Home
ქართული | English
დეკემბერი 2024
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
2526272829301
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
303112345

შეიძინეთ ჩვენი წიგნები ღვინის მაღაზიებში

მულტიმედია

კომენტარები

გვიანი რთველი საქართველოს რეგიონებში

სალომე აფხაზიშვილი

რთველზე საუბრისას პირველი რაც გვახსენდება – კახეთი და ამ რეგიონთან დაკავშირებული ადგილობრივი ტრადიციებია. როგორც კი სექტემბერი დგება, სეზონის ერთ–ერთი ძირითადი განცდა სწორედ კახურ რთველს – ყურძნის კრეფას, ჩაბარებას, დაწურვას და დღესასწაულად ქცეულ რამდენიმე დღიან ლხენას უკავშირდება. მოლხენა „ზაოტობით“ ანუ არყის გამოხდით მთავრდება და მალევე იწყება მზადება სხვა სახალხო დღესასწაულებისთვის. თუმცა, ბევრმა მათგანმა არც კი იცის, რომ რთველი საქართველოში ზოგჯერ ახალ წლამდეც გრძელდება. ვგულისხმობ დასავლეთ საქართველოს, სადაც რთველი მაშინ იწყება, როდესაც აღმოსავლეთ საქართველოში ეს პროცესი ბოლომდეა დასრულებული და ღვინოც დადუღებულია ხოლმე. აქ ხშირად ხუმრობენ, რომ ყურძენს თუ ყინვა არ მოხვდა, მისგან კარგი ღვინო ვერ დადგებაო. ისიც უნდა აღინიშნოს, რომ ამ ხუმრობას რეალური საფუძველი აქვს, რასაც რადიო „ცხელ შოკოლადთან“ საუბარში გურული მეღვინე თემურ შარაშიძეც ადასტურებს. მან გასულ წელს ჩხავერი 12 დეკემბერს, თოვლის მოსვლასთან ერთად დაკრიფა.

მეღვინეობა–მევენახეობის სპეციფიკური კულტურით დასავლეთ საქართველოში, განსაკუთრებით გურია, სამეგრელო და ზემო აჭარა გამოირჩევა. რთველი აქ ოქტომბრის ბოლოდან იწყება და ზოგჯერ დეკემბრის პირველ რიცხვებამდეც გრძელდება. აქ ვაზი ძირითადად მაღლარზეა გაშენებული და აღმოსავლეთ საქართველოს რეგიონებისგან განსხვავებით, ის ტერიტორიის მცირე ფართობს იკავებს. საღვინე ჯიშებიდან აღსანიშნავია გურული ჩხავერი, ჯანი, საკმიელა, კლარჯული, სხილათუბანი, მეგრული ოჯალეში, ხარდანი, იქაური ცოლიკოური, გოდაათური და ა.შ.

შეგვიძლია გამოვყოთ სპეციალური საღვინე ჯიშები, რომელიც საქართველოს კონკერტულ რეგიონს გვახსენებს. ასეთი სტატუსით სარგებლობს ჩხავერი გურიასა და ზემო აჭარაში და ოჯალეში საგმეგრელოში. ჩხავერი ძირითადად ჩოხატაურის და ოზურგეთის რაიონის სოფლებში გვხვდება: ბუკისციხე, დაბლაციხე, საჭამიასერი, ერკეთი, ბახვი და სხვ. თუმცა ღვინის ამ უნიკალურ ადგილობრივ ჯიშს სულ უფრო ნაკლები ძალა აქვს კონკურენცია გაუწიოს მასობრივად გავრცელებულ ისეთ ჯიშებს, როგორიცაა – ადესა და ცოლიკოური. ჩოხატაურის რაიონის სოფელ ბუკისციხის მცხოვრები თემურ შარაშიძე ამ ტენდენციას გლეხის გაზარმაცებასა და დაბალ ინტერესს უკავშირებს, რის გამოც მაგალითად, ბუკისციხეში მცხოვრები 200 ოჯახიდან  „ჩხავერის კულტს“ 50–მდე ოჯახიღა იცავს.

„ჩხავერი ძალიან ძნელი მოსავლელია. მაგალითად, ადესა უფრო ადვილად ვითარდება, მას ნაკლები შეწამვლა სჭირდება, რაც გლეხს ეზარება. ამ ჯიშის მოვლას ყველა ის პროცედურა სჭირედება, რაც კახურ ყურძენს დასჭირდებოდა. ასევე ჩხავერს ხშირად დაავადება – „ნაცარიც“ ეყრება და ეს ვაზის მოვლას კიდევ უფრო შრომატევადს ხდის.“  (3.40)

თუმცა ისიც, უნდა აღინიშნოს, რომ ადგილობრივი ჯიშების აქტიურმა პოპულარიზაციამ და გლეხის მიერ იმის გააზრებამ, რომ ჩხავერი ერთ–ერთი ყველაზე ძვირადღირებული ვაზის ჯიშია, ბოლო ორი წლის განმავლობაში გურიაში ენთუზიასტი მეღვინეებისა და გლეხების რაოდენობა გაზარდა და მათ საკუთარი მცირე მეურნეობაც შეაქმნევინა. ისინი დაყენებულ ღვინოს არ ყიდიან, თუმცა ფიქრობენ, რომ ამ საქმით მეღვინეობა–მევენახოების უძველესი ტრადიციების შენარჩუნებას უწყობენ ხელს. თემურ შარაშიძე უნიკალური გურული ჯიშების გადარჩენას საკოლექციო ფართობის შექმნით აპირებს:

„ჩემს ვენახში ვაზის დაახლოებით 15–20–მდე 100 მეტრიანი  რიგი იქნება.  ყველა რიგში სხვადასხვა ჯიშები დაირგვება. მაგალითად, პირველი რიგი იქნება ჩხავერის, მეორე ჯანის, მესამე ცოლიკოურის, მეოთხე სხილათუბანის, მესამე ალადასტურის, ოჯალეშის და ა.შ. ამის გაკეთებას მომავალი წლის გაზაფხულზე ვგეგამავ. ამ დროისთვის დაახლოებით 6 ახლადჩაყრილი ვაზის ჯიში მექნება“,  –  აღნიშნავს თემურ შარაშიძე რადიო „ცხელ შოკოლადთან“ საუბარში.

