Home
ქართული | English
დეკემბერი 2024
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
2526272829301
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
303112345

შეიძინეთ ჩვენი წიგნები ღვინის მაღაზიებში

მულტიმედია

კომენტარები

ღვინის გზამკვლევი - Rioja - ესპანური საგანძურის ამბავი

თამარ სუხიშვილი

ბოლო ათწლეულებში ღვინის ბაზარზე ასეთი ტენდენცია გამოიკვეთა: ესპანური ღვინო სულ უფრო და უფრო დიდ ყურადღებას იპყრობს. გასაკვირი არცაა, ესპანეთი ხომ ღვინის მწარმოებელთა სამეულში (ზოგი მონაცემებით, ოთხეულში ან ხუთეულში) შედის. მეღვინეობით უკვე მისმა არაერთმა რეგიონმა გაითქვა სახელი: რიბერა დელ დუერო, რუედა, ლა მანჩა, მალაგა... მაგრამ რიოხას ღვინოს ვერც ერთი მათგანი ვერ შეედრება. რიოხა ღვინის კლასიკაა. პროფესიონალთა და უბრალო ტრფიალთა დიდი ნაწილისათვის ესპანური ღვინო პირველ რიგში რიოხას სახელთან ასოცირდება. ბევრისთვის რიოხა ზოგადად ესპანური ღვინის სინონიმია. ამას თვით ესპანელებიც ადასტურებენ. რიოხას წითელი ღვინოების სახელი მთელ მსოფლიოშია სახელგანთქმული. ეს ღვინო ძირითადად ტემპრანილოს ჯიშის ყურძნისაგან მზადდება, დამატებით კი უმეტესად გარნაჩას ჯიშს უმატებენ.

სანამ რიოხას მხარეს ვეწვეოდეთ, მოდით, ჯერ აქაურ სანაქებო ღვინოებს გადავავლოთ თვალი. ყველას ვერ გავწვდებით, მაგრამ რამდენიმე მათგანს მაინც წარმოგიდგენთ.

მართალია, რიოხამ წითელი ღვინოებით გაითქვა სახელი, მაგრამ თავდაპირველად აქ მხოლოდ თეთრ ღვინოს წურავდნენ. ამიტომ თეთრი ღვინოების დაგემოვნებაც ღირს. ასეთია, მაგალითად, Capellania Reserva - “კაპელანია რეზერვა" (კლასიფიკაცია რიოხა DOC), რომელსაც სამი ჯიშის ყურძნისგან ამზადებენ: 85% ვიურა, 10% გარნაჩა ბლანკა და 5% მალვაზია. ამ ღვინის წარმომავლობის ადგილი "კაპელანიას" ვენახებია, ეს ვენახები 1960 წელს ჩაიყარა 300 ჰა-ზე, ზღვის დონიდან 450 მ. სიმაღლეზე. შეფასებები მაღალია: 1995 წლის მოსავალმა 2000 წელს Wine Spectator-ის რეიტინგით 90 ქულა მოიპოვა. Marques de Murietta White Reserva “Capellania” 1996-მა ლონდონში 2001 წელს მიიღო International Wine Challenge-ის ოქროს მედალი, 2002 წელს კი "ძველი სამყაროს საუკეთესო ღვინის ტიტული" მოიპოვა. ეს ე.წ. "სახასიათო" თეთრი რიოხაა, ოქროსფერი ჩალის მდიდრული ფერით, მწიფე ხილისა და მუხის მათრობელა სურნელით. ღვინოში მკაფიოდ იგრძნობა გარგარისა და კაკლის გემო, მაცოცხლებელი ფინალით. ეს თეთრი ღვინო პირდაპირ მისწრებაა დამარილებულ ან ცოცხალ თევზთან, იხვის ღვიძლთან, პაშტეტთან და ყველისა და ბრინჯისგან დამზადებულ კერძებთან ერთად.

რიოხას ტრადიციული თეთრი ღვინოების კლასიკური ნიმუში Marques de Murrieta Reserva Blanco (თეთრი მარკიზ დე მურიეტა) გახლავთ. ამ ღვინის ღირსებებს სპეციალისტები თითქმის ერთხმად აღიარებენ. ეს სასმელი ძირძველი მეღვინის - მარკიზ დე მურიეტას მიერ საფუძველჩაყრილი საუკუნოვანი ტრადიციებისა და მუხის კასრში ხანგრძლივი დაღვინების შედეგია. მუხის კასრში მას 36-40 თვეს აჩერებენ, მერე კიდევ 12 თვეს დაჰყოფს ბოთლში. მხოლოდ ამის შემდეგ იხილავს დღის სინათლეს მარკიზ დე მურიეტას ოქროსფერი ღვინო, მწიფე ხილისა და მუხის ქერქის არომატით. Marques de Murrieta Reserva Blanco კიდევ 10 წლის განმავლობაში ვითარდება.

