Home
ქართული | English
დეკემბერი 2024
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
2526272829301
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
303112345

შეიძინეთ ჩვენი წიგნები ღვინის მაღაზიებში

მულტიმედია

კომენტარები

...და ტუალეტის ჯაგრისები

ცნობილმა ბრიტანელმა ღვინის მიმომხილველმა ენდრიუ ჯეფორდმა (Andrew Jefford) ჟურნალ Decanter-ის საიტზე გამოქვეყნებულ მასალაში გადაწყვიტა ამჯერად ფრანგულ ბიუროკრატიაზე ესაუბრა...
 
ელზასში გასული წლის მოსავლის შესახებ ადგილობრივმა ჩინოვნიკებმა  ინსტრუქციების საკმაოდ სოლიდური კრებული «Les Vins d'Alsace» გამოსცეს, რომელსაც  რთველთან და  მეღვინეობის სეზონთან არანაირი კავშირი არა აქვს. ენდრიუს ჯეფორდს მაგალითისთვის რამდენიმე ამონარიდი მოჰყავს ამ ნაშრომიდან (!), რათა გვიჩვენოს, რომ ფრანგულმა ბიუროკრატიულმა რვაფეხამ უკვე ძალიან დაიგრძელა თავისი  საცეცები.   
  დავიწყოთ ყოფით. ტუალეტის ჯაგრისები? დიახ. როგორ შეიძლება გვერდი აუარო მოსავლის აღებისთვის ასეთ მნიშვნელოვან ფაქტორს? აი, მაგალითად, 1996 წლის კანონმდებლობის თანახმად, ყურძნის ექვსი მკრეფავის საძინებელისთვის ერთი ტუალეტია გათვალისწინებული, რაც უზრუნველყოფილი უნდა იყოს არა მხოლოდ ტუალეტის ქაღალდითა და საპნით, ქაღალდის პირსახოცით და ა.შ. არამედ უნიტაზის ჯაგრისითაც. როგორც ჩანს, ქვეყნის ინსპექტორთა სისტემაში არიან სპეციალური მუშაკები (შესაძლოა, მთელი შტატიც კი არსებობდეს ასეთებისთვის), რომლებიც ყურძნის კრეფის პერიოდში თვალყურს ადევნებენ ვენახებთან განთავსებულ საძინებლებში საერთო მოხმარების ყველა ნივთსა თუ დეტალს,  რომელთა გარეშეც ღვინო, როგორც ჩანს, უბრალოდ არ გამოვა. თურმე მათ მიერვე მოწმდება ის, რომ ოთახებში არ იყოს ორიარუსიანი საწოლები, რათა მუშათა საძინებლები სამხედრო ყაზარმებს არ დაემსგავსოს!
ევროკავშირის ქვეყნების გარდა, ყველა მუშაკს უნდა ჰქონდეს სპეციალური ნებართვა (ბულგარელებისა და რუმინელების ჩათვლით), ხოლო ღვინის საწარმოს მფლობელმა წინასწარ უნდა შეავსოს შესაბამისი განაცხადი, თუ მას მუშები დასჭირდება. ამ საქმეში არ უნდა ელოდო ბოლო დღეს, ყველაფერი წინასწარ უნდა გქონდეს გაკეთებულ-გაწერილი. კანონმდებლობის მიხედვით, მეღვინის ოჯახის წევრებს ვენახში უფასოდ (ანუ გასამრჯელოს გარეშე) შეუძლიათ მუშაობა, მაგრამ მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუკი ისინი არანაკლებ „მეორე ხარისხის ნათესავები“ არიან. ინსტრუქციაში მოცემულია დეტალური ცხრილი, თუ ვინ მიეკუთვნება მათ რიცხვს. დისშვილი ან ძმისშვილი ამ კატეგორიაში ვაი რომ ვერ მოხვდება, რადგან ეს უკვე ნათესაობის მესამე საფეხურია, რაც ნიშნავს, რომ მან წესისამებრ უნდა მიიღოს თავისი შრომის საფასური. აი, მაგალითად, თუ ვენახის მეპატრონე ხართ და შვილიშვილი გესტუმრათ, რომელსაც, საკუთარი სიამოვნებისთვის, ერთი კალათი ყურძნის მოკრეფა სურს, მაშინ მასაც პრეისკურანტის მიხედვით უნდა გადაუხადოთ. აქ მოცემული წესები დეტალურად აღწერენ ყველა თქვენ ნათესავს, მეცხრე თაობის ჩათვლით - თქვენი ბაბუის შვილთაშვილის შვილის შვილებსაც კი. რაღაი ვიღაცამ შეადგინა ეს ცხრილი, გამოდის, დროც ბლომად დახარჯა და ფულიც აიღო... 
აქ, მშრალი საკანცელარიო ენით, დეტალურად არის გაწერილი 12 სხვადასხვა კატეგორიის მუშების საათობრივი ანაზღაურება: უბრალო მუშებისთვის, სპეციალიზებული მუშებისთვის, კვალიფიცირებული მუშებისთვის და მაღალკვალიფიცირებულთათვის. გათვალისწინებულია გადახდის ხუთი კატეგორია - ტრაქტორის მძღოლთათვისაც, იმისდა მიხედვით, თუ რომელი მარკისაა ტრაქტორი.
