Home
ქართული | English
ნოემბერი 2024
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
28293031123
45678910
11121314151617
18192021222324
2526272829301

შეიძინეთ ჩვენი წიგნები ღვინის მაღაზიებში

მულტიმედია

კომენტარები

„ღვინის სოფელი“ „ახალი ღვინის ფესტივალზე“

ლევან სეფისკვერაძე

27 ნოემბერს მთაწმინდის პარკში დაგეგმილ „ახალი ღვინის ფესტივალში“ ღვინის ცნობილ კომპანიებთან და მარნებთან ერთად, საკუთარ ღვინოებს პროექტ „ღვინის სოფლის“ ბენეფიციარი მეღვინეებიც წარმოადგენენ.

ღვინის მოყვარულებს ალბათ ახსოვთ პროექტი „ღვინის სოფელი“, რომელსაც „ღვინის კლუბი“ „USAID–ის ეკონომიკური უსაფრთხოების პროგრამის“ (The USAID Economic Security Program) ფინანსური მხარდაჭერით ახორციელებდა. პროექტის ფარგლებში შედგა რამდენიმე ტური სამიზნე სამ რეგიონში (იმერეთი, რაჭა, ლეჩხუმი) და პროექტში ჩართულმა ექსპერტებმა აღნიშნულ რეგიონებში არაერთი მარანი მოიარეს, რომლებმაც შემდეგ მათი ღვინოები საზოგადოებას 2021 წლის 3 ივლისს, ასევე მთაწმინდის პარკში „ღვინის კლუბის“ ორგანიზებით ჩატარებულ ღვინის მცირე ფესტივალში, „ღვინის სოფელი“ გააცნეს. თუმცა, „ახალი ღვინის ფესტივალი“ ამ მარნებისთვის მასშტაბურობიდან და ტრადიციულობიდან გამომდინარე გასულ სხვა მნიშვნელობას იძენს და მათი განვითარების შეფასება მცირე მარნების ღვინით დაინტერესებულ ადამიანებს უკეთ შეეძლებათ.

 „ღვინის სოფელში“ ჩართული მარნების წარმომადგენლები ფესტივალისთვის განსაკუთრებულად ემზადებიან. მეღვინეები ჩვენთან საუბარში ამბობენ, რომ პროექტის ფარგლებში ჩატარებული ლექცია-სემინარები, ტრენინგების და ღვინის ექსპერტების მიერ გაზიარებული პრაქტიკული ცოდნა დაეხმარათ იმაში, რომ პირველყოვლისა ირწმუნეს საკუთარი შესაძლებლობების, დახვეწეს ღვინის ხარისხი, გაეცნენ და შეიმეცნეს მეღვინეობაში დღეს არსებული მრავალი სიახლე თუ ტრადიციული ტექნოლოგია, ააშენეს ახალი მარნები, ღვინის საცავები, ჭაჭის სახდელები, უკეთ მოაწყეს ტურისტული სივრცეები და „ახალი ღვინის ფესტივალზე“ ახალი ცოდნითა და შემართებით წარდგებიან.

გიორგი მშვენიერაძე, „მშვენიერაძეების მარანი“ პროექტ ღვინის სოფელი“-ს ბენეფიციარი (იმერეთი): „განვითარებას დასახული გეგმის შესაბამისად ვაგრძელებთ. წელს, ახალი მოსავლისთვის, დამატებით 6 ტონამდე მოცულობის ახალი ჭურები ჩავყარეთ, რომელიც ტყემლოვანაში, ემზარ კაპანაძემ დაგვიმზადა. გვიხარია, რომ წელს პირველად დავაყენეთ ნახევრადცქრიალა ნატურალური ღვინო ძელშავისა და ციცქის ჯიშებისგან. მიღებული შედეგის გათვალისწინებით, მომავალი წლიდან, ამ მიმართულებასაც გავაძლიერებთ. გარდა ამისა, ვაგრძელებთ გარე ინფრასტრუქტურის (ეზო, დამატებითი სივრცეები) მოწყობას, რათა ჩამოსული სტუმრისთვის დროის გატარება სასიამოვნო გახდეს.

- რომელ ღვინოებს წარმოადგენთ ფესტივალზე?

- წელს ფესტივალზე 2020 წლის მოსავლის 3 სახეობის ღვინოს წარმოვადგენთ: ციცქა-ცოლიკოურს, 30% ჭაჭაზე, 7 თვე ჭურში დაყოვნებით. ეს ყურძენი 80 წლის ვენახშია დაკრეფილი. ღვინო ისეა დაყენებული, როგორც ჩვენი ბაბუა და მამა აყენებდა და ჩვენთვის არამარტო ღვინის გემოს, არამედ სხვებისთვის ჩვენი ტრადიციის გაზიარებაცაა.