და მაინც, როდესაც რიოხას ღვინოებზე საუბრობენ, როგორც უკვე აღვნიშნეთ, პირველი ასოციაციები წითელ ღვინოსთან ჩნდება.

Marques de Murrieta Reserva tinto (წითელი მარკიზ დე მურიეტა) მარკიზ დე მურიეტას სახელგანთქმული სტილის შესანიშნავი ნიმუშია. მურიეტას წითელი ღვინის დაყენების აუცილებელი პირობა ასეთია - სითხე მინიმუმ 2 წლის განმავლობაში უნდა გაჩერდეს მუხის კასრში. შესაბამისად, ღვინოს მუხის არომატი ეძლევა. ამ ღვინოს განსაკუთრებული გემო დაჰკრავს - მწიფე ხილის, რომელიც დიდხანს გაგყვებათ. ღვინო ოდნავ ბლანტია და მათრობელა. კასრში 20-30 თვის განმავლობაში ღვინდება, მერე 8 თვეს ბოთლებში გაატარებს. როგორც წესი, ცხარესაწებლიან ხორციან კერძებთან, ან მაყალზე შემწვარ ლორსა და თევზთან ერთად მიირთმევენ ხოლმე.

ხორციან კერძებთან, განსაკუთრებით კი - ნანადირევთან, ესპანელი გურმანები 1997 წლის Pratum Lagareta Gran Reserva-ს (პრატუმ ლაგარეტა გრან რეზერვა) გვირჩევენ. ის ტემპრანილოსა და მასუელოს ჯიშებისგან მზადდება. ამ ღვინის მოსავლის აღება განსაკუთრებით გაჭირდა, გადაუღებელი წვიმების გამო ყურძენს ობი ეკიდებოდა. მეღვინეებმა გამოდარებას დაუცადეს და მოსავალი კარგა მოგვიანებით აიღეს, წვიმებმა რომ გადაიღო, მერე. დაგვიანებულმა რთველმა გაამართლა. ამ წლის ღვინო საუკეთესო გამოდგა. სხვათა შორის, ამ ღვინის დაწურვის ტექნოლოგიის მთავარი საიდუმლო ის გახლავთ, რომ დაღვინების პროცესში ჭაჭის "ქუდს" ღვინოში ჩააგდებენ, "ქუდი" ღვინოში გამოიწურება: ეს ღვინოს მაქსიმალურად აძლევს ფერსა და არომატს. ღვინო ლალისფერია, მუხის ქერქისა და თამბაქოს ტონებით გამდიდრებული მწიფე ქლიავის არომატი დიდხანს გაგყვებათ. მჟავიანობა და მუხის ტონი დაბალანსებულია, "ქუდის" ეფექტის წყალობით სასმელი ზედმეტი ტანინითაც არ არის გადატვირთული.

განსაკუთრებულად კარგი ბალანსით გამოირჩევა ასევე Castillo Ygay Gran Reserva Especial 1995 (კასტიო იგაი გრან რეზერვა). სასმელის ფერმენტაცია 11-15 დღის განმავლობაში გრძელდება უჟანგავი ფოლადის როფებში, სადაც ხდება ქერქთან შეხება. ყოველდღე მიმდინარეობს რემონტაჟი - წვენისა და ჭაჭის შერევა. ფერმენტაციის პროცესის დასრულების შემდეგ ღვინოს ემატება ცოტაოდენი კონცენტრირებული ღვინო, "ქუდისგან" მიღებული. მერე 30 თვეს კასრებში ინახება. შედეგად მკვეთრი მოწითალო-მოყავისფრო ფერის სითხე მიიღება, რომელსაც სუნელებისა და ხილის არომატი აქვს, მუხის რბილი ტონით შეზავებული. გასინჯვისას თავდაპირველად მწიფე ხილის გემოს შეიგრძნობ, მერე მას თანდათანობით სოკოსა და კაკლის გემო ეპარება, მაცოცხლებელი მჟავიანობით და რბილი ტანინით გაჯერებული.

