Home
ქართული | English
ნოემბერი 2024
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
28293031123
45678910
11121314151617
18192021222324
2526272829301

შეიძინეთ ჩვენი წიგნები ღვინის მაღაზიებში

მულტიმედია

კომენტარები

მაიკ გრგიჩი – ნაპა ველის ხორვატიული ლეგენდა

ნინა ახლოური

მილენკოს ღვინის სარდაფი გარედან ღია ჩალისფერია. ის ყოველ დილით ათის ნახევარზე იღება და სტუმრებს მომდევნო ექვსი საათის განმავლობაში ელის. თუ ესტუმრებით, ათ დოლარად ღვინოსაც გაგასინჯებენ და სამახსოვროდ ჭიქასაც გაჩუქებენ. თუ ღვინო მოგეწონათ (ძალიან უცნაური კი იქნება, რომ არ მოგეწონოთ, რადგან ერთ-ერთი საუკეთესოა არა მხოლოდ რეგიონში, ალბათ მსოფლიოშიც) და მისი შეძენა გადაწყვიტეთ, სულ მცირე ოცდახუთი დოლარი მაინც უნდა გქონდეთ ჯიბეში დარჩენილი. თუმცა ეს თანხა ადგილზე გინდათ, იქამდე მისასვლელად კი ბანკში დანაზოგის მოკითხვა იქნება საჭირო. იმიტომ, რომ ღვინის სარდაფს შორეული ამერიკის დროშა ამშვენებს – ის ერთ-ერთი ძველია კალიფორნიაში. ხუმრობა ხომ არ არის, მილენკომ თავისი ღვინის სარდაფი 1977 წელს ააშენა.

იმ დროს ამერიკული ღვინო არც ისე სახელგანთქმული იყო მსოფლიოში, რომ არაფერი ვთქვათ მის პრესტიჟულობაზე. უფრო სწორად, კალიფორნიის ღვინოები ეს-ესაა იწყებდნენ სახელის მოხვეჭას. 1976 წელს, პარიზში, ყოველწლიურ დახურულ დეგუსტაციაზე სწორედ ამერიკულმა, კალიფორნიულმა  ღვინომ გაიმარჯვა. ამ ამბის შემდეგ ამერიკულ მეღვინეობას სერიოზულად დაუწყეს ყურება, რადგან როგორც აღმოჩნდა, შესანიშნავი შარდონეს დაყენება  კოლუმბის მიწაზეც შეიძლება. ეს შემდგომში ლეგენდად ქცეული ღვინო Chateau Montelena Chardonnay იყო, ადამიანი კი, რომელმაც ის დაამზადა – მაიკ (მილენკო) გრგიჩი, რომელიც მაშინ მეღვინედ მუშაობდა Chateau Montelena-ში.

         ხორვატიული წარმოშობის, ოთხმოცდარვა წლის გრგიჩი მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ამერიკელი მეღვინეა. ის ნაპას ველზე საკუთარ ვენახებს ფლობს (Grgich Hills Estate, რომელიც ას ორმოცდარვა ჰექტარზე გადაჭიმული და ყოველწლიურად შარდონეს, მერლოს, კაბერნე სოვინიონის, სოვინიონ ბლანის, ზინფანდელის 60 – 70 000 ყუთს აწარმოებს)  და უკვე ათეული წლებია მეღვინეობითაა დაკავებული.

კალიფორნიაში დასახლებამდე მილენკომ, რომ იტყვიან, ქვეყანა მოიარა. მისმა ბავშვობამ ხორვატიაში განვლო. ის ხორვატიელი მეღვინის მრავალრიცხოვან ოჯახში ყველაზე უმცროსია. ძალიან პატარა იყო, ცხვრების ასევე პატარა ფარის მწყემსვა და ფეხით ღვინის დაწურვა რომ უწევდა. სახელიც ორიგინალური მიზეზის გამო დაარქვეს. "მამაჩემი წელიწადში ერთხელ ჩემი დისგან გამოგზავნილ წერილს იღებდა ამერიკიდან. მასში ხუთი დოლარი იყო. მამა წერა-კითხვის უცოდინარი კაცი იყო და ნამდვილი წერილი არასოდეს მიუღია, ეს ხუთი დოლარი კი მისთვის ბევრს ნიშნავდა." - ამბობს მილენკო. ხორვატიული წესჩვეულების მიხედვით, ბავშვს ნათესავის სახელს არქმევდნენ. მილენკო მეთერთმეტე შვილი იყო ოჯახში, ამიტომ, როგორც ჩანს, სახელები გამოილია – მას იმ ფოსტალიონის პატივსაცემად დაარქვეს სახელი, რომელსაც მამისთვის ყოველ წელს ამერიკიდან გამოგზავნილი წერილი მოჰქონდა.

