14 სექტემბერი, ორშაბათი
დღეს სწავლა დაიწყო.
მინდა, ყველა სტუდენტს წარმატებული სასწავლო წელი ვუსურვო, განსაკუთრებით, ჩვენი - აგრარული და თავისუფალი უნივერსიტეტების - სტუდენტებს. მიხარია და ვამაყობ, რომ წელს ჩვენი უნივერსიტეტი ერთადერთია, რომელმაც ყველა ვაკანსია შეავსო.
ძალიან სასიამოვნო სანახავია სტუდენტებით სავსე უნივერსიტეტი.მიუხედავად იმისა, რომ ჩვენს უნივერსიტეტში რაღაც ყოველთვის ხდება, ზაფხულის პერიოდი მაინც უღიმღამო, ცარიელი მეჩვენა. საოცარი მიჩვევა იცის სტუდენტებთან ურთიერთობამ.
დილით მეც მივიჩქაროდი ლექციაზე, ნახევარი საათით ადრე მივედი. გამახარა მათთან შეხვედრამ. მეამაყებიან. ეს პირველი ნაკადია, რაც მევენახობა-მეღვინეობის პროგრამა აღვადგინეთ, ამიტომაც ესენი განსაკუთრებით მიყვარს. მინდა, რომ კარგად გაიაზრონ მათი ახლანდელი მოვალეობა და ეს დრო მაქსიმალურად გამოიყენონ, ისწავლონ და იყვნენ საკუთარი თავის მიმართ მომთხოვნები.
მოკლედ, ზაფხულის არდადეგების შემდეგ პირველად შევხვდით ერთმანეთს და ისე მოხდა, რომ აღვნიშნეთ ეს ამბავი, ანუ - დეგუსტაცია გვქონდა. უფრო გაზრდილები მეჩვენენ; თითქოს,უფრო დასერიოზულებულებიც. დიდი ენთუზიაზმით ემზადებიან რთველის ჩასატარებლად და ჩვენი მევენახეობა-მეღვინეობის აკადემიის მარანში ღვინის დასაყენებლად. გადავწყვიტეთ, მარანში მოტანილი აღჭურვილობა ამ კვირაში დავამონტაჟოთ. ვფიქრობთ, მომავალ კვირაში ყურძენი უკვე დასაკრეფი იქნება.
დღეს კიდევ ერთხელ დავათვალიერე ჩვენი მარნის აღჭურვილობა. მგონი, დასაწყისისთვის ყველაფერია. მერე ნელ-ნელა შევავსებთ. ყოველ შემთხვევაში, სტუდენტებს ყველაფერი ექნებათ ღვინის დასაყენებლად. მომავალ წელს ახალ ქვევრებს ჩავყრით ქვევრის მარანში და საშუალება ექნებათ, კახური ტრადიციული ღვინოც დააყენონ. ქვევრის მარანი ძველია, ძალიან მომწონს. ცოტა ხელის შევლება სჭირდება. კარგი, პატარა ენოთეკის გაკეთებაც შეიძლება.დეგუსტაციის ჩატარებაც რომ იქვე იყოს შესაძლებელი. მომავალ წელს აუცილებლად უნდა დავტვირთოთ ფუნქციურად.
სამმა ლექციამ როგორ ჩაიარა, ვერც გავიგე. მონატრებული ვარ ბავშვებთან ურთიერთობას. მერე ადმინისტრაციულად მოსაგვარებელ საკითხებს მივხედე. დღის ბოლოს კი თავს უფლება მივეცი, ჩვენი უნივერსიტეტის სპორტული დარბაზით მესარგებლა. 3-4 დღის წინ ვნახე, მანამდე არ მქონდა ნანახი. ვიცოდი, რომ კეთდებოდა, პროექტსაც ვიცნობდი და მომწონდა, თუმცა, ვერ მოვიცალე, რომ დასრულებული მენახა. ერთ საათზე მეტ ხანს ვარჯიში ვერ შევძელი, თუმცა, იმედი მაქვს, სისტემატური სიარულით ვარჯიშის დროს გავზრდი.
