ვარდისფერი ღვინოების დეგუსტაცია ღვინის კლუბში
ლევან სეფისკვერაძე
5 ივლისს, თბილისის ისტორიულ ნაწილში მდებარე ღვინის ბარ “კონკაში“, ღვინის კლუბის მორიგი დეგუსტაცია გაიმართა. ღვინის სპეციალისტებმა და მოყვარულებმა ამჯერად ქართული ვარდისფერი ღვინოები დააგემოვნეს. როგორც იცით, ასეთ ღონისძიებებში მონაწილეობა ღვინის კლუბის წევრების გარდა ნებისმიერ ადამიანს შეუძლია და სწორედ მსგავსი დეგუსტაციები გვაჩვენებს ქართული მეღვინეობის ამათუიმ მიმართულებაში არსებულ მდგომარეობას.
ვარდისფერ ღვინოებს (როზეს) მეორენაირად ზაფხულის ღვინოებსაც ეძახიან, რადგან აღნიშნული ღვინოები განსაკუთრებით წელიწადის ამ პერიოდში ფასობს და ისმება. ამას თან ემატება ზაფხულისათვის დამახასიათებელი კულინარიული თემები (მსუბუქი სალათები, თევზეულობა და სხვა...), რაც ვარდისფერ ღვინოებს განსაკუთრებით კარგად ეწყვილება.
ღვინის კლუბი ცდილობს, კონკრეტული ღვინოების დეგუსტაციები წელიწადის იმ დროს მოაწყოს, როდესაც ღვინის ნიმუშებისათვის ყველაზე ხელსაყრელი და მისაღები პერიოდი იქნება. ვარდისფერი ღვინოები კი, როგორც უკვე ვთქვით, სწორედაც რომ ზაფხულის ღვინოებად ითვლება.
“კონკაში“ შეკრებილმა ღვინის მოყვარულებმა ღია წესით ათზე მეტი დასახელების ქართული “როზე“ დააგემოვნეს და შესაბამისი ქულათა სისტემით შეაფასეს. ღვინოების ვიზუალური მხარე (ფერი) სამქულიანი სისტემით (მაქიმალური ქულა 3) ფასდებოდა, სურნელი შვიდქულიანი სისტემით შეფასდა, ხოლო საუკეთესო გემოს მქონე ნიმუშებს დეგუსტაციის მონაწილეები 10 ქულას უწერდნენ. საერთოდ, მაქსიმალური შეფასება 20 ქულა იყო.
დეგუსტაცია არ ატარებდა არანაირი კონკურსის ხასიათს და ნიმუშების შეფასება ხდებოდა პირველ ყოვლისა იმიტომ, რომ დეგუსტაციის მონაწილე შედარებით ახალბედა ღვინის მოყვარულებს შეფასებების სისტემა ესწავლათ და აეთვისებინათ. ამას გარდა, ზოგადად საინტერესოა, ვინ როგორ ღვინოს ანიჭებს უპირატებობას და საერთო აზრი რამდენად ემთხვევა ამათუიმ ნიმუშის ხარისხსა და ღირებულებას.
დეგუსტაციაზე აღმოჩენილი მთავარი სასიამოვნო სიახლე ის იყო, რომ თითქმის ყველა ნიმუში ჯანსაღი იყო და წარმოდგენილ ღვინოებს შორის მხოლოდ ღვინის ერთი ნიმუში იყო, რომელიც გადაჟანგული იყო და შესაბამისად თავისი სიხალასე დაკარგული ჰქონდა.
მალხაზ ხარბედია, ღვინის კლუბის პრეზიდენტი, დეგუსტაციის წამყვანი: “დღეს გასასინჯი ღვინოები ერთმანეთისგან სტილით ძალიან განსხვავდებიან. ზოგი უფრო თხელი და უფერულია, ზოგი კი გაცილებით ინტენსიური შეფერვისაა. ასევე ნახავთ ლალისფერ ღვინოებს. დეგუსტაციის პრინციპის მიხედვით, თავიდან მსუბუქი და შედარებით ჰაეროვანი ღვინოები მოდის, ბოლოსკენ კი უფრო მძიმე ღვინოები შემოვა. ასეა ყოველთვის, როცა მაგალითად, რამდენიმე ტიპის ღვინის დაგემოვნებას ვაპირებთ, არასოდეს ვიწყებთ მძიმე ღვინოებით, მაგ. საფერავით. ჩვენ თუ საფერავი გავსინჯეთ და მისი ტანინებით გავჯერდით, შემდეგ სხვა ღვინოებს, ცქრიალებს, თეთრებს, საერთოდ ვერ გავუგებთ გემოს“.
