Home
ქართული | English
დეკემბერი 2024
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
2526272829301
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
303112345

შეიძინეთ ჩვენი წიგნები ღვინის მაღაზიებში

მულტიმედია

კომენტარები

”შერეკილი ფრანგი ქალი” უცნაურ ქვეყანაში

რა გამოხმაურება მოჰყვა იზაბელ ლეჟერონის ფილმს საქართველოში

ლევან სეფისკვერაძე

კვირაზე მეტია, რაც ერთ-ერთმა ქართულმა ტელე-არხმა აჩვენა ”თრეველ ჩენელის” მიერ გადაღებული და ქართულ ენაზე თარგმნილი დოკუმენტური ფილმი: ”შერეკილი ფრანგი ქალი საქართველოში”. ფილმის ავტორი და წამყვანი ცნობილი ფრანგი ღვინის სპეციალისტი ქალი – იზაბელ ლეჟერონია, რომელმაც გასულ წელს საქართველოს რამდენიმე კუთხეში იმოგზაურა, დააკვირდა და აღწერა ბევრი რამ, რაც კი ქართულ ღვინოს უკავშირდება. ჩვენი ქვეყნის სხვადასხვა კუთხეში მონაწილეობა მიიღო ყურძნის დაკრეფა-დაწურვის პროცესში, თუმცა მისი მთავარი ყურადღების საგანი მაინც ქვევრი იყო და ფილმის ძირითადი გზავნილიც სწორედ ის გახლავთ, რომ ღვინით დაინტერესებულმა ევროპელებმა აუცილებლად უნდა ნახონ ქართული ქვევრი, გასინჯონ ქართული ღვინო და პარალელი გაავლონ ქვევრში და სხვა ჭურჭელში დაყენებულ თუ დავარგებულ ღვინოებს შორის.

დისკუსიები ფილმის გარშემო

ფილმის პირველი პრეზენტაცია ლონდონში ქართული ქვევრის ღვინის თანხლებით შედგა. ხოლო, როდესაც იზაბელ ლეჟერონის ფილმი ქართველმა ღვინის მოყვარულებმაც ნახეს, ამ ფილმმა საკმაოდ მკვეთრი აზრთა სხვადასხვაობა გამოიწვია. ლეჟერონის ფილმში - ”შერეკილი ფრანგი ქალი საქართველოში” ქართული ღვინისა და ქვევრის დადებით მხარეებთან ერთად, ნაჩვენები იყო, თბილისის სამგორის ყურძნის ბაზარიც, სადაც ყურძენი და ღვინო ანტისანიტარულ პირობებში იყიდებოდა. სხვა ეპიზოდებში ასევე ჩანდა მთელი რიგი პრობლემები, რაც ქართულ მეღვინეობას და საერთოდ ჩვენს ქვეყანას აწუხებს. სწორედ ამის გამო მოხდა ისე, რომ ზოგიერთ ჩვენს თანამემამულეს პროტესტის გრძნობაც კი გაუჩნდა იზაბელ ლეჟერონის მიმართ.  

აი რას წერს ქართული ღვინის ერთ-ერთი მოყვარული, ღვინის კლუბის ბლოგზე, vinoge.com-ზე: ”ფრიად ზედაპირული გადაცემა იყო ჩემი აზრით, მრავალი გამაღიზიანებელი, თუ სასაცილო ეპიზოდებით (ჩამოთვლილებზე რომ აღარაფერი ვთქვა, იგივე გურიის ეპიზოდი: მასპინძლების აზრის მიუხედავად წვიმაში ყურძნის კრეფა...). გამაოგნებელია, ღვინის ექსპერტად რომ თავი მოაქვს ისეთმა ვინმემ ყურძნის კრეფის ელემენტარული წესები არ იცოდეს. მთლიანობაში ძალიან გამაღიზიანა ყველა ღვინის გასინჯვისას ერთი და იგივე, დაყენებული და არაგულწრფელი ფრაზების რახარუხმა. რა თქმა უნდა ცნობადობა აუცილებელია და ”თრეველ ჩენელზე” გასული გადაცემა მის გაზრდას შეუწყობს ხელს, მაგრამ ნუ ვიფიქრებთ, რომ უცხოელი მაყურებელი, რასაც ჩვენ ვამჩნევთ, იმას ვერ შეამჩნევს, ან ნაკლებად სენსიტიური და მომთხოვნი იქნება. ცნობადობას ორი მხარე აქვს, ან კარგი კუთხით ხარ ცნობილი ან ცუდით”.

