Home
ქართული | English
დეკემბერი 2024
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
2526272829301
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
303112345

შეიძინეთ ჩვენი წიგნები ღვინის მაღაზიებში

მულტიმედია

კომენტარები

„შერეკილები?“ რატომაც არა?!

ქართული ღვინის ზეიმი სოფელ ჩარდახში

ლევან სეფისკვერაძე

ეს ამბავი თბილისი-ჩარდახის სამარშრუტო ტაქსიდან იწყება და ფუჟერების ტრიალით გვარიანად გვიანობამდე გრძელდება. წითელი ძველი „ფორდ ტრანზიტი“ 90-იანი წლების ნაცნობი ჭრიალით მიუყვება საქართველოს ერთადერთი ავტობანის თბილისის-მცხეთის მონაკვეთს. ჩვეული და ნაცნობი „სოფლური“ ამბავია. ქალები სოფელში ცარიელი სათლებით  ბრუნდებიან ბაზრიდან, როგორც ჩანს დიდუბის ბაზარში კარგად ივაჭრეს. მცხეთელი კაცები ნაბახუსევურად თვლემენ და მხოლოდ სამარშრუტო ტაქსის უკანა ადგილებიდან მოისმის იმ ხალხის მხიარული გნიასი, რომლებიც მცხეთის სოფელ ჩარდახში, „იაგოს მარანში“ პირველად გამართულ ღვინის ფესტივალ „შერეკილებზე“ მიდიან. ძველი ჩარდახელები იოცებენ და არც კი სჯერათ, რომ მათ სოფელში შეიძლება ღვინის ფესტივალი ტარდებოდეს, ხოლო ამის მომსმენი მძღოლი ამაყად ამბობს, რომ დიახაც!  მომავალი ჩარდახისაა! მაშ როგორა?!

ჩარდახში ჩასატარებელი სალონური მცირე დეგუსტაცია-ფესტივალი „შერეკილები“ რამდენიმე მეღვინე მეგობარმა მოიფიქრა და აკი განახორციელეს კიდეც. რატომ შეირჩა მაინცდამაინც სოფელი ჩარდახი, ამის შესახებ ორგანიზატორებისგან მხოლოდ ერთი პასუხი არსებობს. რატომაც არა? აი ასე მარტივად და გენიალურად - რატომაც არა ჩარდახი? იყოს ჩარდახი! ღონისძიებაში სულ ათამდე ღვინის მცირე მარანი იღებდა მონაწილეობას და ამ ხალხის „შერეკილობით“, ღონისძიების პირველად ჩატარების კვალობაზე გასაკვირად ბევრი ხალხი დაინტერესდა.

ვის არ ნახავდით 9 მაისს ჩარდახში, იაგო ბიტარიშვილის მარნის ეზოს მდელოზე წამოწოლილს თუ ჭიქის ტრიალით მოსიარულეს. თბილისში ასე მომრავლებული ღვინის ფესტივალების ძველ და ფესვგაუხმობ სტუმრებს, უცხოელ ტურისტებს, პროფესიონალ სომელიეებსა და ღვინის წრუპვაში დაბერებულ ხალხს. ნახავდით ისეთებსაც კი, „შერეკილების“ შესახებ ფესტივალამდე ერთი დღით ადრე რომ გაიგეს და არც კი უფიქრიათ, ისე ჩავიდნენ ჩარდახში. ერთი თბილისელი შეყვარებული წყვილიც კი ვნახეთ, რომლებსაც ყელში ამოუვიდათ სკვერებსა და პარკებში მალვით მტლაშა-მტლუში და დღის საინტერესოდ გატარების შანსი გამოიყენეს.

წარმოდგენილი ღვინის მნიშვნელოვანი ნაწილი ბოლო პერიოდში საქართველოში ესოდენ პოპულარული პეტ-ნატები იყო. არაფერი ჯობდა  მზიან დღეს კარგად ჩაციებული კახური, ქართლური და იმერული ცქრიალა ღვინოების წრუპვას.

