ლევან სეფისკვერაძე
13 ოქტომბერს საქართველომ ღვინის საერთაშორისო კონკურსს International Wine & Spirit Competition (IWSC) უმასპინძლა. კონკურსის ფარგლებში ქართველ მეღვინეებს ცნობილმა და გამორჩეულმა ბრიტანელი ექსპერტებმა საკუთარი გამოცდილება გაუზიარეს.
კონკურსი International Wine & Spirit Competition (IWSC) 50 წელზე მეტია ტარდება. კონკურსი 1969 წელს დაარსდა, ავსტრიელი ღვინის ქიმიკოსის, ანტონ მასელის მიერ და დღეს მსოფლიოში ღვინოებისა და ალკოჰოლური სასმელების შეფასება-აღიარების ერთ-ერთი ყველაზე ავტორიტეტული და პრესტიჟული კონკურსია.
საერთაშორისო კონკურსი ყოველწლიურად ტარდება ლონდონში, სადაც ათიათასობით ალკოჰოლური სასმელი ისინჯება.
IWSC კონკურსის არსებობის ისტორიაში მეორედ და ევროპაში პირველად, IWSC-ის დირექტორატის გადაწყვეტილებით, დაიშვა გამონაკლისი და ცალკეული ქვეყნის მასშტაბით (პირველი ჩატარდა სამხრეთ აფრიკაში) კონკურსი მხოლოდ ქართველი მეღვინეებისთვის ჩატარდა.
IWSC-ის კონკურსის საქართველოში ჩატარების ექსკლუზიური და ოფიციალური პარტნიორი გურჯაანის ღვინის ფესტივალია. კონკურსის მხარდამჭერები არიან ღვინის ეროვნული სააგენტო და ღვინის დღეები საქართველოში.
კონკურსის ფარგლებში IWSC-ის ჟიურის შემადგენლობაში მსოფლიოს წამყვანი ექსპერტები, სომელიეები და ბაიერები იყვნენ. ჟიურის ღვინის ცნობილი ექსპერტი, სარა ებოტი ხელმძღვანელობდა. გარდა ამისა, შემფასებელები იყვნენ: მეგან კლარკი, მეგი მაკპერსონი, სალვატორე კასტანო და სედარ ბალკაია.
კონკურსის მიმდინარეობის, შედეგების და უპირველესად საკონკურსო პრინციპების შესახებ გავესაუბრეთ IWSC-ის ჟიურის ქართველ წევრებს.
გიორგი სამანიშვილი, ღვინის ექსპერტი: „ეს კონკურსი ჩემთვის განსაკუთრებით საინტერესო იყო იმით, რომ ძალიან ბევრი ახალი დამწყები ღვინის მარნების ნიმუშები გავსინჯეთ. გამოჩნდა ბევრი ახალი ღვინო, რომელთაც „კოჭებში ეტყობათ“, რომ „გაუხედნავი კვიცივით“ ღვინოები არიან და დიდი პერსპექტივები აქვთ. კონკურსს აფასებდნენ საკმაოდ კარგი დეგუსტატორები, რომლებიც მეტ-ნაკლებად იცნობენ ქართულ ღვინოს, არიან პროფესიონალები, რომლებიც გახსნილები არიან გემოების მხრივ და შერჩევის დროს არ გვქონია დიდი კამათი. თუმცა, სხვადასხვა ნიმუშზე ხშირად იყო მსჯელობა. ყველა კონკურსს აქვს თავისი პრინციპი და თვითონ კონკურსის ბრენდები განსხვავდება ერთმანეთისგან. აქ საინტერესო ის იყო, რომ შედგა პროფესიონალური კონკურსი და მინიმუმამდე დავიდა ტენდენციურობა. ზოგადად, ქართულ ღვინოს როცა მარტო ქართველები სინჯავენ, ხშირად არის ტენდენციურობა. ასევეა უცხოეთშიც. როცა მაგალითად ლუარას მხარეში იქაურები სინჯავენ ადგილობრივ ღვინოს, იქაც ტენდენციურობა ხშირია. ამიტომ უცხოელების მოწვევას ყოველთვის აქვს მნიშვნელობა“.
კონკურსის ჟიურის წევრი, მეღვინე და ღვინის ექსპერტი დავით ჩიჩუა ჩვენთან საუბარში ამბობს, რომ ოქროს მედალოსნების გასარკვევად ხდებოდა ღვინის დამატებითად ჟიურის თავმჯდომარესთან ერთად გადასინჯვა, რაც შეფასების უნიფიცირების საფუძველს ქმნიდა.
