ნებისმიერი ღვინის დაჭაშნიკებისას, როგორც Wine Enthusiast-ის გვერდზე ვკითხულობთ, სამი ძირითადი კომპონენტი უნდა შეივსწავლოთ: შეფერილობა, არომატი და გემური თვისებები. მინიშნებად შეგიძლიათ გამოიყენოთ არომატების სია, სადაც აღმოაჩენთ სხვადასხვა ხილსა და სანელებლებს. მათგან რამდენიმეს აუცილებლად იპოვით ღვინოში, თუმცა თუ უფრო ღრმად გინდათ მისი შესწავლა, მაშინ მჟავიანობისა და ტანინების დონითაც დაინტერესდებით, ასევე იმით, თუ რა გავლენას ახდენს ეს კომპონენტები ღვინის მთლიან სტრუქტურაზე. ეს ყველაფერი რომ გვერდზე გადავდოთ, ჩვენ პირისპირ ერთი, ალბათ, ყველაზე მნიშვნელოვანი კითხვა ჩნდება: არის თუ არა ეს კარგი, ხარისხიანი ღვინო. მნიშვნელოვანია, განვასხვავოთ მოწონება და ხარისხი ერთმანეთისგან, რადგან ზოგს სუბიექტურად ზადიანი ღვინოც კი შეიძლება ეგემრიელოს, მიუხედავად იმისა, რომ ის ძალიან შორსაა კარგი ღვინისაგან.
ბალანსი
ამ სიტყვას საკმაოდ ხშირად შეხვდებით ღვინის სამყაროში და, უნდა ითქვას, რომ ყველაზე მნიშვნელოვანი ელემენტიცაა. ბალანსის გამოვლენისა და ამ თვალსაზრისით მისი შეფასებითვის მნიშვნელოვანია იმის ცოდნა, თუ რა რას აბალანსებს. ალკოჰოლი და შაქრის დონე ერთმანეთთანაა დაკავშირებული, მჟავიანობა კი ყურძნის ჯიშზე, ადგილწარმოშობასა და მოსავლის წელზეა დამოკიდებული. თუ ეს ყველაფერი “თავის ადგილასაა”, ერთი მეორეს ზედმეტად არ აჭარბებს ან პირიქით, მაშინ ღვინო, შეიძლება ითქვას, რომ დაბალანსებულია.
ღვინის დაბოლოება
მნიშვნელოვანია ისიც, თუ რამდენ ხანს რჩება ღვინის არომატი დაგემოვნებისას. როცა ღვინოს გასინჯავთ, ჰკითხეთ საკუთარ თავს, სწრაფად ქრება ეს არომატები თუ რამდენიმე წამის შემდეგ. სასიამოვნოა თუ სიმწკლარტის ან სიმწარის შეგრძნებას ტოვებს? ღვინის დაბოლოება შეიძლება სასიამოვნოდ მომხიბვლელი იყოს იმდენად, რომ თქვენ მეორე ჭიქაც კი მოისურვოთ. ასე რომ, როდესაც ღვინოს დაბოლოება გრძელი, ჯანსაღი და სასიამოვნო აქვს, ეს მხოლოდ და მხოლოდ კარგის მანიშნებელია.
ინტენსივობა და ექსპრესიულობა
ინტენსივობას ცხვირითაც შეამჩნევთ და დაჭაშნიკებისასაც. როდესაც ღვინის არომატი ძალიან მძაფრად იგრძნობა ან როცა ძალიან მკვეთრი გემო აქვს, მაშინ, შეიძლება ითქვას, რომ ის ინტენსიურია. ღვინოს აქვს მაიდენტიფიცირებელი მახასიათებლები, რომლებიც მჭიდროდაა დაკავშირებული ყურძნის კონკრეტულ ჯიშთან, რეგიონთან ან მოსავლის წელთან. შეიძლება ითქვას, რომ იგი კონკრეტულ ვაზს ან რეგიონს გამოხატავს.
კომპლექსურობა
ღვინო მარტივია, თუ მხოლოდ ერთ ან ორ მახასიათებელს ავლენს. მაგალითად, საწყის ფაზაში პინო გრიჯიოს შეიძლება მაღალი მჟავიანობა, ციტრუსოვანი ხილის არომატები და ყვავილების ნოტები ჰქონდეს, თუმცა უბრალო ღვინოდ ჩაითვალოს. აღსანიშნავია, რომ ეს არ მიუთითებს ღვინის ხარისხზე, ეს უბრალოდ ზოგიერთი პინო გრიჯიოს თანდაყოლილი თვისებაა. ღვინო კომპლექსურად რომ მიიჩნიონ, მას სხვადასხვა არომატები უნდა ჰქონდეს. პირველადი არომატებია ხილი და სანელებლები, მეორეული - რომლებსაც ღვინო მუხის კასრში დავარგებისას ან ფერმენტაციისას იძენს და მესამეული - დაძველება, შეიმჩნევა სოკოსა და მიწის ნოტები. გარდა ამისა, ღვინოსთვის უნდა იყოს შესამჩნევი მჟავიანობაც და ტანინებიც, რომლებიც მას სტრუქტურულად საინტერესო იერსახეს სძენს. ასე რომ, როდესაც ღვინოს ყველა ეს დიდებული არომატი და გემოვნური თვისება აქვს, მაშინ თქვენ საქმე საკმაოდ კარგ, ხარისხიან და სხეულიან ღვინოსთან გაქვთ.
თუ ეს ოთხი მნიშვნელოვანი კომპონენტი გაითვალისწინეთ შეფასებისას, შეგიძლიათ მისი საერთო ხარისხი განსაზღვროთ. თუ ფიქრობთ, რომ ღვინო ოთხივე ზემოთჩამოთვლილ მახასიათებელს აკმაყოფილებს, თქვენ გაგიმართლათ, მართლაც, რომ გამორჩეულად კარგ ღვინოს მიირთმევთ.
© ღვინის კლუბი/vinoge.com
თქვენი კომენტარი