წარმოვადგენთ ცოლიკოურს, 100% ჭაჭაზე, 7 თვე ჭურში დაყოვნებით - უკვე 2 წელია ცოლიკოურს სრულ ჭაჭაზე ვაყენებთ. ღვინოს ცოლიკოურის ნაზი არომატი და ხანგრძლივი დაბოლოება აქვს. ეს არ არის ტიპიური იმერული ღვინო, რაღაც სხვაა, რომელიც განსაკუთრებულია და მათ დააინტერესებთ, ვინც სიახლეს ეძებს.

ასევე გვექნება ძელშავი, წითელ მშრალი ღვინო, 7 თვე ჭურში დაყოვნებით - ძელშავი ის ღვინოა, რომელიც ჩვენს ოჯახში პატარა „სტაქნით“ ისმებოდა, ყოველდღიურად, სადილზე. ეს ღვინოც ასეთია, მსუბუქი და სასიამოვნო.

- რა მოლოდინები გაქვთ „ახალი ღვინის ფესტივალისგან?“

- „ახალი ღვინის ფესტივალი“ პირველ რიგში დღესასწაულია, მეღვინეებისთვის ერთგვარი ახალი წელი, სადაც გვეძლევა საშუალება ახალი ღვინით პირველად წარსდგე ფართო აუდიტორიის წინაშე. კოვიდის გამო წელს ფესტივალი გვიან, მაისის ნაცვლად ნოემბრის თვეში ტარდება და ეს ეფექტი ცოტათი დაკარგულია, მაგრამ ჩვენ მასში წელს პირველად ვიღებთ მონაწილეობას და განსაკუთრებული პასუხისმგებლობით ვეკიდებით ამ საკითხს. გვინდა ჩვენი ღვინო ბევრმა გასინჯოს, ეს ჩვენი გაცნობის საუკეთესო საშუალებაა, რადგან გვწამს, რომ ჩვენი ღვინო ჩვენნაირია“.

„ახალი ღვინის ფესტივალში“ პროექტ „ღვინის სოფლის“ ყველა ბენეფიციარი ვერ იღებს მონაწილეობას და მათ საამისოდ „საპატიო მიზეზი“ აქვთ. საქმე იმაშია, რომ მარნების ნაწილმა მოახერხა და გასული წლის მოსავლის ღვინოები უკვე სრულად გაყიდეს (ძირითადად უცხოეთში) და ახლა ეს ადამიანები ფესტივალში სტუმრების სტატუსით დააჭაშნიკებენ მათი კოლეგების - სხვა მეღვინეების ღვინოებს, რისი არჩევანი წელსაც ტრადიციულად დიდი იქნება.

თუმცა, ფესტივალის მონაწილეების წინასაფესტივალო განწყობები მაინც სულ სხვანაირია.

ისიდორე უჩაძე,„ისიდორე უჩაძის მარანი“, პროექტ „ღვინის სოფელი“-ს ბენეფიციარი (ლეჩხუმი): „ღვინის სოფელი“ ძალიან დამეხმარა ცნობადობის ამაღლებაში და ცოდნის შეძენაში. „ახალი ღვინის ფესტივალს“ განსაკუთრებულად ველოდები. სტუმრებს გავაცნობ ჩემს დაყენებულ შარშანდელ ცოლიკაურს და ცხვედიანის თეთრას. ასევე ველოდები სიახლეებს და ყველა იმ ადამიანის შეფასებებს, რომელთა აზრიც ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია“.

ირაკლი მინაძე, „მინაძეების მარანი“, პროექტ „ღვინის სოფელი“-ს ბენეფიციარი (იმერეთი): „ღვინის სოფელი" არა მარტო ჩემთვის, არამედ მთლიანად რეგიონისთვის აღმოჩნდა ნაყოფიერი თავისი ინტერაქტიულობით, პრაქტიკული სწავლებით და ჩართულობით პირდაპირ ვენახში და მარანში. მეზობელმა მარნებმა უკეთესად გავიცანით ერთმანეთი, გავცვალეთ გამოცდილებები. ჩვენს ვენახს დაემატა ახალი ჯიშები და მარანს სტუმრები. ფესტივალზე წარმოდგენილი გვექნება ცოლიკოური, კრახუნა, ძელშავი. ეს ღონისძიება იძლევა კარგ შესაძლებლობას, გაეცნო ქართული ღვინის ავან-ჩავანს, მის მდგომარეობას და განვითარების ეტაპებს. პანდემიურმა ასიმეტრიამ შეაყოვნა 2020 წლის ღვინოების გამოზაფხულება, თუმცა „ახალი ღვინის ფესტივალი“ შემოდგომის დასასრულს, 27 ნოემბერს დამწიფებული ღვინოებით და მონატრებული განწყობით ისევ გაახარებს მის ერთგულ სტუმრებს“.