იგივე ტრადიციას მიყვება ოზურგეთის რაიონის სოფელ შემოქმედის მკვიდრი ანდრო ვაშალომიძეც, რომელიც მცირე ზომის ნაკვეთზე შვიდი იშვიათი ჯიშის ვაზს უვლის. მათ შორისაა საკმიელა, კლარჯული, ჩხავერი, ჯანი და კიდევ რამდენიმე.

გურიისგან კიდევ უფრო განსახვავებულია რთველი სამეგრელოში, სადაც საკულტო ვაზის ჯიშად აქ ოჯალეშს აღიარებენ. ოჯალეშის კრეფა ახლაც მიმდინარეობს და ნოემბრის შუა რიცხვებამდე გაგრძლედება, თუმცა  სხვა უნიკალური ჯიშების მსგავსად, ვაზის ეს სახეობაც მივიწყებულია. ამის მიზეზად ეკოტურიზმის ცენტრის წარმომადგენელი ზაზა გაგუა საბჭოთა ეპოქას ასახელებს, როდესაც მიწების უკანონო პრივატიზება განხორციელდა. შედეგად კი, სასოფლო–სამეურნეო სავარგულების მნიშვნელოვანი ნაწილი ისეთმა კულტურებმა დაიკავეს, როგორიცაა მანდარინი, სიმინდი და ა.შ. ოჯალეში ყველამ მიივიწყა და მისი მაღალი მატერიალური ღირებულების მიუხედავად, სამგრელოს სოფლეში მცოვრებთა უმეტესობისთვის ეს საღვინე ჯიში არასაკმარისი ინტერესის მსხვერპლად რჩება. მივიწყების პირას კიდევ ათობით ვაზის ჯიშია. აღნიშნული ტენდენციის გამოსწორებას კი ეკოტურიზმის გავითარების ცენტრი და ღვინის კლუბი ცდილობენ. წელს მათ მარტვილის რაიონში, სოფელ თარგამეულში ოჯალეშის რთველი გამართეს და ადგილობრივებს იშვიათი ჯიშების აღდგენის მაგალითი მისცეს.

ზაზა გაგუა , ეკოტურიზმის გავითარების ცენტრის დირექტორი, იშვიათი ჯიშების პოპულარიზაციის მიზნით ჩატარებული აქციების გარდა, ხაზს სახელმწიფო მხარდაჭერის მნიშვნელობასაც უსვამს ხაზს:

„საუკეთესო გამოსავალი იქნება თუკი შეიქმნება გრძელვადიანი სესხის პირობები, როდესაც მეღვინეებს მიეცემათ საშუალება შექმნან მცირე კოოპერატივები, რომელშიც 5–6 ფერმერი გაერთიანდება და თავის მიწებზე ოჯალეშს გაავრცელებს, იქნება ერთი საერთო მარანი, რომელიც იზრუნებს ამ ღვინის ადგილზე ჩამოსხმასა და რეალიზაციაზე, და არა ყურძნის რეალიზაციაზე“.

ეკოტურიზმის განვითარების სამომავლო გეგმებს შორის არის ასევე ოჯალეშის ადგილობრივი ჩამოსხმა და ქართულ ბაზარზე დაბრუნება, რაც, ქართული ღვინის კულტურას კიდევ უფრო გაამრავალფეროვნებს. უფრო მეტიც, ზაზა გაგუა მეგობრებათან ერთად ვარდისფერი ოჯალეშის დაყენებესაც გეგმავს. საღვინე ჯიშების განვითარებასთან ერთად, ეკოტურიზმის განვითარების გეგმაში მექვევრეობისა და რთველის უძველესი ტრადიციების აღდგენაც მოიაზრება.

მართალია, დღეს ქართული ღვინო საერთაშორისო ბაზრის აქტიური მონაწილეა და ის წარმატებასა და აღიარებას ბევრ მნიშვნელოვან კონკურსსა და გამოფენაზე აღწევს, თუმცა სუბიექტური და ობიქტური მიზეზების გამო, ქართული ღვინის პოტენციალი ჯერ კიდევ აუთვისებელია. რეგიონების მეღვინეობის ხელშეწყობა და პოპულარიზაცია ერთგვარი ბიძგია იმისთვის, რომ საქართველომ აუთვისებელი ან მივიწყებული პოტენციალი გამოიყენოს და საერთაშორისო ბაზრის უნიკალური და ღირსეული წარმომადგენელი გახდეს.

© რადიო "ცხელი შოკოლადი"

თქვენი კომენტარი

თქვენი ელ-ფოსტა არ გამოქვეყნდება
  • Web page addresses and e-mail addresses turn into links automatically.
  • No HTML tags allowed

More information about formatting options

საქართველოს ღვინის რუკა
თქვენ შეგიძლიათ დაეხმაროთ ჩვენს ბლოგს "PayPal"-ის საშუალებით.

ტოპ ხუთეული