Home
ქართული | English
დეკემბერი 2024
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
2526272829301
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
303112345

შეიძინეთ ჩვენი წიგნები ღვინის მაღაზიებში

მულტიმედია

კომენტარები

სარეწკელა: ენისა და მარხვის გასატეხი

მას შემდეგ, რაც გაკრიჭეს, პირქუშმა წერეთლის პროსპექტმა თვალში გამოიხედა: ჭადრის ჩრდილებში მიმალულმა სტალინური ეპოქის შენობებმა სახე გამოაჩინეს. შესაბამისად, გამვლელიც სხვა თვალით უყურებს ისტორიულად შუქ-ჩრდილში ჩაფლულ პროსპექტს. ეს ამბავი გადაბელილი ჭადრებისათვის მაინცდამაინც სასიხარულო არ არის: წელში უმოწყალოდ გადაკვეთა ხეს სიცოცხლეს უნახევრებს. უფრო ადრეული, ცარისტული ისტორიის კვალი კი ამ მიდამოებიდან უკვე მთლიანადაა გამქრალი: მეცხრამეტე საუკუნეში აქ ტფილისის გერმანული უბანი - ალექსანდერსდორფი მდებარეობდა. გერმანელები აქ სოფლის მეურნეობას მისდევდნენ, მიწები მტკვრის წყლით ირწყვებოდა. გერმანული კერძიც, ამ ადგილებში, ალბათ პირველად მე-19 საუკუნის 20-იან წლებში გაისინჯა. დღეს კი აქ გერმანული ყაიდის, ძნელად საპოვნელი და ძნელად დასამახსოვრებელი რესტორანია - სარეწკელა. მეპატრონისთვის ეს სახელი, აშკარად, გარკვეულ ბიოგრაფიულ მნიშვნელობას ატარებს, სხვანაირად გაუგებარია ასეთი ძნელად გამოსათქმელი სახელის შერჩევა.
ტუფის ქვის პირქუში კედლები, დეკორატიული ბეტონის ბუხარი გაბედული დიზაინით, ტრადიციული თონე, სადაც პური ცხვება და აგურის ღუმელი, სადაც - ხაჭაპური. არის აქ რაღაც ზოროასტრული, მუდმივად დანთებული ცეცხლით, მთელ რესტორანშიც პურის მადისაღმძვრელი სურნელი ტრიალებს. ნახევრად ჩაბნელებულ, წყნარ ატმოსფეროში ათიოდე მაგიდა დგას - მუშტარი მშვიდ მუსაიფსა და ჭამაზეა კონცენტრირებული. ოდნავ დამუხტული, მაგრამ სასიამოვნო გარემოა.
ზოგადად, მენიუს ეკლექტურობა მაინცდამაინც კარგის ნიშანი არ არის: ევროპული სალათები, იტალიური პიცა და პასტა, ქართული ფხალეული და მწვადეული. მაგრამ მეზობელი მაგიდებიდანაც კარგად ჩანს, რომ აქ ფხალეულის საჭმელად ნაკლებად დადიან, სარეწკელაში მთავარი ცთუნება საფირმო კერძებია: გერმანულ ყაიდაზე, ლანგარზე გაწყობილი ზღვის პროდუქტების ასორტი, ხბოს ან ღორის კანჭი ან ნეკნები. თითოეული ამ კერძის ღირებულება 46-დან 60 ლარამდეა და 4-6 ადამიანზეა გათვლილი. ულუფების გულუხვობასა და მრავალფეროვნებას თუ გავითვალისწინებთ, ცუდი გარიგება არ არის. საფირმო კერძები თავშესაქცევ ელემენტებსაც შეიცავს (შვეიცარიული ყველის კუბები, ყურძენი, ზეთისხილი) ამგვარად, თვითკმარი, სრული სადილი გამოდის. თუ ჯერი ამ კერძზე მიდგა, ზომიერად შეუკვეთეთ, შესაძლოა სხვა კერძის შეკვეთა სრულიად ზედმეტი აღმოჩნდეს. რაჭული ლორი, სამწუხაროდ, იშვიათობაა, ამიტომ ცდუნებას ვერ გავუძელით და მაინც შევუკვეთეთ. ტრადიციულად მსუყე ლორი გემრიელი აღმოჩნდა, სასიამოვნო არომატითა და მძაფრი, ტახისებრი გემოთი, თუმცა ქონი აშკარად ჭარბობდა, ასეთი ნაჭრები ვენახში სახელდახელოდ რომ მოეტანათ, კიდევ არა უშავდა, მაგრამ რესტორანს უკეთესი ნაჭრები ეკადრება.
ზღვის პროდუქტების საფირმო ლანგარი (46) ბარაქიანი გამოდგა: ორგვარი კალმახი (უბრალოდ და ფქვილით შემწვარი) კიბორჩხალა, მიდიები, ხამანწკა, რვაფეხა და ხიზილალა.
კარგად მოგეხსენებათ, თევზის მარილი სიახლეა, აქ ეს ყველაფერი იმდენად ქორფაა, რამდენადაც ეს პროდუქტი საქართველოში მოიპოვება. ანუ კალმახის გარდა, ყველაფერი გაყინული. ამას რესტორანს ვერ დავაბრალებთ, თუმცა სარეწკელას სასიკეთოდ უნდა ითქვას, რომ ამ უხერხულობის მიუხედავად, ეს გემრიელი და წარმატებული ასორტია. ხბოს კანჭის საფირმო კერძიც (56) შთამბეჭდავია, შეიცავს სოსისეულის მრავალსახეობას, ნეკნებს, შვეიცარიული ყველის ნაჭრებს და ღუმელში გამომცხვარ კარტოფილს ტარტარის სოუსით. გარნირს რატომღაც გვერდს “უმშვენებს” სომხური ყურძენი, რომლიდანაც, ჩემდა გასაკვირად, მხოლოდ ღეროღაა დარჩენილი.
სერვისი ოდნავ ზანტია, კარგა ხანს ოფიციანტს თვალიც ვერ მოვკარით, რომ დაგვეძახა. ორი ჭიქის ნაცვლად კი, ორი ბოთლი ღვინო (წინანდალი, ბადაგონი 2006) მოგვიტანეს ერთად (!) ორივე უკვე გახსნილი. განსაკუთრებით არასასიამოვნო კი ის იყო, რომ ეს არც თუ ისე წარმატებული ჩამოსხმა გამოდგა, მწკლარტე გემოთი და ჭარბი მჟავიანობით. სხვა რა გზა გვქონდა, დავილოცეთ და შევსვით.
ერთ კვირაში მარხვა თავდება. თუ ხორცმა თავი მოგანატრათ, სარეწკელა კარგი არჩევანია. ეცადეთ ბევრნი წახვიდეთ ერთად, ამ ბარაქიანი კერძების გაზიარება გამოცდილებას უფრო სასიამოვნოს ხდის.
ტაბულა რესტორნებს მიმოიხილავს ანონიმურად და ასწორებს ანგარიშს

