Home
ქართული | English
დეკემბერი 2024
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
2526272829301
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
303112345

შეიძინეთ ჩვენი წიგნები ღვინის მაღაზიებში

მულტიმედია

კომენტარები

რუსეთის პოლიტიკურ-ალკოჰოლური ზრახვები

       

სოფიკო კვანტალიანი

ამ დღეებში რუსეთის სამომხმარებლო მეთვალყურეობის ხელმძღვანელის გენადი ონიშენკოს განცხადებამ, რუსეთის ბაზარზე ქართული ღვინის შესვლასთან დაკავშირებით, საბოლოოდ გამოკვეთა რუსეთის ალკოჰოლური (პოლიტიკური!) ზრახვები. რუსეთის მთავარი სანიტრის განცხადებით, "თუ ქართული ღვინო ბაზარზე დაშვების ყველა აუცილებელ პროცედურას და ხარისხის შესაბამის კონტროლს გაივლის, იგი რუსულ ბაზარზე დაბრუნდება." ონიშენკომ ხარისხის კონტროლზე აქცენტი გააკეთა და საკუთარი პოზიციაც მკვეთრად გამოამჟღავნა: "როგორი მუქარითაც არ უნდა გამოვიდნენ ისინი (საუბარია ქართულ მხარეზე ს.კ.), მსო-ში გაწევრიანებისა თუ სხვა ეკონომიკური კავშირების საკითხებით, არსებობს ლეგიტიმური ბერკეტი იმისთვის, რათა ბაზარზე უხარისხო პროდუქცია არ დავუშვათ".

ქართული ღვინის რუსულ ბაზარზე დაბრუნებასთან დაკავშირებულმა განცხადებებმა 2006 წლის მარტში დაწესებული ემბარგოს შემდგომ რამდენჯერმე გაიჟღერა და შესაძლოა ამითიც იყოს გამოწვეული ქართული მხარის დღევანდელი გულგრილობა ახალი განცხადების მიმართ, რომელიც ქართული მხარის ზოგი წარმომადგენელის აზრით სუფთად ფორმალურ ხასიათს ატარებს და არ აპირებს პრობლემის რეალურად გადაწყვეტას. სწორედ ეს ფაქტი აძლევს საბაბს საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრს გრიგოლ ვაშაძეს, რომ ქართველ ბიზნესმენებს ჯერ-ჯერობით თავშეკავებისკენ მოუწოდოს, რომ ნუ ენდობიან მოსკოვიდან წამოსულ დაპირებებს და ნუ იჩქარებენ, მიუხედავად იმისა, რომ მსგავსი შემოთავაზებები მოდის არა მხოლოდ ონიშენკოს, არამედ რუსეთის ხელისუფლების სხვა წარმომადგენლებისგანაც. მისივე თქმით, ქართველი ბიზნესმენებიც არ ჩქარობენ რუსეთისკენ გამგზავრებას და ონიშენკოს მიერ შექმნილ ლაბორატორიებში თავისი პროდუქციის ანალიზის ჩატარებას, თუმცა სახელმწოფო ბიზნესმენების საქმეში ვერ ჩაერევა.

ონიშნკოს მტკიცებულებით, ის უკვე შეხვდა ქართველ ბიზნესმენებსა და მეღვინეებს, რომლებიც თურმე მზად არიან ოფიციალური თბილისის გვერდის ავლით დაიწყონ რუსეთში ქართული პროდუქციის დაბრუნებისთვის შესაბამისი პროცედურების გავლა. მიუხედავად ყველაფრისა, ცხადია, რომ რუსეთის ბაზარი საკმარისზე მეტად პოლიტიზირებულია და არავითარი გარანტია ქართული პროდუქციის მორიგი ემბარგოსგან დასაცავად არ არსებობს. 2006 წელს დაწყებული ე.წ. "ღვინის ომი" დღეს უკვე სხვა ფაზაშია, თუმცა საშიშროება ნამდვილად არსებობს, რამდენადაც პოლიტიკური სარჩული საკმაოდ მკვეთრია, ისევე როგორც ხუთი წლის წინ, როდესაც ქართულ ღვინოს გზა არა პესტიციდებმა, არამედ ხელისუფლების პოლიტიკამ გადაუღობა.

არსებობს აღნიშნული განცხადების უფრო ოპტიმისტური ინტერპრეტაციაც, რაც გულისხმობს ქართული ღვინის რუსულ ბაზარზე დაბრუნების რეალურ პერსპექტივას, თუმცა გაცილებით მნიშვნელოვანია, რამდენად სასარგებლო იქნება ეს ფაქტი ქართველ მეწარმე-მეღვინეთათვის და ზოგადად ქართული ეკონომიკისთვის. მიუხედავად იმისა, რომ ემბარგოს დაწესებამდე რუსეთი ქართული ღვინის გასაღების ყველაზე დიდი ბაზარი იყო. რუსებს ხომ გაგიჟებით უყვარდათ ქართული ღვინო და 2006 წლამდე ექსპორტირებული ათი ღვინის ბოთლიდან ცხრა იყიდებოდა. უფრო კონკრეტულად კი, ემბარგომდე ერთი წლით ადრე, კერძოდ, 2005 წელს, სოფლის მეურნეობის სამინისტროს მონაცემებით, ექსპორტზე 60 მილიონი ბოთლი ღვინო გავიდა, აქედან 40 მილიონი მხოლოდ რუსეთის ფედერაციაში. 2009 წლის მონაცემებით კი მაჩვენებელი საგრძნობლად მცირე - 11 მილიონამდე ბოთლი ღვინო. 

