მალხაზ ხარბედია
კვირას, 20 მარტს სასტუმრო Rooms Hotel Tbilisi–ში, საქართველოს ღვინის კლუბმა მნიშვნელოვანი დეგუსტაცია გამართა. "ძველი ღვინოები – ახალი ქართული ღვინის სათავეებთან", ასე ერქვა დავარგებული, 10 წელზე მეტი ასაკის მქონე ღვინოების თემატურ ჭაშნიკს, რომელზეც 7 კომპანიის 15 ღვინო იყო წარმოდგენილი.
ღვინოსთან დაკავშირებული გარკვეული ბუმის მიუხედავად, დღეს ჩვენს ქვეყანაში სამწუხაროდ ცოტა რამ კეთდება ქართული ღვინის რეალური პოტენციალის გამოსავლენად და საკვლევად. არ ხდება სახელმწიფო თუ კერძო ენოთეკების შევსება და კონტროლი, რომელიც აუცილებლად გულისხმობს პერიოდულ დეგუსტაციებს და შედეგების ანალიზს. კომპანიების უმრავლესობა არ აწარმოებს დაკვირვებას თავიანთ პროდუქტზე, ცოტა ვინმე თუ იკვლევს ამათუიმ ღვინის დავარგების ვადებს, კონკრეტული ვაზის ჯიშების ან სტილის ღვინოების შესაძლებლობებს, ამათუიმ ტერუარისა (სახელოვანი ზვრების) თუ ადგილწარმოშობის დასახელების ღვინოების პოტენციალს. ჩვენი დეგუსტაციის გამართვის ერთ–ერთი მიზეზი სწორედ ეს იყო, გაგვესინჯა კომპანიების სარდაფებში დაცული ღვინოების რამდენიმე ნიმუში, გვესაუბრა ღვინის დაძველებაზე და იმაზე, თუ რამდენადაა შესაძლებელი საქართველოში დასავარგებელი, მაღალხარისხოვანი, ანდა სულაც დიდი ღვინოების წარმოება.
დეგუსტაციაზე წარმოდგენილი იყო 2000–იანი წლების დასაწყისის 7 წამყვანი კომპანიის ძველი, უნიკალური ღვინოები. ეს ღვინოები უკვე დიდი ხანია აღარსად იყიდება და მათ მხოლოდ კერძო კოლექციებში ან კომპანიების საცავებში თუ შეხვდებით. ამ ღვინოებმა თავის დროზე მნიშვნელოვნად შეცვალეს ქართულ ღვინოზე წარმოდგენა, თუმცა ისიც უნდა ითქვას, რომ იმ წლებში ძალზე ცოტა კეთდებოდა ადგილობრივ ბაზარზე ბოთლის ღვინის პოპულარიზაციისთვის და თითქმის ყველა კომპანია ძირითადად საექსპორტო ბაზარზე იყო ორიენტირებული, უმრავლეს შემთხვევაში ამ საექსპორეტო ბაზარს ერთი კონკრეტული, რუსული ბაზარი წარმოადგენდა.
სადეგუსტაციოდ წარმოდგენილი იყო 15 ღვინო:
წინანდალი, GWS, 2005
წინანდალი, ვინოტერა, 2005
წინანდალი, თელავის მარანი, 2003
წინანდალი, თბილღვინო (სპეციალური მარაგი), 2004
ქისი, აკვანი, 2003
ალექსანდროული, კორპორაცია ქინძმარაული, 2005
საფერავი, ვინოტერა, 2005
საფერავი კონდოლი, თელავის მარანი, 2005
საფერავი, ძველი კახური მარანი, 2003
საფერავი, თბილღვინო (სპეციალური მარაგი), 2004
საფერავი, კორპორაცია ქინძმარაული, 2001
ნაფარეული, GWS, 2001
ყვარელი, თელავის მარანი, 2000
მუკუზანი, თელიანი ველი, 2005
მუკუზანი, GWS, 2005
ყველა ეს ღვინო ე.წ. ემბარგომდელ პერიოდს ეკუთვნის. მათგან ყველაზე ახალგაზრდები 2005 წლის მოსავლისა იყო, ყველაზე ასაკოვანი ღვინო კი თელავის ღვინის მარნის „ყვარელი“ გახლდათ, 2000 წლის მოსავლის.
