Home
ქართული | English
აპრილი 2024
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
293012345

შეიძინეთ ჩვენი წიგნები ღვინის მაღაზიებში

მულტიმედია

კომენტარები

ჯანსაღი სარგავი მასალა

მევენახეობის პერსპექტიული კომპლექსური პროგრამის ძირითადი კომპონენტი         

ბოლო მონაცემებით, საქართველოში ვენახის ფართობები 115 ათასი ჰექტარიდან 60 ათას ჰა-მდე შემცირდა, მნიშვნელოვნად შემცირდა პროდუქციის საჰექტარო მოსავლიანობა. ვენახების 92%-ზე მეტი მხოლოდ 3-4 მაღალმოსავლიანი ჯიშით არის წარმოდგენილი, მაშინ როდესაც საქართველოს სტანდარტულ ასორტიმენტში 40-ზე მეტი ჯიშია შეტანილი. საგანგაშოდ (3-4%-მდე) არის შემცირებული უნიკალური, მათ შორის შუშხუნა ღვინოების მომცემი ვაზის ჯიშების ფართობები, რეალურად შეიქმნა ადგილწამოშობის დასახელების კონტროლს დაქვემდებარებადი ღვინოების მომცემი სანედლეულო ბაზის დაკარგვის საშიშროება. ძალზედ მცირეა სასუფრე მიმართულების ჯიშების ფართობები; სამრეწველო ვენახებში მრავლად შეხვდებით პირდაპირმწარმოებელ ჰიბრიდულ ჯიშებს, რაც საქართველოს კანონით "ვაზისა და ღვინის შესახებ” დაუშვებელია. იგნორირებულია კლონური სელექცია მაშინ, როდესაც მსოფლიოს მევენახეობის წამყვან ქვეყნებში ახალი ვენახები მხოლოდ და მხოლოდ ვაზის პერსპექტიული ჯიშების გაუმჯობესებული კლონებით შენდება.
1990 წლიდან ქვეყანაში განხორციელებულმა ეკონომიკურმა რეფორმებმა მძიმე დაღი დაასვა სანერგე სექტორს. მთლიანად განადგურდა მოწინავე ტექნოლოგიით აღჭურვილი ვაზის ნამყენი ნერგის წარმოების ტექნიკური ბაზები. მოისპო 1000 ჰა-ზე მეტი ფილოქსერაგამძლე უნიკალური ვაზის ჯიშებისა და კლონების სადედე ნაკვეთები.
საქართველოში აღარ ფუნქციონირებს სანერგე მეურნეობები და ფილოქსერაგამძლე საძირეთა და კულტურული ვაზის ჯიშების (Vitis vinifera) სადედეები, სარგავი მასალის გამოყვანა მიმდინარეობს ქაოტურად - სამყნობ-სასტრატიფიკაციო ბაზის გარეშე, აგროტექნიკური წესების უხეში დარღვევით. ნერგს აწარმოებენ არაპროფესიონალები (ე.წ. "ცივი წესით”). სტრატიფიკაციის გარეშე წარმოებული ნამყენი ნერგი ვერ აღწევს კონდიციურ მდგომარეობას კალუსის განვითარების თვალსაზრისით. სარგავი მასალა წარმოებს აპრობაციის, კლონური და ფიტოსანიტარული სელექციის იგნორირებით. დარღვეულია ნერგის ჯიშური სიწმინდე და ხარისხობრივი მაჩვენებლები, რაც საბოლოო ჯამში უარყოფითად მოქმედებს ვენახების საექსპლუატაციო პერიოდსა და პროდუქტიულობაზე.
დიდია მცენარეთა ინფიცირების ალბათობა სხვადასხვა ვირუსული და მიკოპლაზმური დაავადებებით, რომლებიც არა მარტო ამცირებენ მოსავლის რაოდენობას, არამედ აქვეითებენ ნაყოფის ხარისხს. ბოლო წლებში ამ მიზეზით საქართველოში ვაზის მოსავლის თითქმის 60% დაიკარგა.
დასავლეთ ევროპის ქვეყნებში, ამ პრობლემათა თავიდან აცილების მიზნით, ვენახების გაშენებას მხოლოდ სუპერ-ელიტური ჯანსაღი ნერგებით ახორციელებენ, რომლის წარმოება თანამედროვე ტიპის სანერგე მეურნეობის გარეშე შეუძლებელია.
ქვეყანაში მიმდინარე ბოლოდროინდელმა ეკონომიკურმა რეფორმებმა გარკვეული პოზიტიური ძვრები გამოიწვია მევენახეობის დარგის განვითარებაშიც. დარგის რეაბილიტაცია მეცნიერულად დასაბუთებული პროგრამებისა და სახელმწიფოს მხარდაჭერის გარეშე შეუძლებელია.
ადგილწარმოშობის დასახელებისა და კონტროლირებად ღვინოებზე მზარდი მოთხოვნილების პირობებში საქართველოში კვლავ დაიწყო ახალი ვენახების ინტენსიური გაშენება დიდ მასივებზე. ამ პროცესმა მნიშვნელოვნად გაზარდა მოთხოვნილება ქართული აბორიგენული უნიკალური ვაზის ჯიშების ხარისხოვან ნამყენ ნერგზე, რომლის მდიდარი გენოფონდი საქართველოში არსებობს.