დავით ჩიჩუა, მეღვინეობის ექსპერტი, ჟიურის წევრი: „მთავარი, რაც ამ კონკურსს გამოარჩევს, არის ახალი სახეების სიმრავლე. ჩვენ შევეჩვიეთ, რომ ბოლო 10-15 წლის განმავლობაში დიდ კონკურსებს თითქმის ერთიდაიგივე გამარჯვებულები ყავს, შიგადაშიგ ახალი ვარსკვლავების გამონათებით. ამ კონკურსში კი უამრავი საერთოდ ახალი მონაწილე გამოჩნდა და რაც მთავარია ბევრმა მათგანმა ძალიან დიდი წარმატებული შედეგიც აჩვენა."
ნიმუშების შერჩევა რაიმე კრიტერიუმებით არ მომხდარა, კონკურსში მონაწილეობა შეეძლო ნებისმიერ მსურველს და შეეძლო ნებისმიერი ბოთლში ჩამოსხმული ნიმუში წარმოედგინა. ჟიური დაყოფილი იყო 3 კაციან ჯგუფებად და თითოეული ღვინო ისინჯებოდა ერთი ჯგუფის მიერ. შესაბამისად თეორიულად დასაშვებია, რომ არსებობდეს უფრო „მკაცრი“ და უფრო „ლმობიერი“ ჯგუფები, თუმცა ოქროს მედალოსნების გასარკვევად ხდებოდა ღვინის დამატებითად ჟიურის თავმჯდომარესთან ერთად გადასინჯვა, რაც შეფასების უნიფიცირების საფუძველს ქმნიდა. აღსანიშნავია, რომ ჟიურის უცხოელი წევრების ერთსულოვანი შეფასებით საქართველოში ჩატარებული კონკურსი სრულად შეესაბამებოდა საერთაშორისო დონეს, როგორც წარმოდგენილი ღვინოების ხარისხით, ასევე სხვადასხვა სინჯის მედლების და უმედლოდ დარჩენილი ღვინოების სტატისტიკით.
- კონკურსში რამდენი ღვინო მონაწილეობდა და რამდენ ნიმუშს შორის მოგიწიათ არჩევანის გაკეთება?
- კონკურსზე წარმოდგენილი იყო დაახლოებით 500-მდე ნიმუში. აქედან ჟიურის იმ ჯგუფს, რომელშიც მე ვმონაწილეობდი, ერთი დღის განმავლობაში ორ სესიად 71 ღვინის გასინჯვა მოგვიწია. ქულის მინიჭების გარდა მოხდა ღვინოების სენსორიკის კომენტირება და შეფასების შემდეგ ყველა ნიმუშზე ჟიურის წევრებს შორის აზრის ურთიერთგაზიარება. არ მომხდარა დიდი და მცირე საწარმოების გამიჯვნა, თუმცა დეგუსტირებისას იყო მომენტები, როდესაც აშკარად ხვდები წარმოდგენილი ნიმუში მცირე ოჯახური მარნის მიერ „ნატურალისტური“ მიდგომებით დამზადებულია თუ დიდი ინდუსტრიულ საწარმოს მიერ სტანდარტიზებული ტექნოლოგიური სქემით შექმნილი ნაწარმი.
- გაგვიზიარეთ თქვენი დაკვირვება ბოლო წლებში ქართული ღვინის ხარისხთან დაკავშირებით.
- ჩემი შეფასებით მთავარი ტენდენცია ბოლო ათწლეულში არის რიცხობრივი ზრდა ყველა პარამეტრით. ამ პერიოდში ოთხჯერ გაიზარდა საქართველოდან ექსპორტირებული ღვინის რაოდენობა, დაახლოებით ათჯერ მეტი ღვინის მწარმოებელი გაჩნდა, სავარაუდოდ 20-30% ით გაიზარდა ვენახების ფართობები, გაიზარდა ღვინის გეოგრაფია, ღვინის ტექნოლოგიური მრავალფეროვნება. ამ ყველაფერმა გარკვეულად ქაოსური სიტუაცია შექმნა, რაც თავისთავად ბუნებრივი თანამდევია ასეთი ზრდის პროცესისათვის. მგონია, რომ ამის შემდგომ რაოდენობრივი ზრდა შენელდება ან საერთოდ შეჩერდება და სიტუაციის დასტაბილურების, დაწმენდის და თითოეული მეღვინისათვის სტილური „თვითგამორკვევის“ პერიოდი უნდა დაიწყოს“.