თუმცა, ეს ფილმი მხოლოდ უარყოფითი კუთხით არ შეფასებულა: ”ჩვენს ზოგიერთ კუდაბზიკა მეღვინეს, შარდონე, პინო, მერლოზე რომ აბოდებთ და ცისტერნიდან ვერ ამოსულან, სწორედ ასეთმა უცხოელმა ავტორიტეტმა უნდა უთხრას ხმამაღლა - მიხედეთ ქვევრს! მიხედეთ ეროვნულ ჯიშებს! ისე, თავისით ვერ მიხვდებიან ამას. საქართველოს მეღვინეობა - ის, რაც მართლა ქართულია, სამწუხაროდ, ამ ეტაპზე ნამდვილად არის მე-17, მე-18 საუკუნეების დონეზე. იზაბელმა სწორედ ეს აჩვენა. სინამდვილეში, ეს ფილმი მოგვითხრობს იმაზე, რომ რა მიმართულებითაც სამუშაოა და რაც გასაკეთებელია, იმ მიმართულებით არაფერი კეთდება!” – იზაბელ ლეჟერონს ასეთი სიტყვების დამწერი ერთგული ქართველი ქომაგებიც ჰყავს.

ქვვერი, როგორც განმასხვავებელი ნიშანი

მიუხედავად ფილმის მიმართ გაჩენილი გარკვეული კრიტიკული განწყობებისა, მაინც თითქმის ყველა აღიარებს, რომ როდესაც ღვინის დიდოსტატი – იზაბელ ლეჟერონი ამბობს, რომ საქართველო ღვინის ქვეყანაა, და ევროპელებს საქართველოში თუნდაც მხოლოდ კარგი ღვინის გასასინჯად ჩამოსვლას ურჩევს, ეს ევროპაში უკვე მნიშვნელოვანი და დროული გზავნილია. სომელიე და ღვინის ექსპერტის - გიორგი სამანიშვილის აზრით კი, ფილმი ნამდვილად ძალიან კარგი გამოვიდა და შეიძლება ითქვას, რომ იზაბელ ლეჟერონის ფილმი ერთ-ერთი საუკეთესო ნამუშევარია, რაც კი ბოლო წლებში ქართულ ღვინოზე გადაღებულა.

გიორგი სამანიშვილი, სომელიე, ღვინის ექსპერტი: ”ფილმი ძალიან მომეწონა. ძალიან სწორად არის დანახული საქართველო და ქართული მეღვინეობის ერთი დიდი ნაწილი, რასაც ჩვენ ოჯახური ქვევრის ღვინის წარმოებას ვეძახით. ფილმის მიზანი იყო ის, რომ წარმოგვეჩინა უძველესი მეთოდები და წესები, რომელიც ხალხშია. ანუ, ხალხი აყენებს ამ ქვეყანაში ღვინოს და თან ეს საკმაოდ მაღალ დონეზე გამოსდის. ეს ნიუანსები მშვენივრად არის იზაბელის მიერ დანახული. ჩვენ შეიძლება არ მოგვწონს ის, რომ ფილმში ჩანს ჩვენი ეკონომიური გაჭირვება, ჩვენი არცთუ მოვლილი ბაზარი, მაგრამ რეალურად შეიძლება სწორედ ისაა ფილმის ერთ-ერთი მთავარი ღირსება, რომ იგი არ ჰგავს დაკვეთილს. იგრძნობა, რომ ღვინის ქვეყანაში ჩამოვიდა პროფესიონალი და რაც დაინახა, ობიექტურად და ჯანსაღად ასახა. თუმცა, უნდა ითქვას ისიც, რომ ”შერეკილი ფრანგი ქალი საქართველოში” არის მხოლოდ ჩვენს ოჯახურ ღვინოებზე გაკეთებული ფილმი და არა ზოგადად ქართულ მეღვინეობაზე”.

გიორგი სამანიშვილის აზრით, იზაბელ ლეჟერონის ფილმმა შესაძლებელია ძალიან კარგი შედეგები მოუტანოს ჩვენს მეღვინეობას და როდესაც ამ ფილმს არაქართველი მაყურებელი ნახავს, დაინახავენ, რომ  საქართველოში არის მაღალი დონის მეღვინეობა და არსებობს ქვევრი - ღვინის სრულიად განხვავებული ჭურჭელი, რომელიც შესაძლებელია განსაკუთრებულიო ნოვაცია გახდეს ევროპისათვის. დღეს ქვევრი სამწუხაროდ ჯერ არ არის ქართული მეღვინეობის სახე, მაგრამ უდავოდ არის განმასხვავებელი ნიშანი, რომელიც ჩვენი მეღვინეობის განსაკუთრებულობას უსვამს ხაზს.  

