Home
ქართული | English
დეკემბერი 2024
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
2526272829301
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
303112345

შეიძინეთ ჩვენი წიგნები ღვინის მაღაზიებში

მულტიმედია

კომენტარები

ღვინის მოყვარულიდან Berlin Wine trophy-ს ჟიურის წევრობამდე - ინტერვიუ აურიკა კროიტორთან

აურიკა კროიტორი ღვინის ინდუსტრიაში უკვე მრავალი წელია მუშაობს, თავდაპირველად ის ღვინის საწარმოს მენეჯმენტითა და სასტუმროს მართვით იყო დაკავებული, შემდეგ თანდათან თავისი ცოდნაც დახვეწა, უფრო მეტი გამოცდილება შეიძინა, ახლა კი მიწვეული ჟიურის წევრია Berlin Wine Trophy-სა და Korea Wine Challenge-ზე, სადაც ასევე ქართული ღვინის შესახებ მასტერკლასებს ჩაატარებს.

-როგორ აღმოჩნდით ღვინის სფეროში და როგორ დაიწყო თქვენი “მოგზაურობა” ღვინის სამყაროში?

-ამ სფეროში სრულიად შემთხვევით მოვხვდი, ჩემმა მეგობარმა, რომელთან ერთადაც ადრე სხვა მიმართულებით ვმუშაობდი, შატოს სტილის მეღვინეობა გახსნა, სადაც მენეჯერი სჭირდებოდათ. ამ ადგილს დღეს “შატო მოსმიერი” ჰქვია, თავიდან კომპანიის მართვით დავიწყე, საბოლოო ჯამში კი, როგორც კი პროდუქტი გაჩნდა, მის შეფუთვაზე, იმიჯსა და მარკეტინგზე დავიწყე მუშაობა. რაღაც ეტაპამდე ამ პროექტში სრულიად მარტო მომიწია ყოფნა და გამკლავება რესტორნის მართვის, მენიუს შედგენის, ტურისტულ კომპანიებთან ურთიერთობის, სტუმრებთან მოლაპარაკებისა და ღვინის გამოფენებზე პროდუქტის წარდგენის საკითხებთან. მანამ, სანამ იმდენად არ გავფართოვდით, როცა რაღაც საკითხების დელეგირება და გადანაწილება შევძელით. მერე ავიყვანეთ ექსპორტ-მენეჯერი, შემდეგ სასტუმროს მენეჯერი და ა.შ. ნელ-ნელა ღვინოსთან ურთიერთობა ძალიან შემიყვარდა, გავიარე კურსები უკვე ნამუშევარი და შესწავლილო. მქონდა ბევრი რამე ამ დარგში, რადგანაც უშუალოდ მიწევდა მაგალითად მევენახის კურირება, მეღვინეებთან მუშაობა სხვადასხვა საკითხებში, ღვინის დაჭაშნიკება, შესაბამისად მისი შესწავლა, გაცნობა და ა.შ. 

-როგორ აღმოჩნდით Berlin Wine Trophy-ზე ჟიურის ერთადერთ ქართველ წევრად იმ პერიოდში?

-რამდენიმე წლის წინ იყო ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროექტი, რომელშიც მონაწილეობა მიიღო ოთხმა ქვეყანამ, თითო ქვეყნიდან იყო ორი მეღვინე ან მეღვინეობის წარმომადგენელი. იქ გავიცანი მეღვინეები, რომლებთანაც დღემდე ძალიან კარგი ურთიერთობა მაქვს, ბევრ საკითხში ვეხმარებით ერთმანეთს და ვუზიარებთ გამოცდილებას. ერთ-ერთი მეღვინე მოლდოვიდან აღმოჩნდა ჟიურის წევრი რამდენიმე კონკურსზე, რომელმაც ერთ მშვენიერ დღეს Berlin Wine Trophy-ზე მონაწილეობის მიღება შემომთავაზა ჟიურის ამპლუაში. მას შემდეგ, 2020 წლიდან, უკვე მესამე წელია, რაც კონკურსზე ჩავდივარ ბერლინში. Berlin Wine Trophy-ზე შედარებით უფრო ადრე წლების განმავლობაში დადიოდნენ ქართველი ექსპერტები, თუმცა როცა მე ჩავედი, ერთადერთი ქართველი ჟიურის წევრი ვიყავი მთელ კონკურსზე. 

-მოგვიყევით ცოტა რამ დეგუსტაციის შესახებაც, როგორ ხდება ღვინოების ჭაშნიკი და პროცესი როგორია?

-როცა ასეთი დიდი რაოდენობის ღვინოა გასასინჯი და მით უმეტეს, როდესაც სულ სხვადასხვა ხარისხის პროდუქციაა, ძალიან რთულია შეფასება. ხდება ხოლმე ისეც, რომ, მაგალითად, ბორდოს ღვინოს ჰქონდეს დაბალი შეფასება, ჩინურს კი პირიქით. გასინჯვისას ჩვენ ხომ რეალურად ვიცით მხოლოდ ჯიში, წელი და ღვინის კატეგორია. მხოლოდ ქულების მინიჭების შემდეგ იხსნება ფანჯარა, სადაც უკვე ვხედავთ ღვინის წარმოების ადგილს. თუმცა ყველამ ვიცით, რომ თუ გვაქვს, მაგალითად, რისლინგი, იქ სხვა მოლოდინი გვაქვს, თუ მერლო - სხვა. სიმართლე რომ გითხრათ, ქართული ღვინის შესახებ გაგონილი აქვთ უმეტესწილად, თუმცა ცოდნა არ აქვთ. 