ჟიურის კიდევ ერთი წევრი, ზვიად ლოლაძე მიიჩნევს, რომ ამ კონკურსმა კიდევ ერთხელ ცხადყო ქართული ღვინის ხარისხობრივი ზრდა და განვითარება.
ზვიად ლოლაძე, ღვინის ექსპერტი, ჟიურის წევრი: „როგორც მოგეხსენებათ IWSC ღვინისა და სპირტიანი სასმელების საერთაშორისო კონკურსი ერთ-ერთი მსოფლიო დონის პრესტიჟული და ავტორიტეტული კონკურსია, თავისი დიდი გამოცდილების მქონე ჟიურით, რომელიც აგერ უკვე 50 წელს ითვლის და მნიშვნელოვანი მოვლენა მოხდა, ვგულისხმომ პირველად ევროპაში, ქვეყნის დონეზე მის საქართველოში ჩატარებას."
აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ საერთაშორისო ჟიური დაკომპლექტებული იყო შერეული ტიპის წევრებით; ღვინის მაგისტრებით, სომელიეებით და ღვინის ბაიერებით (შემსყიდველებით) რომელთან ერთადაც საქართველოდან წარმოდგენილნი იყვნენ გამოცდილი და კვალიფიციური ენოლოგები და ღვინის ექსპერტები.
საინტერესო გახლდათ ისიც, რომ ღვინოების ტესტირებისას, ჟიურის წევრებს შორის მომდინარეობდა დისკუსია, განხილვა, წარმოდგენილი ნიმუშების ორგანოლეპტიკურ მახასიათებლებზე, და მხოლოდ ამის შემდგომ იწერებოდა შეფასება არამარტო ქულების სახით, არამედ ღვინის მოკლე დახასიათებით და გემოვნური მაჩვენებლების აღწერილობით, რაც კიდევ მეტად საინტერესოს ხდიდა ტესტირება-დეგუსტაციის პროცესს.
- თქვენ რამდენი ღვინო დააჭაშნიკეთ და რამდენ ნიმუშს შორის მოგიწიათ არჩევანის გაკეთება?
- კონკურსში მონაწილეობდა 487 ღვინო, საიდანაც მე პირადად 70 ღვინის ნიმუშს შორის მომიწია არჩევანის გაკეთება ქართველ და უცხოელ მსაჯებთან ერთად. კონკურსში წარმოდგენილი იყო როგორც ღვინის დიდი კომპანიების, ასევე მცირე და საშუალო მარნის ღვინოები. მადლობა მინდა გადავუხადო კონკურსში მონაწილე ღვინის ყველა მწარმოებელს, იმ მაღალი ხარისხის ღვინის წარმოდგენისათვის, რომლის გასინჯვაც მოგვიწია ქართველ და უცხოელ ჟიურის წევრებს, რადგან ამ კონკურსმა კიდევ ერთხელ ცხადყო ქართული ღვინის ხარისხობრივი ზრდა და განვითარება.
- რამდენად მნიშვნელოვანია მსგავსი კონკურსები საქართველოსთვის და ქართული მეღვინეობისათვის?
- განსაკუთრებით მნიშნელოვანია მცირე და საოჯახო მარნებისთვის. ვფიქრობ, აღნიშნული კონკურსი გარდა მიღებული მედლებისა, დიდი გამოცდილება და შესაძლებლობაა მათი ღვინოების მეტად აღმოჩენის, და საერთაშორისო ბაზარზე გასასვლელად“.
აღსანიშნავია, რომ გარდა გამოვლენილი გამარჯვებულებისა და გაცემული ჯილდოებისა, International Wine & Spirit Competition (IWSC) აღნიშნული კონკურსის გაშუქებას მოახდენს 1 წლის განმავლობაში საერთაშორისო მასშტაბით, მათ ყველა პლატფორმასა თუ სოციალურ ქსელში. ისაუბრებენ და დაწერენ ქართული ღვინის შესახებ, რაც უპრეცენდენტო შანსია ჩვენი მწარმოებლებისათვის ქართული ღვინის პოპულარიზაციის კუთხით.
© ღვინის კლუბი/vinoge.com
თქვენი კომენტარი