ღვინის ექსპერტები Dalmau Reserva-საც (დალმაუ რეზერვა) გვირჩევენ. ეს მარკიზ დე მურიეტას ახალი ღვინოა, რომელიც კომპანიამ პირველად 1995 წელს გამოუშვა. მას სამი ძველი ვენახიდან მოკრეფილი ყურძნისგან წურავენ: ვალსალაო, კანახასი და ტოკატასი. ეს მურიეტას კიდევ ერთი ექსპერიმენტი გახლავთ. თავის დროზე დიდი მარკიზიც, რომლის შესახებაც უფრო დაწვრილებით ქვემოთ მოგითხრობთ, ასეთ ექსპერიმენტებს ატარებდა. ღვინის ოსტატმა პირველად შეაჯერა ესპანური ყურძენი და მსოფლიოში კარგად ცნობილი კაბერნე სოვინიონი და გენიალური შედეგიც მიიღო. ეს ალუბლისფერი ღვინოც, მწიფე ხილის (ქლიავის, შავი მოცხარის), ყავისა და მუხის არომატითა და რბილი ტანინით მეღვინეობის ტრადიციისა და ღვინის წარმოების ახალი ტექნოლოგიების ოსტატური შერწყმის შედეგია. ხბოს ხორცთან პირდაპირ მისწრებაა, მაგრამ ყველთანაც არ დაიწუნება. ღვინოს მაღალი რეიტინგი აქვს. 2003 წელს ის 10 საუკეთესო ესპანურ ღვინოს შორის მოხვდა. უფრო ადრე, 2001 წელს "დალმაუ რეზერვა" ჟურნალმა "დეკანტერმა" წლის საუკეთესო ღვინოებს შორის დაასახელა და ახალი გამოშვების საუკეთესო ღვინის ტიტულიც მიანიჭა. მარკიზის საქმის გამგრძელებლებს ნამდვილად არ შეურცხვენიათ წინაპრის სახელი.

კარგი ღვინოები სხვაც ბევრია: Artadi, La Rioja Alta, Marques de Riscal, Muga, Marques de Caceres, Lopez de Heredia, რა ვიცი, კიდევ რომელი ერთი ჩამოვთვალო. ნაირგვარია ამ ღვინოების არომატიც (ვანილი, ყავა, თამბაქო...) და ის ისტორიებიც, რომელთა ამოკითხვაც თითოეული ბოთლის მიღმა შეიძლება.

რას მოგვითხრობს ისტორია

ევროპელთა დიდი ნაწილის მსგავსად, რიოხას მაცხოვრებლებიც რომაელებს უნდა უმადლოდნენ. ამ ტერიტორიაზე ვენახები სწორედ რომაელებს გაუშენებიათ. დღეს ზოგი იმასაც ამბობს, რომ თითქოს რომაელებს ამ მხარიდან ღვინო იმპერიის დედაქალაქშიც შეჰქონდათ. ვინ იცის?! შუა საუკუნეებში ადგილობრივი ღვინის წარმოების განვითარებაში განსაკუთრებული როლი მონასტრებმა შეასრულეს. ბერები საგულდაგულოდ ზრუნავდნენ ღვინის ხარისხზე. ესპანელები ოდითგანვე თავს ევლებოდნენ ვენახებს. ერთი ასეთი კურიოზიც მომხდარა, 1635 წელს რეგიონის დედაქალაქის - ლოგრონიოს მმართველს ასეთი ბრძანება გაუცია: იმ ქუჩაზე, სადაც მარნები იყო ჩამწკრივებული, ეკიპაჟის გავლა აიკრძალა, რყევას "ძვირფასი ღვინო" რომ არ შეეწუხებინა. რამდენიმე ათწლეულის შემდეგ მეღვინეების უფლებების დამცავი პირველი ოფიციალური დოკუმენტიც მიუღიათ. 1650 წელს გამოვიდა განკარგულება ადგილობრივ მეღვინეთა უფლებების დაცვისა და მომხმარებლისთვის მათი პროდუქციის ხარისხის გარანტიის შესახებ. ეს ჯერ კიდევ ის პერიოდია, როდესაც რიოხას ღვინის ჭეშმარიტი ღირსებები სამშობლოს ფარგლებს არ სცილდებოდა.

მე-18 საუკუნეში რიოხას მხარეში მნიშვნელოვანი ძვრები მოხდა. ერთმა მეღვინემ, ვინმე მანუელ კინტანომ ბორდოში გავრცელებული ტექნოლოგიის გამოყენება სცადა - ღვინოს მუხის კასრებში აძველებდა. ეს, რა თქმა უნდა, ღვინის ხარისხზე დადებითად აისახა. ღვინო განსაკუთრებული პოპულარობით სარგებლობდა, თუმცა კინტანოს რევოლუცია არ მოუხდენია. მსოფლიო აღიარება რიოხას ღვინოებმა გაცილებით გვიან, მე-19 საუკუნის შუა წლებში მოიპოვეს. უცნაური ისტორიაა. რიოხას ღვინის საიდუმლოს აღმოჩენას საფრანგეთში გავრცელებულმა ოიდიუმისა და ფილოქსერის ეპიდემიამ შეუწყო ხელი. მართალი გამოდგა, ზოგი ჭირი მარგებელიაო. ბორდოელმა მეღვინეებმა თავიანთი ქვეყნის გარეთაც გაიხედეს და გამოცდილი თვალი რიოხას დაადგეს. ეს 1867 წელს მომხდარა. საყურადღებოა ის ფაქტიც, რომ მანამდე რიოხაში მხოლოდ თეთრ ღვინოს წურავდნენ და სწორედ ბორდოელებმა აჩვენეს ესპანელებს, რომ რიოხაში შესანიშნავი წითელი ღვინის დამზადება შეიძლება. ესპანელებს ყურძნის ჯიშების შეზავება და მუხის კასრებში შენახვაც ბორდოელმა მეღვინეებმა ასწავლეს. ასე გახდა საფრანგეთი რიოხას პირველი საექსპორტო ქვეყანა.