მას შემდეგ ბევრმა წყალმა ჩაიარა. ერთ ხანს გრგიჩი ზაგრების უნივერსიტეტში მეღვინეობასა და ენოლოგიის მეცნიერებას სწავლობდა. როდესაც კალიფორნიის შესახებ გაიგო, იქ წასვლის სურვილი გაუჩნდა, მაგრამ ეს მაშინვე ვერ მოახერხა. იუგოსლავიის დატოვების შემდეგ ცოტა ხნით დასავლეთ გერმანიაში სწავლობდა, საიდანაც მოგვიანებით კანადაში გაემგზავრა. საბოლოოდ, კალიფორნიაში, ნაპას ველზე ღვინის ქარხანაში სამუშაო იშოვა და საშუალება მიეცა შტატებში ჩასულიყო.

კალიფორნიაში მილენკო გრგიჩმა დიდი გამოცდილება მიიღო – მუშაობდა ბევრ მეღვინესთან, მათ შორის რობერტ მონდავისთანაც. მას შემდეგ, რაც მისი 1973 წლის შარდონე პარიზში მთავარი პრიზის მფლობელი გახდა თეთრ ღვინოებს შორის, გრგიჩს შესაძლებლობა მიეცა საკუთარი მეღვინეობა შეექმნა. საერთაშორისო ასპარეზზე მისი წარმატება ამ შემთხვევით არ დასრულებულა – 1980 წელს გრგიჩის შარდონემ 221 სხვა შარდონეს აჯობა ჩიკაგოში გამართულ კონკურსზე, სადაც დეგუსტაცია ბრმა მეთოდით მიმდინარეობდა.

დღეს მაიკ გრგიჩს დამსახურებულად უწოდებენ შარდონეს მეფეს. მისი ფილოსოფია ასეთია: მოექცე ყურძენს და ღვინოს ისე, თითქოს ისინი ცოცხალი, მსუნთქავი არსებები იყვნენ. 2003 წლიდან მისი მეღვინეობა მთლიანად ბიოდინამიკური გახდა - გრგიჩის ღვინო დღეს ორგანული მეთოდებით მზადდება, ყველანაირი ხელოვნური დანამატების, პესტიციდებისა და სასუქების გარეშე. "რაც შეეხება სტილს, მე ღვინოში რამდენიმე ატრიბუტს ვაქცევ ყურადღებას: საუკეთესო ხარისხს, მის კონსისტენციას, ბალანსს (როცა ყველა ელემენტი ერთმანეთს ავსებს)". მთავარი მისთვის მაინც ისაა, რაც ათეული წლების წინაც იყო – ღვინის ჰარმონიულობა. მილენკო გრგიჩისთვის ეს სასმელში არც ისე საგრძნობ მუხის არომატს და არც ისე მაღალ ალკოჰოლის დონეს ნიშნავს. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, კარგი ღვინო სასიამოვნო დასალევი უნდა იყოს. სასიამოვნოს გარდა, მაიკ გრგიჩის ღვინო დამსახურებულად ითვლება ყველაზე მაღალი კლასის სასმელად. ცნობილია, რომ გრგიჩის ვენახებიდან დაწურული ღვინო მოხვედრილა სადილებზე, რომლებიც ესპანეთის მეფის, ხუან კარლოსის, ელიზაბეტ მეორეს, რონალდ რეიგანის თუ ფრანსუა მიტერანის პატივსაცემად გამართულა.

