დღეს და ხვალ ვერონაში, გალერეა მერკატალიში ამფორას ღვინისადმი მიძღვნილი ღონისძიება იმართება: “ამფორის ღვინოები არის მსოფლიოს გამოცდილების დიდი მემკვიდრეობა, რომელსაც გადამწყვეტი როლი აქვს ღვინის ინდუსტრიაში.” - წერს wine news italy. ფესტივალზე იქნებიან მხოლოდ ის მწარმოებლები, რომლებიც ღვინის დასაყენებლად ამფორას ან თიხის ჭურჭელს იყენებენ დუღილის პროცესში, ან ღვინის დასაძველებლად.
ავტორი წერს, რომ ფესტივალი არის მათთვისაც, ვინც ღვინოს თიხის სხვა ჭურჭელში აწარმოებს: “ამფორები შეიძლება იყოს განსხვავებული, მათი ფორმა, მოცულობა და სტრუქტურა შეიძლება ერთმანეთისგან განსხვავდებოდეს. ეს პირველი ღონისძება იქნება, რომელიც სრულად თიხის ჭურჭელს და ენოლოგიის ამ განსაკუთრებულ აღმოჩენას ეძღვნება”.
სტატიაში ვკითხულობთ, რომ ფესტივალზე 100-ზე მეტი იტალიური ღვინის საწარმო იღებს მონაწილეობას, მათ შორის ქართული მარნებიც, რომლებიც ღვინის დასაყენებლად ქვევრს იყენებენ.
ღონისძიებაზე იქნება სამეცნიერო და კვლევითი პანელები, მრგვალი მაგიდა და მასტერკოლასები, რომლებზეც სტუმრებს კიდევ უფრო დეტალურად გააცნობენ თიხის თავისებურებებს ღვინის დაყენებისას. ღონისძიება “მერანოს ღვინის ფესტივალისა” და “ვინიტალის” თანამშრომლობით დაიგეგმა. რაულ ბარბიერი, Fiera di Verona-ს კომერციული დირექტორი დასძენს, რომ მისი მიზანი უძველესი ტექნოლოგიის აღდგენაა თანამედროვე ღვინის ინდუსტრიაში: “ეს ღონისძიება მიზნად ისახავს, ხელი შეუწყოს თიხის ჭურჭელში ღვინის დაყენების ხელოვნებას, ბუნებრიობის გამოხატულებას, ღვინოების ერთმანეთთან შედარებითა და დებატებით კი ღვინის ამ კატეგორიის აქტუალობა დაანახოს საზოგადოებას”.
ფესტივალზე იქნებიან ქართული, იტალიური, ფრანგული და სლოვენიური ღვინის საწარმოები და მარნები.
ატილიო შენცამ, მსოფლიოში მევენახეობის ერთ-ერთმა წამყვანმა ექსპერტმა, ხაზგასმით აღნიშნა, რომ „ეს ღონისძიება ძალიან მნიშვნელოვანი საკომუნიკაციო საშუალებაა იმ მომხმარებლებისთვის, რომლებიც უფრო მეტს ფიქრობენ ღვინოზე. დღევანდელი დღე, რომელიც ხასიათდება კლიმატის ცვლილებით და ღვინის მიერ კლებადი ინტერესით, ამფორას ღვინოები შეიძლება იყოს პასუხი, როგორც კლიმატის გამოწვევებზე, ასევე მომხმარებლის ღვინოსთან ურთიერთობაზე. „ამფორის რევოლუცია“ საშუალებას გვაძლევს დავუბრუნდეთ საწყისებს, უძველეს მეთოდს და ასევე გავავრცელოთ მათი კულტურა, განსაკუთრებით ახალგაზრდებში, რომლებიც, ჩემი აზრით, ღონისძიების ღვინის მოყვარულთა პირველი სამიზნე უნდა იყვნენ“.
© ღვინის კლუბი/vinoge.com
თქვენი კომენტარი