Home
ქართული | English
დეკემბერი 2024
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
2526272829301
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
303112345

შეიძინეთ ჩვენი წიგნები ღვინის მაღაზიებში

მულტიმედია

კომენტარები

ღვინის პორტრეტები. კახა გორდეზიანი

ქეთო ნინიძე

როგორც კახა გორდეზიანი ამბობს, ერთი ქართული გამოთქმის არ იყოს, რაჭაში „ყმაწვილი“ „კაცად“ მაშინ იწოდება, როცა სახლს ააშენებს, შვილს იყოლიებს და ვენახს გააშენებს. თვითონ კახა სამი ათეული წელია, მეღვინეობითაა დაკავებული. 

მას მეღვინეობის ტრადიცია ოჯახიდან მოსდევს. ეს ტრადიცია მას არამხოლოდ წინაპრების  დაკვირვებებსა და გამოცდილებებზე დაფუძნებული ცოდნის სახით გადაეცა, არამედ - პროფესიული, ენოლოგიური, დარგობრივი ცოდნის სახითაც. 

როგორც ყველა ჩვენი გმირი, ვისი მშობლებიც ღვინოსთან თავიანთი პროფესიით გადაიკვეთებოდნენ, კახაც ამ სფეროს ბავშვობიდან გაეცნო. დედამისი ჭრებალოს ღვინის ქარხნის ლაბორატორიის გამგე იყო, მამა და ბაბუა - აგრონომები, მუშაობდნენ კოლმეურნეობის სისტემაში. მათ შორის, ბაბუა საბჭოთა კავშირში რესპუბლიკის დამსახურებული აგრონომი გახლდათ. კახას ბავშვობის ერთ-ერთი ყველაზე დიდი მოგონებაა, როგორ რგავდა რვა წლის ასაკში ვენახს საკუთარ ეზოში, სოფ. ჟოშხაში, ბაბუას მეთვალყურეობით. 

მათი სახლი ძალიან მცირე მანძილით, 300-400 მ.-ით იყო დაშორებული ჭრებალოს ღვინის ქარხნიდან, სადაც მთელი ბავშვობა და სკოლის წლები აქვს გატარებული. მისი ბავშვობის ამ მეხსიერების მთავარი კადრია ნახევარტონიანი ხის კასრები ჭრებალოს ქარხნის ეზოში. დროთა განმავლობაში ეს საწარმო, ეს ეზო მისთვის სამუშაო გარემოდ იქცა. 

დღეს ჭრებალოს ღვინის ქარხანა აღარ ფუნქციონირებს. თუმცა ის რაჭის მეღვინეობის ისტორიის ერთ-ერთი ეტაპის სახეა. 90-იანი წლების შემდეგ, როცა ქარხანა ძალებს იკრებდა და იდეალურად აწყობდა მოთხოვნა-მიწოდების ბალანსს რუსეთის ბაზარზე, ურთიერთობები ჩრდილოეთთან შეიცვალა. თუკი ადრე რაჭის მეღვინეობებს შოვიდან ჩრდილოეთ კავკასიაში ხვანჭკარას პირდაპირი არხები ჰქონდათ გაჭრილი რუსეთის ბაზრისკენ, დღეს ისინი უფრო სკეპტიკურად უყურებენ ერთ ბაზარზე დამოკიდებულების საკითხს, ვიდრე ოდესმე. 

1984 წელს კახამ საშუალო სკოლა დაამთავრა და ცოტა ხნით ჭრებალოს ღვინის ქარხანაში მუშად იმუშავა, შემდეგ კი თბილისში, აგრარულ უნივერსიტეტში ჩააბარა. უნივერსიტეტი მეღვინეობის ინჟინერ-ტექნოლოგის კვალიფიკაციით ოდნავ მოგვიანებით, 1992 წელს დაამთავრა, რადგან სავალდებულო სამხედრო სამსახურმა მოუწია. 