15 სექტემბერი, სამშაბათი
როგორც ყოველ სამშაბათს და ხუთშაბათს, დღესაც ღვინის ეროვნულ სააგენტოში დეგუსტაცია ჩავატარეთ. საკმაოდ ბევრი ღვინო იყო. მიხარია. საათნახევარში დავამთავრეთ. მინდა, დეგუსტაციაზე უკეთესი ხარისხის ღვინოები შემოდიოდეს. იმედია, მალე ეგ დროც დადგება.
დეგუსტატორების გადამზადებაზე ვმსჯელობდით. წელს, სავარაუდოდ, ამას ჩვენი ძალებით მოვახერხებთ. მომავალ წელს გვინდა, უცხოელი ექსპერტი ჩამოვიყვანოთ. კარგი იქნება - თავის გამოცდილებას გაგვიზიარებს. წლინახევრის წინ ბორდოში გავეცანი დეგუსტატორების გადამზადების სისტემას, რომლის ფარგლებშიც ბორდოს რეგიონის 250-ზე მეტმა დეგუსტატორმა აიმაღლა კვალიფიკაცია. ალბათ, გარკვეულწილად ღირს მათ გამოცდილებაზეც დაფიქრება. ახალი თაობაც მოდის. სასურველია, უფრო მეტად ჩავრთოთ ისინი.
ამ დროს რთველი გაჩაღებული უნდა იყოს, მაგრამ წელს გვიან დაიწყო. სეტყვამ ძალიან დააზარალა ყვარლის რაიონი, ზოგს 100%-ით დაესეტყვა. რთულია, ამდენი შრომა, მოლოდინი...
16 სექტემბერი, ოთხშაბათი
დღეს 3 დეგუსტაცია-პრაქტიკა მქონდა. 2 ჯგუფი მეღვინეების მყავს, 3 - მაინორების. მეოთხეკურსელები არიან. ამ სემესტრში ვუკითხავ კურსს - „მეღვინეობის რეგიონები და დეგუსტაცია“. თითქმის, ყველა ქართული ღვინო ვიყიდეთ. უცხოურ ღვინოებზე მეფიქრება, დიდი არჩევანი არ გვაქვს საქართველოში. ზოგი ჩამოვიტანეთ. იმედია, აქაც მოვახერხებთ ყიდვას. 300 ბოთლზე მეტი დაგვჭირდება ამ სემესტრში. კარგი პრაქტიკა გამოუვათ ბავშვებს და მონდომებულებიც არიან.
დღეს გადავხედე პირველი და მეორეკურსელების რაოდენობას, რომლებსაც მეღვინეობა აქვთ არჩეული, დაახლოებით 80 ბავშვია თითო კურსზე, მობილობით გადმოსულებს თუ არ ჩავთვლით. ბევრია. დარგსაც არ სჭირდება ყოველ წელს ამდენი კადრი. ისევ ძალიან პოპულარული გახდა ეს პროგრამა.
რამდენიმეწლიანი პაუზის შემდეგ, 2013 წელს აღვადგინეთ მევენახეობა-მეღვინეობის პროგრამა (ფაკულტეტი), ბევრი შრომა დაგვჭირდა მე და დათოს ამისთვის. შედეგი, ასეთ მოკლე პერიოდში, ცუდი არ არის, მაგრამ ჯერ კიდევ ბევრი გვჭირდება მიზნის მისაღწევად. გვინდა, ისეთი ცოდნა მივცეთ ჩვენი ბაკალავრიატის კურსდამთავრებულებს, რომ საზღვარგარეთ მაგისტრატურაში სწავლა არ გაუჭირდეთ. ძალიან ხშირად ხდება ასე.