ანალიზი გვიჩვენებს, რომ ვენახების ასაკობრივი და ჯიშური განახლებით ქვეყანაში ყოველწლიურად უნდა გაშენდეს 800-1000 ჰა ახალშენი ვენახი, რისთვისაც წარმოებული უნდა იქნეს 3-4 მილიონი ნამყენი ნერგი.
საერთაშორისო სტანდარტის მიხედვით, სარგავი მასალა იყოფა კატეგორიებად: საბაზისო და სერტიფიცირებული. მაღალგანვითარებულ ქვეყნებში მხოლოდ სერტიფიცირებული სარგავი მასალით წარმოებს სამრეწველო ვენახების გაშენება. საბაზისო სარგავი მასალა კი ეკუთვნის ხარისხის უმაღლეს კატეგორიას, რომელიც იწარმოება უვირუსო გენეტიკური კლონების საფუძველზე ნემატოდების, ფილოქსერისა და ვირუსულ დაავადებათა გადამტანებისაგან თავისუფალ იზოლირებულ ტერიტორიაზე სამეცნიერო დაწესებულებაში ან სპეციალიზებულ სანერგე მეურნეობაში, უშუალოდ მეცნიერთა მკაცრი ზედამხედველობის პირობებში.
საქართველოში აღნიშნული კატეგორიის ნერგის წარმოება მეცნიერულ საფუძვლებზე მებაღეობის, მევენახეობისა და მეღვინეობის ინსტიტუტის პრეროგატივაა, სადაც ფუნქციონირებს მაღალკვალიფიციური კადრებით დაკომპლექტებული, ვაზისა და ხეხილის სარგავი მასალის წარმოების განყოფილება, რომელთაც გააჩნიათ შესაბამისი თეორიული და პრაქტიკული გამოცდილება ვაზის უვირუსო სარგავი მასალის წარმოების საკითხებში, გავლილი აქვთ სტაჟირებები გერმანიისა და საფრანგეთის მევენახეობის სამეცნიერო ცენტრებში. ინსტიტუტში მიმდინარე რეფორმის შედეგად, რომელიც მსოფლიო ბანკის ფინანსური მხარდაჭერით განხორციელდა, მოქმედებას იწყებს ინ ვიტრო-ს ლაბორატორია. უვირუსო საბაზისო სარგავი მასალის წარმოების მიზნით შესაძლებელი გახდება ვაზის ჯიშების იდენტიფიკაცია (PCR) და სამყნობი კომპონენტების ვირუსებზე შემოწმება (ELISA).
მიზნობრივი კვლევის წარმართვას უდავოდ ხელს შეუწყობს მოპოვებული საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის გრანტიც - ქართული აბორიგენული ვაზის ჯიშების კლონების ჯანსაღი სარგავი მასალის წარმოება და საბაზისო სადედეების გაშენება ინტენსიური ტექნოლოგიების გამოყენებით
პროექტის განხორციელების პერიოდში მოეწყობა საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი სანერგე კომპლექსი, გაშენდება ვირუსებზე შემოწმებული ვაზის ქართული ჯიშების საკვირტე მასალებით წარმოებული სელექციურად და ფიტოსანიტარულად სუფთა სანამყენეთა და უვირუსო ფილოქსერაგამძლე ვაზის საძირეთა საბაზისო სადედეები.
ნერგის წარმოება განხორციელდება მეცნიერთა მიერ შემუშავებული მეცნიერულად ალტერნატიული ტექნოლოგიით.
პროექტის ფარგლებში დამზადდება ქართული აბორიგენული და უნიკალური ვაზის ჯიშების კლონების (რქაწითელი N48, მწვანე კახური N12, ხიხვი N430, ჩინური N59/13, გორული მწვანე N59/52, ქისი, საფერავი N359, საფერავი ბუდეშურისებრი, ციცქა N14/25, ცოლიკოური N9/27, კრახუნა N11, ოცხანური საფერე N12/60, ჩხავერი, ოჯალეში, ალექსანდროული, მუჯურეთული, უსახელაური, ქართული საადრეო, გორულა, თავკვერი, ასურეთული, შავკაპიტო, ქართლის თითა) ჯანსაღი მწვანე ვეგეტირებული ნამყენი ნერგი. ფერმერებისათვის მოეწყობა ნერგის წარმოებისა და ახალშენის მოვლის უახლესი ენერგოდამზოგავი ტექნოლოგიების დემონსტრირება-გაცნობა. მომზადდება სარეკომენდაციო ბროშურები.
მებაღეობის, მევენახეობისა და მეღვინეობის ინსტიტუტი კვლავაც აგრძელებს იმ დიდ ტრადიციებს, რომელიც არსებობდა საქართველოში ნერგის წარმოების სფეროში და იმედი გვაქვს, რომ დარგში არსებული პრობლემები მოგვარებადია, მთავარია მისი სწორად წარმართვა - მეცნიერულ საფუძვლებზე განვითარება.
 