ამის შემდეგ რიოხას რეგიონში ღვინის ნამდვილი ბუმი იწყება. ამ პერიოდში ერთმანეთს კონკურენციას უწევს ორი მარკიზი - ზემოხსენებული დე მურიეტა და დე რისკალი. პირველობას დე რისკალი ინარჩუნებს. დე რისკალი ბორდოს ღვინითაა შთაგონებული, ის მშობლიურ მხარეში ბორდოს ტექნოლოგიების დანერგვას ცდილობს, რიოხაში საფრანგეთიდან ჩამოაქვს მუხის კასრები და ესპანეთის მიწაზე კაბერნე სოვინიონის, მერლოსა და პინო ნუარის ჯიშები, თუმცა მშობლიურ ტემპრანილოსაც არ ივიწყებს.

1865 წელს ბორდოში ღვინის კონკურსზე დე რისკალის ღვინო პირველ პრემიას იღებს. ეს უკვე ნამდვილი გამარჯვებაა.

დე რისკალის კონკურენტმა მარკიზ დე მურიეტამ განსხვავებული გზა აირჩია. მან პირველი საექსპერიმენტო ღვინოები, რომლებიც ასევე მუხის კასრებში დაღვინდა, საექპორტოდ კუბაში ჩაიტანა. კუბაში ღვინოებს დიდი მოწონება ხვდა წილად. მარკიზ დე მურიეტა სიხარულით ცაში დაფრინავდა. წარმატებას წარმატება მოსდევდა, 1878 და 1879 წლებში მისი ღვინოები პარიზის გამოფენაზე ერთი ოქროს და ორი ვერცხლის მედლით დაჯილდოვდა.

სულ მალე რიოხა მსოფლიოს წამყვან, მეღვინეობით განთქმულ რეგიონთა რიცხვში შედის. სწორედ ამ პერიოდში ის ერთ ძალიან სერიოზულ დარტყმას განიცდის: ფილოქსერა რიოხას ვენახების 70%-ს ანადგურებს. მაგრამ ეს მხოლოდ ფინანსური ზარალია, რომელიც რიოხას სახელს უკვე ვეღარაფერს ავნებს. რიოხელ მეღვინეებს - ზემოხსენებულ მარკიზ დე მურიეტასა და მარკიზ დე რისკალს კი უკვე ესპანეთის გარეთაც კარგად იცნობენ.

კონტროლი და გარანტია

1902 წელს გამოვიდა სამეფო ბრძანება, რომელიც რიოხას ღვინის წარმომავლობას განსაზღვრავდა. 1926 წელს აქ შეიქმნა მარეგულირებელი საბჭო (Consejo Regulador), რომლის მიზანი იყო ნაწარმის ხარისხის კონტროლი და ფალსიფიკაციისგან დაცვა. თუმცა მარეგულირებელმა საბჭომ ოფიციალური სტატუსი მხოლოდ რამდენიმე ათეული წლის შემდეგ, 1953 წელს მოიპოვა.

მე-20 საუკუნის 70-იან წლებში რიოხაში დიდძალი ინვესტიციები შემოვიდა. ამ ინვესტიციების მეშვეობით მეღვინეებმა წარმოების მოდერნიზაცია შეძლეს. ღვინის ხარისხიც გაიზარდა და ექსპორტიც.

ესპანური ღვინოების კლასიფიკაციის სისტემა ფრანგული და იტალიური ღვინოების კლასიფიკაციის (DO - Denominacion de Origen) - წარმომავლობის სტატუსის სისტემას მიჰყვება. წარმომავლობის სტატუსი ესპანურ ღვინოებს შორის პირველად სწორედ რიოხამ მოიპოვა. 1991 წელს რიოხას ღვინოს ხარისხის განსაკუთრებული სტატუსი - DOC (Denominacion de Origen Calificada) მიენიჭა. აქვე შეგახსენებთ, რომ დღემდე სხვა ესპანურ ღვინოებს მხოლოდ DO სტატუსი აქვთ. რიოხას ღვინისთვის ამ სტატუსის მინიჭება სასმელის განსაკუთრებულ ღირსებებზე მიანიშნებს, ხოლო მომხმარებლისთვის ხარისხის დამატებითი გარანტიაა.