დღესდღეობით სიტუაცია რუსეთის ბაზარზე სხვაგვარია - რუსების საყვარელი ქართული ღვინის ცარიელი ნიშა სხვა ქვეყნების პროდუქციამ - ახალმა ჩილეურმა, ავსტრალიურმა და არგენტინულმა ღვინოებმა დაიკავეს. თანაც რუსეთმაც ხელი მიჰყო საკუთარი ღვინის წარმოებას და საკმაოდ დიდი ინვესტივიებიც ჩადო მასში, აშენდა თანამედროვე ტიპის ღვინის ქარხნები. აღორძინდა სტავროპოლის, როსტოვისა და კრასნოდარის მხარეებში არსებული ვენახები. სწორედ ეს (და არა მხოლოდ) ფაქტი აძლევს საფუძველს ქართველ ექსპერტებს იფიქრონ, რომ ქართული ღვინისთვის რუსეთის ბაზარი სწორედ ისეთივე ასათვისებელი იქნება, როგორც ნებისმიერი სხვა უცხო ბაზარი, თუმცა ისიც ეჭვგარეშეა, რომ რუსულ ბაზარზე დაბრუნების შემთხვევაში, ქართული ღვინის მწარმოებელი გაცილებით მეტ მოგებას ნახავს.

ასე  რომ, საქართველოს ხელისუფლება ტაქტიკას ცვლის და რუსულ ბაზარზე დასაბრუნებლად ნიადაგს სიფრთხილით სინჯავს. ამავე დროს შვეიცარიაში მიმდინარეობს მოლაპარაკებები მოსკოვსა და თბილისს შორის რუსეთის მსოფლიო ორგანიზაციაში გაწევრიანებასთან დაკავშირებით. რუსეთი აშშ-სგან ელის დახმარებას. ეს უკანასკნელი კი ქართულ პროდუქციაზე ემბარგოს მოხსნას მოითხოვს. გამოდის რომ, რუსულმა მხარემ ბაიდენს, რუსეთის მსო-ში გაწევრიანებასთან დაკავშირებით, ფაქტობრივად, თბილისზე ზეწოლის მოხდენა სთხოვა. სქემა მარტივია, პრობლემა კი რთული და მრავალშრიანი. ონიშენკოს პირით რუსეთი ემბარგოს მოხსნაზე მართალია დათანხმდა, მაგრამ აქ საქმე გაცილებით რთულადაა, რადგან საქართველოსაც თავისი ულტიმატუმები აქვს, რომელთა შეუსრულებლობაც სავარაუდოდ რუსეთის მსო-ში შესვლის ბლოკირებას გამოიწვევს. რუსეთის პრემიერ მინისტრმა, პუტინმა აშშ-ს ვიცე-პრეზიდენტთან, ჯოზეფ ბაიდენთან შეხვედრის დროს რუსეთის მსო-ში გაწევრიანების პრობლემა განიხილა და ხაზი მის პოლიტიკურ ხასიათს გაუსვა.

2008 წლის აპრილის ბოლოს საქართველო რუსეთის მსო-ში გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებების პროცესიდან გამოვიდა, რითიც აფხაზეთისთვის და სამხრეთ ოსეთისთვის ეკონომიკური სანქციების მოხსნის შესახებ რუსეთის პრეზიდენტის განკარგულება გააპროტესტა. ასე რომ, საქართველოს პოზიცია და სურვილი მკაფიოა - "რუსულ-ქართულ" საზღვრებზე რამდენიმე საბაჟო პუნქტის რეალიზაცია. როგორც საქართველოს პრემიერ-მინისტრის პრეს-ცენტრის ხემძღვანელმა ნიკოლოზ მჭედლიშვილმა მოლაპარაკებების დაწყებამდე ბი-ბი-სის რუსულ სამსახურს განუცხადა, ქართველების პოზიცია უცვლელია, საქართველო ითხოვს საბაჟო-გამშვები პუნქტების ლეგალიზაციას მდინარე ფსოუზე - საქართველოსა და რუსეთს შორის საზღვარზე, აგრეთვე, როკის გვირაბზე, "სამხრეთ ოსეთში" საქართველოსა და რუსეთის საზღვარზე.

