Home
ქართული | English
დეკემბერი 2024
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
2526272829301
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
303112345

შეიძინეთ ჩვენი წიგნები ღვინის მაღაზიებში

მულტიმედია

კომენტარები

ღვინის კლუბმა ახალი ღვინის ფესტივალისათვის ოჯახური ღვინოები შეარჩია

ლევან სეფისკვერაძე

24 მაისს დაგეგმილ ახალი ღვინის ფესტივალის მოახლოვებას ღვინის მოყვარულები განსაკუთრებული ემოციით ელიან, თუმცა მათზე მეტად ის მეღვინეები ნერვიულობენ, რომელთა ღვინოებსაც საფესტივალო შერჩევა–დეგუსტაცია უნდა გაეარა. როგორც იცით, გლეხებისა და მცირე მარნების მიერ საფესტივალოდ წარმოდგენილ ოჯახის ღვინოებს ღვინის კლუბის წევრები და მოწვეული ღვინის სპეციალისტები წინასწარ სინჯავენ და მხოლოდ შიდა დეგუსტაციის შემდეგ მიიღება გადაწყვეტილება ამათუიმ ღვინის ფესტივალზე დაშვებასთან დაკავშირებით. ეს სწორი და გამართლებული მიდგომაა თუნდაც იმიტომ, რომ ფესტივალზე არ გაიპაროს ღვინის ისეთი უხარისხო ნიმუშები, რომლებიც ფესტივალის იმიჯის გარდა, ზოგადად ქართულ მეღვინეობასაც დააზარალებს.

რიგით  მეხუთე ახალი ღვინის ფესტივალისათვის ღვინოების შერჩევა გასულ კვირას, ნატურალური ღვინის ბარ “ღვინო ანდეგრაუნდიში“ გაიმართა, სადაც ქართველი გლეხების მიერ წარმოდგენილი 84 ღვინის ნიმუში გაისინჯა და “მწვანე შუქი“ გასინჯულთაგან თითქმის ნახევარს აენთო. შერჩევა–დეგუსტაციაზე ღვინის დაგემოვნება ღია წესით ჩატარდა და როგორც ღვინის კლუბის წევრებმა (დეგუსტაციის ორგანიზატორებმა), ასევე მოწვეულმა ღვინის ექსპერტებმა იცოდნენ ღვინის რა ნიმუშს სინჯავდნენ.

ღვინის შერჩევის კრიტერიუმები იყო შემდეგი: 1. ღვინო არ უნდა ყოფილიყო დაავადებული. 2. ღვინის ნიმუში უნდა ყოფილიყო ტიპიური, ანუ ყველა ჯიშს უნდა ჰქონოდა მისთვის დამახასიათებელი გემო, ფერი და სურნელი. 3. არ დაიშვებოდა ჰიბრიდული ყურძნის ჯიშებისგან დაწურული ღვინოები 4. არც ერთ რეგიონს არ ენიჭებოდა უპირატესობა. მთავარი იყო ზემოთდასახელებული სამი კრიტერიუმი არ დარღვეულიყო.

დეგუსტაცია პარალელურად ორ მაგიდაზე მიმდინარეობდა და იმის გამო, რომ ბევრი ღვინო იყო გასასინჯი, ღვინის სპეციალისტები ორ ჯგუფად გაიყვნენ და სხვადასხვა ნიმუშებს პარალელურად სინჯავდნენ და აფასებდნენ ისე, რომ ერთი ჯგუფის გასინჯულ ღვინოს მეორე არ სინჯავდა და მათი გადაწყვეტილებებიც იმპერატიულად მიიღებოდა. თუმცა, საჩოთირო და საჭოჭმანო ნიმუშების შემთხვევაში ერთი ჯგუფი მეორეს აზრს მუდამ ეკითხებოდა, რადგან არავის სურდა რომელიმე ღვინის ნიმუში უსამართლოდ დაჩაგრულიყო და ფესტივალზე ვერ მოხვედრილიყო და პირიქით – ფესტივალზე მდარე ღვინო გასულიყო.