იზაბელ ლეჟერონის ფილმის შექმნის იდეის ერთ-ერთი ავტორი და სამუშაო ჯგუფის ქართველი წევრი, ღვინის ტურიზმის სპეციალისტი - ია თაბაგარი ჩვენთან საუბარში ხაზს უსვამს იმ გარემოებას, რომ ფილმზე მომუშავე ჯგუფის ქართველ წევრებს სურვილი ჰქონდათ, ფილმში ჩვენი ქვეყნის კულტურა და ღვინოსთან დაკავშირებული ტრადიციები უფრო მეტად წარმოჩენილიყო. მაგრამ, პირველადი პირობის მიხედვით, ყველაფერს იზაბელ ლეჟერონი წყვეტდა და ”თრეველ ჩენელისათვის” დამახასიათებელი სტილის გამო, აქცენტი მხოლოდ იმაზე გაკეთდა, რაც ევროპელებისათვის შედარებით უცხო და განსხვავებულია.

იზაბველ ლეჟეორნი: ”ჩემი მოსყიდვა შეუძლებელია”

ია თაბაგარი: ”ღვინის ტურიზმის სპეციალისტი ვარ და ”თრეველ ჩენელის” არხზე სულ ვხედავდი, ხოლმე ღვინოსთან დაკავშირებულ საინტერესო გადაცემებს და რეპორტაჟებს: ესპანეთიდან, საფრანგეთიდან, იტალიიდან და სხვა... სულ მწყდებოდა გული იმაზე, რომ საქართველო ამ არხზე არ ფიგურირებდა. ამის შემდეგ დავუკავშირდით ქალბატონ იზაბელს და ასე დაიწყო ფილმზე მუშაობა. პროექტი დაიწყო 2008 წელს და საკმაოდ დიდი ხანი დაჭირდა მის განხორციელებას. შეიძლება იმის გამო, რომ გადაღებების პროცესში ჩართული პირადად ვიყავი, ყოველთვის ვფიქრობდი და მინდოდა, რომ შედეგი რაც შეიძლება ბევრად მეტი მიგვეღო.

რაც შეეხება საზოგადოების გამოხმაურებას. მე რამდენიმე ადამიანს ამ ფილმთან დაკავშირებით გავესაუბრე და თითქმის ყველამ თქვა, რომ ფილმი ძალიან თბილი და დადებითი ემოციებით აღსავსე გამოვიდა. თავიდან ჩვენ გვინდოდა, რომ ფილმში ქართული კულტურა უფრო მეტად ყოფილიყო წარმოჩენილი და ხაზი გასმოდა ჩვენი კულტურის სიძველესა და უნიკალურობას (სიმღერა, ტრადიციები, სუფრა დ.ა.შ...) მაგრამ იზაბელმა და მისმა გადამღებმა ჯგუფმა თქვეს, რომ რაკი იზაბელი არის უფრო ღვინის სპეციალისტი, გადაწყვიტეს, მთლიანად აქცენტი გაკეთებულიყო ქართულ ქვევრზე და ტრადიციულ ღვინოზე. ამიტომ, მთელი ფილმის მანძილზე როგორც ნახეთ, იზაბელი ძალიან ბევრს საუბრობს სწორედ ქვევრზე და ამ ყველაფერს რა თქმა უნდა დადებით კონტექსტში განიხილავს”. A

ია თაბაგარს მიაჩნია, რომ ამ ფილმით უმთავრესი მიზანი მიღწეულია და ქართული ღვინის შესახებ ევროპელები ბევრ საინტერესო ამბავს გაიგებენ. ქალბატონი ია ასევე ამბობს, რომ იზაბელს გადაცემის სტრუქტურას და სტილს ვერ შეცვლიდნენ თუნდაც იმიტომ, რომ იზაბელ ლეჟერონი თვითონ არის ადამიანი, რომელმაც თუ არ ჩათვალა, რომ ღვინო ნამდვილად კარგია, ის იმ ღვინოს ფილმში უბრალოდ არც კი ახსენებს. ლეჟერონმა თავადაც არაერთხელ თქვა, რომ ”ჩემი მოსყიდვა შეუძლებელიაო”. ამიტომ, თაბაგრის განმარტებით, მისთვის რაიმე აზრის შეგნებულად თავსმოხვევა შეუძლებელი იყო. ბევრი ეპიზოდი და ადამიანი ფილმში ვერ მოხვდა. რაღაცეები კი ფიზიკურად ვერ მოესწრო.