ეს ღვინოები პირობითად 4 ნაწილად შეგვიძლია დავყოთ: პირველ რიგში ესაა წინანდლები, ანუ მუხაში დავარგებული თეთრი მშრალი ღვინოები, ქვევრის კახური ქარვისფერი ღვინო, რომელიც სამწუხაროდ მხოლოდ ერთი ნიმუშით იყო წარმოდგენილი (ქისი, აკვანი, 2003), ქვევრის საფერავები (საფერავი, ძველი კახური მარანი, 2003, საფერავი, ვინოტერა, 2005), კლასიკურად დაყენებული წითელი ღვინოები (ზოგიერთი მათგანი მუხაში იყო დავარგებული) და ადგილწარმოშობის დასახელების საფერავები (ყვარელი, ნაფარეული და მუკუზნები). შეიძლება ითქვას, რომ ყველა ამ სტილის ღვინოს, თეორიულად, დავარგების კარგი პოტენციალი აქვს. ცხადია ყველაზე უკეთ საფერავები და ქვევრის ქარვისფერი ღვინოები ძველდებიან, შედარებით სუსტია ამ თვალსაზრისით წინანდალი, თუმცა თუკი ღვინო გამორჩეულია და შენახვის პირობებიც შესაბამისია, ეს ადგილწარმოშობის დასახელების თეთრი ღვინოც საკმაოდ დიდხანს შეიძლება განვითარდეს და გააოცოს ღვინის მოყვარული ბურგუნდიული სტილისტიკისკენ მიდრეკილებით და სავსე, რბილი და გემრიელი სიძველით.
ზემოთ შენახვის პირობები ვახსენე და კიდევ დავაზუსტებ ამ თემას, უფრო სწორად, ხაზგასმით ვიტყვი გარკვეული ნორმების შესახებ, რომელიც აუცილებელია ღვინის კარგად დასავარგებლად. გარდა იმისა, რომ თავად ღვინო უნდა იყოს გამორჩეული, აუცილებელია მუდმივი ტემპერატურული კონტროლი და რაც მთავარია, კარგი საცობი. დეგუსტაციაში მონაწილე 3–4 ღვინოს სამწუხაროდ ძალიან უხარისხო საცობი ჰქონდა (ე.წ. აგლომერატი, შეწებებული საცობი), რის გამოც ზოგი გადაჟანგული იყო და ღვინოს ამის გამო ბევრი რამ ჰქონდა დაკარგული, ზოგს კი საცობის მკვეთრი ტონი ჰქონდა და ფაქტობრივად მისი დახასიათება და შეფასება შეუძლებელი ხდებოდა.
წინანდლები 10–12 წელს იყვნენ მიღწეულნი. ერთს ჯერ კიდევ ჰქონდა ფერში შენარჩუნებული ლიმნისფერი სიხალასე, ზოგი კაშკაშა ოქროსფერი იყო, ზოგიც ქარვისფერი გამხდარიყო, ანუ კარგად დაძველებული თეთრი ღვინის გარეგნობა ჰქონდა. არომატებში ჩირები, სუნელები, ვანილი, ფუნთუშა და სხვ. ტონები ჭარბობდა და სასიამოვნოდ ათბობდა ყელს.
როგორც მოსალოდნელი იყო, შესანიშნავი შედეგი აჩვენა ქვევრში დაყენებულმა ქისმა, ქარვისფერმა კახურმა ღვინომ, რომელიც 12 წლის განმავლობაში კაშკაშა ცეცხლისფერი გახდა და მკვეთრი ხერესული ტონები, ტკბილი სუნელები და სხვა რბილი არომატები განივითარა. უნდა ითქვას, რომ ეს ღვინო კიდევ რამდენიმე წელი გაიზრდება და შესაძლოა 20–30 წლის ასაკშიც გააკვირვოს ძველი ღვინის დამფასებელი.
