Home
ქართული | English
დეკემბერი 2024
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
2526272829301
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
303112345

შეიძინეთ ჩვენი წიგნები ღვინის მაღაზიებში

მულტიმედია

კომენტარები

ზამთრის მარაგი

თამარ კვინიკაძე

ზამთარში ბუნება იძინებს.

ლეთარგიული ძილით იძინებს დათვი.

ზამთარში არ ვიძინებთ ჩვენ, ადამიანები, რადგან ეტყობა, დათვზე მეტად გვიყვარს ჭამა და - ჭამაზე ფიქრი.

მიუხედავად ამისა, ზამთარში ჩვენი ორგანიზმიც სუსხიან გარიჟრაჟთან, ყინვიან ღამეებთან, გაწელილ საახალწლო დროსტარებასთან შეგუებას და თან სტრესულ რუტინასთან გამკლავებას ცდილობს.

…ზამთარი ჩემი ბავშვობის სამზარეულოში სულ მემახსოვრება დიდი ქვაბით მოხარშული ლობიოს სურნელით, სადილად თიხის პატარა დოქით გამოტანილი წითელი ღვინით, მჟავე კომბოსტოს მწნილით და ჩემი მუდმივი წყენით - რატომ არ ამწნილებდნენ ჩემები წიწაკას, როცა ჩემი ცხოვრების “აპოთეოზი” სწორედ წიწაკა იყო.

…დედაჩემს მწნილებისა და ზამთრის მარაგისთვის დიდად არ ეცალა ხოლმე, თან ფიქრობდა, რომ გადამეტებული არაფერი ვარგა, ამიტომ მხოლოდ შორიდან ვეტრფოდი რამდენიმე ახლობელი ოჯახის სარდაფს, სადაც - ვიდრე 90-იანების უკიდურესი გაჭირვება არ დადგებოდა - თაროები იზნიქებოდა კაკლის, ლეღვის, საზამთროს, კომშის და დელიკატესად - შუაგულში თხილჩადებული თეთრი ბლის მურაბის ქილებით; იქვე იყო ატმის, ალუბლის და ბლის კომპოტების 3 ლიტრიანი ქილები; გარგრის, მარწყვის და მოცვის ჯემები; კომბოსტოს, წიწაკის, ნივრის მწნილებით; მწვანე პომიდვრის თუ ბადრიჯნის დახუფული ქილები; დიდ დერგებში დაცული ყველის თავები… 

დღეს, სარდაფების ასე გავსება ფანტასტიკის ჟანრს უფრო მიეკუთვნება. ბევრი ფიქრობს, რომ ეს სრულიად არასაჭირო, არაფრისმაქნისი და ანაქრონული ჩვევაა. ზოგს კი ეს ტრადიცია ასტრიდ ლინდგრენის ემილის და მისი ოჯახის სავსე საკუჭნაოს ახსენებს; ანუ ნოსტალგიას უღვივებს იმ დროის მიმართ, როცა ცხოვრების ტემპი იყო გაცილებით ნელი; როცა არავის, “გიჟურ” დასავლეთშიც კი, არავის მოუვიდოდა აზრად, დაეწერა წიგნი - “როგორ მოვამზადოთ სადილი 15 წუთში”…

ასეა თუ ისე, დღეს თითქმის ყველანი, ზუსტადაც რომ 15-წუთიანი სადილების რეალობაში ვცხოვრობთ. შინ მომზადებულ ნაირ-ნაირ მურაბებს და კომპოტებს, მწნილებს და ბადრიჯნის ხიზილალებს - თავისი დასავლური ვარიაციებით - ჩატნით, ჯემით თუ პესტოთი, მხოლოდ კულინარიულ ბლოგებზე ვხედავთ და მათგან ირიბ, მეორად სიამოვნებას ვიღებთ.

თუმცა, შეიძლება, ნოსტალგია ზამთრის მარაგის - როგორც ცივ დღეებში კულინარიული სიმყუდროვის გარანტის - მიმართ სრულიად უადგილოც იყოს. რამდენიმე ფსიქოლოგის ტექსტში ამოვიკითხე, რომ

ეს ტრადიცია ჩვენი გენეტიკური კოდის “ვადაგასული” ნაწილია - იყო დრო, როცა ზამთრის თვეები ადამიანთა მოდგმის აბსოლუტური უმრავლესობისთვის ხანგრძლივი შიმშილობის დაწყებასთან ასოცირდებოდა, ამიტომ ვიმარაგებდით - ცხიმს სხეულზე და თან ვიგონებდით ათასგვარ გზას ხორცეულის, რძის ნაწარმის თუ ბოსტნეულის თვეობით შესანახადაც.

სათბურების მოწყობის, სეზონური საკვების სარგებლის აღმოჩენის შემდეგ კი ყველაფრის მოხუფვის, დაჩირვის და შებოლვის აუცილებლობა ნამდვილად აღარ დგას. მით უმეტეს, უაზრობაა ხარბად ჭამა და გასუქება მხოლოდ იმიტომ, რომ ზამთარია და ცივა.