კახა ბენდუქიძის საუნივერსიტეტო კამპუსის მუზეუმი
დღეს მესამეკურსელები გადავამოწმე. მათ ამ შემოდგომაზე სასწავლო პრაქტიკა აქვთ, რაც გულისხმობს საწარმოში რთველის პერიოდში სტაჟირებას. ბევრ საწარმოს ჯერ კიდევ არ დაუწყია რთველი, ბავშვები ცოტას ნერვიულობენ, რამდენად მოვასწრებთ მთელ ციკლში მონაწილეობის მიღებასო. მახარებს მათი მონდომება. ძალიან მინდოდა ეს საწარმოო პრაქტიკა გვქონოდა, ამიტომ ჩავსვით სასწავლო პროგრამაში და გაამართლა, პირველი ნაკადი შარშან გავუშვით, საწარმოების უმეტესობა დაგვეხმარა, წაიყვანეს ჩვენი სტუდენტები დაძალიან კმაყოფილები დარჩნენ მათი ცოდნით და მონდომებით. მათი დასაქმებაც კი შემოგვთავაზეს. იმედი მაქვს, წელსაც ასეთი შედეგი გვექნება. რაც მთავარია, ამან სტუდენტების მოტივაციაზე ძალიან იმოქმედა. რთველიდან დაბრუნებულები ლექციებს აღარ აცდენდნენ და აღარ ზარმაცობდნენ. სწორედ ამიტომ მინდოდა მათი რთველში მონაწილეობა, რათა თავიანთი თვალით ენახათ და ეგრძნოთ, რა არჩევანი გააკეთეს. არ მინდა პროფესია ისე აირჩიონ, რომ არ იცოდნენ, რა უნდა გააკეთონ მომავალში. ღვინის დაყენებას ამ საქმის სიყვარული და კარგი ინტუიცია სჭირდება.
გაიზენჰაიმთან ურთიერთთანამშრომლობის ხელშეკრულება დავდეთ. ორი წლის განმავლობაში ექვსი სტუდენტი წავა მევენახეობა-მეღვინეობისა და ღვინის ბიზნესის პროგრამებზე სასწავლად.
კონკურსი ჩავატარეთ და წელს ორი მეოთხეკურსელი შეირჩა ღვინის ბიზნესის პროგრამისთვის. ბავშვებმა დღეს ყველა საჭირო დოკუმენტი შეავსეს, რომლებიც მეორე მხარეს გავუგზავნეთ.12 ოქტომბერს სწავლა ეწყებათ და ყველაფრის გაკეთება უნდა მოასწრონ.
დღესვე გავაგზავნე წერილი ახალი პროექტის დასაწყებად. ვფიქრობ, მომავალ წელსაც ასეთსავე ხელშეკრულებას დავდებთ მონპელიეს სუპაგროსთან და სტუდენტებს მაგისტრატურზე სასწავლებლად გავგზავნით.
ცოტა გრძელი და დატვირთული დღე იყო.
17 სექტემბერი, ხუთშაბათი
დეგუსტაცია ჩავატარეთ. არცთუ დიდი ხანია, რაც ახალ შენობაში გადმოვედით. ღვინის ეროვნული სააგენტოს დიდი ნაწილი წლის დასაწყისში გადმოვიდა, ჩვენ კი - სექტემბერში.
დეგუსტატორებს მოსწონთ ჩვენი ახალი სადეგუსტაციო დარბაზი. გარკვეული სამუშაოები დასამთავრებელია. საბოლოოდ, მართლაც, კარგი გამოვა. შევადგინე მათი გადამზადების გეგმა. სამუშაო ფურცლის ეს ვარიანტი ძველისგან განსხვავდება. უფრო დეტალურია, საკონკურსო ფურცლის ტიპის. ამ მიმართულებით მოგვიწევს დეგუსტატორებთან ერთად მუშაობა.
საღამოს მიშამ დაგვპატიჟა. ფრანგი კოლეგა ჰყავდა სტუმრად. სასიამოვნო საღამო გამოვიდა, ბიჭებმა იმღერეს და მოილხინეს. გვიან დავბრუნდით სახლში. სანამ მანქანას ვაყენებდი ილიკომ დრო იხელთა და ბავშვი გააღვიძა, სახლში რომ შევედი ერთი იატაკზე იჯდა და მეორე პიჟამათი დარბოდა. დაიწყო ჩემი უძილო ღამე...
18 სექტემბერი, პარასკევი
დღეს ჯგუფი შეივსო. 28 სექტემბერს „საქართველოს ღვინის სკოლა“ ახალ ნაკადთან იწყებს დეგუსტაციის შემსწავლელ კურსს. კიდევ ერთხელ გადავხედე ლექციების ჩამონათვალს, ვფიქრობ არაფრის შეცვლა არ არის საჭირო, თუმცა თვითონ ლექციებში გარკვეულ ცვლილებებს შევიტანთ, მასალას გავზრდით.