დეგუსტაციაზე საინტერესოდ ისაუბრეს “როზეს“ რაობისა და ამ ამ ტიპის ღვინის უცნაური (ტრადიციული ღვინოებისათვის ნაკლებად დამახასიათებელი) შეფერილობის შესახებ. საუბრის დროს დეგუსტაციის მონაწილეებმა მოიყვანეს კლასიკური ფრანგული შამპანურის მაგალითიც, რომელიც ხშირ შემთხვევაში წითელი ყურძნისგან მზადდება.
სხვათა შორის, წითელი ფერის ყურძნის მარცვალს წითელი გული არ აქვს. საფერავის მარცვალიც კი არაა შიგნიდან წითელი. ზოგიერთი ჰიბრიდული ყურძნის მარცვალი რომ გავჭყლიტოთ შეიძლება შიგნიდან წითელი იყოს, თუმცა ყურძნის ეს ჯიშები მეღვინეობისათვის ხელსაყრელად არ ითვლებიან.
ზოგჯერ ამბობენ ხოლმე, რომ საფერავის ვარდისფერი ღვინო უფრო მუქია, ვიდრე თავკვერის ვარდისფერი. ეს არასწორი ნათქვემია, რადგან მეღვინეზეა დამოკიდებული მთლიანი პროცესი და მეღვინე რამდენი ხანიც დააყოვნებს ღვინოს ჭაჭაზე – ისეთი ფერის იქნება ღვინოც. ვარდისფერი ღვინოების შეფერილობაც ჭაჭასთან ღვინის შეხების ვადებს უკავშირდება.
როგორც იცით, ჩვენს ქვეყანაში ვარდისფერი ღვინის წარმოება ათწლეულების მანძილზე მივიწყებული იყო. “თელავის ღვინის მარანი“ ერთ–ერთი პირველი კომპანიაა, რომელმაც ვარდისფერი ღვინის წარმოება დაიწყო საქართველოში. შემდეგ მას სხვა დიდმა თუ მცირე მარნებმაც მიბაძეს (“თელიანმა ველმა“, “ბადაგონმა“ და სხვა...) და დღეს ღვინის მოყვარულებს 10–დან 35 ლარამდე საფასო სეგმენტში საინტერესო და ერთმანეთისგან განსხვავებული 20-მდე დასახელების “როზეების“ შეძენა და გასინჯვა შეუძლიათ.
დეგუსტაციის მონაწილეთა განსაკუთრებული ინტერესი გამოიწვია გურული ჩხავერისგან დაყენებულმა როზემ (კომპანია LUKASI) და“შატო მუხრანის“ თავკვერისგან დაყენებულმა ვარდისფერმა ღვინომ. თუმცა, მსჯელობა და აზრთა გაცვლა–გამოცვლა თითქმის ყველა ნიმუშის გასინჯვას სდევდა თან. კომპანია “ხარებას“ მიერ წარმოებულმა “როზემ“, რომელიც კახეთისა და იმერეთის სამი ჯიშის: ოცხანური საფერეს, ალადასტურის და საფერავის შერევით შეიქმნა, დეგუსტაციის ის მონაწილეები დააინტერესა, რომლებსაც კუპაჟური ღვინის დამზადების ხერხები და ორიგინალური ტექნოლოგიების გაცნობას აინტერესებთ.
დეგუსტაციის ბოლოს, ღონისძიების მონაწილეებს ვთხოვეთ, დეგუსტაციით მიღებული შთაბეჭდლებები გადმოეცათ. მათი აზრები ბევრ რამეში განსხვავებული და ზოგიერთ შემთხვევაში ურთიერთგამომრიცხავიც კი იყო. თუმცა, თუნდაც იმის გამო, რომ დეგუსტაციის რამდენიმე მონაწილე მსგავს ღონისძიებში პირველად მონაწილეობდა, შეფასებები უფრო ემოციური იყო, ვიდრე პროფესიონალური. ღვინო კი ის თემაა, სადაც ემოციები ხშირ შემთხვევაში მნიშვნელოვანია.