-რაიმე შემთხვევა ხომ არ გახსენდებათ ქართულ ღვინოსთან დაკავშირებით Berlin Wine Trophy-ზე? 

-კონკურსზე იმისათვის, რომ საქართველოდანაც ბევრი ნიმუში მიეღოთ, აუცილებლად უნდა ჰქონოდათ წითელი, თეთრი და ვარდისფერი ღვინოების კატეგორიასთან ერთად ქარვისფერი ღვინის კატეგორიაც. შარშან ორგანიზატორებთან საუბრის შემდეგ შემოიღეს პირველად და ქართული ღვინოების მიიღეს. სიტუაცია ისეთია, რომ ჟიურის წევრებს ღვინის სფეროს სხვადასხვა ნაწილთან აქვთ შეხება, მაგრამ ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ცოტამ თუ იცის ქვევრის ღვინის შესახებ. შეიძლება იცოდნენ ქართული კლასიკური დაწურვის ღვინის შესახებ, თუმცა ის, რომ ქვევრის ღვინოს არ იცნობენ, შეფასების ნაწილს ცოტა ართულებს. ჩვენს შემთხვევაში ზუსტად ეს სცენარი იყო, რომ მე და ირაკლი ჩოლობარგიამ მაღალი შეფასება დავუწერეთ ქვევრის ღვინოს, თუმცა პრეზიდენტისთვის, რომელიც გერმანელი იყო და სომელიესთვის, რომელიც ასევე არ იცნობდა ქვევრის ღვინოს, მაღალი შეფასება გაუგებარი აღმოჩნდა. ამის შემდეგ დავიწყეთ ახსნა, თუ რას ნიშნავს ქვევრში დავარგებული თეთრი ღვინის კატეგორია, რომელიც ჩვენს შემთხვევაში 3-6 თვეც კი არის. ამან შედეგი გამოიღო, პრეზიდენტი იმდენად დაინტერესდა, რომ დღეს ჩვენი პარტნიორია და ჩვენთან თანამშრომლობასთან ერთად ქართული ქვევრის დამატებას თავის პორტფოლიოშიც აპირებს. 

-რა შეიძლება იყოს ქართველი ჟიურის წევრის მიზანი, თუ შეიძლება ასე ითქვას, კონკურსზე?

-პირველ რიგში ის, რომ ქართული ღვინო უფრო უკეთ გავაცმო უცხოელ ღვინის მცოდნეებს. მინდა გავუზიარო ის ცოდნა, დამოკიდებულება და სიყვარული, რაც მე მაკავშირებს ჩვენს ღვინოსთან. ეს კი იმიტომ, რომ მათ გაუადვილდეთ ქართული ღვინის მიღება და აღიარება, რადგან მიუხედავად ყველაფრისა მომხმარებელს მაინც ძალიან უჭირს ქვევრის ღვინის აღქმა, სწორად შეფასება, დაგემოვნება და მისით სიამოვნების მიღება. მე ყოველ იქ ჩასვლაზე თან მიმაქვს 6-7 ქართული ბოთლი ღვინო და შიდა დეგუსტაციებს ვატარებ. ახლა უკვე 8000-ში წავიყვან რამდენიმე ჟიურის წევრს და იქ გავასინჯებ ქართულ ღვინოებს.

-თქვენ ღვინის მარკეტინგის მიმართულებითაც მუშაობდით. რა არის ის მთავარი საკითხები, რაც აუცილებლად გასათვალისწინებელია, როდესაც პროდუქტი დიდ ბაზარზე გაგაქვს ისე, რომ მისით მომხმარებელი დაინტერესდეს?

-პირველ რიგში, აუცილებლად უნდა იცოდე, ვინ რითი არის დაინტერესებული, რას ანიჭებენ უპირატესობას. როცა საზღვარგარეთის ბაზარზე გატანაზეა ორიენტირებული ღვინის მწარმოებელი, უნდა გაითვალისწინოთ, რა ღვინოები მოსწონთ მათ. მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ ქვევრის ღვინით ვამაყობთ, მნიშვნელოვანია, რომ ევროპაში ყველაზე წარმატებით მაინც კლასიკური ღვინოები იყიდება, რადგან ფაქტი ფაქტად რჩება, რომ შეუჩვეველსა და უცხოს, უფრო მეტად ნაცნობ ღვინოს ამჯობინებენ. გააჩნია ბაზარსაც, მაგალითად, გერმანელებისთვის ძალიან საინტერესო აღმოჩნდა თეთრი ნახევრად მშრალი ქართული რქაწითელი, რომელიც ძალიან ჰგავს მათ ნახევრად-მშრალ რისლინგს. მიუხედავად იმისა, რომ განსხვავებულია, მაინც აქვთ რაღაც საერთო. შესაბამისად, გასათვალისწინებელია მომხმარებელთა ინტერესები ღვინის წარმოების დაწყებისასაც.

© ღვინის კლუბი/vinoge.com

თქვენი კომენტარი

თქვენი ელ-ფოსტა არ გამოქვეყნდება
  • Web page addresses and e-mail addresses turn into links automatically.
  • No HTML tags allowed

More information about formatting options

საქართველოს ღვინის რუკა
თქვენ შეგიძლიათ დაეხმაროთ ჩვენს ბლოგს "PayPal"-ის საშუალებით.