Home
ქართული | English
დეკემბერი 2024
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
2526272829301
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
303112345

შეიძინეთ ჩვენი წიგნები ღვინის მაღაზიებში

მულტიმედია

კომენტარები

ღვინის წარმოება ევროპაში: 2024 წლის ძირითადი მონაცემები

2024 წელს ევროკავშირში ღვინის წარმოება 144 მილიონ ჰექტოლიტრს აღწევს, რაც გასული წლის მაჩვენებელთან შედარებით 3%-ით, ხოლო ბოლო ხუთი წლის საშუალოსთან შედარებით 10%-ით ნაკლებია. ეს შემცირება კლიმატური პირობებისა და ეკონომიკური გამოწვევების შედეგია, რაც პირდაპირ აისახა ღვინის წამყვანი მწარმოებელი ქვეყნების მონაცემებზე.

იტალია კვლავაც ლიდერობს ღვინის წარმოებით და 41 მილიონ ჰექტოლიტრს აწარმოებს, რაც 2023 წელთან შედარებით 7%-იანი ზრდის მაჩვენებელია. მიუხედავად ამისა, ეს რიცხვი ხუთწლიან საშუალოზე 12%-ით ნაკლებია. იტალიის ჩრდილოეთ რეგიონებში გაზაფხულის ჭარბმა წვიმამ და სეტყვამ ვენახების მოვლა გაართულა, ხოლო სამხრეთში გვალვა და წყლის დეფიციტი გახდა პრობლემა. აგვისტოს მცირე ნალექმა სიტუაცია ვერ განტვირთა და მოსავლის აღება ადრე დაიწყო ზოგიერთ რეგიონში. მიუხედავად პრობლემებისა, 2024 წლის მოსავალი მაღალ ხარისხს გვპირდება.

ესპანეთის წარმოებამ 38.1 მილიონ ჰექტოლიტრს მიაღწია, რაც გასული წლის მაჩვენებელთან შედარებით 18%-იანი ზრდაა. ყველაზე მაღალი ზრდა დაფიქსირდა კასტილა-ლა მანჩაში (23%). თუმცა კატალონიაში, ვალენსიასა და მურსიაში წყლის დეფიციტმა წარმოება ხშირ შემთხვევაში შეამცირა, ან გასული წლის დონეზე დატოვა. კლიმატის ცვლილების გავლენით მოსავლის აღება აქაც ადრე, ზოგ რეგიონში ივლისის შუა რიცხვებიდან დაიწყო.

საფრანგეთში წარმოება 37.4 მილიონ ჰექტოლიტრამდე შემცირდა, რაც გასული წლის მაჩვენებელზე 22%-ით ნაკლებია. გაზაფხულის ცივი და წვიმიანი ამინდები ყვავილობას ხელს უშლიდა, სეტყვამ, ყინვამ და ჭრაქმა კი სიტუაცია კიდევ უფრო გაართულა. 

გერმანიაში წარმოება 8.7%-ით შემცირდა. განსაკუთრებით დაზარალდა საქსონია-ანჰალტის მხარე, სადაც მოსავლის პოტენციალის მხოლოდ 20% იქნა გამოყენებული. თუმცა ხარისხის კუთხით, როგროც Vinotur გვამცნობს, მოსავალი კარგ შეფასებას იმსახურებს.

პორტუგალიაში წარმოება 8%-ით შემცირდა და 6.9 მილიონ ჰექტოლიტრს შეადგენს, ხოლო ავსტრიაში 19%-იანი კლება დაფიქსირდა, რაც გაზაფხულის ყინვამ და ზაფხულის ძლიერმა ნალექმა გამოიწვია. რუმინეთის წარმოება 25%-ით შემცირდა, ხოლო ნიდერლანდებში კლება 45%-ს აღწევს.

ინფლაციის ზრდა და მიწოდების ჯაჭვში გაძვირებული (შუშის, ტრანსპორტის, სასუქების) ხარჯები მწარმოებლებისთვის დამატებითი სირთულე აღმოჩნდა. ექსპორტის ბაზრების გაძლიერება, საერთაშორისო კონკურენცია და კლიმატის ცვლილებასთან ადაპტაცია კი ევროპული ღვინის სექტორის მთავარი გამოწვევებია.

Copa-Cogeca-ს მეღვინეობის ჯგუფის პრეზიდენტმა, ლუკა რიგოტიმ, აღნიშნა, რომ ევროპელი მეღვინეები კლიმატურ და ეკონომიკურ გამოწვევებს დიდი გამძლეობით და ინოვაციური მიდგომებით უპირისპირდებიან, რაც სექტორის მომავალს იმედისმომცემს ხდის.

© ღვინის კლუბი/vinoge.com

თქვენი კომენტარი

თქვენი ელ-ფოსტა არ გამოქვეყნდება
  • Web page addresses and e-mail addresses turn into links automatically.
  • No HTML tags allowed

More information about formatting options

საქართველოს ღვინის რუკა
თქვენ შეგიძლიათ დაეხმაროთ ჩვენს ბლოგს "PayPal"-ის საშუალებით.