Home
ქართული | English
ნოემბერი 2024
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
28293031123
45678910
11121314151617
18192021222324
2526272829301

შეიძინეთ ჩვენი წიგნები ღვინის მაღაზიებში

მულტიმედია

კომენტარები

"პახმელია"– ნაახალწლევის მუდმივი ტანჯვა

ლევან სეფისკვერაძე

ორ კვირამდე გაჯანჯლებულ ქართულ შობა–ახალ წელს საცივის, გოზინაყისა და სხვა გემრიელი სასუსნავების გარდა, თან ერთი, არცთუ სასიამოვნო რამ – პოსტ–ალკოჰოლური მოწამვლა, ანუ პახმელიაც სდევს. პახმელია და ახალი წელი ფაქტობრივად განუყოფელი ცნებებია და ნარჩევი, მაღალხარისხიანი სასმელის მსმელი ჩვენი თანამემამულეებიც კი, დილით ქართველი კაცისათვის ესოდენ ნაცნობი კაეშანით და მუდმივი ფიქრით – “პახმელიაზე რითი გამოვიდეთ“–იიღვიძებენ.

მხოლოდ ძილის იმედად

ცნობილი ამბავია, რომ მაღალხარისხიანი ალკოჰოლური სასმელის მომხმარებლები პახმელიის სიმწვავეს უფრო ნაკლებადგანიცდიან, თუმცა, მთლად ყველაფერს მხოლოდ მიღებული სასმლის ხარისხთან ვერ დავაკავშირებთ, რადგან ძალიან მნიშვნელოვანია, დალეული სასმელის რაოდენობაც. ზედმეტად დათრობის, ე.წ. გადათრობის შემთხვევაში, ნაბახუსევი,როგორც წესი,ძალიან რთულ ფორმებში გამოიხატება და ექიმები უპირველესად, დალევის დროს, ზომიერების დაცვას გვირჩევენ. უკვე ჩამოყალიბებულ “პახმელიისტებს“ კი, რომელთა ღვიძლიც მასზე დაკისრებულ მოვალეობას სათანადოდ ვეღარ ასრულებს, მცირედი თრობაც კი, დილით დიდ სატანჯველს უჩენს. პახმელიიდან გამოსვლა კი არც ისეთი ადვილი საქმეა.

როგორც ცნობილია, ყველა ადამიანის ორგანიზმი ინდუვიდუალურია და პახმელიაზე ყველას ერთნაირად არ სიამოვნებს ხაში და არაყი, ლუდი და შამპანური, აბაზანა და საპირისპირო სქესთან “შეპირისპირება“. მაგალითად, თბილისელი მძღოლი – ბეჟან შენგელია პახმელიაზე ყოფნის დროს, პირს არაფერს აკარებს. მთელი დღე საწოლში წევს და მხოლოდ ამ გზით იტოვებს შანსს, რომ მომავალ დღეს მაინც გავიდეს სამსახურში.

პახმელიიდან გამოსვლის ეს მეთოდი ბატონ ბეჟანს სულაც არ მოუფიქრებია. ეს მისმა პირადმა ექიმმა – სოსო პეტრიაშვილმა მას შემდეგ ურჩია, რაც ბეჟან შენგელია ყოველი დათრობისა და დილით, პახმელიაზე ხაშით ან სხვა საშუალებით გამოსვლის მცდელობის შემდეგ, საშინლად ცუდად ხდებოდა და რამდენჯერმე, სახაშედან საავადმყოფოშიც კი გახდა გადასაყვანი. მისი ორგანიზმი უბრალოდ ვერ იტანს პახმელიაზე რაიმე ზედმეტ დატვირთვას და წყალიც კი ნორმირებულად ესმება. მართალია, ამ გზით თავის ტკივილი ეგრე ადვილად და უმტკივნეულოდ არ მარცხდება, მაგრამ სამაგიეროდ, ადამიანი ზედმეტი გართულებებისაგან დაზღვეულია.

“ხაშისტური“ ფილოსოფია

ამ სტატიაზე მუშაობის დროს, ერთ–ერთ ქართულ ვებ–პორტალზე ჩავატარეთ საინტერესო გამოკითხვა. 1344–მა მომხმარებელმა უპასუხა კითხვას: “რით გამოდიხართ პახმელიაზე?“. აღმოჩნდა, რომ მომხმარებელთა უმეტესობა, ანუ 67% უპირატესობას “ხაშს, ხარჩოს, ბოზბაშსა და სხვა ცხელ კერძებს“ – ანიჭებს. 12% პახმელიის დაძლევას დაბალალკოჰოლიანი სასმელებით, უპირატესად ლუდით ცდილობს. 9%-ს შხაპის გადავლება და ძილის გაგრძელება შველის. ხოლო, დარჩენილ 12% კი, ირწმუნება, რომ პახმელია არ აქვთ და ეს განთიადის ტანჯვა მათთვის უცხოა. გამოკითხვაში კიდევ იყო ერთი პუნქტი: “გაზიანი სასმელები“, მაგრამ ჩვენდა გასაკვირად, ამისათვის ხმა არავის მიუცია.