ზაფხულის ჯგუფთან გამოცდა მაქვს ჩასატარებელი, საგამოცდო კითხვები მოვამზადე. მომავალ ჯგუფთან უფრო მომთხოვნები ვიქნებით და გამოცდას პრაქტიკაშიც გავაკეთებთ. მინდა აგრარული უნივერსიტეტის კულინარიის აკადემია ჩავრთო, კერძის და ღვინის შეხამების ლექციისთვის საუკეთესო გარემო იქნება.
ჯგუფში საინტერესო ხალხია. გასახარია, ამდენი მსურველი რომ არის. სასურველია, ზოგადად, მომხმარებელმა ღვინის შეფასების, დაგემოვნების კულტურა გამოიმუშაოს.
19 სექტემბერი, შაბათი
მიყვარს შაბათი, ოჯახში ვარ და შემიძლია ჩემი დრო ჩემებს დავუთმო. ცოტა მეცინება, ამას რომ ვწერ. ადრე ვამბობდი, არ ველოდები პარასკევს და არ მწყინს ორშაბათის დადგომა, ისე მიყვარს ჩემი საქმე-მეთქი.
ახლაც ვიმეორებ, რომ მიყვარს ჩემი საქმე და ნამდვილად გამიმართლა იმაშიც, რომ მიყვარს ის ხალხიცვისთან ერთადაც ვმუშაობ, მაგრამ სახლში მიმეჩქარება უკვე, მარიამი და ილიკო მელოდებიან. დილას ჩემი საქმეები მოვითავე, ილიკომ მარიამი წაიყვანა სასეირნოდ პლეხანოვზე. იქ გაიზარდა და სულ იქით მიუწევს გული. შუადღეზე მეც შევუერთდი და მთავარანგელოზი მიქაელის სახელობის ტაძარში მივედით, დღეს მთავარანგელოზი მიქაელის ხსენების დღეა, მიყვარს ეს ტაძარი.
მარიამი ძალიან მოძრავია. ფეხი ახლა აიდგა, დარბის და ჩვენც დაგვარბენინებს. ადამიანის ცხოვრება გარკვეულწილად იცვლება, როცა რაღაც მატება აქვს - სახლს, მანქანას ან რაიმე საჭიროს ან მნიშვნელოვანს ყიდულობს და მითუმეტეს, როცა ახალი წევრი ემატება ოჯახს, თავისი ხასიათით, მოთხოვნებით. ასე ვართ მე და ილიკო, შეიცვალა ჩვენი ცხოვრება, ახალს არაფერს ვამბობ, უბრალოდ დიდია ეს სიახლე და მასთან დაკავშირებული გრძნობა.
საღამოს წინანდლის ღვინის სკოლის ახალი ბროშურის მონახაზი და ლექციების ჩამონათვალი გავაკეთე, კალენდარი შევადგინე. წელს მინდა, შაბათობით ჩავატაროთ წინანდალში ლექციები. შარშანდელი წელი შედეგიანი იყო. ბავშვებმა გამოცდებში მაღალი შეფასებები მიიღეს, დასწრებაც კარგი იყო. მინდა ახალსა და ძველ ნაკადებს შორის მეტი კონტაქტი იყოს, გაიცნონ ერთმანეთი, ამიტომ ვგეგმავთ ერთი დიდი დეგუსტაციის ჩატარებას. ერთად იმსჯელებენ ღვინოებზე, გაუზიარებენ ერთმანეთს გამოცდილებას. შარშანდელი ბავშვებიდან ბევრმა ჩააბარა მეღვინეობაზე, თუმცა ეს არ არის ჩვენი სკოლის მიზანი. მთავარია, ამ დარგის ისტორია, გეოგრაფია, ღვინის მოხმარების კულტურა ისწავლონ. ღვინო მათთვის უფრო მეტი იყოს, ვიდრე თრობის საშუალება.