მაგრამ გენეტიკურ კოდს ასე იოლად ხომ ვერ შეცვლი. ერთ-ერთ ინგლისურ გაზეთში ახლახან წავიკითხე ორი მეცნიერის ერთმანეთისგან დამოუკიდებლად შემუშავებული თეორია იმის შესახებ, რომ სიბნელის,ასევეცივი და სველი ამინდის გამო ბევრ ადამიანს აწუხებს ძილის გაუნელებელი სურვილი, უქეიფობა და გაძლიერებული მადა. როგორც ჩანს, სწორედ ცხელ-ცხელი წვნიანებით და ხორცის ნოყიერი, ცხიმიანი კერძებით ვცდილობთ ჩვენ, ადამიანები ბედნიერებისა და კომფორტის შეგრძნების დაბრუნებას მაშინ, როცა გარეთ ყინავს. ვცდილობთ და ვსუქდებით, რადგან შაქრის მაღალი შემცველობის მქონე საკვები სისხლში შაქრის დონეს მოულოდნელად ამცირებს და ჩვენც მეორე წრეზე მივდივართ - ენერგიის აღდგენას ისევ არასწორი გზით, ისევ ტკბილეულითა და ცხიმეულით ვცდილობთ. შედეგად, გვინდა თუ არ გვინდა, სხეულზე და განსაკუთრებით მუცლის მიდამოებში, ზამთრის უსიამოვნო “მარაგი” გვიჩნდება.

…ეს თემა კი ისევ საზამთროდ შესანახ საკვებთან მაბრუნებს.

ვთქვათ და, მოვიცალეთ; საკუჭნაოც გვაქვს, დიდი ემალის ქვაბებიც და დროც - მარაგის მოსამზადებლად. როგორ ფიქრობთ, ისევ უნდა შაქარში ვხარშოთ და ვხუფოთ ხილი? ისევ უამრავ ზეთში და მარილში უნდა შევინახოთ ბოსტნეული? ჩემი მოკრძალებული რჩევა იქნება, რომ - არა… ამას ჯობია, ძაფზე ავაცვათ გამომშრალი შავი ქლიავი და გარგარი. გავახმოთ და კოხტა ქილებში შევინახოთ რეჰანი, შაშკვლავი თუ ქონდარი (ასე სასარგებლო რომაა და ასე რომ უხდება ბოსტნეულსაც, მარცვლოვნებსაც და ხორცეულსაც და ზამთარში რომ არ გვაქვს), ვაკუუმ-პარკებში, ულუფებად ჩავაწყოთ ნებისმიერი კენკრა (ვთქვათ, ჟოლო - მისწრება მაღალი ტემპრატურის დროს; ვთქვათ, მოცვი - ჩვენი თვალის ჩინი და შესანიშნავი ანტიოქსიდანტი), ანდა შინდი და ქაცვი, მერე გამოვყინოთ და სალათაში გამოვიყენოთ, ან შეიკი მოვამზადოთ, ან ფაფას მოვახეხოთ, ან - მაგალითად, სოუსი მოვამზადოთ, თუნდაც ღორის ხორცისთვის… მოკლედ, ფანტაზიაზეა, მთავარია, ვეცადოთ, რომ ის, რასაც ზამთარში მიწა არ გვაძლევს, შეძლებისდაგვარად ნატურალური სახით შევინახოთ ცივი დღეებისთვის.

ეს რაც შეეხება მარაგს. პარალელურად, უნდა ვუყუროთ სეზონსაც. რას გვაძლევს მიწა ზამთარში? გაციებას ვებრძვით ლიმონით; ანტიოქსიდანტად თუ კუჭის მოქმედების მოსაწესრიგებლად მივმართავთ კივის. სისხლის მიმოქცევის სისტემას ვკვებავთ და იმუნიტეტს ვიძლიერებთ გრეიპფრუტით და ფორთოხლით; თან არ გვავიწყდება, რომ იმუნიტეტს ძალიან უხდება სოკოც, წითელი ბულგარული წიწაკაც, გოგრაც, ნიორიც და მარცვლოვნებიც. აი, კიდევ ერთი აღმოჩენა - თურმე, უხასიათობაც შეიძლება დაამარცხო, თუ ომეგა-3-ით მდიდარ თევზს მიირთმევ...

მოკლედ, თუ სწორად მოიმარაგებ, არ გასუქდები; და არც მაშინ გასუქდები, თუ სეზონურ საკვებსაც დანიშნულებისამებრ გამოიყენებ.

პ.ს. …და წვნიანები… ამ სიუჟეტში განზრახ თითქმის არაფერი ვთქვი წვნიანებზე მიუხედავად იმისა, რომ ზამთარი და წვნიანი, ცხელი კერძები განუყოფელია. არაფერი ვთქვი იმიტომ, რომ მათზე ცალკე, მსუყედ და გემრიელად უნდა გელაპარაკოთ.

მომავალ შეხვედრამდე.

© რადიო "ცხელი შოკოლადი"

თქვენი კომენტარი

თქვენი ელ-ფოსტა არ გამოქვეყნდება
  • Web page addresses and e-mail addresses turn into links automatically.
  • No HTML tags allowed

More information about formatting options

საქართველოს ღვინის რუკა
თქვენ შეგიძლიათ დაეხმაროთ ჩვენს ბლოგს "PayPal"-ის საშუალებით.