ღვინის სპეციალისტების აზრი ორივე სადეუსტაციო მაგიდაზე ხშირად იყოფოდა და გადაწყვეტილებები ხმის მიცემითა და საერთო კონსენსუსით მიიღებოდა. დეგუსტაციის შეფასებებიც განსხვავებული იყო. ღვინის ექსპერტთაგან შერჩევა–დეგუსტაციით ყველაზე კმაყოფილი მეღვინე დავით ჩიჩუა დარჩა.  

დავით ჩიჩუა, მეღვინე, ღვინის ექსპერტი: “მთლიანობაში სასიამოვნო შთაბეჭდილება დატოვეს წარმოდგენილმა ღვინოებმა. განსაკუთრებით ეს თეთრ ღვინოებს ეხებათ. ყველაზე საინტერესო ტენდენცია ისაა, რომ თუკი აქამდე კარგი ღვინოები ძირითადად კახეთიდან იყო წარმოდგენილი, ახლა დასავლეთიდან და განსაკუთრებით ქართლიდან წარმოდგენილი ნიმუშები იყო ჩვენთვის ყველაზე სასიამოვნო აღმოჩენა. ჩვენს მიერ გასინჯული თითქმის ყველა ქართლური ღვინო ხარისხიანი იყო და მათ ღვინის მოყვარულები ფესტივალზე დააგემოვნებენ.

მთლიანობაში კარგი წელიწადი იყო და საინტერესოა, რომ შაბლონური ტრაფარეტული ღვინოების გარდა რამდენიმე გაბედული ექსპერიმენტიც ვნახეთ. ეს უკვე ნიშნავს იმას, რომ კონკრეტული ადამიანები ღვინის დაყენებას მოწაფის პოზიციიდან აღარ უყურებენ და თავის თავს შემოქმედებითი გასაქანის უფლებას აძლევენ, რაც მისასალმებელია. მეღვინე უნდა იყოს შინაგანად თავისუფალი და შემოქმედი ადამიანი.  

წითელ ღვინოებში გვქონდა რამოდენიმე უსიამოვნო სიურპრიზი. იყო აშკარად ჰიბრიდული ჯიშებისგან დაწურული ღვინოები და ჩვენ. მიუხედავად იმისა, რომ მცდელობებს მივესალმებით, ჰიბრიდული ჯიშების წახალისებას არ ვაპირებთ და ყველა ასეთი ღვინო მოვხსენით ფესტივალის პროგრამიდან. მთლიანობაში წინა წლისგან განსხვავებით მცირე, მაგრამ პროგრესი მაინც სახეზეა. პირველი ფესტივალის ღვინოების ხარისხს ამას საერთოდ არც შევადრი, რადგან მაშინ ბევრად ცუდი სურათი იყო. ფესტივალს უკევ სტაბილური მონაწილეებიც ყავს და ეს მეტად სასიხარულოა“.

დავით ჩიჩუა ღვინის კლუბის შიდა დეგუსტაციების ხშირი სტუმარი გახლავთ. მისი კოლეგა მიშა მესხმა კი წინასაფესტივალო ღვინოების შერჩევაში მონაწილეობა წელს პირველად მიიღო და დეგუსტაციის პროცესში ძალიან აქტიური იყო. იგი მიიჩნევს, რომ ღვინოების ზოგადი ხარისხი დამაკმაყოფილებელია, თუმცა ეს დიდი საქმის მხოლოდ მცირე ნაწილია.

მიშა მესხი, ღვინის სპეციალისტი: “ზოგადად მივესალმები ღვინის კლუბის ნოვაციებსა და ახალი ღვინის ფესტივალს, რომელიც უკვე ტრადიციადაა ქცეული. ასევე დადებით მოვლენად ვთვლი ასეთ დეგუსტაციებს, რადგან ფესტივალი გახდა უმნიშვნელოვანესი დღე ქართულ მეღვინეობაში და ჩვენი ვალდებულებაა, რომ ფესტივალზე მხოლოდ ღირსეული ღვინოები მოხვდეს.

