ადვილი არ იქნება მსოფლიოს ხალხებს შორის მოძებნო ერი, რომელსაც სასმელისა და კერძის იმგვარი თაყვანისცემა შეეძლოს, როგორც ქართველებს, იმხელა ადგილი ეკავოს კვების ტრადიციას ყოველდღიურ კულტურაში, როგორც ეს ჩვენს ქვეყანაშია. რამდენადაც ვცდილობ ქართველების ეს ხასიათი დადებით კონტექსტში განვიხილო, იმდენად არ გამომდის, რადგან რაიმეს უპირობო თაყვანისცემა ჩემთვის ყოველმხრივ მიუღებელია. სწორედ ამ ძიებაში მივაგენი გერმანიაში მოღვაწე ქართველი მკვლევარის, რუსუდან გორგილაძის წიგნს – „კერძთაყვანისცემა“, რომელიც ქართულ სამზარეულოს უძველეს საფუძვლებსა და ნადიმის უნიკალურ კულტურას უფრო უსვამს ხაზს, ვიდრე რაიმეს გაუაზრებელ მორჩილებას. თავად ავტორი წიგნის სათაურს „სიტყვების თამაშს“ უწოდებს და ქართველების ამ ჩვევას ძველი შუმერების მაქსიმას უკავშირებს. ის ასე ჟღერს: "სიცოცხლე საკვებია, საკვები სიცოცხლეა, იმიტომ რომ საკვების გაზიარება სიცოცხლის გაზიარებას ნიშნავს“.
„არ არსებობს ხალხებისა და კაცობრიობის ისტორია, როგორც ასეთი. არსებობს ისტორიები ადამიანთა ცხოვრების სხვადასხვა ასპექტების შესახებ“ – კარლ პოპერის ეს ფრაზა ნათელს ხდის იმ აზრს, რომ კონკრეტული ქვეყნის ისტორიას ხშირად სწორედ იქ მცხოვრები ადამიანების წეს–ჩვეულებები, ინდვიდუალური მახასითებლები და დამოკიდებულებები უფრო ზუსტად განსაზღვრავს, ვიდრე წყაროებზე დაყრდნობით თარიღებითა და სახელებით მდიდარი ისტორიული ნაშრომები. ქართველი ემიგრანტის წიგნი –„კერძთაყვანისცემა“ სწორედ ამ მიდგომის ერთ–ერთი ნათელი მაგალითია.
მნიშვნელოვანია, რომ წიგნი არ წარმოადგენს ქართული რეცეპტების დეტალურ აღწერას და რჩევებს, როგორ მოვამზადოთ ესა თუ ის კერძი. ეს არის ფილოსოფიური ნარკვევი, რომელიც პოპულარული ენით გადმოგვცემს ქართული კულინარიის ისტორიას. წიგნის ავტორი მკითხველს დროს–სივრცულ კულინარიულ მარშრუტს სთავაზობს – ნეოლითური ეპოქით დაწყებული, თანამედროვე კულტურით დამთავრებული. წიგნის მთავარ მიზანს სწორედ იმ ინდივიდუალური ნიშნების გამოკვეთა წარმოადგენს, რაც ქართულმა სანადიმო კულტურამ სხვა კულტურების გავლენებით ჩამოაყალიბა. აღსანიშნავია, რომ „ქართული გემოს“ სპეციფიკის გამოსავლენად ავტორი მას „სხვა გემოებთან“ შედარებით განიხილავს.
ქართული სანადიმო კულტურის ფილოსოფიურ გააზრებას, საზოგადოება რამდენიმე კვირის წინ „ექსპოჯორჯიაში“ გამართულ ღვინის გამოფენაზე გაეცნო, სადაც წიგნის პირველი საჯარო პრეზენტაცია გაიმართა. მეორედ, ეს წიგნი რუსუდან გორგილაძემ 9 ოქტომბერს, სიმონ ჯანაშიას სახელობის ეროვნულ მუზეუმში, ყველა იმ ადამიანთან ერთად წარადგინა, რომლებმაც წიგნის გამოცემაში მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანეს.