ლევან უჯმაჯურიძე
საქართველოს მებაღეობის, მევენახეობისა და მეღვინეობის ინსტიტუტი, ვაზისა და ხეხილის სარგავი მასალის წარმოების განყოფილების გამგე.
 
ლალი მოსიაშვილი
უფროსი მეცნიერ-თანამშრომელი
 

© "24 საათი"



ავტორები წერენ:"ადგილწარმოშობის დასახელებისა და კონტროლირებად ღვინოებზე მზარდი მოთხოვნილების პირობებში საქართველოში კვლავ დაიწყო ახალი ვენახების ინტენსიური გაშენება დიდ მასივებზე."-ო. ხოდა ძალიან მაინტერესებს, სად შოულობენ ამ ნერგებს? წესით ძალიან ძნელი უნდა იყოს საქართველოში ათასობით და ათეულატასობით ნერგის შოვნა... ტან სანდო ნერგის.

თქვენი კომენტარი

თქვენი ელ-ფოსტა არ გამოქვეყნდება
  • Web page addresses and e-mail addresses turn into links automatically.
  • No HTML tags allowed

More information about formatting options

საქართველოს ღვინის რუკა
თქვენ შეგიძლიათ დაეხმაროთ ჩვენს ბლოგს "PayPal"-ის საშუალებით.

ტოპ ხუთეული