როგორც ჩანს კარგ პირობებში იყო შენახული კორპორაცია ქინძმარაულის ალექსანდროულიც (2005). მართალია ეს ღვინო კახეთში მოწეული ალექსანდროულიდან იყო დაყენებული და არა რაჭულიდან, თუმცა იგი მაინც ერთ–ერთი საუკეთესო წითელი ღვინო აღმოჩნდა დეგუსტაციაზე – თანაბრად, სწორად დავარგებული, დაბალანსებული, შერბილებული ტანინებით, ჯერ კიდევ აქტუალური მჟავიანობითა და არაჩვეულებრივი ძოწისფერი გარეგნობით. ამ ღვინომ კიდევ ერთხელ დაგვაფიქრა იმაზე, თუ რა დიდი პოტენციალია დაფარული რაჭის რეგიონში და როგორ არაადეკვატურად უდგებიან ამ პოტენციალს ადგილობრივები, ასევე ქართული ღვინის კომპანიებიც. შეგახსენებთ, რომ ლამის მთელი რაჭა წითელი ნახევრადტკბილი ღვინის, ხვანჭკარის წარმოებაზეა გადასული და იშვიათად თუ შეხვდებით ისეთ მეღვინეს, ვინც ალექსანდროულიდან და მუჯურეთულიდან მშრალ, საძველო ღვინოს აყენებეს.
ჯერი საფერავებზე მიდგა. ზოგიერთი ქვევრში იყო დადუღებული, სხვები კი კლასიკური წესით დაყენებული. ნეშომპალის და იების არომატები, ერთი მხრივ ცხოველური ტონები, მეორე მხრივ კი მკაცრი, ხასიათიანი და ელეგანტური საფერავები, დარბილებული მუხის გემო და სიმწიფე. ეს ის ძირითადი მახასიათებლებია, რომლითაც გამოირჩეოდნენ 10–14 წლის ეს საფერავები.
დაბოლოს, კახური ადგილწარმოშობის დასახელების საფერავები: ყვარელი, ნაფარეული და მუკუზანი. უნდა ითქვას, რომ ყველაზე სუსტი რგოლი ეს ღვინოები აღმოჩნდა დეგუსტაციაზე, მიუხედავად იმისა, რომ შენახვის არასათანადო პირობებმაც თავისი კვალი დაამჩნიეს მათ. სტილისტიკაზე კარგად ჩანდა, რომ ეს ღვინოები ერთი კონკრეტული ბაზრისთვის იყო შექმნილი თავის დროზე, თუმცა ზოგიერთმა ნიმუშმა, მაგალითად თელიანი ველის მუკუზანმა (2005) კარგად აჩვენა დავარგებული მუკუზნის ზოგიერთი ღირსება – ტკბილი სუნელები, მუხისა და ჯიშური არომატების შერწყმა და სხვ.
დეგუსტაციაზე გადაწყდა, რომ საქართველოს ღვინის კლუბი ღვინის კომპანიებთან თანამშრომლობით მომავალში რეგულარულად გამართავს ამ ტიპის დეგუსტაციებს, სადაც ძველი ღვინოები იქნება წარმოდგენილი და სადაც შევეცდებით შეძლებისდაგვარად განვსაზღვროთ ხოლმე ამათუიმ ჯიშის, ადგილის და სტილის ღვინის შენახვის და დავარგების პოტენციალი. ჩაფიქრებულია კონკრეტული ვინტაჟების, გამორჩეული მოსავლის წლების ღვინოების თემატური დეგუსტაციებიც. ძალზე მნიშვნელოვანია ამ თვალსაზრისით ღვინის კომპანიების, სომელიეების, სახელმწიფო უწყებების, მედიის, რესტორნების, ღვინის ბარების, ღვინის მოყვარულებისა და ღვინით მოვაჭრეების თანამშრომლობა. დიდი ღვინოები მხოლოდ მრავალწლიანი მოთმინებით, ცოდნით, დაკვირვებით და ყურადღებით იქმნება.
© ღვინის კლუბი/vinoge.com
იხ. სრული ფოტორეპორტაჟი საქართველოს ღვინის კლუბის გვერდზე
თქვენი კომენტარი