Home
ქართული | English
დეკემბერი 2024
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
2526272829301
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
303112345

შეიძინეთ ჩვენი წიგნები ღვინის მაღაზიებში

მულტიმედია

კომენტარები

ღვინის ფესტივალი გაიხსნა. იშვიათი ჯიშების დეგუსტაცია

8 მაისს თბილისში, რესტორან „ფუნიკულიორში“ „ახალი ღვინის ფესტივალი 2015“ გაიხსნა. ფესტივალის პირველი დღე დაეთმო იშვიათი ქართული ყურძნის ჯიშებისგან დაყენებული ღვინოების მასშტაბურ დეგუსტაციას. ღონისძიებას ესწრებოდნენ „ახალი ღვინის ფესტივალის“ მხარდამჭერი სახელმწიფო ორგანიზაციების - ღვინის ეროვნული სააგენტოს, თბილისის მერიის, ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის - წარმომადგენლები, პროფესიონალი ენოლოგები, სომელიეები, „ახალი ღვინის ფესტივალის“ მონაწილე ღვინის დიდი კომპანიებისა და მცირე მწარმოებლების, ასევე, მედია სექტორის წარმომადგენლები - ჟურნალისტები, ღვინის ჟურნალისტები, ვაინბლოგერები, მწერლები როგორც საქართველოდან, ასევე, უცხოეთიდან (ჰოლანდია, იაპონია იტალია, აშშ, უკრაინა და სხვ.). 

დეგუსტაციაზე წარმოდგენილი იყო 10 ქართული იშვიათი სახეობის ვაზის ყურძნისგან დაწურული ღვინო - ჭყაპა, ჩექობალი, ჟღია, სიმონასეული, თავკვერი, ჩხავერი, ქისი, ხიხვი, ვარდისფერი რქაწითელი, ოცხანური საფერე, რომელთაგან ზოგიერთი ღვინის მოყვარულთათვის შედარებით ცნობილი დასახელებებია, ზოგიერთი მათგანი კი, როგორც პროფესიონალი ენოლოგები აღნიშნავენ, მათთვისაც ახალია. განსაკუთრებული პოპულარობა მოიპოვა მეგრული იშვიათი ჯიშის, ჩექობალის ყურძნისგან დაწურულმა ღვინომ. ღონისძიებას უძღვებოდა „საქართველოს ღვინის კლუბის“ პრეზიდენტი, მალხაზ ხარბედია.

დეგუსტაციაზე მოწვეულმა სტუმრებმა მაღალი შეფასებები მისცეს როგორც ღონისძიებას, ასევე, იმ იშვიათ ღვინოებს, რომელთა დაგემოვნების შესაძლებლობაც მათ მიეცათ. როგორც თბილისის მერის მოადგილე, ნინა ხატისკაცი აღნიშნავს „ღვინო და ვაზი საქართველოს განუყოფელი ნაწილია. თუკი საქართველო რაიმეს ასოციაციას იწვევს, ეს ღვინოა. თბილისი არ არის, უბრალოდ, ერთ-ერთი მუნიციპალიტეტი, ის საქართველოს გულია, მოსახლეობის ერთი მესამედი თბილისზე მოდის, ამიტომ განსაკუთრებით მნიშვნელოვანია დედაქალაქში იმ პროდუქციიც პოპულარიზება, რაც ჩვენი კულტურისა და ტრადიციებისთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია. ეს იზიდავს ტურისტსაც და გარეშე რესურსების მოზიდვას უწყობს ხელს. თბილისის მერია მხარში უდგას ფესტივალს და მადლობას უხდის ამ ტრადიციის დანერგვისთვის ორგანიზატორებს, რადგან ეს ღონისძიება, ერთი მხრივ, ჩვენი ავთენტური სახის წარმოჩენაა, მაორე მხრივ კი - ახალი მწარმოებლების სტიმულირება, ახალი პროდუქციის შექმნისათვის.“

ჰოლანდიელი ღვინის მწერალი და ღვინის ისტორიკოსი, მარიელა ბუეკერსი, რომელიც საგანგებოდ ფესტივალისთვის ესტუმრა თბილისს, „ღვინის საინფორმაციო ცენტრთან“ საუბარში აღნიშნავს: „ჩემი პირველი დღეა თქვენს ქალაქში, ვეცნობი თბილისს, აქაურ კულტურას და აღფრთოვანებული ვარ. ინტერესით ველი ხვალინდელ დღესაც, განსაკუთრებით კი - ქვევრის ღვინისა და ქარვისფერების დაჭაშნიკებას, რომელიც ადრე სლოვენიაში შევიძინე. ქართული ღვინის გემო, ხშირად, სრულიად უნიკალურია, თავისთავადი და განსხვავებული. დღევანდელი დეგუსტაცია ძალიან საინტერესო იყო, ღვინოებიდან განსაკუთრებით მომეწონა ჭყაპა და ჟღია.“

პროფესიონალი ენოლოგი, გივი ჩაგელიშვილი კი გვეუბნება, „65 წელია, ამ საქმეს ვემსახურები და ჯერ ასეთი კარგი შეხვედრა მეღვინეობის წარმომადგენლებთან არ მქონია. ამგვარი ღონისძიებები განაპირობებს, რომ ჩვენი მევენახეები, მეღვინეები უფრო და უფრო მეტ ენერგიას მოახმარენ მევენახეობისა და მეღვინეობის განვითარებას. როგორც ვხედავთ, ამ ღონისძიებას ბევრი უცხოელი სტუმარი ესწრება და ეს კარგი საშუალებაა, რომ ქართული ღვინოები გავიდეს სხვადასხვა ქვეყნებში.“

ქართული იშვიათი ჯიშების ყურძნისგან დაწურული ღვინოების დეგუსტაცია, „სხვა სახეობები“, მიზნად ისახავდა ქართველი და უცხოელი მომხმარებლებისთვის შედარებით ან სრულიად უცნობი ღვინოების პოპულარიზაციას და მათი პოტენციის წარმოჩენას. ღონისძიების ორგანიზატორები იმედოვნებენ, რომ ეს ჯიშები სულ მალე ადგილს დაიმკვიდრებს ლოკალურ და მსოფლიოს სხვადასხვა ბაზრებზე. 

დღეს, „ახალი ღვინის ფესტივალის“ მეორე დღეს, 9 მაისს, დედა ენის ბაღში ფესტივალის ღია, საჯარო ღონისძიება ჩატარდება. 

ფოტოები იხილილეთ აქ

© საქართველოს ღვინის კლუბი, ღვინის საინფორმაციო ცენტრი

თქვენი კომენტარი

თქვენი ელ-ფოსტა არ გამოქვეყნდება
  • Web page addresses and e-mail addresses turn into links automatically.
  • No HTML tags allowed

More information about formatting options

საქართველოს ღვინის რუკა
თქვენ შეგიძლიათ დაეხმაროთ ჩვენს ბლოგს "PayPal"-ის საშუალებით.

ტოპ ხუთეული