DOC სტატუსით რიოხა თეთრ, წითელ და ვარდისფერ ღვინოებს ამზადებს. უნდა აღინიშნოს ისიც, რომ 1985 დან 2004 წლამდე წითელი ღვინოების წილი ორჯერ გაიზარდა. თეთრის კი ფაქტობრივად ორჯერ შემცირდა.

რიოხას საიდუმლო

სხვათა შორის, სპეციალისტები იმასაც ამბობენ, რომ მიუხედავად რიოხას წითელი ღვინის კეთილშობილური რეპუტაციისა, მას არაფრით არ ჩამოუვარდება სხვა ესპანური ღვინოებიც, მაგალითად, რიბერა დელ დუეროს ძვირადღირებული წითელი ღვინო, რომლის მწარმოებელია Vega Sicilia. მაგრამ მოდით, ჩვენ ისევ ჩვენს რიოხას დავუბრუნდეთ. ჯერჯერობით ის მაინც ლიდერია.

რიოხას წითელი ღვინისთვის უმეტესწილად მინიმუმ სამი ჯიშის ყურძენი გამოიყენება. აქედან ძირითადი ტემპრანილოა. სწორედ ტემპრანილოს ჯიშის წყალობითაა რიოხას ღვინო ასეთი დახვეწილი, აქვს კონცენტრირებული არომატი და კომპლექსური გემო. მუხის კასრში დაძველებული ტემპრანილო ღვინის ხასიათს განსაზღვრავს.

რიოხას ღვინოებს სხვა რეგიონის ღვინოებისაგან განმასხვავებელი ერთ-ერთი მთავარი ფაქტორი დაძველების პროცესია. სასმელი ჯერ 225 ლიტრის მოცულობის ამერიკული მუხის კასრებში ღვინდება, მერე მას ბოთლებში ჩამოასხამენ და გარკვეული პერიოდის განმავლობაში ბოთლებში აძველებენ. ასე რომ, სანამ სასმელი მომხმარებლამდე მიაღწევს, დაღვინება-დაძველების ხანგრძლივ პროცესს გადის. აი, ეს გახლავთ რიოხას ღვინის მთავარი საიდუმლოც. შესაბამისად, რიოხას წითელი ღვინოები ოთხ კატეგორიად იყოფა: უბრალოდ "რიოხა", რომელსაც მხოლოდ ერთი წლის (ან კიდევ უფრო მცირე ხნის) განმავლობაში აძველებენ მუხის კასრში, "კრიანცა" - ორი წლის დაძველებით (აქედან, ერთი წლის დაძველებით მუხის კასრში), "რიოხა რეზერვა" - ღვინო, რომელიც სამი წლის განმავლობაში ძველდება (აქედან, ერთი წელი ან უფრო მეტი - მუხის კასრში), და ხუთწლიანი "რიოხა გრან რეზერვა" (ორი წელი - კასრში, სამი წელი - ბოთლში).

ყურძნის ჯიშები

ვენახებს რიოხას ტერიტორიაზე დღესდღეობით 59 ჰა უკავია. ზემოხსენებული ტემპრანილო რიოხას ტრადიციული და ყველაზე უფრო სახელგანთქმული ჯიშია, ესპანელთა ნამდვილი სიამაყე. ამ ყურძენს საოცრად მაცოცხლებელი, კენკროვანი არომატი აქვს, ეს არომატი იმდენად ძლიერი და დამახასიათებელია, რომ შეუძლებელია, ის ვერ გამოიცნოთ. ტემპრანილოსგან დაწურულ ღვინოს დაძველების შემდეგ ხავერდოვანი სირბილე დაჰკრავს, აქვს მკვეთრი ფერი და დაბალი მჟავიანობა; ტანინით არცთუ ისე მდიდარია, მაგრამ ამის კომპენსაცია სხვა ჯიშებთან შერევის დროს ხდება. ტემპრანილოს ღვინო დიდხანს ინახება.

ტემპრანილოს ხშირად გარნაჩა ტინტას (ამ ჯიშს საფრანგეთში "გრენაშს" უწოდებენ, ან "გრენაშ ნუარს") ურევენ ხოლმე. თბილ კლიმატურ ზონაში მოყვანილი ეს ჯიში დაბალი მჟავიანობისა და დაბალი ალკოჰოლური შემცველობის ღვინოს გვაძლევს. თუ ვაზი გრილი ჰავის პირობებში იზრდება, ბალანსი უკეთესია. გარნაჩა ტინტა ღვინის თითქმის ყველა ბუკეტის შემადგენელი ნაწილია. ის ღვინოს სისავსესა და ძალას მატებს.

