ამერიკელმა მეცნიერებმა დაადგინეს, რომ ალკოჰოლს კიდევ ერთი დადებითი თვისება აქვს. ორეგონის უნივერსიტეტის მეცნიერებმა ხანგრძლივი ექსპერიმენტი ჩაატარეს, საცდელ ობიექტებად კი მაკაკები გამოიყენეს, რომელთა იმუნიტეტი ძალიან წააგავს ადამიანისას.
ცდებისას გაირკვა, რომ ალკოჰოლი ინფექციებს ებრძვის და იმუნურ სისტემას აძლიერებს. საექსპერიმენტო მაიმუნები ორ ჯგუფად გაყვეს და ყველას ჩუტყვავილას აცრა გაუკეთეს. პირველი ჯგუფის ცხოველებს 4%-იან ალკოჰოლურ სასმელს ასმევდნენ, მეორე ჯგუფის წევრებს მხოლოდ დაშაქრული წყლით უმასპინძლდებოდნენ, სუფთა წყლითა და საკვებით კი ორივე ჯგუფის წევრებს უხვად ამარაგებდნენ.
მეცნიერები 14 თვის განმავლობაში აკვირდებოდნენ, რა რაოდენობით სპირტიან სასმელს სვამდნენ მაიმუნები. ცდის დაწყებიდან 7 თვის თავზე კი მათ ისევ აცრა გაუკეთეს. კვლევის ხელმძღვანელი ილჰამ მესაუდი აღნიშნავს, რომ ადამიანების მსგავსად მაკაკებსაც სხვადასხვაგვარი დამოკიდებულება აქვთ ალკოჰოლისადმი: ზოგი უზომოდ ბევრს სვამდა, ზოგი კი მცირედითაც კმაყოფილდებოდა.
14 თვის შემდეგ „მსმელი“ მაკაკები კიდევ ორ ჯგუფად გაყვეს: პირველ ჯგუფში ისეთი პრიმატები მოხვდნენ, რომლებიც დიდი რაოდენობით სასმელს იღებდნენ და მათ სისხლში ალკოჰოლის მაჩვენებელი 0,08% იყო, ხოლო მეორე ჯგუფში ზომიერად მსმელი მაიმუნები გააერთიანეს (0,02-0,04% ალკოჰოლი სისხლში). ცდამ აჩვენა, რომ სპირტიანი სასმლის მიღებამდე მაკაკებს ვაქცინაზე თითქმის ერთნაირი რეაქცია ჰქონდათ. სასმლის მიღების შემდეგ კი „მსმელი“ მაკაკების ორგანიზმი სხვაგვარად რეაგირებდა აცრაზე.
იმ ცხოველებს, რომლებიც ბევრ სპირტიან სასმელს სვამდნენ, ბევრად დაბალი იმუნიტეტი აღმოაჩნდათ, ვიდრე მათ, რომლებსაც მხოლოდ დაშაქრულ წყალს ასმევდნენ. თუმცა ის მაიმუნები, რომლებიც ზომიერად მიირთმევდნენ ალკოჰოლურ სასმელს, ბევრად ჯანმრთელები და მაღალი იმუნური სისტემის მქონენი აღმოჩნდნენ. ამგვარად, მეცნიერებმა დაადგინეს, რომ ზომიერად მიღებული ალკოჰოლი მაკაკების იმუნურ სისტემას აძლიერებს. ალბათ ზუსტად იგივე შედეგი გვექნება ადამიანებშიც, თუ, ცხადია, სასმელს გადაჭარბებულად არ მივიღებთ.
“თუ თქვენი ოჯახის რომელიმე წევრი, ან სულაც თავად თქვენ დიდი რაოდენობით სასმელს იღებდით და ამით ორგანიზმი გამოფიტეთ, იმუნიტეტის გასაძლიერებლად ამ მეთოდს ნუ გამოიყენებთ, მაგრამ თუ ადამიანს ალკოჰოლიზმის პრობლემა არ აწუხებს, სადილზე მირთმეული თითო ბოკალი ღვინო დიდ სარგებელს მოუტანს,” – განმარტავს პროფესორი მესაუდი. ახლა მეცნიერებს ისღა დარჩენიათ, დაადგინონ, რატომ მოქმედებს ორგანიზმზე დადებითად ზომიერად მიღებული სასმელი. საბოლოოდ კი გეგმავენ, შექმნან ისეთი პრეპარატი, რომელიც ადამიანის იმუნურ სისტემას გააძლიერებს.
© ღვინის კლუბი /Weekend
თქვენი კომენტარი