მეტად საცნაური სანახავია თბილისური სახაშე დილით. ჩვენ უპირველესად ვსაუბრობთ სახაშეზე და არა სახინკლეზე, ან რესტორანზე, სადაც დილით ხაშიც “იჭმება“. საკუთრივ სახაშედ სახელდებული დაწესებულებების განსაკუთრებულობა პირველ რიგში იმაში მდგომარეობს, რომ აქ თავიდან–ბოლომდე, ყველაფერი დილის კაეშნის დაძლევას ემსახურება, დაწყებული კერძებითა და დამთავრებული, ძველი, მოშლილი არღნის არაჰარმონიული კაკუნით, რომლის ხმაც, ზოგიერთ ჩვენს თანამემამულეს, რატომღაც დამატებით ეხმარება პახმელიაზე გამოსვლაში.

სანამ ხაშს მოიტანდნენ და ჰაერში ქვაბიდან ახლადგადმოსხმული წვნიანის სუნი დატრიალებულა, მანამდე მოდით, სახაშე“ძმების“ მესაკუთრეს – გოგი ლურსმანაშვილს მოვუსმინოთ.

გოგი ლურსმანაშვილი: “ამას ალბათ არ უნდა ვამბობდე, მაგრამ პირადად მე, არ მჯერა, რომ ხაში პახმელიაზე კაცს შველის. ხაშის ჭამა სასიამოვნო ნამდვილად არის, მაგრამ პახმელიას ისე არაფერი უშველის, როგორც ასპირინი. აი ეგაა ჩემი საშველი ყოველთვის! თუმცა, ხაშის ჭამა კაცს რომ არაფერს ავნებს, ეგეც ფაქტია.

ჩვენი სახაშე სულ რაღაც 2 წელია რაც გავხსენით. კლიენტებს პირველ რიგში იმით ვიზიდავთ, რომ მუშაობას ცივ ზამთარშიც კი, დილის 7 საათზე ვიწყებთ. ახალი წლებისა და აღდგომის დღეებშიც კი, ერთი დღეც არ ჩაგვიგდია და ყოველთვის ვმუშაობდით. კლიენტურა ამან უფრო მოგვიმატა. ტრაბახში არ ჩამითვალოთ, მაგრამ ძალიან ბევრი ცნობილი ადამიანი არის ჩვენთან ნამყოფი.

პახმელია ისეთი რამეა, რომ იმან ცნობილი და არაცნობილი სახე არ იცის. ერთხელ, დილის 8 საათზე, ერთი ცნობილი ქართველი მომღერალი დაგვადგა. პახმელიაზე კი არა, ჯერ ისევ მთვრალი იყო. წუწუნებდა – ვერც ერთი ჩემი მეგობარი ვერ დავითანხმე ხაშის საჭმელად წამოსვლაზეო. ნახევარი ჯამიც ვერ ჭამა და იქვე ჩამოეძინა. შევფიქრიანდით, ისე ამ კაცის დატოვება უხერხული იყო... რა უნდა გვექნა? ავდექით და, იქვე, გარეთ დაყენებულ მისავე მანქანაში ჩავაწვინეთ. საღამომდე ეძინა. როცა გაიღვიძა, შემოგვივარდა და აქეთ აგვიტეხა ჩხუბი, მანქანაში რატომ ჩამაწვინეთ, ჩემთან სახლში დაგერეკათო, თითქოს მაგისი სახლის ნომერი ზეპირად ვიცოდით. მოკლედ, ათასნაირ უცნაურ კაცს ნახავ აქ“.

რუსული უცნაურობანი

თუ კაცს მადასთან დაკავშირებით პრობლემები არა აქვს და გემოვნების რეცეპტორებიც არ დაქვეითებია, აუცილებლად მოინდომებს ისეთი ხაშის ჭამას, რაოდენობრივად ბევრიც იყოს, გემრიელიც და მარგებელიც. როგორც ცნობილია, კარგ სახაშეში, თვითოულ ჯამში ხაშს თანმხლები ხორცის ნაჭრები ისე უნდა იყოს განაწილებული, რომ რაგინდა რა გემოვნების კაცი დარჩეს კმაყოფილი. კანჭის ნაჭერი, ორიოდე ფაშვის ნაჭერი (ე.წ. “პირსახოცი“),ბარკლის პატარა ანათალი, კოჭის ფრაგმენტი – აი ასეთი შემადგენლობით მორთმეული ხაში თვლება სრულყოფილად და საუკეთესოდ!. თუმცა, როგორც უკვე ვთქვით, ყველას როდი აღაფრთოვანებს ხაში და სხვა ცხელი წვნიანები....