ინსტრუქციაში მოყვანილია გადასახადის ქვითრის მაგალითი, სადაც, ძირითადი ხელფასის გარდა, ყველა დამატებითი გადახდები და ამოღებული გადასახადებიცაა მითითებული. გათვალისწინებულია სადღესასწაულო დღეებში 10%-იანი დამატებითი გასამრჯელოებიც, მიუხედავად იმისა, გვხვდება თუ არა ის საფრანგეთის სტანდარტულ 35 საათიან სამუშაო კვირაში. აქვე  მოცემულია 15%-იანი საგადასახადოების განშლა 8 სოციალურ სტატიად და ისიც  სპეცალური შემოკლებებითაა აღნიშნული, რომლის გაგება ფაქტობრივად შეუძლებელია. აქ ნახავთ უმუშევართა ფონდებისთვის დაწესებული გადასახადების ნუსხას, პენსიონერთა ავადმყოფობის თანხების დაქვითვებს და ა.შ. 
ეს ჯერ კიდევ, როგორც იტყვიან, „საკნატუნოა“ იმასთან შედარებით, ვიდრე  ნაირგვარი ფორმების შევსებაზე გადახვიდოდეთ, სადაც უკვე უნდა ჩაწეროთ ყველა უწვრილესი დეტალი, თუ რის გაკეთებას აპირებთ კონკრეტულ მოსავალთან დაკავშირებით. პირველ რიგში, წინა დღით, ტელეფონით ან ფაქსით უნდა აცნობოთ სპეციალურ სამსახურს, სანამ მოსავლის აღებას დაიწყებდეთ ან თუ არადა ეს რთველის დაწყების დღეს მაინც უნდა აღასრულოთ. ერთ-ერთი ფორმა იმ შემთხვევისთვისაა განკუთვნილი, თუ   გადაწყვეტილი გაქვთ მოსავლის შაპტალიზაცია (ტკბილში შაქრის დამატება), თუმცა აქაც მისი დონე სხვადასხვაა, რადგან დამოკიდებულია ყურძნის ჯიშზე, აპელასიონზე, მოსავლიანობაზე და ბუნებრივი შაქრის შემცველობაზე.  დეტალურადაა აღწერილი, თუ როგორ კეთდება ეს და რისი გამოყენებაა ამ შემთხვევაში ნებადართული. 
უნდა იქონიოთ ღვინის პრესის მუშაობისთვის განკუთვნილი დეტალური დღიური, რომელიც ივსება სპეციალური წყალგამძლე მელნით, სავალდებულო წესების დაცვით, დამატებითი მინაწერების გარეშე, რაც შემდგომ  ხელისუფლების წარმომადგენლებს ეგზავნებათ. ეს სია უსასრუოდ შეგვიძლია გავაგრძელოთ.   
  ნებისმიერი, ვისაც საფრანგეთში  ცოტა ხნით მაინც  უცხოვრია, ფრანგული ადმინისტრირების მანიას უთუოდ შენიშნავდა. ვრცელ ინსტრუქციებს ხომ ყოველი ფეხის ნაბიჯზე წააწყდებით. ასე რომ, მეღვინე თუ ყურძნის მკრეფავი, პირველ რიგში, საბუთებისა ათასგვარი ანგარიშვალდებულებების შევსების დიდოსტატი ხდება. «ვერ ვიტყვი, რომ ეს პრობლემა მხოლოდ საფრანგეთშია», - ამბობს ჯეფორდი. მზარდი ბიუროკრატიზმი მთელ ევროპას ემუქრება. „ამას წინათ, ერთ შოტლანდიელ ფერმერს ვესაუბრებოდი, რომელიც მსხვილფეხა საქონლის ფერმის მფლობელია. მან შემომჩივლა: „ერთადერთი სამუშაო ამ „საქმიანი“ ქაღალდების შევსებაა. და თუკი ისინი წესრიგში არ გაქვს, მაშინ არანაირი მნიშვნელობა არა აქვს, როგორია შენ მიერ წარმოებული ხორცი“. 
ფრანგული ბიუროკრატიის მძაფრ კრიტიკას, ამ შემთხვევაში, ნამდვილად ვერ მივაწერთ ვერც ენდრიუ ჯეფორდის ბრიტანულ წარმოშობას და ვერც ლა-მანშის ამ ორი მხარის წარმომადგენელთა მრავალსაუკუნოვან ქიშპობას.  ჯეფორდს მხოლოდ ის აწუხებს, რომ ათასგვარი ინსტრუქციებით ხელფეხშეკრული ფრანგი მეღვინეები და მევენახეები სულ უფრო და უფრო ვირტუოზები ხდებიან არა პროდუქციის კონკურენტუნარიანობის ზრდაში, არამედ „საქმიანი“ ქაღალდების შევსებაში. დამერწმუნებით, ფრანგული ღვინო ამისგან ნამდვილად არ უკეთესდება! ამ წესებისა და შემდგომი შემოწმებებისთვის ხომ უამრავი შტატია გამოყოფილი ადამიანებზე, რომლებიც ფაქტობრივად არაფერს აწარმოებენ, პროდუქტს არ ქმნიან, არამედ მხოლოდ რეალურად მომუშავეთა ხარჯზე არიან. რომ არაფერი ვთქვათ იმაზე, რომ ნებისმიერი ინსტრუქცია შესანიშნავი პირობაა კორუფციისთვის. 
 
მოამზადა სოფიკო კვანტალიანმა
 
© ღვინის კლუბი/Weekend


ჰა, ჰა, ძალიან გავხალისდი. კარგად ჩანს ფრანგული ბიუროკრატია!! :)


არ გვინდა რა ევროკავშირში


და არა მარტო საფრანგეთში.....

თქვენი კომენტარი

თქვენი ელ-ფოსტა არ გამოქვეყნდება
  • Web page addresses and e-mail addresses turn into links automatically.
  • No HTML tags allowed

More information about formatting options

საქართველოს ღვინის რუკა
თქვენ შეგიძლიათ დაეხმაროთ ჩვენს ბლოგს "PayPal"-ის საშუალებით.

ტოპ ხუთეული