დღევანდელ დეგუსტაციაზე იყო ბევრი საინტერესო ნიმუში, იყო ახლებური მიდგომები და მცდელობები, რასაც მივესალმები. მთავარია, რომ მეღვინეები ზრუნავენ დარგის განვითარებაზე და ოჯახური ღვინის მწარმოებლებიც უკვე თავს ვალდებილად თვლიან, რომ ხარისხი მეტად გააკონტროლონ. თუმცა გასინჯულმა ნიმუშებმა პრობლემებიც აჩვენა. განსაკუთრებით ღვინის დაავადებები: მქროლავი, თაგვი, და სხვა... იყო ბევრ ღვინოში, რამაც იძულებული გაგვხადა ეს ნიმუშები დაგვეწუნებინა. შეგვხვდა ჰიბრიდული ნიმუშები და არატიპიური ღვინოებიც, რაც არის მისახედი და გამოსასწორებელი.

სადაც ყურძენი ხარობს,  ყველა ქვეყანამ დაიწყო ნორმალური ღვინის მასობრივად წარმოება. ჩვენც ვალდებულნი ვართ, რომ შეიცვალოს მიდგომები და ბოთლის ღვინის კულტურა დაინერგოს. ჩვენთან არსებობს “ბოცის ღვინის კულტურა“, რაც კარგი ჩემის აზრით სულაც არ არის“.

ღვინის ექსპერტი გიორგი სამანიშვილის შეფასებით, გასინჯული ღვინოების დიდი ნაწილი უხარისხო და უინტერესო იყო. სამანიშვილი ასევე სწუხს იმაზე, რომ გლეხების დიდი ნაწილი კვლავ არ იცავენ ღვინის ჰიგიენის ელემენტარულ ნორმებს და ამის გამო დაავადებული ღვინოები წელს ძალიან ბევრი იყო.

გიორგი სამანიშვილი, ღვინის ექსპერ: “პრობლემა წინა შერჩევის დროსაც იგივე იყო. ღვინოებს ერთიდაიგივე ზადი და დავადებები აქვს. ღვინოების ძირითადი პრობლემები არის უსუფთაობა და მიკრობიოლოგიური სიბინძურე. ცოტა მეტი სისუფთავით, ცოტა გოგირდის ჩაბოლებით შეიძლებოდა უკეთესი ღვინოების მიღება, მაგრამ ამას ბევრი მაინც არ აკეთებს სამწუხაროდ. ღვინების უმრავლესობას ეტყობოდა, რომ ყურძენი კარგი სიმწიფის პერიოდში იყო დაკრეფილი და დაწურული, და შესაბმისად პოტენციალიც დიდი იყო. მაგრამ, რამდენიმე შეცდომის გამო ღვინო ბოლომდე კარგი არ გამოვიდა. თუმცა ისეთი ნიმუშებიც იყო, რომლებსაც სიმწიფე აკლდათ.

მაგალითად გავსინჯეთ ოჯალეში, რომელსაც სავარაუდოდ სიმწიფე აკლდა და ჩანდა, რომ კლერტი მაქსიმალურად იყო “გამოქაჯული“, რაც ღვინის გემოს ეტყობოდა. ჩვენმა მაგიდამ ღვინის 42 ნიმუში გასინჯა და ვერც ერთ ნიმუშზე ვერ ვიტყვი, რომ განსაკუთრებულად მომეწონა. მეტ–ნაკლებად მომეწონა უსახელოურის ერთ–ერთი ნიმუში, თუმცა დიდი აღფრთოვანება ჩემში არც მას გამოუწვევია. მაგრამ მე მაინც მაქვს იმედი, რომ მომავალში პრობლემები მოგვარდება“.

გიორგი სამანიშვილის პოზიციას მეტ–ნაკლებად იზიარებს ღვინის ეროვნული სააგენტოს წარმომადგენელი, ღვინის სპეციალისტი ირაკლი ჩოლობარგია. ჩოლობარგიას თქმით, გასინჯულმა ნიმუშებმა დაარწმუნა, რომ ნიმუშების ძირითადი პრობლემა იყო ე.წ. სიმწიფის პრობლემა, ანუ ყურძენი ნაადრევად იყო მოკრეფილი და ეს ღვინოების ხარისხზე უარყოფითად აისახა.

