13 მაისს ახალი ღვინის ფესტივალი 2017 მთაწმინდის პარკში ჩატარდა. წლევანდელმა ფესტივალმა ფართო და წინა წლებთან შედარებით წარმოუდგენლად დიდი მასშტაბი შეიძინა.
„ახალი ღვინის ფესტივალი 2017"-ის მხარდამჭერები იყვნენ ღვინის ეროვნული სააგენტო, ქ.თბილისის მერია, ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია. საინფორმაციო მხარდაჭერას უზრუნველყოფდა რადიო უცნობი, რადიო JAKO FM, "მარანი" (vinoge.com), ღვინის საინფორმაციო ცენტრი. ღონისძიების პარტნიორი იყო მთაწმინდის პარკი, საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა, Caucasus Jurney, Giffer.
ღვინის მოყვარულებს წლევანდელ „ახალი ღვინის ფესტივალზე“ განსაკუთრებით დიდი არჩევანი ქონდათ - დიდი და მცირე ღვინის კომპანიები, ასოციაციები, მცირე მწარმოებლები (113 მონაწილე) და 100 საოჯახო მარანი (137 ღვინო). მთაწმინდის პარკში წელს ფესტივალმა წარმოუდგენელი რაოდენობის სტუმარს უმასპინძლა. ფესტივალზე დასწრება თავისუფალი იყო. სტუმრებს მთელი დღის მანძილზე საშუალება ქონდათ დაეგემოვნებინათ საუკეთესო ღვინოები.
"ახალი ღვინის ფესტივალის" ფარგლებში ღვინის ეროვნული სააგენტოსა და საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ორგანიზებით მოეწყო მედიატური, რომელშიც ღვინის პროფესიონალები და ღვინის ტურიზმით დაინტერესებული ჟურნალისტები (აშშ-დან, კანადიდან, იტალიიდან, შვედეთიდან, ესპანეთიდან და დიდი ბრიტანეთიდან) მონაწილეობდნენ.
რაც შეეხება, ფესტივალის პროგრამას, ფესტივალი დაიწყო 11 საათზე. 12საათზე, ქვევრის საზეიმო გახსნას ესწრებოდნენ ღვინის ეროვნული სააგენტოს წარმომადგენლები, ქალაქ თბილისის მერი, სოფლის მეურნეობის სამინისტროს წარმომადგენლები.
ფესტივალზე სტუმრებისთვის გათამაშდა საფერავის ღვინით სავსე 10 ლიტრიანი 8 კასრი. ფესტივალს მუსიკალურად აფორმებდა: ფოლკლორული ანსამბლი „დიდგორი“, „ნალი ბენდი“ და, რა თქმა უნდა, „ახალი ღვინის ფესტივალის“ მეგობარი - რეზო კიკნაძის ჯაზბენდი. წელს პირველად წარსდგა ფესტივალზე - ხონის სახალხო სასულე ორკესტრი, რომელთა გამოჩენამაც ფესტივალზე დიდი აღტაცება გამოიწვია სტუმრებში.
ფესტივალის მონაწილე ოჯახური მარნები "ღვინის კლუბის" სამახსოვრო საჩუქრებითა და სერტიფიკატებით დაჯილდოვდნენ. მონაწილე კომპანიებს "ღვინის კლუბის" სიმბოლო "ოქროს ელიბო" გადაეცათ.
ფესტივალის სტუმრებს შეეძლოთ, საკუთარი ხელით შეექმნათ თიხის ნაკეთობები. ფესტივალზე ტრადიციული და თანამედროვე ხელნაკეთი ნივთების გამოფენაც მოეწყო.
ფესტივალზე წარმოდგენილი იყო 113 დიდი მეღვინეობისა და მცირე მარნის, აგრეთვე, 100 საოჯახო მწარმოებლის ღვინო, ღონისძიებაში მონაწილეობას იღებდნენ „ასოციაცია ბუნებრივი ღვინო“, „სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრი“ და სხვა სახელმწიფო თუ არასამთავრობო ორგანიზაციები. მონაწილეთა შორის იყვნენ როგორც ფესტივალის უცვლელი და ყველასათვის ცნობილი მონაწილეები, ასევე, ახალი სახეები, რომელთა სიმრავლით წლევანდელი ღვინის ფესტივალი, მართლაც, გამორჩეული იყო.
ღვინის ენთუზიასტების რიცხვი საქართველოში ყოველწლიურად უფრო და უფრო მატულობს და საზოგადოებაც მეტად ინტერესდება ხარისხიანი ქართული ღვინით. ამაში სხვა მნიშვნელოვან ფაქტორებთან ერთად, „ახალი ღვინის ფესტივალი“ მთავარ როლს თამაშობს.
ფესტივალის საზეიმო გახნის დროს სტუმრებს სიტყვით მიმართეს ქ. თბილისის მერმა დავით ნარმანიამ, ღვინის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარემ - გიორგი სამანიშვილმა. მათ ისაუბრეს „ახალი ღვინის ფესტივალის“ სამოქალაქო გავლენაზე და აღნიშნეს, რომ ღონისძიება მნიშვნელოვან როლს თამაშობს საქართველოში ღვინის კულტურისა და მთლიანად დარგის განვითარების საქმეში. ფესტივალის საპატიო სტუმრებმა მონაწილეობა მიიღეს ქვევრის საზეიმო გახსნაში, რაც „ახალი ღვინის ფესტივალის“ ტრადიციულ რიტუალად დამკვიდრდა. მთავარ ქვევრში ამჯერად წარმოდგენილი იყო ერთერთი კახური საოჯახო მარნის მიერ დაწურული ქისი, 2016 წლის.
სტუმრებიცა და მონაწილეებიც გამოხატავდნენ კმაყოფილებას „ახალი ღვინის ფესტივალი 2017“-ის მიმართ და აღნიშნავდნენ, რომ 13 მაისის ღონისძიებამ დიდი წარმატებით ჩაიარა.
ფოტოები: გივი ტუხაშვილი, Jako Fm
© საქართველოს ღვინის კლუბი, ღვინის ეროვნული სააგენტო 2017
თქვენი კომენტარი