54 წლის სიმონ წიგნაძემ 10 წელი რუსეთში, კერძოდ კი ქალაქ ჩელიაბინსკში იცხოვრა. აღარ დავკონკრეტდეთ იმაზე, თუ რუსეთში რაოდენ აქტუალური პრობლემაა პახმელიის დაძლევა და სადაც პრობლემაა, იქ დასაძლევი გზებიც მრავალფეროვანია.

სიმონ წიგნაძე: “ადრე პახმელია არც კი ვიცოდი რა იყო, მაგრამ რუსეთში ცხოვრების დროს, ათასნაირი საშინელი ხარისხისა და თვისების სასმელის დალევა მომიწია და ე.წ. პახმელიობაც სწორედ იქ დამჩემდა. მე აქ რასაც ვხედავდი, ვიცოდი, რომ პახმელიაზე ხაში უნდა გეჭამა და არაყი დაგეყოლებინა. ანდა, ლუდით და ბორჯომით უნდა გამოსულიყავი პახმელიაზე. მე რუსეთში ისეთი რამეები ვნახე, თავიდან თვალებსაც არ ვუჯერებდი.

ფინური აბანოს ამბებისა და ცხელი ორთქლიდან თოვლში გავარდნის ტრადიციის შესახებ თქვენც გეცოდინებათ და ამაზე აღარც ღირს საუბარი. მარტო სპეციალურიად პახმელიისათვის დაახლოებით ათამდე სასმელს ამზადებენ რუსეთში. ერთ–ერთ, ყველაზე ძლიერ და ცნობილ ასეთ სასმელს “ზებერი“ ქვია და ძველ რუსულ საპახმელიო საშუალებად ითვლება, რომელიც მზადდება ცხოველის ქონისგან, დაფქული წიწაკისგან, კარტოფილისგან, და ათასი საძაგლობისაგან... დასალევად ისეთი საზიზღარია, რომ მე როდესაც დავლიე, კინაღამ იქვე მოვკვდი. თუმცა, თანდათან ვგრძნობდი, რომ პახმელიიდან მართლა გამოვდიოდი, მაგრამ ეგეთი არც პახმელიაზე გამოსვლა მინდა და არც არაფერი“.

ადრიანო დილა ადრიან...

თუკი სიმონ წიგნაძე, რუსეთში არსებულმა ანტისაპეხმელიო საშუალებებმა გააოცა, სულ სხვაგვარმა გაკვირვებამ შეიპყრო ერთ–ერთი იტალიური სპორტული გაზეთის სკანდალებზე მონადირე ჟურნალისტი – ელენიო რეზიტი, დაახლოებით ორი წლის წინ.

განთიადია, მილანში მდებარე ერთ–ერთი ღამის კლუბის კარს ფრთხილად აღებს ელენიო რეზიტი და ფეხაკრეფით უახლოვდება ბარში შემორჩენილ ერთადერთ კლიენტს. ესა რის შორტებში გამოწყობილი თმაგადახოტრილი ახალგაზრდა კაცი, რომელსაც მაგიდაზე გრაპას ნაკლულ ბოთლთან ჩასძინებია და აშკარაა, რომ წინა საღამოს გვარაიანად მოულხენია. ჟურნალისტი სიხარულისაგან ცქმუტავს – რადგან ეს კაცი, არც მეტი, არც ნაკლები – მილანის “ინტერის“  ბრაზილიელი თავდამსხმელი – ადრიანოა, რომელიც ჩამოყალიბებული ლოთი გახლავთ და აპენინელმა ჟურნალისტება  სასმლისმოყვარეობაში არაერთხელ ამხილეს. მაგრამ, სკანდალებზე მონადირე ჟურნალისტისათვის ნამდვილი განძია ბოთლთან ჩაძინებული ადრიანოს გამოჭერა. ასეთ თემაზე შექმნილ სტატიას ხომ მთელს მსოფლიოში მოჰყვება დაინტერესება.