ნაზავში ხშირია გრასიანოს ჯიშის გამოყენებაც, რომელიც ღვინოს მაცოცხლებელ და დახვეწილ არომატს აძლევს. სასმელისთვის ტანინისა და მჟავიანობის მოსამატებლად ყველაზე კარგი მასუელოს ჯიშია. ვიურას ჯიში სუსტ, ხილის არომატიან ღვინოს იძლევა, მალვასია ღვინოს სპეციფიურ მაცოცხლებელ არომატს, ხილის არომატს და ოქროსფერ შეფერილობას აძლევს. გარნაჩა ბლანკა (თეთრი გარნაჩა), როგორც წესი, ალკოჰოლის მაღალი შემცველობით გამოირჩევა. გრილ კლიმატურ პირობებში მოყვანილი თეთრ გარნაჩას მჟავიანობის იდეალური შემცველობა აქვს.

რიოხას რეგიონი სამ ნაწილად იყოფა: რიოხა ალტა, რიოხა ალევეზა და რიოხა ბახა. აქ მოწეულ მოსავალსა და დაწურულ ღვინოებს გამორჩეული თავისებურებები აქვს.

რიოხა ალტას ტერიტორიაზე მდებარეობს რეგიონის ადმინისტრაციული ცენტრი ლოგრონო და მეღვინეობის დედაქალაქი არო. აქ კონტინენტური ჰავაა. შემოდგომასა და გაზაფხულზე ტემპერატურა ძალიან დაბლა არასოდეს ეცემა, სიერა დე კანტაბრიის მთები ჩრდილოეთის ცივ ქარებს აკავებს, ნიადაგის შემადგენლობა სხვადასხვაგვარია: ძირითადად კირქვიანი, არცთუ იშვიათად - მერგელი. ვენახებს ამ ტერიტორიაზე ყველაზე დიდი ფართობი უკავია. ვაზი 25 ჰა-ზეა გაშენებული. მევენახეობისა და ღვინის ისტორიაც აქედან იწყება. ყურძნის ჯიშებიდან ძირითადად ტემპრანილო და ვიურაა გაბატონებული, თუმცა მცირე რაოდენობით მაინც მოჰყავთ კაბერნე სოვინიონი და მერლო.

რიოხა ალტაში მაღალი მჟავიანობის, საშუალო ალკოჰოლური შემცველობის ღვინოს ამზადებენ, ეს სასმელი დახვეწილია, მაგრამ ძლიერი. რიოხა ალტაში დაწურულ ღვინოს გარკვეული დრო სჭირდება, სირბილე რომ შეიძინოს. როგორც წესი, ღვინოს მუხის კასრებში საკმაოდ დიდხანს ინახავენ.

რიოხა ალტას თეთრი ღვინო ნათელი გამჭვირვალე შეფერილობითა და კარგი სტრუქტურით გამოირჩევა.

რიოხა ალევეზას კლიმატი უფრო თბილია, ხმელთაშუა ზღვის კლიმატს ჰგავს. აქ 12 ჰა ვენახია. აქაც არის კირქვიანი ნიადაგი, თუმცა თიხნარი უფრო ხშირად გვხვდება. ტემპრანილოს ყველაზე არომატული წითელი ღვინოები ყვითელმიწა თიხნარზე მოწეული ყურძნისგან იწურება. ასეთი ნიადაგია რიოხა ალევეზაში და ალტას რეგიონშიც. რიოხა ალევეზაში ვენახები ძირითადად სამხრეთის ფერდობებზეა გაშენებული. ვაზის ძირითადი ჯიში ტემპრანილოა. მისგან ძვირფას წითელ ღვინოს აკეთებენ საშუალო მჟავიანობით და ალკოჰოლის არცთუ მაღალი შემცველობით. ღვინის ხარისხის გაუმჯობესება დაძველების ხარჯზე ხდება. თუმცა აქ ახალგაზრდა ღვინოებსაც ამზადებენ, მაცოცხლებელი ხილის არომატითა და შესანიშნავი სტრუქტურით.

სამხრეთ-აღმოსავლეთით რიოხა ბახას ზონაა. რიოხა ბახა რიოხას DOC ღვინოების 39%-ს აწარმოებს. აქ ხმელთაშუა ზღვის კლიმატია და მოსავალიც კარგი მოდის. ღვინო უფრო ბლანტი და მეტად ალკოჰოლურია. ძირითადად გარნაჩა ტინტას წურავენ. ეს ჯიში აქაურ კლიმატურ პირობებს - დიდ სიცხეს ტემპრანილოზე უკეთ უძლებს. ყინვები ამ მხარეში არ იცის, ასე რომ წინასწარ შეიძლება იმის განსაზღვრა, თუ როგორი მოსავალი იქნება ამა თუ იმ სეზონზე. აქ დაწურული ღვინო მაღალი ალკოჰოლური მაჩვენებლით გამოირჩევა, თუმცა სპეციალისტთა შეფასებით, საინტერესო არ არის.