კახას სადიპლომო ნაშრომი ხვანჭკარას შეეხებოდა. ალექსანდროულისა და მუჯურეთულის ვაზიდან, ყურძნის გადამუშავებამდე და ყველა იმ პროცედურამდე, რაც ამ დასახელების ღვინის დაყენებას ახლავს თან. ამდენად, ის ხვანჭკარას ძალიან კარგი მცოდნეა. კახა მიიჩნევს, რომ 80-იანი წლების „ხვანჭკარა“ დღევანდელისგან საკმაოდ განსხვავდება, კერძოდ, მაშინდელი ყურძენი რთვლის მომენტში გაცილებით მაღალი შაქრიანობით იყო გამორჩეული, ვიდრე - დღეს. ამას ის, ერთი მხრივ, კლიმატის ცვლილებებთან აკავშირებს, მეორე მხრივ - მევენახეების მხრიდან ვაზის მსხმოიარობისადმი დაინტერესებით ხსნის. 

1992 წელს, უნივერსიტეტის დამთავრების შემდეგ, კახა გორდეზიანი ჭრებალოს ქარხანას დაუბრუნდა, თავდაპირველად, ტექნიკური სამუშაოების შემსრულებლად. აქ ის ცნობილ მეღვინესთან, იმარ ჭელიძესთან ერთად მუშაობდა, ვისგანაც დიდი გამოცდილება და პრაქტიკული ცოდნა მიიღო. ჭრებალოს ქარხანა საკმაოდ რთულ ეკონომიკურ გარემოში აწარმოებდა ხვანჭკარას, თეთრას, მშრალ ალექსანდროულს, ტვიშსა და ოჯალეშს. 

ერთი ქარხნის მაგალითი კარგად წარმოაჩენს, ზოგადად, რაჭის მეღვინეობის უკანასკნელი ათწლეულების ისტორიას. 

1992 წელს, როცა კახამ ქარხანაში დაიწყო მუშაობა, საქართველოში ძლიერი ეკონომიკური კრიზისი იყო. ქარხანაში წამოება შეჩერებული იყო და  ნომინალურად ფუნქციონირებდა. 1996 წლიდან გამოჩნდა ინვესტორი და იმ წელს, ჯერ კიდევ ეკონომიკური კრიზისის პირობებში ჭრებალოს ღვინის ქარხანამ 20 ტ. ყურძენი გადაამუშავა. ნელ-ნელა წარმოების მასშტაბები გაიზარდა და 2002-2003 წლებში მისი ხვანჭკარა რუსეთის ბაზარზე უკვე ცნობადობით სარგებლობდა. რეალიზაციის მასშტაბები, მხოლოდ რუსეთში, 100 000 ბოთლს აღწევდა. 

ეს იყო საწარმო, რომელმაც 90-იან წლების კრიზისის პერიოდში პირველმა მისცა დასრულებული სახე ღვინის წარმოებას. სხვა ქარხნები მართალია, ფლობდნენ ვენახებს, იღებდნენ ყურძენს, მაგრამ ზოგადად, ღვინის პროდუქტსა და ბრენდს - „ხვანჭკარა“ 90-იანი წლების რაჭაში პირველად, სწორედ, ჭრებალოს ღვინის ქარხანა ქმნიდა. ამას მოჰყვა ხვანჭკარასა და ამბროლაურის ღვინის საწარმოები. 2000-იანი წლებიდან კი რაჭის რეგიონით დიდი კომპანიები - GWS, თელიანი ველი და სხვები დაინტერესდნენ. ამ პერიოდიდან იწყება მსხვილი კომპანიების მიერ ხვანჭკარას წარმოება და, შესაბამისად, რეგიონში მევენახეობის გაფართოება. 

როგორც ყველა მეღვინეობა, რომელიც ერთ დომინანტ ბაზარზე იყო დამოკიდებული, რუსეთის მიერ ემბარგოს დაწესების შემდეგ ჭრებალოს ქარხანა დიდი ფინანსური პრობლემების წინაშე დადგა. 2006 წლის შემდეგ მან წარმოება შეაჩერა. კახა ბუგეულის ღვინის ქარხანაში მიიწვიეს, სადაც, უკვე სხვა მიმართულებით განვითარდა წარმოება - ახალი ინფრასტრუქტურა, შესაბამისად, ახალი ტექნოლოგიები. ხის კასრები უჟანგავმა ცისტერნებმა ჩაანაცვლა. 