რთულია წარმოიდგინო მილენკო გრგიჩი თავისი განუყრელი ფრანგული ბერეტის გარეშე. აღსანიშნავია, რომ მათ მეგობრობას საკმაოდ დიდი ისტორია აქვს. "როცა ზაგრებში ჩავედი, არც დედა მყავდა, არც მამა. თავი უნდა შემენახა და ამიტომ მოვიქეცი ასე. ზაგრები ძალიან ნალექიანი ქალაქია, ისევე, როგორც სიეტლი. ხოდა, მეც ქოლგა ვიყიდე", - ჰყვება გრგიჩი. რადგან არც ისე დიდი სახსრების პატრონი იყო, უნივერსიტეტში საზოგადოებრივი ტრანსპორტით უწევდა სიარული. ერთ დღეს, მისდა საუბედუროდ, ქოლგა ტრანსპორტში დარჩა. ქუჩის დაღმართზე ჩამოდიოდა, რომ უცებ ფრანგული ბერეტი დაინახა. იმდენი ფული აღარ ჰქონდა, რომ ახალი ქოლგა შეეძინა, სამაგიეროდ ბერეტისთვის ის ნამდვილად ყოფნიდა. იფიქრა, თან წვიმისგან დამიცავს და თან არასოდეს დამეკარგება, რადგან მოვკეცავ და ჯიბით ვატარებ ხოლმეო. ალბათ ძალიან დიდი იყო ბერეტის დაკარგვის შიში, რადგან იქიდან მოყოლებული, მილენკო მას თავით ატარებს.

გარდა იმისა, რომ უდიდესი წვლილი მიუძღვის ნაპას ღვინის თანამედროვე ინდუსტრიის ჩამოყალიბებაში, მილენკო გრგიჩი სამშობლოსაც არ ივიწყებს. 1993 წელს მან ხორვატია მოინახულა, სადაც იქაურ მეღვინეებს შეხვდა და კარგი რჩევები მისცა წითელი ღვინის დაყენებასთან დაკავშირებით, გაუზიარა კალიფორნიაში მიღებული უდიდესი გამოცდილება. "იმის იმედი არ მქონდა, რომ ხორვატიაში ღვინის ქარხანას გავხსნიდი. მე მინდოდა მიმეცა ჩემი ქვეყნისთვის ის ცოდნა, რომელიც აქ ჭირდებოდათ იმაზე უკეთესი ღვინოების დასაყენებლად, ვიდრე ამას კომუნიზმის წლებში აკეთებდნენ", - ამბობს მილენკო. ამის მიუხედავად, სამი წლის შემდეგ მან მაინც წამოიწყო საკუთარი მეღვინეობა ხორვატიაში – Grgic Vina გახსნა ადრიატიკის ზღვის სანაპიროზე. მან საკმაოდ საინტერესო ღვინოების წარმოება დაიწყო და მალე Plavac Mali, წითელი ღვინო და Posip, თეთრი ღვინო ხორვატიის ფარგლებს გარეთაც გახდა ცნობილი. გრგიჩმა ახალი ღვინოები ამერიკის ოც შტატში გაიტანა ექსპორტზე, რითაც ხელი მნიშვნელოვნად შეუწყო არა მხოლოდ ზოგადად ხორვატიული მეღვინეობის, არამედ ადგილობრივი ტურიზმის განვითარებასაც.

სამი წლის წინ მილენკო გრგიჩს ჰკითხეს, რა მიზანი ჰქონდა დარჩენილი ცხოვრებაში. "მამაჩემი მასწავლიდა, რომ ყოველდღე რაღაც ოდნავ უკეთ უნდა გააკეთო", - უპასუხა მან. ის დღესაც ცდილობს, ამ რჩევას მიჰყვეს. ასე რომ, გრგიჩისგან დღემდე უნდა ელოდე ისეთ ღვინოს, რომელიც მსოფლიოს ისევე აალაპარაკებს, როგორც ეს თავის დროზე შარდონეს მაგალითზე ვიხილეთ.

© ღვინის კლუბი/Weekend

თქვენი კომენტარი

თქვენი ელ-ფოსტა არ გამოქვეყნდება
  • Web page addresses and e-mail addresses turn into links automatically.
  • No HTML tags allowed

More information about formatting options

საქართველოს ღვინის რუკა
თქვენ შეგიძლიათ დაეხმაროთ ჩვენს ბლოგს "PayPal"-ის საშუალებით.

ტოპ ხუთეული