დღესდღეობით რიოხას ღვინოები სტილის საუკეთესო დიაპაზონს გვთავაზობს: ვარიეტალები, არომატული (მუხისა და ხილის გარდამავალი არომატებით) და ორგანული ღვინოები, რეზერვა, გრან რეზერვა...

დინოზავრებიდან პილიგრიმებამდე

ცენტრალური ესპანეთის ყველაზე პატარა მხარის სახელი რიო ოხასგან, მდინარე ოხასგან მოდის. ოხა ესპანეთის ყველაზე გრძელი მდინარის - ებროს შენაკადია. მდინარე ებრო რიოხას ორ ნაწილად ჰყოფს: რიოხა ალტა და რიოხა ბახა, რიოხას პროვინციის დედაქალაქი ლოგრონო ამ ორ ნაწილს ერთმანეთთან აკავშირებს. რიოხა კასტილიას, ლეონს, არაგონს, ნავარას და ბასკეთს ესაზღვრება.

როგორც ამბობენ, რიოხას ღვინის უბადლო ხარისხი დიდწილად რიოხას მდებარეობაზეცაა დამოკიდებული. პროვინცია მთებითაა გარშემორტყმული. ეს მთები ტერიტორიას სხვადასხვა მავნე ელემენტების შემოჭრისაგან იცავს და ვენახების დამცავი საფარის ფუნქციას ასრულებს.

ძალიან ლამაზი ბუნებაა რიოხას მხარეში. აქ ტურისტებისთვის ბევრი ცდუნებაა, განსაკუთრებით, მათთვის, ვისაც აქტიური დასვენება უყვარს: კლდეზე ცოცვა, საცალფეხო ბილიკები, სანადირო და სათევზაო ადგილები, თერმული წყლები... რიოხაში ჩამოსული ტურისტები სხვა ღირსშესანიშნაობებთან ერთად ლოგრონოსა და ჰაროას ცნობილი ღვინის ქარხნებსაც მოინახულებენ ხოლმე. ტურისტებისთვის პერიოდულად საგანგებო ღვინის დეგუსტაციებიც იმართება.

პრეისტორიულ ეპოქაში რიოხას ტერიტორიაზე კელტურ-იბერიული ტომები სახლობდნენ. ძვ. წ. II საუკუნეში აქაურობა რომაელებმა დაიპყრეს და კარგა ხანს ბატონობდნენ. მოგვიანებით აქ ჩრდილოეთიდან გერმანული ტომები მოვიდნენ, მაგრამ ისინი VIII საუკუნეში მურებმა გააძევეს.

შუა საუკუნეებში რიოხას მიწას ევროპიდან მოსულმა ათასობით პილიგრიმმა დაადგა ფეხი. დღესდღეობით პილიგრიმების ნაკვალევზე ტურისტული ჯგუფები დიდი ხალისით დადიან. ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული მარშრუტი სანტიაგოს გზა (Camino de Santiago) გახლავთ. 60 კილომეტრიანი გზა რიოხას პროვინციის საზღვართან გადის და ლოგრონოდან აღმოსავლეთისაკენ, გრანონში იესოს მოციქულის, სანტიაგოს საკურთხევლისაკენ იღებს გეზს. სწორედ ამ გზაზე მდებარეობს გზების მფარველი წმინდა დომინგოს ცნობილი ქალაქი - სანტო დომინგო დე ლა კალცადა. ესპანელი ბერი სანტო დომინგო პილიგრიმების დასახმარებლად გზებსა და ხიდებს აგებდა. ამ ქალაქში დგას XII-XIII საუკუნეებში აშენებული უზარმაზარი კათედრალი და სასტუმრო Parador Hotel, რომელიც პილიგრიმების ძველი საავადმყოფოს შენობაშია განთავსებული.

პილიგრიმების გზამ რიოხას მხარეს მონუმენტური შენობების დიდი მემკვიდრეობა დაუტოვა, მათ შორისაა, სუსოს და იუსოს მონასტრები სან მილან დე კოგოლაში, ამ ძეგლებმა 1997 წელს იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის სტატუსი მოიპოვა.

დიდი ხნით ადრე, სანამ ამ გზაზე პილიგრიმები გაივლინდენ, რიოხას ტერიტორია დინოზავრებმა დალაშქრეს და ნაკვალევიც დატოვეს. ეს 150 მილიონი წლის წინ იყო. პალეონტოლოგიით გატაცებული ტურისტები აღფრთოვანებას ვერ მალავენ სანტიაგოს გზაზე შემონახული დინოზავრის ნაკვალევის ხილვისას.