ია თაბაგარი:”ერთადერთი, რაშიც შეიძლება არ ვეთანხმებოდე იზაბელს, ალბათ ის არის, რომ მხოლოდ ქვევრის ღვინოზე არ უნდა გაეკეთებინა აქცენტი. ჩემი აზრით, ქვევრის ღვინო რა თქმა უნდა ძალიან კარგია, თუმცა არ იქნება სამართლიანი, თუ სხვა წესით დაყენებულ კარგ ღვინოებს ასე ხელაღებით დავივიწყებთ. არადა, იზაბელი თავის ფილმში ხაზგასმით იმეორებს, რომ მხოლოდ ქვევრის ღვინოზე უნდა გავაკეთოთ სწორება. ჩვენ, ქართველებს, ბუნებრივია ყოველთვის გვინდა, რომ ჩვენი ქვეყანა წარმოვაჩინოთ მხოლოდ კარგი კუთხით. ამიტომ, ბუნებრივია, რომ ბევრს და მათ შორის მეც, დიდად არ მოგვეწონა, ის, რომ ფილმში ნაჩვენები იყო ქართული ბაზარი და ის კადრები, რომლებიც ქართველებისთვის ბუნებრივია არცთუ სასიამოვნო სანახავი იყო. თუმცა, ”თრეველ ჩენელის” ფორმატის მიხედვით, დოკუმენტურმა ფილმმა აუცილებლად რეალობა უნდა ასახოს და ისინი ყოველთვის ხილის ბაზრითა და უბრალო ადამიანებით უფრო ინტერესდებიან, ვიდრე ლამაზი სახლებითა და შენობებით”.

როგორც უკვე ითქვა, იზაბელთან ერთად მომუშავე ჯგუფის ქართველ წევრებს სულ არ უნდოდათ, ბევრი რამ ფილმში გამოჩენილიყო, მაგრამ ეს ისეთი ფორმატია, სადაც გადაწყვეტილებებს მხოლოდ და მხოლოდ მისი ავტორი იღებს. ამაზე ერთხელ ფილმის ქართველ პროდიუსერებს და ლეჟერონს კინაღამ კონფლიქტიც მოუვიდათ, მაგრამ ამ ფილმში რა თქმა უნდა მხოლოდ ეს არაა მთავარი.

ფაქტია, რომ ფილმს ”შერეკილი ფრანგი ქალი საქართველოში”, უკვე საკმაოდ დიდი რეზონანსი მოჰყვა, რაც ერთმნიშვნელოვნად კარგია. იზაბელ ლეჟერონის ავტორიტეტი და ცოდნა ევროპაში ბევრ ადამიანში არ იწვევს ეჭვს და ამ ქალის ნათქვამს თავისი წონა და ფასი ნამდვილად აქვს. ასე რომ, იზაბელ ლეჟერონმა თავისი საქმე ნამდვილად გააკეთა და ახლა ჯერი ჩვენზეა. ”შერეკილმა ფრანგმა ქალმა” თავისი სათქმელი თქვა, ქართული ღვინის ხარისხის დაცვა და ტრადიციული ქვევრების შენარჩუნება კი რა თქმა უნდა ჩვენი – ამ ქვეყანაში მცხოვრებთა გასაკეთებელია.

© ღვინის კლუბი/Weekend



ია, კარგო ადამიანო, არც კი ვიცოდი რომ შენ იყავი ამის თავი და თავი, ძალიან გემრიელი ფილმია, ზუსტად ასახავს ჩვენი ქვეყნის ოჯახური ღვინის წარმოების დღევანდელ სიტუაციას და იმასაც, რომ წინ ჯერ კიდევ ბევრი რამ გვაქვს გასავლელი! მაგრამ ეს პირველი გზავნილი შედგა! ეს მხოლოდ დასაწყისია. შემდეგი ასეთი ტურის დროს გეპატიჟები ჩემს მარანში:-)

თქვენი კომენტარი

თქვენი ელ-ფოსტა არ გამოქვეყნდება
  • Web page addresses and e-mail addresses turn into links automatically.
  • No HTML tags allowed

More information about formatting options

საქართველოს ღვინის რუკა
თქვენ შეგიძლიათ დაეხმაროთ ჩვენს ბლოგს "PayPal"-ის საშუალებით.

ტოპ ხუთეული