ღვინის ეროვნული სააგენტო სტრატეგიულ ბაზრებზე მარკეტინგულ აქტივობებს გეგმავს. მიზანი ქართული ღვინის შესახებ ცნობადობის ამაღლება და ექსპორტის ზრდაა. 2022 წლის გეგმა ათწლიანი სტრატეგიის ნაწილია, რომლის შედეგად ნავარაუდებია, რომ 2030 წლისთვის ღვინისა და სხვა ყურძნისეული ალკოჰოლური სასმელების გაყიდვით მიღებულ შემოსავალი 1 მლრდ. აშშ დოლარს გადააჭარბებს.
ამ ყველაფრის განსახორციელებლად, კონკრეტული სამოქმედო გეგმაა შემუშავებული. გეგმა მოიცავს დაწვრილებით ინფორმაციას დაგეგმილი აქტივობების შესახებ, რათა კომპანიებმა იცოდნენ, თუ რას გეგმავს ღვინის ეროვნული სააგენტო თითოეულ ბაზარზე.
2022 წლის გეგმა გათვლილია როგორც დასავლეთის, ისე აღმოსავლეთის სტრატეგიული ბაზრებისთვის. კონკრეტული პარტნიორობა და აქტივობები დაგეგმილია დასავლეთის ისეთ ბაზრებზე, როგორებიცაა აშშ, პოლონეთი, გერმანია და დიდი ბრიტანეთი.
ამერიკის შეერთებული შტატები საექსპორტო ბაზრების დივერსიფიკაციისთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია. 2020 წელს ამერიკაში ჩატარებული კვლევები ცხადყოფს, რომ მომხმარებლები განსაკუთრებულ მნიშვნელობას ხარისხსა და ავთენტურობას ანიჭებენ. ასევე, ბიო და ნატურალური ღვინისადმი ინტერესიც გაზრდილია. საქართველოს შემთხვევაში, განსაკუთრებით პოპულარული ქვევრის ღვინოა.
ქართული ღვინის ამერიკის შეერთებული შტატების ბაზარზე პოპულარიზაციის მიზნით კონტრაქტი გაფორმდა ამერიკულ მარკეტინგულ კომპანიასთან - Colangelo & Partners. მთავარი მიმართულებები იქნება პრესა, მარკეტინგული ურთიერთობები, სავაჭრო ღონისძიებები, საქართველოში ვიზიტი, საგანმანათლებლო აქტივობები და გაყიდვების პოპულარიზაცია.
პოლონეთი ქართული ღვინის ექსპორტისთვის ერთ-ერთი ყველაზე სტრატეგიული ბაზარია. ამის მიზეზი, გარდა ქართული ღვინისადმი მრავალწლიანი დამოკიდებულებისა, პოლონური ღვინის ბაზრისა და მოხმარების ტენდენციების მზარდი მაჩვენებლებიცაა. Eurostat-ის მონაცემების მიხედვით, პოლონური ღვინის ბაზარი ევროპის ქვეყნებს შორის ერთ-ერთი ყველაზე სწრაფად მზარდია.
ქართული ღვინის პოლონეთის ბაზარზე პოპულარიზაციის მიზნით, გაფორმდა კონტრაქტი პოლონურ კომპანიასთან People PR. დაგეგმილია შემდეგი სახის აქტივობები: მარკეტინგული და პიარ ღონისძიებების პოლონეთის ღვინის ბაზარზე ორგანიზება და მართვა, ასევე, ქართული ღვინის, როგორც უნიკალური ბრენდის წარმოჩენა. სოციალური მედიისა და ვებ გვერდების მართვა, გამოკითხვები და კვლევა, რაც პოლონელი მომხმარებლის, პრეფერენციებსა და ქართული ღვინის მიმართ დამოკიდებულებას წარმოაჩენს. ქართული ღვინის ამბასადორთა პროგრამა - People PR გეგმავს წინასწარ შერჩეულ ქართული ღვინის ბრენდ ამბასადორთან თანამშრომლობას. ამბასადორის პროგრამა ერთ-ერთი მნიშვნელოვანია საკომუნიკაციოდ, რადგან არჩეული ამბასადორი მედიატორი ქართულ ღვინის სექტორსა და პოლონელ მომხმარებელს შორის მედიატორის ფუნქციას შეასრულებს. ქართულ ღვინოსთან ერთად, ტრადიციული სუფრის პოპულარიზაციაც დაგეგმილია - ვარშავაში მოეწყობა „სუფრა“, სადაც ქართველ შეფმზარეულებთან ერთად სტუმრები კერძებს მოამზადებენ და ღვინოს შეუხამებენ.