სახელი "ლა რიოხა" ოფიციალურ წერილობით დოკუმენტში - ქარტიაში პირველად 1099 წელს გამოჩნდა. მე-12 საუკუნეში რიოხას ტერიტორიის მისაკუთრებას კასტილე და ნავარე ცდილობდნენ. დავა ინგლისის მეფის - ჰენრი I-ის ჩარევით გადაწყდა 1177 წელს, კასტილეს სასარგებლოდ. 1369 წელს არაგონმა და ნავარემ ხელი მოაწერეს დეკრეტს რიოხას არაგონისთვის გადაცემის თაობაზე, თუმცა ის მალე ისევ კასტილეს დაუბრუნდა. ცვლილებები რამდენჯერმე მოხდა. საბოლოოდ დავა კვლავ კასტილეს სასარგებლოდ გადაწყდა, ამჯერად ჰენრი IV-ს ჩარევით. მერე ეს ტერიტორია ფრანგებმა დაიკავეს და აქედან 1813 წლამდე არ წასულან. მე-19 საუკუნის 20-იან წლებში რიოხა დამოუკიდებელი პროვინცია გახდა, 1822 წელს დეკრეტის საფუძველზე შეიქმნა ლოგრონოს პროვინცია, რომელიც მოიცავდა მთელ ისტორიულ და გეოგრაფიულ რიოხას. თუმცა შემდგომ ეს დეკრეტი ფერდინარდ VII-მ გააუქმა, პროვინცია ისევ გაიხლიჩა და მისი ტერიტორია სხვადასხვა პროვინციებმა გადაინაწილეს. საბოლოოდ 1833 წელს სამეფო დეკრეტით რიოხა ისევ ავტონომიურ პროვინციად დაკანონდა და ასეა დღემდეც.

გართობა და სხვა

რიოხას სამზარეულოც ისეთივე მრავალფეროვანია, როგორც მისი ლანდშაფტი. ერთ-ერთი ტიპიური კერძია ცხარე ძეხვი კარტოფილით, სახელად Chorizo. Cabrito-საც ძალიან აქებენ, წალამზე შემწვარ ბატკნის ან ციკნის ხორცს. რიოხას სამზარეულოში კალმახი, მწვადი და ყველი დომინირებს. მრავალფეროვანია უმი ბოსტნეულის სალათებიც. მოკლედ, სამზარეულო ისეთია, რომ ამ მხარეში პასიური გართობის მოყვარულნიც არ მოიწყენენ.

მოგეხსენებათ, ესპანეთი მხიარულებისა და დღესასწაულების ქვეყანაა. ტრადიციებს არც რიოხას მხარე ღალატობს. რიოხაში ოთხი მნიშვნელოვანი ფიესტა იმართება. ამ დროს აქაურობას ტურისტები განსაკუთრებულად მოეძალებიან ხოლმე.

სექტემბერში ლოგრონოში დიდი რთველის - La Vendimia-ს სეზონი დგება, ღვინის დეგუსტაციებით, ყურძნისა და ღვინის გამოფენებით. Santo Domingo de la Calzada-ს ფიესტა ყოველწლიურად 12 მაისსაა დაგეგმილი, საგაზაფხულო გართობით, ქუჩის მსვლელობებით, ცეკვებით. ანგუიანოში 22 ივნისს ცეკვის დიდი დღესასწაული იმართება - Danza de los Zancos, 29 ივნისს კი ჰარო ღვინის ბრძოლას მასპინძლობს. La Batalla del Vino - ასე ჰქვია ბრძოლის ამ თეატრალიზებულ ინსცენირებას, რომლის მონაწილეებსაც ერთადერთი იარაღი აქვთ - ღვინო, "მიწის სისხლი". და მოდის და მოდის რიოხას ღვინის წვიმა. ეს ნამდვილი დიონისეს დღესასწაულია. დევიზი ერთია, იმ წარწერის მსგავსი, რიოხას ერთ-ერთი საუკეთესო ექსპორტიორის - ფაუსტინოს ღვინოების იარლიყზე რომ ამოიკითხავთ - დალიეთ ღვინო. ეს წამი თქვენი ცხოვრებასავით წარმავალია, ჰოდა, დატკბით ამ წამით. Bebe tu vino!

© „მარანი“

თქვენი კომენტარი

თქვენი ელ-ფოსტა არ გამოქვეყნდება
  • Web page addresses and e-mail addresses turn into links automatically.
  • No HTML tags allowed

More information about formatting options

საქართველოს ღვინის რუკა
თქვენ შეგიძლიათ დაეხმაროთ ჩვენს ბლოგს "PayPal"-ის საშუალებით.

ტოპ ხუთეული