ირაკლი ჩოლობარგია: “ძირითადი პრობლემები მე რაც დავინახე არის  სიმწიფის პრობლემა. ასევე ბევრი ღვინო შენახული იყო პლასტმასის ჭურჭელში და მათი ზადი ამითაც იყო განპირობებული. ანუ ძირითადად პრობლემები იყო ტექნიკური ხასიათის. გასინჯული ნიმუშებიდან განსაკუთრებით პრობლემური იყო დასავლეთ საქართველოს ნიმუშები, თუმცა დეგუსტაციაზე ჩემი ფავორიტი ღვინო მაინც იმერული ღვინო გახლდათ. ეს ნიმუში იყო ოცხანური საფერეს წვენზე დადუღებული ციცქა–ცოლიკოური. ასეთ ექსპერიმენტებს ვფიქრობ დაფასება სჭირდება. 

ამ დეგუსტაციის დროს მე გამიჩნდა იდეა, რომ ფესტივალზე დავუშვათ უკვლებლივ ყველა ღვინო და იქვე, ფესტივალზევე მეღვინეებს ავუხსნათ რა პრობლემები აქვთ მათ ღვინოებს, რომ შემდეგში ეს პრობლემები და ნაკლოვანებები მოაგვარონ. თუმცა წლევანდელი ფესტივალის ფორმატში ასეთი რამის გაკეთება ალბათ რთული იქნება. იქნებ მომდევნო ფესტივალებზე მაინც ჩატარდეს მსგავსი ერთგვარი ლექცია, რაც მე მნიშვნელოვნად მიმაჩნია“.

ბოლოს გთავაზობთ იმ ოჯახური ღვინოების სიას რომელთა გასინჯვაც 24 მაისს, ტრადიციულად ეთნოგრაფიულ მუზეუმში გამართულ ახალი ღვინის მეხუთე ფესტივალზე ღვინის მოყვარულებს შეეძლებათ. სასიხარულოა, რომ წარმოდგენილ ნიმუშთაგან ბევრი ისეთი ღვინოა, რომლებსაც აქამდე ფესტივალში მონაწილეობა არასოდეს მიუღიათ. ახალი ღვინის ფესტივალი თუნდაც იმიტომ არის მნიშვნელოვანი და წლის უმთავრესი ღვინოსთან დაკავშირებული ღონისძიება, რომ ღვინის მოყვარულებს ყოველ წელს ასეთ ფასეულ სიახლეებს სთავაზობს.

ფესტივალზე წარმოსადგენი ოჯახური ღვინოები და მეღვინეები:  

სოლომონ თეთრაშვილი, ღვინო: რქაწითელი.

ზურაბ ებელაშვილი, ახმეტის რაიონი, სოფ. ზემო ხოდაშენი, ღვინო: რქაწითელი.

თორნიკე აღნიაშვილი, ყვარლის მინიციპალიტეტი, სოფ. შილდა, ღვინო: რქაწითელი და მწვანე.

მერაბ გერმანიშვილი, ქ. ახმეტა, ღვინო: საფერავი.

ლევან შაშიაშვილი, ქ. ახმეტა ღვინო: მწვანე, რქაწითელი.

მერაბ მირცხულავა, გურჯაანის რაიონი, სოფ. ვაზისუბანი, ალაფიანის ზვრები, ღვინო: რქაწითელი, მწვანე, მუკუზანი, ჩინური, ჩინური შავკაპიტოს ჭაჭაზე.

ჯემალ ვეშაპიძე, საგარეჯოს რაიონი, სოფ. ჩაილური, დიდი ჩაილური, ღვინო: საფერავი ქვევრის.

გიორგი პაპუაშვილი, ყვარლის რაიონი, სოფ. ახალსოფელი, მიკროზონა ქინძმარაული, ღვინო: საფერავი.

გელა გაბრუაშვილი, გურჯაანის მუნიციპალიტეტი, სოფ. ახაშენი, ფაფრის მინდორი, ღვინო: საფერავი, რქაწითელი.

ირაკლი როსტომაშვილი, სოფ. არგოხი, ახმეტა, ღვინო: რქაწითელი.

ერეკლე ლოლაძე, გურჯაანის მუნიციპ. სოფ. მუკუზანი, ღვინო: საფერავი.

გიგა ლოლაძე, საგარეჯოს რაიონი, სოფ. ჩაილური, ღვინო: რქაწითელი-მუსკატური რქაწითელი.