ბუგეულის ქარხანა 2003 წლიდან ფუნქციონირებს. კახამ აქ მთავარ მეღვინე-ტექნოლოგად 2008 წლიდან დაიწყო მუშაობა. საწარმოს თავისი ვენახები აქვს, საიდანაც 50-60 ტ. ყურძენს იღებენ, თუმცა, ძირითად მიმწოდებლებად კვლავ გლეხები რჩებიან. როგორც კახა აღნიშნავს, ფერმერული მეურნეობების წინაშე რაჭაში, საკმაოდ მწვავედ დგას ნერგების ხარისხის პრობლემა. თუკი მსხვილი კომპანიები თავიანთ ვენახებს სერტიფიცირებული ნიმუშებით გააშენებენ, გლეხები ამას ვერ ახერხებენ, რაც ყურძნის ხარისხზეც შესაბამისად აისახება. 

2014 წელს ბუგეულის საწარმომ სახელმწიფოს იაფი კრედიტით ისარგებლა, თუმცა, წარმოების გაფართოება დიდ ბაზრებზე კრიზისისა და ლარის გაუფასურების პროცესებს დაემთხვა, ეს კი პოტენციურად, დიდი რისკების შემცველი გახდა მათი ბიზნესისთვის. 

ბუგეულის საწარმოს მსგავსად, რუსეთის ემბარგოს გაუქმებით დაიმედებულმა რაჭველმა ფერმერებმა 2014 წელს მასშტაბურად დაიწყეს ვენახების გაფართოება და ისინიც საკმაოდ მწვავე პრობლემების წინაშე დადგნენ. რეგიონში დიდი კომპანიების მხრიდან, აშკარად, იკლებს ინტერესი ალექსანდროულისა და მუჯურეთულის ჯიშებისადმი, რაც, მათი მთავარი შემოსავლის წყაროა. კახა გორდეზიანის თქმით, ამ უარყოფით მოვლენას შეიძლება, დადებითი ეფექტებიც ჰქონდეს და ფერმერებს დამოუკიდებლად მოუხდეთ ამ ჩიხიდან გამოსავლის პოვნა, მაგალითად, შეუდგნენ საკუთარი სავენახე რესურსების გამოყენებას თავიანთ მეღვინეობებში, სცადონ ახალი ბაზრების მოძიება და სხვ. 

2004 წელს კახა ჩართული იყო GDZ-ის პროექტში „ღვინის ხარისხის სისტემის შექმნა საქართველოში“, რომლის ფარგლებშიც მან წარმატებით გაიარა კონკურსი და სახელმწიფო სადეგუსტაციო კომისიის წევრი გახდა. 2004 და 2008 წლებში, ამავე პროექტის ფარგლებში, ორჯერ ესტუმრა გერმანიას, მაისენის მხარეს და გაეცნო კოოპერაციული მუშაობის იქაურ პრაქტიკას. ეს მოდელი - მევენახეებისა და მეღვინეების თანამშრომლობითი საქმიანობა -მისთვის განსაკუთრებით საინტერესო აღმოჩნდა, თუმცა თვლის, რომ საქართველოში ამგვარი კოლაბორაციის დამკვიდრებას ამ მიმართულებით ფერმერების ცნობიერების ამაღლება სჭირდება. ჯერჯერობით, გლეხები სწრაფი სარგებლის მიღებას ამჯობინებენ - „დღევანდელი კვერცხის“ პრინციპით; ბიზნესის გრძელვადიანი ხედვის გამჭრიახობას ნაკლებად ავლენენ. გარდა ამისა, მამა-პაპათა მიერ ბუნების დაკვირვებებზე დაფუძნებული ცოდნა დღეს მივიწყებას ეძლევა, ან ამ დაკვირვებებს მითები ჩაანაცვლებს. ახალ ცოდნას გლეხების დიდი ნაწილი საკმაოდ სკეპტიკურად უყურებს. ბევრ მათგანს ახლის სწავლის სურვილი არ აქვს. 

