერიკელი ღვინის ექსპერტის, My Wine School-ის დამაარსებლის, ჯესიკა ბელის მიერ სპეციალურად საქართველოსთვის EPI-ს დაკვეთით. კურსის შედგენასა და სახელმძღვანელოს მომზადებაში მონაწილეობას იღებდა 20–დე ქართველი ღვინის ექსპერტი და ორგანიზაცია. პროგრამა საბოლოოდ გადამუშავდა “ღვინის კლუბის“ მიერ.

დეკემბრის დასაწყისში ღვინის კლუბში, ტრადიციად ქცეული ლექციის ნაცვლად, უფრო მასშტაბური ღონისძიება – WSET-ის სერთიფიცირებული ექსპერტებისათვის სათანადო სერთიფიკატების გადაცემის საზეიმო ცერემონიალი გაიმართა. სპეციალური სერთიფიკატები სამ ადამიანს: მალხაზ ხარბედიას, გიორგი დარციმელიას და გიორგი სამანიშვილს გადაეცათ. ღვინის სფეროში მოღვაწეთათვის კარგად ნაცნობმა ამ სამმა ადამიანმა წარმარტებით ჩააბარა 3–ე დონის გამოცდები და სულ მალე მათ უფლება ექნებათ თავის მხრივ პირველი და მეორე დონის კურსი წაიკითხონ ქართველი და უცხოელი მსმენელებისთვის.

ცოტა ხნის წინ, ღვინის კლუბის შვედმა მეგობრებმა, ქართულ ღვინის კლუბთან თანამშრომლობით, სკანდინავიის ქვეყნებში ქართული ღვინის პოპულარიზაციის მიზნით, ქართული ღვინის კლუბი “მარანი“ ჩამოაყალიბეს. ინიციატორები არიან გიორგი სხირტლაძე და შვედი ბიზნესმენების ჯგუფი, რომლებიც დაინტერესებული არიან ქართული ღვინის ცნობადობის გაზრდით სკანდინავიის ქვეყნებში. კლუბი მჭიდროთ თანამშრომლობს სკანდინავიელ მეგობრებთან და 2014 წლის იანვრის ბოლოს გეტებორგში ღვინოსთან დაკავშირებული დიდი ღონისძიებაცაა დაგეგმილი.

მომავლის გეგმები

მალხაზ ხარბედია, ღვინის კლუბის პრეზიდენტი: “ძალიან კარგი წელი იყო, გარკვეულწილად საეტაპოც კი. ჩვენთვის საამაყოა, რომ სხვა ორგანიზაციებთან ერთად, ღვინის კლუბიც აქტიურად მონაწილეობდა იმ პროცესებში, რომელიც 2013 წლის დეკემბრის დასაწყისში დაგვირგვინდა ბაქოში, იუნესკოს არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის დაცვის მთავრობათაშორისი კომიტეტის მე-8 სესიაზე, სადაც ქვევრის ღვინის დაყენების უძველეს ქართულ ტრადიციულ მეთოდს კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი მიენიჭა.

გარდა ამისა, გასულ წელს WSET-ის სამმა სტუდენტმა მოვიპოვეთ 3–ე დონის საერთაშორისო სერთიფიკატი, რაც 2014 წლიდან საშუალებას მოგვცემს ამ ორგანიზაციის ოფიციალურ წარმომადგენლები გავხდეთ. საქმე ისაა, რომ თებერვალ–მარტიდან ღვინის კლუბის საგანმანათლებლო ცენტრში უკვე შესაძლებელი იქნება WSET–ის 1 და 2–ე დონის სახელმძღვანელოთი სწავლება და რამდენიმეთვიანი კურსის შემდეგ სტუდენტები საერთაშორისო სერტიფიკატებსაც მიიღებენ. სწორედ ამისთვის, იანვარში მივემგზავრებით ლონდონში, რათა ყველა დეტალი გავარკვით და 2014 წელს უკვე სრულფასოვანი საგანმანათლებლო პროგრამა ავამუშავოთ, სადაც WSET–ის კურსების გარდა იგულისხმება მთელი რიგი ტრენინგები, სადაც მოემზადებიან დარგის მომავალი სპეციალისტები თუ მოყვარულები. ტრენინგები თემებად, ე.წ. მოდულებად იქნება დაყოფილი, და მსურველს თავად შეეძლება აირჩიოს: როგორ დავაგემოვნოთ ღვინო, ღვინის შეთავაზება და მომსახურება, ღვინისა და კერძის შეხამება, ქართული ღვინის კლასიფიკაცია: ჯიშები, რეგიონები, ტიპები, ქართული ღვინის ისტორია, მსოფლიოს ღვინოები, ღვინის ნაკლოვანებები და დაავადებები, მევენახეობა-მეღვინეობის ძირითადი პრინციპები და ტიპები და სხვ.

–        რა გეგმები გაქვთ მომავალ 2014 წელს?

–          უკვე წლის დასაწყისშივე, იანვარში, გველის ძალიან საინტერესო ღონისძიება შვედეთში, სადაც 2013 წელს ჩვენი ღვინის კლუბის მხარდაჭერით ქართული ღვინის კლუბი დაფუძნდა. ღონისძიება საქართველოს და შვედეთის მთავრობისა და ბიზნეს წრეების მონაწილეობით ჩატარდება და მისი მთავარი მიზანი ცხადია ქართული ღვინის პოპულარიაზაცია იქნება. მზადდება გამოსაცემად ქართული ღვინის გზამკვლევის მესამე, 2014 წლის გამოცემა, რომელიც იანვარში გამოვა, ასევე იანვრიდან დაიწყება ღვინის კლუბისა და ღვინის ეროვნული სააგენტოს ერთობლივი საინფორმაციო პროექტი, რომელიც ბევრ საინტერესო სიახლეს გვპირდება. ტრადიციულად ვემზადებით ახალი ღვინის ფესტივალისთვის, რომელიც 2014 წელს 10 მაისს ჩატარდება“.

© ღვინის კლუბი /Weekend

თქვენი კომენტარი

თქვენი ელ-ფოსტა არ გამოქვეყნდება
  • Web page addresses and e-mail addresses turn into links automatically.
  • No HTML tags allowed

More information about formatting options

საქართველოს ღვინის რუკა
თქვენ შეგიძლიათ დაეხმაროთ ჩვენს ბლოგს "PayPal"-ის საშუალებით.