ამ პოლიტიკურ-ალკოჰოლური მოვლენის შესახებ "მარანმა" კომენტარი თხოვა შატო მუხრანის დირექტორს ირაკლი ტალახაძეს: "ეს გადაწყვეტილება პოლიტიკურ დონეზეა მისაღები, თუმცა რისკის მომენტი მაინც რჩება, 2006 წელი რომ არ განმეორდეს. რუსეთის სურვილი ნათელია. ის ცდილობს რაღაცნაირად დაითანხმოს საქართველო, რომ ვეტო მოხსნას. რუსეთის ბაზრის გახსნა ქართული ღვინისთვის კარგია, თუმცა ვერ ვიტყვი რომ პანაცეა იქნება. ის ისეთივე ახალი ბაზარი იქნება, როგორც ნებისმიერი სხვა, რომელიც ხელახლა უნდა მოვიპოვოთ. განსაკუთრებით ჩევნი პროდუქტისთვის, რომელიც იმდენად მაღალფასიან და მაღალხარისხიან სეგმენტშია, რაც რუსეთის ბაზარზე ექსპორტის დროსაც ისედაც არ არსებობდა. ასე რომ, რუსეთის ბაზარი ჩვენთვის ისევე საინტერესოა, როგორც ნებისმიერი სხვა ბაზარი." "თბილღვინოს" ხელმძღვანელის გიორგი მარგველაშვილის აზრითაც "აღნიშნულ განცხადებას მშვიდი ოპტიმიზმით უნდა შევხვდეთ, რადგან ამგვარი განცხადებები არაერთხელ გაკეთებულა. უდავოა, რომ მოთხოვნა ქართული ღვინის დაბრუნებაზე რა თქმა უნდა, მხოლოდ ცალმხრივი სურვილი როდია. ექსპოტრის მსურველია არა მხოლოდ მომხმარებელი არამედ სხვადასხვა ბიზნეს სექტორიც. ასე რომ, ბაზრის გახსნა კარგია, თუმცა კი ღვინის გადინება არ იქნება იმდენი, როგორც 2005 წელს და 2006 წლის პირველ ნახევარში იყო, რადგან რუსულ ბაზარზე ქართული ღვინის ადგილი სხვა ღვინოებმა დაიკავეს. მიუხედავად ამისა, ვფიქრობ, ქართული ღვინო დაიკავებს იმ ადგილს, რაც მას ადრე ჰქონდა.

მოკლედ, ახლა რუსეთის მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციაში გაწევრიანების ბოლო სტადიაა, რადგან პრაქტიკულად ყველა სახელმწიფო თანახმაა. საქართველო კი მხოლოდ ერთს ითხოვს -რუსეთის მხრიდან ორგანიზაციის წესების დაკმაყოფილებას. როგორც ექსპერტი დემურ გიორხელიძე აღნიშნავს, "მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციაში რუსეთის გაწევრიანება ავტომატურად ქმნის იმის პირობებს, რომ ემბარგო მოიხსნას, რადგან მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციის წევრი ქვეყნები ერთმანეთს ასეთი ურთიერთობებით ვერ დაელაპარაკებიან, რადგან ამას ის ხელშეკრულებები კრძალავს, რომელიც მსო-ში გაწევრიანებულ ქვეყნებს ერთნამეთთან აკავშირებს." ექსპერტის აზრით, პოლიტიკური პროცესების ცენტრში მოქცეული ქართული ღვინო სავარაუდოდ დაბრუნდება რუსულ ბაზარზე.

© ღვინის კლუბი/Weekend



მართლა რომ გასაკვირია ეს ყველაფერი ღვინის პერსპექტივებზე საუბრობენ თან ფალსიფიკაციას ვითომ ომი გამოუცხადეს საქართველოში დაამარცხეს და ახლა უცხოეთში ებრძვიან. ერთ მაგალითს გეტყვით რატომ არ ინტერესდება ვინმე იმით რომ თელავის ღვინის მარანმა რომ ჩამოასხა ვითომ ”უსახელოურის” ღვინო და ფასი 170 ლარი უდევს 2010 წლის მოსავალზე პრესტიჟულ მაღაზიებში და სინამდვილეში 2010 წელს 1 კგ ყურძენი არ შეუძენიათ ადგილობრივი გლეხებისაგან (ცნობისათვის ამ ჯიშის ყურძენი მოდის მხოლოდ ცაგერის რაიონია ორ სოფელში ოყურეშის და ზუბის ტერიტორიებზე) ვისაც ერთადერთი სარჩო გამოაცალეს ხელიდან. ის ბობოლები კი ზიან და რაგაც ჰიბრიდული ჯიშებით დამზადებულ ეგრეთწოდებული ”უსახელაურით” კლიენტს ამოდენა თანხებს სძალავენ და იმ ნამდვილ უსახელოურში 1 თეთრს არ უხდიან იმ ხალხს ვინაც ეს გადაშენების გზაზე მყოფი უნიკალური ჯიში ისევ აღორძინების გზაზე დააყენეს. ეგებ გამარკვიოს ვინმემ რა ხდება?

თქვენი კომენტარი

თქვენი ელ-ფოსტა არ გამოქვეყნდება
  • Web page addresses and e-mail addresses turn into links automatically.
  • No HTML tags allowed

More information about formatting options

საქართველოს ღვინის რუკა
თქვენ შეგიძლიათ დაეხმაროთ ჩვენს ბლოგს "PayPal"-ის საშუალებით.

ტოპ ხუთეული