2016 წელს საქართველოს ღვინის კლუბი უკვე მეშვიდედ უმასპინძლებს ახალი ღვინის ფესტივალს, რომელიც მიზნად ისახავს ქართული ღვინის პოპულარიზაციას, საქართველოში ღვინის განათლების დონის ამაღლებასა და სამომხმარებლო კულტურის გაზრდას.
უკვე მეორე წელია, რაც ღვინის კლუბი ახალი ღვინის ფესტივალის ფარგლებში, ფესტივალის პირველ დღეს დახურულ დეგუსტაციას მართავს. გასული, 2015 წლის დეგუსტაციის თემა „სხვა ჯიშები“ იყო, სადაც წარმოდგენილი იყო იშვიათი ქართული ვაზის ჯიშებიდან დაყენებული ღვინოები.
წლევანდელი დეგუსტაციის თემა იქნება „ქვევრის ღვინოები საქართველოს ფარგლებს გარეთ“, რომელზეც ფრანგი, იტალიელი, გერმანელი, ავსტრიელი, სლოვენიელი და იაპონელი მეღვინეები წარმოადგენენ ქვევრში დაყენებულ ღვინოებს. დეგუსტაციის მონაწილეები გასინჯავენ ტიერი პუზელას, იოშკო გრავნერის, ლორენ ბანვართის, პაოლო ვოდოპივეცის, Vino di Ana–სა და ტომოფუმი ფუჯიმაროს ქვევრის ღვინოებს. დეგუსტაციას გაუძღვებიან ნატურალისტი მეღვინე იაგო ბიტარიშვილი და ღვინის კლუბის პრეზიდენტი მალხაზ ხარბედია.
დეგუსტაციის თემის შერჩევა ღვინის კლუბმა საქართველოს ფარგლებს გარეთ ქვევრის მზარდი პოპულარობის გამო გადაწყვიტა. უკანასკნელ წლებში, ამას განსაკუთრებით შეუწყო ხელი იუნესკოს მიერ, ქვევრში ღვინის დაყენების მეთოდისთვის არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსის მინიჭებამ. წლევანდელი დეგუსტაციის მიზანი ღვინის დაყენების ქართული ტრადიციული მეთოდის ხელშეწყობა და მისი მზარდი საერთაშორისო ცნობადობის ხაზგასმაა.
დეგუსტაციაზე მოწვეულ სტუმრებს შორის იქნებიან ფესტივალში მონაწილე კომპანიების, თბილისის მერიისა და ღვინის ეროვნული სააგენტოს წარმომადგენლები, ასევე უცხოელი ნატურალისტი მეღვინეები, ცნობილი სომელიეები და ღვინის მწერლები და ბლოგერები საზღვარგარეთიდან, მათ შორის ელის ფეირინგი, ვინც სულ ცოტა ხნის წინ ახალი წიგნი გამოსცა ქართულ ტრადიციულ მევენახეობა–მეღვინეობაზე. დეგუსტაციას გააშუქებს ქართული და უცხოური მედია.
წელსაც, ახალი ღვინის ფესტივალის ფარგლებში გამართულ დეგუსტაციას ფუნიკულიორის რესტორანი უმასპინძლებს. ღონისძიება 19:00 საათზე, ფესტივალის გახსნით დაიწყება და დასრულდება საზეიმო მიღებით.
© საქართველოს ღვინის კლუბი, ღვინის ეროვნული სააგენტო
თქვენი კომენტარი