წიგნის შექმნის იდეა ავტორს გერმანიაში ცხოვრების დროს გაუჩნდა. უცხოელების შეკითხვებმა იდენტობის, გარეგნული ნიშან–თვისებების და ტრადიციების შესახებ მას წერისკენ უბიძგა. „კერძთაყვანისცემა“ სწორედ გულწრფელი პასუხებია კითხვებზე, რომელსაც ემიგრანტები ხშირად აწყდებიან. წიგნის მნიშვნელობის შესახებ რუსუდან გორგილაძე რადიო „ცხელ შოკოლადთან“ საუბრობს:
„ამ წიგნის ქართულად გამოცემას, ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანი დატვირთვა აქვს, იმიტომ, რომ მინდოდა ქართველებისთვის გამეზიარებინა ის, თუ როგორ ვუყურებ მე, როგორც ქართველი ჩვენს კულტურას გვერდიდან. მაგრამ ასევე ძალიან მნიშვნელოვნად მიმაჩნია, რომ ჩვენ ყველამ ეს ამბავი უცხოელის თვალამდე მივიტანოთ, იმიტომ, რომ ასე დანახული ჩვენი კულტურა მათთვის ადვილი გასაგებია. ეს ის კითხვებია, რომლებსაც ისინი მუდმივად სვამენ და ამ წიგნით მაქსიმალურად შევაცადე ამ კითხვებზე პასუხის გაცემა – „ვინ ვართ ჩვენ?“, „რატომ ვლაპარაკობთ ასე?“, „რატომ ვჭამთ ამ საჭმელს?“, „რა გამოგვარჩევს სხვებისაგან“?, „რა გავლენა გვაქვს?“, „რას გავს ჩვენი ნადიმის ფორმა“, „რატომ ვართ ასეთი ექსპრესიულები?“. ასე დანახული ჩვენი კულტურა, დამიჯერეთ, ბევრად მისაღები იქნება უცხოეული ტურისტებისათვის.“
წიგნი იმითაც განსაკუთრებულია, რომ ის უნიკალურ ილუსტრაციებს მოიცავს. გარდა ამისა, შინაარსის გაგებას განსაკუთრებით აადვილებს საქართველოს ლანდშაფტის, ძვირფასი ხელნაწერი, არქეოლოგიური და ეთნოგრაფიული მასალების ამსახველი ფოტოები, რაც ასევე მნიშვნელოვან საფუძველს ქმნის ქართული კულტურის მსოფლიო პოპულარიზაციისთვის. სწორედ ამას გაუსვა ხაზი ლინგვისტმა კახა ჯამბურიამ, რომელიც ჩვენს რადიოს სწორედ ამ თემაზე ესაუბრა:
„რუსუდან გორგილაძის წიგნი „კერძთაყვანისცემა“ არის გამორჩეული მოვლენა ქართული კულტურის ისტორიაში, იმიტომ რომ აბსოლუტურად განსხვაებული კუთხით არის დანახული საქართველოს ისტორია, საქართველოს კულტურის ისტორია, თანაც ეს არის წიგნი, რომელიც წარმოდგენას შეუქმნის არა მხოლოდ ქართველებს, არამედ უცხოელებსაც. იქ ისეთი ინფორმაციაა გამოყენებული, რომელიც სწორედ არაქართველი მკითხველისთვის არის გამიზნული, ამდენად შეიძლება ითქვას, რომ ეს არის წიგნი – სავიზიტო ბარათი ქართველებისთვის, რამდენად საინტერესო წარსული, რამდენად საინტერესო კულტურა გვაქვს. თანაც ეს კულტურა არის ძალიან მჭიდრო კავშირში იმდროინდელ ცივილიზიაციასთან და ეს კავშირები ამ წიგნში ძალიან კარგად ჩანს და ეს კავშირები ისეა შესწავლილი, რომ შეიძლება ითქვას, რომ ეს არის ახალი სიტყვა ქართული კულტუროლოგიის ისტორიაში“.
წიგნის ინგლისური ვერსია ამ ეტაპზე ბეჭდვის პროცესშია, თუმცა არსებობს ერთ–ერთი თავის – „გაზიარების სიხარული“ ინგლისური გამოცემა, რომელიც ღვინის გამოფენაზე წარსადგენად ითარგმნა. უფრო მეტიც, მალე წიგნის ფრანგული და გერმანულენოვანი თარგმანებიც შეიქმნება, რაც უცხოელების დაინტერესებას ჩვენი ქვეყნით კიდევ უფრო გაზრდის და გაამრავალფეროვნებს.
რუსუდან გორგილაძემ, საქართველოდან გამგზავრებამდე ორი დღით ადრე, მუზეუმის დარბაზში შეკრებილ აუდიტორიას წიგნის ნაწყვეტები თავად წაიკითხა. ნაწყვეტს ამ გამოსვლიდან ჩვენს სიუჟეტში გთავაზობთ:
„ჩემს ბავშობაში ძნელი წარმოსადგენი იყო საქართველოში ჩინური და მითუმეტეს იაპონური სამზარეულოს პოპულარობა. დღევანდელ თბილისში აზიური რესტორნების სიმრავლე, თანამედროვე მსოფლიოს აზიური სამზარეულოთი გატაცების ერთ–ერთი დასტუია, როდის ყოფილა ქართველები მოდას ჩამორჩენოდნენ? განსაკუთრებით უნდა აღინიშნოს დღევანდელი სუში, რომელიც დღევანდელ მსოფლიოში მოდის ნამდვილი სიმბოლოა. მასობრივი კულტურის სიმბოლოს მნიშვნელობით, მას ისეთივე დატვირთვა აქვს, როგორც ჰამბურგერს, ჯინს ან მარლბოროს. მოდური საკვები, როგორც წესი, მუდამ ჯანმრთელ საკვებად საღდება, მიზიდულობის გასაზრდელად. სუშიც არ წარმოადგენს გამონაკლისს. მოდურ საკვებთან ზიარება ისევე იძლევა ინფორმაციას ადამიანის შესახებ, როგორც მისი ჩაცმულობა ან საცხოვრებელი...“
წიგნის შეძენა ეროვნული მუზეუმის მაღაზიებსა და თბილისის წიგნის მაღაზიებში 35 ლარად შეგეძლებათ.
© რადიო "ცხელი შოკოლადი"
გიორგი, შეურაცხყოფას ნუ გვაყენებ. თუ შეიძლება თავი შეიკავე ხოლმე ასეთი უპასუხისმგებლო განცხადებებისგან. გულს ნუ უტეხავ მეგობრებს. რაც ახლა დაწერე, უსამართლობაა.
იმიტომ, რომ ავტორმა უთხრა ეგრე ჟურნალისტს, რომ ეღირებოდა 35 ლარი. და მორჩა. ჟურნალისტი ქალაქის ყველა სავაჭრო ცენტრის ფასებს ვერ გააკონტროლებს, ჟურნალისტი არ ადგენს მაგ ფასებს. ახლა მაინც ხო ხვდები რო მუზეუმმა, როგორც აღმოჩნდა, თავისი ფასი დაადო წიგნს? :) ასერომ, ჩვენ არაფერ შუაში ვართ. შეიძლება არ გიფიქრია შეურაცხყოფა, მაგრამ ეგრე გამოვიდა ძმაო :)
თქვენი კომენტარი