ელენიო საშინლად ნაბახუსევ ადრიანოს აჯანჯღარებს და ძლივს აღვიძებს. ბრაზილიელი გაოგნებული თვალებით შესცქერის მომხვდურს და ვერ ხვდება, სად არის, ვინ ესტუმრა და რას ერჩიან. შეჯანჯღარება  და რამდენიმე შემოლაწუნება საქმეს ვერ შველის, რადგან ადრიანო აშკარად მძიმე პახმელიაზეა და არათუ ლაპარაკის, გარშემო მიმოხედვის სურვილიც კი არა აქვს. ბოლოს, ჟურნალისტი გადაწყვეტს, რომ ბარმენს რაიმე ძლიერი, საპახმელიო საშუალება მოატანინოს, რომ ეგებ ამ გზით მაინც აალაპარაკოს ესოდენ სანატრელი რესპოდენტი. ბარმენს, უცნაური შეფერილობის კოქტეილი მოაქვს და ჟურნალისტი ფეხბურთელს სასმელს ფაქტობრივად ძალით ასხამს პირში.

რამდენიმე ყლუპის მოსმის შემდეგ, ადრიანოს თვალები უტრიალდება, სახე ეცვლება და კანკალს იწყებს. ბარის დაფეთებული თანამშრომლები და “მონდომებული“ ჟურნალისტი საშინალდ დაბნეულები არიან და ძლივს ახერხებენ სასწრაფო დახმარების გამოძახებას. ადრიანო რაღაც სასწაულით გადარჩა. თუმცა ბუნებრივია ელენიო რეზიტისთან გასაუბრება არც უფიქრია.

როგორც აღმოჩნდა, ბრაზილიელ ფეხბურთელს, პახმელიის დროს, ერთადერთი რამე – ცხელის სასმელები: ყავა, ჩაი და სხვა... შველოდა. ხოლო, თუ ნაბახუსევზე ალკოჰოლს დალევდა, სიკვდილის პირას მიდიოდა. ადრიანო იმ შემთხვევაში სიკვდილის გადაურჩა, დღეს კლუბ “რომაში" ირჯება და ალბათ ამჟამად მარადიული ქალაქის დუქან–სამიკიტნოების ხშირი სტუმარია. თუმცა, რომაელმა ჟურნალისტებმა ალბათ უკვე კარგად იციან მისი საპახმელიო ჩვეულების შესახებ და ადრიანოსთან ნაბახუსევზე ინტერვიუს ჩაწერის მსურველები, უპირველესად, ყავით სავსე ფინჯანს მოიმარჯვებენ.

სანამ დედამიწაზე ალკოჰოლური სასმელები იარსებებს, მანამდე მარადიულ პრობლემად დარჩება პახმელია და ყოველთვის იქნება საუკეთესო საპახმელიო საშუალებების მოძიებისა და მიგნების მცდელობები. თუკი აცტეკთა წყევლა არ ასრულდა და 2011 წლის მსგავსად, 2012 წლის ნიშნულიც ადვილად გადავლახეთ, აქედანვე შეიძლება თქმა იმისა, რომ 200 წლის შემდეგაც, იარსებებენ პახმელიაზე ცივი შხაპის მიღების მოყვარულები და ცხელი სასმელით პახმელიის დამძლევები, ხაშისტები და გაზიანი სასმელისტები, ასპირინისტები და კამპოტისტები, ძილისტები და მწნილის წვენისტები... რადგან, ყველა ადამიანი ერთნაირი არ არის, პახმელიაზე გამოსვლის საშუალებებიც მუდამ მრავალგვარი და ურთიერთგანსხვავებული იქნება.

შემდეგში,შესაძლებელია, ძლიერმოქმედი პრეპარატიც შეიქმნას, რომლის ერთმა აბმაც, შეიძლება მართლაც მოხსნას პოსტ–ალკოჰოლური უსიამო შეგრძნებები, თუმცა ყველა ზემოთ ჩამოთვლისლი “ისტები“ ალბათ მაინც ყოველთვის იარსებებენ. პირველ რიგში ხომ თავად პახმელიის ფენომენია ამის წინაპირობა.

© ღვინის კლუბი/Weekend



პახმელიის განცდას წლიდან წლამდე უალკოჰოლოდ ყოფნას ვარჩევ,ასეთი არაქართული ტრადიცია ვარჩიე.კაცია და გუნება.

თქვენი კომენტარი

თქვენი ელ-ფოსტა არ გამოქვეყნდება
  • Web page addresses and e-mail addresses turn into links automatically.
  • No HTML tags allowed

More information about formatting options

საქართველოს ღვინის რუკა
თქვენ შეგიძლიათ დაეხმაროთ ჩვენს ბლოგს "PayPal"-ის საშუალებით.

ტოპ ხუთეული