წინანდლის ღვინის სკოლის მოსწავლეები
ოქტომბერში თელავის, ყვარლის, გურჯაანის რაიონების სკოლებში ჩავალთ და ბავშვებს გავაცნობთ ამ პროგრამას. ჩვენთან, ძირითადად, სკოლის დამამთავრებელი კლასების მოსწავლეები დადიან, თუმცა არა მარტო ისინი, მოყვარულებიც. სკოლა ალექსანდრე ჭავჭავაძის სახლ-მუზეუმის ტერიტორიაზეა. ძალიან კარგი გარემოა. ყოველწლიურად ერთ სტუდენტს, რომელიც მეღვინეობის პროგრამაზე ჩააბარებს და ყველაზე მაღალ ქულებს მიიღებს, მთელი სასწავლო პერიოდის განმავლობაში სტიპენდიას ვუნიშნავთ. ეს ფაქტიც, გარკვეულწილად, ზრდის მათ მოტივაციას.
დღესაც ვფიქრობდი, მიხარია რომ საგანმანათლებლო მიმართულებაში ჩავერთე. ყოველთვის ვგრძნობდი რომ მინდოდა ამ სფეროში მეცადა თავი. მარტივი არ არის, პასუხისმგებლობა დიდია, თუმცა ძალიან საინტერესო და საჭირო დარგია.
საღამოს ვახშამი მოვამზადეთ და რაგბის ვუყურეთ. დიდი სიხარული მოგვიტანა ბორჯღალოსნების გამარჯვებამ! ძალიან კარგი თამაში აჩვენეს ბიჭებმა! მოგვიანებით სამხრეთ აფრიკელების და იაპონელების თამაში იყო. იაპონელებმა სასწაული ბრძოლისუნარიანობა გამოიჩინეს და შედეგიც აჩვენეს! ასეა, არასდროს უნდა დაკარგო გამარჯვების იმედი, ყველაფერი შეიძლება მოხდეს!
20 სექტემბერი, კვირა
დილას ადრე ავდექით. ილიკოს საქმე ჰქონდა და ჩვენც გაგვიყოლა. იქიდან მარიამი ჯანსუღ კახიძის სახელობის ბაღში წავიყვანეთ, კარგად გაერთო. ისე იხალისა, ლამის ჩვენც საქანელებს მივუსხედით. მერე ჩემებს გავუარეთ. დედაჩემი და ჩემი ძმა სახლში გველოდნენ და მიუხედავად იმისა, რომ კვირის განმავლობაში სულ იქ არის მარიამი, მაინც მის მოლოდინში იყვნენ. ჩემი ძმა ამ კვირას მივლინებაში იყო, ხაშმის საფერავს იკვლევენ. დღეს ღვინო მომცა დასაგემოვნებლად, ორშაბათს გავსინჯავ ბიჭებთან ერთად. აინტერესებს როგორი იქნება ჩვენი შეფასება. თვითონ ძალიან მოსწონს, ვნახოთ როგორი იქნება.
მოგვიანებით მარიამი ცოტა ჭირვეულობდა, სასეირნოდ ჩავიყვანეთ მე და დედაჩემმა. კბილები ამოსდის და აწუხებს, ალბათ. მთელი ეზო აიკლო, ხმამაღლა ლაპარაკობდა, თავის ენაზე. საღამოს მე და ილიკო სავახშმოდ წავედით, მობრუნებულებს უკვე დაძინებული დაგვხვდა. დედაჩემი გავაცილეთ.
ამ კვირამ კარგად ჩაიარა, მომავალი კვირა უფრო დატვირთული იქნება, მეოთხე კურსის სტუდენტები რთველს იწყებენ აკადემიაში!
© ანა გოდაბრელიძე, საქართველოს ღვინის კლუბი, ღვინის საინფორმაციო ცენტრი.
p.s. ანამ, ასევე, მოგვაწოდა აგრარული უნივერსიტეტის მევენახეობისა და მეღვინეობის პროგრამის სტუდენტების რთველის ფოტოები საუნივერსიტეტო ვენახსა და მარანში.
პროექტ „ღვინის დღიურების“ ფარგლებში მომზადებული მასალა წარმოადგენს ავტორთა კერძო შეხედულებებს და არ გამოხატავს საქართველოს ღვინის კლუბისა და ღვინის საინფორმაციო ცენტრის პოზიციას.
თქვენი კომენტარი