ამ ტიპის ღვინის ერთ-ერთი პიონერი, საგარეჯოში მცხოვრები ფრანგი მევენახე-მეღვინე ვინსენტ ჟულიენი ღვინით სტუმრების გამასპინძლების გარდა, თავადაც გვარიანად სვამდა და კოლეგა მეღვინეებს ხუმრობით არწმუნებდა, რომ საგარეჯო საფრანგეთს შამპანის რეგიონის ერთ-ერთი ქალაქი იყო და კარგი პეტ-ნატებიც იმიტომ გამოსდიოდა. საუკეთესო და გამორჩეული ღვინოები ჰქონდა წარმოდგენილი კიდევ ერთ ფრანგს - ბასტიან ვარსკოტს.

ნამდვილი ლეჩხუმური მშრალად დაყენებული ე.წ. მწვანე ცოლიკოური ჰქონდა წარმოდგენილი მირანდა ჩხეტიანს ცაგერის სოფელ ტვიშიდან. თუშმა შოთა ლაგაზიძემ ახმეტიდან მისი სუპერ-არომატული და მაღალალკოჰოლიანი ღვინოები ჩამოიტანა, რომელთაგან ქვევრის რქაწითელს მეტსახელად „ვერაგი“ დაარქვა, აქაოდა, ვერაგულად გათრობს და ისე  მოგიღებს ბოლოს, ვერც კი მიხვდებიო.

ღვინო „კალამის“ დამფუძნებელ მალხაზ ხარბედიას ქვევრში დაყენებული ხიხვი, ქისი, კრახუნა და ჩინური ჰქონდა გამოტანილი. უფრო სწორად, ფესტივალზე გვერდით მდებარე უბნიდან გადმოტანილი, რადგან იაგო ბიტარიშვილის მსგავსად, მალხაზიც კარგა ხანია ჩარდახში დამკვიდრდა, მარანიც იქვე მოაწყო და ქვევრის ღვინოებს იაგოს მარნიდან რამდენიმე სახლის მოშორებით, საკუთარ მარანში აყენებს.

სტუმრებს იმერული ცქრიალა და მშრალი ღვინოები არ მოაკლო ნახშირღელელმა რამაზ ნიკოლაძემ, რომელიც თავისი ღვინოსავით შეუჩერებლად და დაუღალავად ტრიალებდა. მის მაგიდასთან ერთთავად ბევრი ხალხი და დიდი გნიასი იყო. ხოლო იაგოს ჩინურის პეტ-ნატი და აწუკვე ლეგენდარული კრაფტ ლუდი „ანეტა“ ფესტივალის ნამდვილი ჰიტი გახდა.ხოლო იაგოს ჩინურის პეტ-ნატი და აწუკვე ლეგენდარული კრაფტ ლუდი „ანეტა“ ფესტივალის ნამდვილი ჰიტი გახდა.

კარგი ღვინო გემრიელი საჭმლის გარეშე არც თქმულა და არც გაგონილა. ფესტივალზე მისვლისთანავე ყველა ღია სამზარეულოსკენ აპარებდა თვალს, რადგან ისეთი ჩაქაფულის სუნი ტრიალებდა, მყარ ვეგეტარიანელსაც კი შეუტოკავდა კუჭის სიმებს, რომ არაფერი ვთქვათ სხვა რამ ხემსზე, რაც ასე მნიშვნელოვანი და საშურია ღვინის ყოველი თამამი დალევისას.

რაც შეეხება მუსიკალურ გაფორმებას... მალხაზ ხარბედიამ სიამაყით იმდენჯერ თქვა, დიდი დინამიკიდან დაღვრილი მუსიკის რეპერტუარი მთლიანად ჩემი შერჩეულიაო, რომ ბოლოს ამ ამბის შესახებ ყველამ იცოდა და მახო, ეს რა კარგი მუსიკა ჩაგირთავსო - ეუბნებოდნენ. 