სარეწკელა
წერეთლის გამზირი 72
თბილისი 0154
უბანი: დიდუბე
ტელ: 10 23 72
სამზარეულო: ევროპული, ქართული
საათები: ყოველდღე, 11-დან ბოლო
კლიენტის გასვლამდე
ბარათები: ვიზა, მასტერკარდი
ფასი: 95 (სადილი ორ ადამიანზე,
ღვინითა და სერვისის ჩათვლით)
პარკინგი: რესტორნის წინ
www.info-tbilisi.com/saretskela/

© tabula



სარეწკელას პატრონები ლეჩხუმელები არიან, კარგი და პატიოსანი ხალხი.აი ამიტომ აირჩიეს სახელი სარეწკელა. იქაური გარემო ჩვენ გვახსენებს ციტატას ლადო ასათიანის ლექსიდან: "გახსოვს, აფთარი ზამთარი, ან გაზაფხული – პირიქით? გახსოვს, ამტყდარი ავდარი და სარეწკელას ბილიკი?..." მართლაც, ზამთარსა და ავდარში იქ შესვლას არაფერი სჯობს, იქეთ თონეა ცხელი, იქვე საცხობში ცეცხლი მოსჩანს, გვერდით კი ბუხარი ანთია, გარეთ ცივა და შენ ამ სიმყუდროვეში იძირები. სამწუხაროდ ღვინოზე არ არიან ორიენტირებულნი, მაგრამ სამაგიეროდ თავიანთი ჭაჭა (მუხაში დავარგებული) აქვთ, რომელიც ზედგამოჭრილია იგივე კანჭთან, ძეხვეულობასთანა და თევზეულობასთან. ასევე არარის ლუდის არჩევანი, რომელზეც არაერთხელ გამიმახვილებია ყურადღება რესტორნის მფლობელებთან. რაც შეეხება ლორს აი აქ კი ნამდვილად ვერ დავეთანხმები ჟურნალ ტაბულის წარმომადგენლებს, რადგან რაჭული ლორის მთავარი ღირსება სწორედ მისი ქონისა და მჭლის საოცარი შეხამებაა. ქონი თუ ჭარბობს ეს არ არის დასაძრახი–პირიქით, ისე სტეიკის მაგვარ მასას წავაწყდებოდით და არა რაჭულ–ლეჩხუმურ ლორს.

თქვენი კომენტარი

თქვენი ელ-ფოსტა არ გამოქვეყნდება
  • Web page addresses and e-mail addresses turn into links automatically.
  • No HTML tags allowed

More information about formatting options

საქართველოს ღვინის რუკა
თქვენ შეგიძლიათ დაეხმაროთ ჩვენს ბლოგს "PayPal"-ის საშუალებით.