კახა ოჯახურ მეღვინეობასაც უძღვება. 2003-2006 წლებში ის საკუთარ ვენახებს აშენებდა სოფ. ჟოშხაში, ჭრებალოს თავზე. მისი სოფელი, მართალია, ზღვის დონიდან 450 მ-ზეა, დაახლოებით, თბილისის სიმაღლეზე, მაგრამ ვენახები საკმაოდ რთულ რელიეფზეა გაშენებული, რაც დიდ ფიზიკურ შრომას ითხოვს. თავისი ვენახებიდან ის 5 ტონამდე ყურძენს იღებს. საკუთარ ეზოში მცირე სანერგეც აქვს მოწყობილი, რომელსაც სხვადასხვა რაჭული და ლეჩხუმური ჯიშებით ამდიდრებს - ალექსანდროული, მუჯურეთული, რაჭული საფერავი, რაჭული მცვივანი, წულუკიძის თეთრა, უსახელოური, ლეჩხუმური ოჯალეში და სხვ. 

საოჯახო მეღვინეობას, რომელსაც კახა და თავისი ბიძაშვილი უძღვებიან, Gordeziani Family Wines (GFW) ჰქვია. სახელი, ალბათ, უკვე ის გზავნილია, რომელიც რაჭის თანამედროვე მეღვინეობის, ახალი ისტორიის ტენდენციას გამოხატავს. ეს არის, დასავლეთის ბაზრებზე თავის დამკვიდრების საფუძვლიანი და ჯანსაღი ამბიცია; გარდა ამისა, გზავნილი - „ოჯახური“, წარმოადგენს ბრენდს, რომელიც ამ ახალ ბაზრებს ავთენტურ და უნიკალურ ქართულ პროდუქტს სთავაზობს. 

კახა ფიქრობს, რომ მეღვინეობა არამხოლოდ მისი პერსონალური გადაწყვეტილება და ნება, არამედ, პირველ რიგში, პასუხისმგებლობაა. მათმა თაობამ შვილებს სწორად უნდა მიაწოდონ ეს კულტურა, რათა სხვადასხვა ფაქტორების გამო, ტრადიცია არ შეწყდეს. ამიტომ განსაკუთრებით ოპტიმისტია იმ დროს, როცა საუბრობს საკუთარი შვილების შესახებ. ქალიშვილს, მეთორმეტეკლასელ მარიამს უკვე მიღებული აქვს გადაწყვეტილებს, რომ მამის საქმიანობა გაგრძელოს. 

ვაზი, ღვინო ურთიერთობაა. ის და ადამიანი ურთიერთს იზიდავენ და ერთმანეთში მსგავს ხასიათებს პოულობენ, ათვინიერებენ ერთმანეთს - ასე თვლის კახა გორდეზიანი. მისი დაკვირვებით, რაჭაში განსაკუთრებული თავმდაბლობით, შრომისმოყვარეობითა და კეთილშობილებით იმ მხარეებში გამოირჩევიან, სადაც ვაზთან მუშაობენ. ვაზისა და ღვინის მეგობარი კი ზომიერია როგორც ადამიანებთან ურთიერთობაში, ასევე, ღვინის მოხმარებაში. 

© საქართველოს ღვინის კლუბი, ღვინის საინფორმაციო ცენტრი. 



gvinis falsificirebaze unda gamkacrdes sanqciebi. rusetis bazari ar aris xarisxze orientirebuli da mgonia rom msxvili kompaniebis interesis shemcireba rac zemot wavikitxe amitaa gamowveuli.

თქვენი კომენტარი

თქვენი ელ-ფოსტა არ გამოქვეყნდება
  • Web page addresses and e-mail addresses turn into links automatically.
  • No HTML tags allowed

More information about formatting options

საქართველოს ღვინის რუკა
თქვენ შეგიძლიათ დაეხმაროთ ჩვენს ბლოგს "PayPal"-ის საშუალებით.