როგორც უკვე ვთქვით, ღონისძიება მცხეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩარდახში, „იაგოს მარნის“ ეზოში მოეწყო და მარნის ეზო და საჩვენებელი მცირე ვენახის მიმდებარე ტერიტორია მშვენივრად ეყო სტუმრებს განსათავსებლად. ეზოში წინასწარ დადგმული მაგიდების და სკამების გარდა, ასევე მოწყობილი იყო მცირე ჩამოსაჯდომი ადგილები როგორც ბალახზე, ასევე ხის მორებზე.

გაზაფხულის ბალახი და არ იყო სველი და ფესტივალის სტუმრები (ძირითადად უცხოელები) ეგრევე მდელოზეც ისხდნენ, უკვე შეერჩიათ სასურველი ღვინო და გემრიელად შეექცეოდნენ. აქვე ისიც უნდა ვთქვათ, რომ ფესტივალის სტუმრებს ღვინის დაგემოვნების გარდა, ბოთლით ღვინოების შეძენაც შეეძლოთ, ღონისძიების ორგანიზატორები კი შესაბამისი ჭურჭლით და პირველყოვლისა საღვინე ჭიქებით ყველას უზრუნველყოფდნენ.

იაგოს ეზოში ასევე იყო „ტაბლა ნოვას“ მაგიდა, სადაც თითქმის ყველაფერი იყიდებოდა რაც კი ღვინოსთან არის დაკავშირებული და ღვინო არაა. ზოგიერთ სტუმარს (ძირითადად ქართველებს) მათი დაყენებული  ღვინოებიც წამოეღოთ და იმასაც ასინჯებდნენ უცნობებს თუ ნაცნობებს. რაც მთავარია, ამინდის მხრივ ძალიან გაგვიმართლა. მიუხედავად მაისის არცთუ სასურველი  მეტეოროლოგიური პროგნოზებისა, სტუმარ-მასპინძელი „შერეკილები“ თავიდან-ბოლომდე, ანუ 11-დან 17-საათამდე მზიან ამინდში მხიარულობდნენ. მხოლოდ საღამოს წამოწვიმა და ისიც მაშინ, როდესაც ფესტივალი უკვე დასრულებული იყო.

ფესტივალის ორგანიზატორები ამბობენ, რომ „ჩარდახობა“ ყოველწლიური გახდება და ამის თქმის საშუალებას პირველ „შერეკილებზე“ ღვინის მოყვარული ადამიანების ასეთი დიდი დაინტერესება აძლევთ. დედაქალაქში ღვინის ფესტივალები საკმაოდ ხშირად იმართება, რეგიონები კი ამ მხრივ ნამდვილად არ არიან განებივრებული. განსაკუთრებით კი სოფლები, სადაც ფერადოვნება და სახალისო დღეები არც ისე ხშირია. რატომაც არ უნდა იყოს „შერეკილები“, ანუ „ჩარდახობა“ ყოველწლიური? ქართველები ვისზე ნაკლები ღვინის მოყვარული „შერეკილები ვართ? 

© ღვინის კლუბი/vinoge.com 



"მის მაგიდასთან ერთთავად ბევრი ხალხი და დიდი გნიასი იყო. ხოლო იაგოს ჩინურის პეტ-ნატი და აწუკვე ლეგენდარული კრაფტ ლუდი „ანეტა“ ფესტივალის ნამდვილი ჰიტი გახდა.ხოლო იაგოს ჩინურის პეტ-ნატი და აწუკვე ლეგენდარული კრაფტ ლუდი „ანეტა“ ფესტივალის ნამდვილი ჰიტი გახდა." ამ ტექსტებში პატეფონის გავლენა იგრძნობა.

თქვენი კომენტარი

თქვენი ელ-ფოსტა არ გამოქვეყნდება
  • Web page addresses and e-mail addresses turn into links automatically.
  • No HTML tags allowed

More information about formatting options

საქართველოს ღვინის რუკა
თქვენ შეგიძლიათ დაეხმაროთ ჩვენს ბლოგს "PayPal"-ის საშუალებით.

ტოპ ხუთეული