პარტნიორობის ფარგლებში, სომელიეთა ასოციაციასთან თანამშრომლობაცაა დაგეგმილი. ასევე, ღვინის იმპორტიორებთან ნიმუშების გაგზავნა, კომერციული პირებისთვის ონლაინ სემინარი, სოციალური მედია აქტივობები და საქართველოში ღვინის ტური.
ღვინის მოხმარების ტენდენციებსა და მონაცემებზე დაყრდნობით, გერმანია ქართული ღვინის ექსპორტისთვის ერთ-ერთი სტრატეგიულად მნიშვნელოვანი ბაზარია. 2019 წლის დეკემბერში, სსიპ ღვინის ეროვნული სააგენტოსა და ასოციაცია „ქართული ღვინოს“-თან თანამშრომლობით ჩატარებულ კვლევაში გამოჩნდა, რომ გერმანელი მომხმარებელი ღვინის არჩევისას ყურადღებას აქცევს ჯიშს, წარმოშობას, ფასსა და ბრენდს.
ქართული ღვინის გერმანიის ბაზარზე პოპულარიზაციის მიზნით, კონტრაქტი გერმანულ კომპანიასთან ff.k Public Relations გაფორმდა.
მთავარი მიმართულებები იქნება: საინფორმაციო კამპანია, სოციალური მედიის მენეჯმენტი. დაგეგმილია საქართველოში 3 ვიზიტი - ტურის ფარგლებში სტუმრები ღვინის კომპანიებს ეწვევიან და გაეცნობიან ქვევრის ღვინის დამზადების პროცესს. ღვინის საერთაშორისო გამოფენა ProWein 2022-ის ფარგლებში ქართული ღვინის საპრომოციო ღონისძიება ჩატარდება. გამომცემლობა WEIN+MARKT-თან თანამშრომლობის ფარგლებში, გაიმართება დეგუსტაცია-კონკურსი.
ასევე, ქართული ღვინოების შესახებ სტატიები ისეთ პრესტიჟულ გამოცემებში დაიბეჭდება, როგორიცაა Wein+Markt, რომელიც გერმანიაში ღვინის კომერციულ სექტორზე მუშაობს.
მარკეტინგული პროექტი ქართული ღვინის შესახებ ff.k Public Relations გაიზენჰაიმის უნივერსიტეტთან თანამშრომლობასაც გეგმავს. პროექტის ფარგლებში, უნივერსიტეტის სტუდენტები 2022 სასწავლო წლის განმავლობაში ინდივიდუალურად მოამზადებენ ქართული ღვინის საპრომოციო, გერმანიის ბაზარზე მორგებულ, მარკეტინგულ გეგმებს. აღნიშნულ პროექტში მონაწილეობას მიიღებს 50 სტუდენტი.
დიდი ბრიტანეთი კვლავ ქართული ღვინის საექსპორტო პრიორიტეტულ ბაზრად რჩება. 2021 წელს საქართველოდან დიდ ბრიტანეთში ექსპორტზე გავიდა 736 391 ბოთლი ქართული ღვინო, რაც წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელზე 72%-ით მეტია. 2020 წელს კი, პანდემიის მიუხედავად, დიდ ბრიტანეთში ღვინის ექსპორტის მაჩვენებლები სტაბილურად იზრდებოდა.
ქართული ღვინის დიდი ბრიტანეთის ბაზარზე პოპულარიზაციის მიზნით, გაფორმდა კონტრაქტი კომპანიასთან Swirl Wine Group.
დაგეგმილია ღვინის იმპორტიორებთან, ღვინის მაღაზიებთან, რესტორნისა და სასტუმროს წარმომადგენლებთან ინდივიდუალური შეხვედრების ჩატარება. ასევე, ქართული ღვინის დეგუსტაცია და მასტერკლასი ლონდონსა და მანჩესტერში, ქართული ღვინის შესახებ ვებ გვერდის - georgianwine.uk, Facebook, Instagram, Twitter-ის გვერდების ადმინისტრირება. პრესის და კომერციული პირების ვიზიტი საქართველოში. მცირე, საცალო გაყიდვების ქსელების მხარდაჭერის პროგრამა და ქართული ღვინის ვირტუალური პლატფორმა.
ყველა ეს აქტივობა საქართველოს ღვინის ეროვნული სააგენტოს მხარდაჭერით განხორციელდება.
© ღვინის კლუბი/vinoge.com
თქვენი კომენტარი