ღვინის ეროვნული სააგენტოს მხარდაჭერით, ქართული ღვინის მწარმოებელმა 6-მა მარანმა სლოვენიაში, ქალაქ იზოლაში გამართულ ქარვისფერი ღვინოების საერთაშორისო ფესტივალში „Orange Wine Festival“ მიიღი მონაწილეობა.
ფესტივალი 2021 წელს დაარსდა და წლის განმავლობაში მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში რამდენჯერმე იმართება.
აღსანიშნავია, რომ ფესტივალს 70-ზე მეტი მეღვინე დაესწრო მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან, მათ შორის იყო საქართველო, სლოვენია, იტალია, საბერძნეთი, ხორვატია, ავსტრია, ჩეხეთი, ჩინეთი.
საერთაშორისო ფესტივალში ქართული ღვინის მარნების მონაწილეობა შესაძლებლობას იძლევა, რომ ქართული ღვინო ფართო მასშტაბით წარმოჩინდეს როგორც მომხმარებლების, ისე ღვინის საერთაშორისო ექსპერტებისა და ღვინით ვაჭრობის სფეროს წარმომადგენლების წინაშე.
Orange Wine Festival-ის მნიშვნელობისა და აქ მიღებული გამოცდილების შესახებ გვესაუბრნენ მასში მონაწილე ქართველი მეღვინეები.
ბაია აბულაძე, Baia's Wine: ამ ფესტივალში მონაწილეობით ძალიან საინტერესო გამოცდილება მივიღეთ, გამომდინარე იქიდან, რომ სწორედ ჩვენნაირი ღვინის მწარმოებლები იყვნენ წარმოდგენილნი, როგორც ქართული, ასევე უცხოური ქვეყნიდან, მათ შორის სლოვენიის მეღვინები. განსაკუთრებით საინტერესო იყო მათთან შეხვედრა და ღვინოების გასინჯვა, სხვადასხვა ჯიშების, რომლებიც ჭაჭაზე დაყოვნებით დუღდება. განსაკუთრებული გამოცდილება იყო ისიც, რომ მოვისმინეთ როგორ დგება ჭაჭაზე ღვინო სხვა ქვეყნებში. რაც შეეხება აქტივობას, ფესტივალზე უფრო მეტად წარმოდგენილნი იყვნენ სომელიეები, ბლოგერები, ჟურნალისტები, ღვინის მწერლები და ა.შ. განსაკუთრებით საინტერესო იყო წიგნის The Orange revolution-ის ავტორთან შეხვედრა. წელს ფესტივალზე პირველად ვიღებდით მონაწილეობას და წარმოდგენილი გვქონდა ცოლიკოური, კრახუნა, ციცქა-ცოლიკოური, პეტ-ნატი. ამ ტიპის კონკრეტულ ფესტივალებს ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს, გამომდინარე იქიდან, რომ ჭაჭაზე დაყოვნებული და მაცერაციის შედეგად მიღებული ლალისფერი ღვინოები არის მისი მთავარი ნიშა. ვფიქრობ, საქართველოსა და ქართულ ღვინოს ყოველთვის დაეხმარება მსგავსი ტიპის ღონისძიებებში მონაწილეობა, საქართველო ძალიან მრავალფეროვნად იყო წარმოდგენილი და მსგავსი გამოფენები გვეხმარება, რომ მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის წარმომადგენელს პირადად გავუზიაროთ ქართული ღვინის დაყენების ტექნიკა. მინდა აღვნიშნო, რომ ამ ფესტივალზე ჩვენი მეღვინეობიდან პირადად მე არ ვყოფილვარ წასული და ჩვენს მეღვინეობას ჩემი და, გვანცა აბულაძე წარმოადგენდა.
გიორგი ვარადაშვილი, გავაზის მამული/ Gavazi Estate: ამ ფესტივალზე უკვე მეორედ ვმონაწილეობ, გასულ წელს ვიყავით ქალაქ ვერონაში და ახლა ვიყავით სლოვენიაში, იზოლაში. უშუალოდ რაც შეეხება ამ ორი ფესტივალის შედარებას, გაცილებით წარმატებული და ეფექტური იყო იზოლაში, რადგან თვითონ სლოვენიელი ხალხი უფრო მეტადაა დაინტერესებული Orange Wine-ით, ვიდრე იტალიელები. თან იტალიაში მოგვეხსნება, რომ საკმაოდ წარმატებულად მუშაობს ღვინის ინდუსტია, სლოვენიაში კი ნაკლებად. ძირითადად რაც შევამჩნიე, ფესტივალზე იყო ის, რომ ქვევრს ეძახიან ამფორას და გვიწევდა ყველას იმის მტკიცება, რომ ჯერ ქვევრი იყო და მერე ამფორა და მათი ნიადაგიდან, გარემო პირობებიდან და ტერუარიდან გამომდინარე, ფიზიკურად ვერ აყენებენ ჩვენნაირ ღვინოებს. ეს დასკვნა გამოვიტანე, რადგან ძალიან ბევრმა გასინჯა ჩვენი ღვინო და ყველამ აღნიშნა, რომ ამ მხრივ ქართველები სრულიად სხვა სამყაროში ხართო. ვთვლი, რომ საკმაოდ კარგია კონკრეტულად ისეთ ქვეყნებში გასვლა, სადაც ჯერ ღვინის ინდუსტრია არ არის განვითარებული და ქართული ღვინის გაცნობა ძირითადად მაინც ქვევრის ღვინის გაცნობაა. ამ ფესტივალზე მე ვიყავი წარმოდგენილი ქვევრის ქისით, ქვევრის რქაწითელითა და ქვევრის ქისი-ხიხვით.
სოსო აბდუშელიშვილი/ Tezi Winery: 2025 წლის 25 აპრილს, სლოვენიაში ქალაქ იზოლაში გაიმართა „orange wine festival“, სადაც მონაწილეობას იღებდა სხვადასხვა ქვეყნის 70 მარანი, მათ შორის 6 მარანი საქართველოდან. ფესტივალში მონაწილეობა მიიღო მეღვინეობამ "თეზი", რომელმაც წარადგინა 7 სახეობის ღვინო, საქართველოს სხვადასხვა მიკროზონიდან. ესენია ცოლიკოური, კახური მწვანე, ქისი მაღრაანი, ქისი ახმეტა, ჩინური, რქაწითელი. მსგავსი სახის საერთაშორისო ფესტივალში მონაწილეობა, საშუალებას აძლევს მცირე მარნებს გავიდნენ საერთაშორისო ასპარეზზე, პოპულარიზაცია გაუწიონ ქართულ ღვინოს და დააინტერესონ პოტენციური მყიდველი, რაც მომავალი ბიზნეს პარტნიორობის საფუძველი შეიძლება გახდეს.
© ღვინის კლუბი/vinoge.com
თქვენი კომენტარი