“ყველაზე მეტად მომეწონა “ჩელთის“, “შატო მუხრანის“ და “ოქრო ღვინის“ ვარდისფერები. ეს ნიმუშები ჩემის აზრით იმიტომაა საინტერესო, რომ იგრძნობა კახური გავლენა და ჩემს გემოვნება ეს შეესაბამება. “შატო მუხრანის“ ღვინოში ქართლის სტილი იგრძნობოდა ძალიან კარგად და ეს საინტერესოს ხდის “როზეს“. ასევე ძალიან დამაინტერესა კომპანია “ლუკასის“ ღვინომ, რომლის სურნელიც განსხვავებული და საინტერესო იყო“ – გვითხრა დეგუსტაციის ერთ–ერთმა მონაწილემ.
ურაკლი ურუშაძე, დეგუსტაციის მონაწილე: “მე გამოვყოფდი “მუხრანის“ თავკვერის “როზეს“, სადაც სიმჟავეც კარგი იყო და შაქრიანობაც დაბალანსებულია. ასევე გამოვყოფდი საფერავისა და მუსკატის კუპაჟურ ღვინოს და “ბადაგონის“ “საფერავი–როზეს“. ძალიან კარგი იყო “ლუკასის“ ჩხავერი. მეგობრებთან მსუბუქად დალევა რომ მომიწიოს, “შატო მუხარინის“ ვარდისფერ ღვინოს შევიძენდი“.
დეგუსტაციის დასკვნით ნაწილში, თავისი მოსაზრება ღვინის კლუბის პრეზიდენტმაც გაგვიზიარა.
მალხაზ ხარბედია: “მე ორ ღვინოს გამოვარჩევდი. ეს არის “შატო მუხრანის“ თავკვერი და “ლუკასის“ ჩხავერი. ეს ღვინოები გემოთიც ძალიან მომეწონა. როდესაც ჭიქაში “როზე“ ისხმება, უნდა ჩანდეს ფერითაც, რომ “როზეა“. ამ მხრივ დასახელებული ღვინოები მართლაც გამორჩეულები არიან. როცა ადამიანს არ უნდა, რომ დალიოს მაგალითად საფერავი (თუნდაც ზაფხულში, როდესაც საფერავის გაციება არასწორია) და ცივი ღვინო სურს, შესანიშნავად შეიძლება მისი ჩანაცვლება მაგალითად “ჩელთის“ “საფერავი–როზეთი“. თუმცა ეს უგემრიელესი ღვინო მაინც არაა კლასიკური “როზე“.
ზოგჯერ შეიძლება მაღაზიაში თეთრი ღვინო იყიდო და სრულიად უინტერესო რამ აღმოჩნდეს და მასში ყველაფერი (გემო, არომატი და სხვა...) გამქრალი იყოს. “როზეს“ უპირატესობა კი ისაა, რომ მასში უფრო დიდხანს ნარჩუნდება ხასიათი. ამას გარდა, ვარდისფერი ღვინოები სხვადასხვა კერძთანაც კარგად მიდის. ეს ღვინოები გარკვეული თვალსაზრისით უნივერსალურებიც არიან. თანამედროვე ქართულ თეთრ ღვინოებს როგორც წესი ბევრი პრობლემა აქვთ ხოლმე. ბევრი ღვინო გვხვდება დაჟანგული, ან არაფრით გამორჩეული (უხასიათო) და მათ ფონზე ვარდისფერები ჩვენი მეღვინეობის უდავოდ პროგრესული სეგმენტია“.
როგორც დასაწყისში უკვე ვთქვით, დეგუსტაციაზე წარმოდგენილი ღვინოებიდან დაავადებული ნიმუში მხოლოდ ერთი იყო. ის ერთიც გადაჟანგული იყო და ზადი არ შეენიშნებოდა (სავარაუდოდ მაღაზიაში არ იყო ღვინო სათანადო პირობებში შენახული). დეგუსტაციის დასრულების შემდეგ, ღონისძიების მონაწილეებმა აღნიშნეს, რომ ეს დეგუსტაცია შემდეგში ღვინის შერჩევის დროს აუცილებლად დაეხმარებათ, რადგან მათი წარმოდგენები და შეხედულებები ვარდისფერ ღვინოსთან დაკავშირებით ძირეულად შეიცვალა.
ღვინის კლუბი მომავალშიც გააგრძელებს დეგუსტაციების ციკლს. დეგუსტაციები ღვინის კლუბის საგანმანათლებლო საქმიანობის ერთ–ერთი მნიშვნელოვანი მიმართულებაა, რომელიც ყველაზე ნათლად წარმოაჩენს ქართული ღვინის დღევანდელობას.
© ღვინის კლუბი /Weekend
თქვენი კომენტარი