ელენე ცინცაძე
წლევანდელი “ახალი ღვინის ფესტივალი” განსაკუთრებით ამაღელვებელი და ემოციური იყო სტუმრებისთვისაც და მეღვინეებისთვისაც. წელსაც, მეთხუთმეტე ახალი ღვინის ფესტივალზე მრავალ საინტერესო მეღვინეობას, იშვიათ ჯიშებსა და არომატულ ღვინოებს შეხვდებოდით.
11 მაისს მონაწილეობა ბევრმა ახალმა მცირე მარანმა და ღვინის კომპანიებამ მიიღო. ირინა და ნინო თიგიშვილები მეღვინეობა “ბადინიდან” გვიამბობენ, რომ განსაკუთრებით მნიშვნელოვანი იყო მათთვის ეს დღე: "ფესტივალის შესახებ სოც. ქსელების საშუალებით გავიგეთ, რადგან ჩავთვალეთ, რომ გასულ წელს დაწურული ღვინო მზად იყო იმისთვის, რომ ხალხისთვის გვეჩვენებინა და მონაწილეობის მიღება გადავწყვიტეთ. ჩვენი მიზანი ღვინის მოყვარულებთან და პროფესიონალებთან შეხვედრა იყო, გამოცდილების მიღება, სხვა მეღვინეებთან შეხვედრა და ჩვენი ღვინის გაცნობა სტუმრებისთვის.”
ზოგი უკვე წლებია “ახალი ღვინის ფესტივალზე” ღვინოს აცნობს სტუმრებს. მარანი “თინათინი” 2016 წლიდან არის ღონისძიების მონაწილე:
“აქ პირველად 2016 წელს მივიღეთ მონაწილეობა და მას შემდეგ ყოველ წელს ვართ “ახალი ღვინის ფესტივალზე”. ყველაზე მეტად რაც ჩვენთვის კომფორტულია არის ის, რომ ღონისძიება ყოველთვის კარგად არის ორგანიზებული, გარდა ამისა, ყოველწლიურად ძალიან ბევრი სტუმარია, ქართველებთან ერთად, უცხოელებიც. არიან “ბაიერები”, ღვინის მწერლები, სომელიეები. ჩვენ, მეღვინეებს, კონტაქტების გაცვლა ძალიან გვერხმარება საქმიანობაში, რაც, ვფიქრობ, რომ ფესტივალზე უმთავრესია" - ამბობს თინათინ ჯახუა, რომელსაც წელს წარმოდგენილი ჰქონდა საფერავის როზე და კლასიკურად დაყენებული საფერავი.
ფესტივალს მონაწილეებთან ერთად ერთგული სტუმრებიც ჰყავს: “ახალი ღვინის ფესტივალი ჩემთვის არის შესაძლებლობა, გავსინჯო ძალიან ბევრი საინტერესო ღვინო, უნიკალური ჯიშები და შევადარო ისინი ერთმანეთს. წლიდან წლამდე ჩემი ცოდნა ღვინის შესახებ იზრდება, რაშიც ძალიან მეხმარება ახალი ღვინის ფესტივალი” - გვიყვება მერაბ ძინძიბაძე, ფესტივალის სტუმარი.
”თამთას ვაინი” მეორე წელია, რაც მონაწილეობას იღებენ. წელს კი 5 სახეობის ღვინო ჰქონდათ წარმოდგენილი, როგორც თეთრი, ასევე ვარდისფერი და წითელი: ალადასტური, თავკვერი, ალადასტური როზე, თავკვერი როზე, ჩინური და გორული მწვანე: “ვფიქრობ, რომ ჩვენნაირი მცირე მარნებისთვის ძალიან დიდი გამოცდილება და შესაძლებლობაა “ახალი ღვინის ფესტივალი” განსაკუთრებით, რომელიც ყველაზე დიდი მასშტაბისაა საქართველოში. მიხარია, რომ მეორე წელია აქ ვარ და საინტერესო ხალხს ვხვდები და ჩემს ღვინოსაც ვაცნობ”.
დავით ადამია სალხინოს ოჯალეშის შესახებ გვიყვება, რომელიც საკმაოდ ინტენსიური არომატებით ხასიათდება. ღვინოს აქვს ძალიან მკვეთრი ბროწეულისფერი. “ღვინო არის ნახევრადტკბილი, ჩვენ კულტურული საფუარი არ გამოგვიყენებია, ფერმენტაცია ნატურალურად მიმდინარეობდა. ძალიან გვიხარია, რომ ვიღებთ ფესტივალში მონაწილეობას და ჩვენს ოჯალეშს სტუმრებს ვაცნობთ”.
“ახალი ღვინის ფესტივალის” ერთ-ერთი მთავარი იდეა იშვიათი და უნიკალური ჯიშების პოპულარიზაციაა. “აგრარული უნივერსიტეტის” ღვინოებს შორის კი უმეტესობა სწორედ ისეთ ჯიშის შეხვდებოდით, რომლებიც ბევრს, ალბათ, გაგონილიც კი არ ჰქონდა. მათი კონცეფციის, მთავარი იდეისა და ფესტივალის შესახებ დათი მუშკუდიანი გვიამბობს: “უმეტესობამ ღვინო პირველად დავაყენეთ, შესაბამისად, ძალიან გამორჩეული გამოდგა ეს ყველაფერი ჩვენთვის. ყურძენი ჯიღაურაში დავკრიფეთ და ღვინოც მრავლფეროვანი გამოვიდა, რადგან დღეს ისეთ ვაზის ჯიშებს შეხვდებით, რომლებიც ძალიან იშვიათია, მაგალითად, ახმეტის წითელი, კუნძა, ბუზა, ჭყაპა, დონდლღლაბი და ა.შ. ასეთი ჯიშები, ვფიქრობ, უფრო საინტერესოს ხდის ფესტივალს. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ის ფაქტი, რომ ყველანი ახალგაზრდები ვართ და საქართველოს მეღვინეობაც, გარკვეულ წილად, მომავალში ჩვენ უნდა გადავიბაროთ. ამიტომაც დღევანდელი დღით ბევრ რამეზე მსჯელობა შეიძლება, ის, თუ რა შედეგებს მივაღწევთ და მომავალში როგორ წავა ჩვენი მეღვინეობა საქართველოში”. დათი აღნიშნავს, რომ ფესტივალი განმავლობაში შეიმჩნეოდა, რომ პროფესიონალ მეღვინეებს იშვიათი ჯიშების მიმართ აშკარად უფრო დიდი ინტერესი ჰქონდათ.
ახალი ღვინის ფესტივალი 2024 დაიწყო ქვევრის გახსნის ტრადიციული ცერემონიით, მრავალჟამიერის თანხლებით. ამ ქვევრში ღვინის კლუბის მიერ შერჩეული საოჯახო მარანში დაწურული საუკეთესო ღვინოა ხოლმე. ფესტივალზე ისიამოვნებდით კარგი მუსიკით - „ნალი ბენდი“, რეზო კიკნაძის ჯაზ ბენდი, ფოლკლორული ანსამბლი „ჯეო ფოლკი“. სტუმრებისთვის კი სახალისო პროგრამა იყო, გათამაშდა 10 ყუთი საუკეთესო ღვინო და სხვა. “ახალი ღვინის ფესტივალი 2024”-მა წელსაც შეკრიბა ყველა ენთუზიასტი, ექსპერტი და მეღვინე, რომელთაც ერთი ძალიან მნიშვნელოვანი რამ, ღვინო აერთიანებთ.
© ღვინის კლუბი/vinoge.com
თქვენი კომენტარი