ალექსი ბარდანაშვილი, თელავი, ვარდისუბანი, ღვინო: რქაწითელი.

კობა ქვაჭრელიშვილი, ყვარლის რაიონი, სოფ. ჭიკაანი, ნაოტარი, ღვინო: ქისი ქვევრის, ქისი-ხიხვი ქვევრის.

ნიკოლოზ თოთლაძე, თელავის რაიონი, სოფ. გულგულა, ღვინო:რქაწითელი.

იოსებ ოქრომჭედლიშვილი, კახეთი, საგარეჯოს რაიონი, სოფ. კაკაბეთი, ღვინო: საფერავი, რქაწითელი.

მიხეილ მაძღარაშვილი, ქუმბათები, ტიბაანის მიმდებარე ტერიტორია, ღვინო: კახური მწვანე, რქაწითელი.

გიორგი ჩიხორია, გურჯაანი, ღვინო: რქაწითელი.

არჩილ და ნუგზარ ხაზუაშვილები, ქ. ახმეტა, ღვინო: რქაწითელი.

ვასიკო და ანა ნიკოლაიშვილები, გურჯაანი, ღვინო:საფერავი, რქაწითელი.

ვახტანგ მაჭარაშვილი, სოფ. ახაშენი, ღვინო: რქაწითელი.

გრიგოლ ლელაშვილი, ყვარელი, სოფ. ჭიკაანი, ღვინო: ქისი, თავკვერი, შავკაპიტო.

სულხან და ლადო გულაშვილები, კარდენახი, წარაფები, ღვინო: საფერავი.

ილია თიგიშვილი , მცხეთა სოფ. ჩარდახი, ღვინო : ჩინური.

ალექსანდრე ბერუაშვილი, ქ. ქარელი, ღვინო: ჩინური.

ავთანდილ დარახველიძე, კასპის რაიონი, სოფ. ახტალა, ღვინო: თავკვერი, ჩინური.

ლევან ჩოლოყაშვილი, კასპსა და სოფ. კავთისხევს შორის, ახტალის ფერდობის ვენახები, ღვინო: ჩინური, გორული, ჭყაპა.

ბექა ასლანიშვილი, სოფ. ჩარდახი, ღვინო: ჩინური ქვევრის.

გოგი დვალიშვილი, გორის რაიონი, სოფ. ხიდისთავი, ღვინო: ჩინური, გორული მწვნე, თავკვერი, ატენური.

დავით რეხვიაშვილი, ბოლნისის რაიონი, სოფ. რატევანი, ღვინო: რატევნის რქაწითელი.

დავით კაპანაძე, ზესტაფონი, სოფ. ტყლაპი ვაკე, ღვინო: ოცხანური საფერე, ციცქა, ცოლიკოური. ციცქა, ცოლიკოური, ოცხანური საფერეს ჭაჭაზე.

რატი არშილავა, იმერეთი, ბაღდათი, სოფ.ობჩა, ღვინო: ალექსანდრეული, ოცხანური.

მამუკა სულამანიძე, ზესტაფონი, სოფ. ცხრაწყარო, ღვინო: ციცქა-ცოლიკოური.

ლუკა ბიბინეიშვილი, აჭარა, ხელვაჩაურის რაიონი, სოფ. ეგრე, ღვინო: ჩხავერი.

კახაბერ ვახტანგაძე, ამბროლაურის რაიონი, სოფ. ჯვარისა, ღვინო: ალექსანდრეული.

კონსტანტინე ბერიშვილი, ლეჩხუმის რაიონი, სოფ. ოყურეში, ღვინო: უსახელაური.

© ღვინის კლუბი /Weekend



მოხარული ვარ ,რომ საფუძველი ჩაეყარა ასეთ სამამულიშვილო საქმეს .დიდი მადლობა ყველას,ორგანიზატორებს, მონაწილეებს.

თქვენი კომენტარი

თქვენი ელ-ფოსტა არ გამოქვეყნდება
  • Web page addresses and e-mail addresses turn into links automatically.
  • No HTML tags allowed

More information about formatting options

საქართველოს ღვინის რუკა
თქვენ შეგიძლიათ დაეხმაროთ ჩვენს ბლოგს "PayPal"-ის საშუალებით.