როგორც მევენახე-მეღვინეები ამბობენ, „ახალი ღვინის ფესტივალი“ მცირე მეწარმეებისთვის წარმოებული პროდუქტის ფართო საზოგადოებისთვის გაცნობის დიდ შესაძლებლობებს იძლევა. ასევე მნიშვნელოვანია ტურიზმის კუთხით. მათ ღვინოს და მომსახურეობის სერვისებს ეცნობიან ტურისტული კომპანიები, რაც ცნობადობას და შემდეგ უკვე გაყიდვებს ზრდის.

ლევან ხმელიძე, მარანი „ქორენიშული ვერანდა, პროექტ „ღვინის სოფელი“-ს ბენეფიციაარი (ლეჩხუმი): „პროექტ „ღვინის სოფელში“ ჩართულობამ მომცა როგორც თეორიული, ასევე პრაქტიკული ცოდნა. მნიშვნელოვანი იყო ჩემთვის ის ტრენინგები, რაც პროექტის ფარგლებში გავიარეთ და ამან გადამაწყვეტინა მარნის გაფართოება. წელს 10 ტონის ახალი ქვევრი დავრგეთ ჩვენს მარანში. პროექტის დახმარებით მოვახერხეთ რებრენდინგი, შეიქმნა ახალი ღვინის ეტიკეტი. ასევე პროექტის ორგანიზატორებმა მოაწყვეს ღვინის ტურიზმით დაკავებულ ტურისტული კომპანიების ინფო-ტური, სადაც ტურისტულმა გიდებმა გაიცნეს ჩვენი მომსახურეობის სერვისი და პოტენციალი. ამან უკვე შედეგი გამოიღო. რამოდენიმე კომპანიამ სადეგუსტაციოდ ტურისტები მოგვიყვანა.

- 27 ნოემბერს ფესტივალზე რომელ ღვინოებს წარმოუდგენთ ღვინის მოყვარულებს?

- წელს წარვსდგებით ორი ნახევრად ტკბილი ღვინით - "ქორენიშული" ცოლიკაურით და "ქორენიშული როზანათი", რომელიც არის ცოლიკაურის და ოჯალეშის კუპაჟი. ასევე გვექნება ქვევრის ორი მშრალი ღვინო - ქვევრის ცოლიკაური ჭაჭაზე დადუღებით და ქვევრის ცოლიკაური ჭაჭის გარეშე დადუღებით“.

ზუკა მაისაშვილი, მარანი „ღვინუკა“, პროექტ „ღვინის სოფელი“ს ბენეფიციარი (რაჭა): „ღვინის კლუბის“ პროექტში ჩართვის შემდგომ ჩვენ დავიწყეთ ვენახების ბიო სერტიფიცირება და მთელი ეს ცოდნა რაც ამ მიმართულებით არის საჭირო, სწორედ „ღვინის სოფლის” ტრენინგების შედეგად მივიღე. ამ ფესტივალზე წარმოვადგენთ რაჭულ ძელშავს და რაჭულ თეთრას. ორივე ეს ღვინო მშრალია. იმედი მაქვს ფესტივალზე მეღვინეებს და ღვინით დაინტერესებულ ადამიანებს გავიცნობ, რაც შემდგომში ღვინის როგორც დაყენებაში, ასევე მის რეალიზებაში დამეხმარება“.

© საქართველოს ღვინის კლუბი, ღვინის ეროვნული სააგენტო, ღვინის საინფორმაციო ცენტრი

თქვენი კომენტარი

თქვენი ელ-ფოსტა არ გამოქვეყნდება
  • Web page addresses and e-mail addresses turn into links automatically.
  • No HTML tags allowed

More information about formatting options

საქართველოს ღვინის რუკა
თქვენ შეგიძლიათ დაეხმაროთ ჩვენს ბლოგს "PayPal"-ის საშუალებით.

ტოპ ხუთეული