ანა კორძაია-სამადაშვილი
ოცდაორი წელია, ხორცი არ მიჭამია. თუმცა არა, ვტყუი: 1997-ში მოსკოვის რაღაც იუბილე იყო და იქ უზბეკები ფლავით გამიმასპინძლდნენ. ჩუმად ვიკითხე, ხორციანია- მეთქი? აბა, ხორცი სად დაინახე, არაო.
ის ფლავი, კარგი სანახავი, ძალიან ცხელი იყო და ძალიან ცხარე, გემო საერთოდ ვერ გავუგე, მაგრამ მასპინძლების პატივისცემის ნიშნად დიდი ჯამი მაინც მოვასუფთავე, და მეორე დღეს ორნი ვგმინავდით: მე და ჩემი ნაღვლის ბუშტი. “უხორცო” კერძი, როგორც გაირკვა, ცხვრის ქონზე ყოფილა დამზადებული. კინაღამ მოვკვდი.
ეს ისე, ტრაგიკული ეპიზოდი გიამბეთ ვეგეტარიანელის ცხოვრებიდან. ჩვეულებრივ კი, როგორც მოგახსენეთ, ხორცს არ ვჭამ და ალბათ აღარც შევჭამ, არა იმიტომ, რომ მეზიზღება ან იდეები მაწუხებს – ეს ეტაპი დიდი ხნის წინათ მაქვს გავლილი - არამედ იმიტომ, რომ საკვებად არ მიმაჩნია.
მე არ გახლავართ მებრძოლი, მქადაგებელი ვეგეტარიანელი. თუ ძალიან არ შემომიჩნდნენ, ჩალაღაჯს რატომ არ მიირთმევო, არც ვამბობ – ვის რაში აინტერესებს. მაგრამ თუ თანამეინახე ჩამაბჟირდა და ახსნა დამიწყო, რომ მაკლია ცილები, ცხიმები, ვარ ავადმყოფი, კახექსიური და ანემიური, და საერთოდ, მალე მოვკვდები, ვყვები, რომ:
რაც ვეგეტარიანელი გავხდი, ექიმთან სტუმრად თუ ვარ მისული და სულ სამჯერ ვიყავი ავად: 1989, 1995 და 2008 წელს გრიპი შემეყარა და სამ- სამი დღე გავატარე ლოგინში - ახლაც ცეცხლად მახსოვს.
მას მერე, რაც ვეგეტარიანელი გახლავართ, რვა მწვერვალზე ვარ ასული.
შემიძლია დღე-ღამეში 20 საათი ვიმუშაო.
არ მცივა.
არ ვსუქდები.
კბილები არ მიფუჭდება.
უძილობა არ მტანჯავს.
ძალიან ყოჩაღი გოგო ვარ.
რატომღაც მგონია, რომ არავისა აქვს უფლება, რომ სულიერს, რომელსაც სიცოცხლე უხარია, ყელი გამოჭრას მხოლოდ იმის გამო, რომ აი, ასე უნდა.
ვფიქრობ, რომ სასაკლაოსა და საკონცენტრაციო ბანაკს შორის არანაირი სხვაობა არ არსებობს, გარდა ერთისა: საკონცენტრაციო ბანაკის ტყვეებს იქიდან გამოსვლის ბუნდოვანი შანსი მაინც აქვთ, დასაკლავ ცხოველებს კი – არანაირი.
საკუთარი გამოცდილებით ვიცი, რომ დასანაყრებლად სულ არაა აუცილებელი ვინმეს გვამის შეჭმა.
გასაგებია: რეინკარნაციის თეორია სასაცილოდ გეჩვენებათ. გასაგებია: რა მნიშვნელობა აქვს, რომ ვინმეს რამე ტკივა – მთავარია, თავად ისიამოვნო. მაგრამ იმას მაინც ვერასოდეს გავიგებ, - “ბრემენის მუსიკოსები” მაინც არ წაგიკითხავთ? - როგორ შეიძლება დიდ, თავმოყვარე მამალს დეზებიან ფეხებში ხელი ჩაავლო, თავქვე დაკიდებულისახლში მიიყვანო, მერე ბავშვებს დაუძახო, ნახეთ, შვილიკოებო, როგორი ამბავიაო, მამალს თავი მოაჭრა და ბავშვებს აყურებინო, როგორ დარბის სისხლიანი დანით მოხაზულ წრეზე უთავო ფრინველი, სანამ გული არ გაუჩერდება, მერე გვამს მდუღარე დაასხა, გაპუტო, შეტრუსო (რა მაგარი სუნია!), მუცელში ხელი შეუყო და შიგნეულობა გამოგლიჯო, გადაარჩიო (კუჭი, ღვიძლი, გული!), მერე მოხარშო - ჩინებული სანახავია ქვაბიდან ამოშვერილი მამლის ფეხები! - და მერე...
ვაიმე, ხომ არ შეწუხდი, მკითხველო?
მთავარია, რომ ჭამ, და თუ არ გაღელვებს, რა გზას გადის გვამი, სანამ დამუშავებულ- გალამაზებული შენს თეფშზე აღმოჩნდება, ამის ახსნა მხოლოდ ორგვარად შემიძლია: ან მაინცდამაინც სხარტად ვერ აზროვნებ (ბოდიში კი მომითხოვია), ან მეტისმეტად გულგრილი ადამიანი ბრძანდები.
* * *
მე კი სადილად დაგპატიჟებ. აბა, გამისინჯე. ამ კერძების დასამზადებლად არავის არაფერი სტკენია - ცენტრალური ნერვული სისტემა არცერთ ინგრედიენტს არ გააჩნია, თან სულ ნახევარი საათი ვირჯებოდი. მთავარი თანმიმდევრობის დაცვაა.
ამ საქმისთვის დამჭირდა რამდენიმე საშუალო ზომის კარტოფილი, რომელიც გულმოდგინედ გავრეცხე - არ გამითლია, მერე სიგრძეზე, შუაზე გავჭერი და “ზურგით” გახურებულ ჰაერღუმელში შევალაგე.
სანამ კარტოფილი შეიწვებოდა, ერთ პატარა ქილა არაჟანში ერთი ჩაის კოვზი აჯიკა შევურიე - საწებელი.
შავი პური (სუპს უხდება) და მარილიანი ყველი (კარტოფილისთვის) თხლად დავჭერი.
ერთი პატარა თავი ხახვი, კარტოფილი და სტაფილო წვრილად დავჭერი და ქვაბში ჩასხმულ ცხელ ზეთში მოვხრაკე. მერე დავასხი ცოტა მდუღარე წყალი, ჩავყარე ერთი პეშვი ვერმიშელი, და როცა მოიხარშა, ქვაბში ერთი კოლოფი პამიდვრის წვენი ჩავცალე. რასაკვირველია, ცოცხალი პამიდვრის წვენი აჯობებდა, მაგრამ იმ ჩოგბურთის ბურთივით პამიდორს, რომელსაც ამჟამად მზიურ საქართველოში ყიდიან, წვენი საერთოდ არ გასდის, ამიტომ ისევ კოლოფისა ჯობს, ის, რომელსაც “სისხლიანი მერის” დასამზადებლად იყენებენ. როცა ყველაფერი ეს ადუღდა, მოვაყარე მარილი, შავი წიწაკა და წვრილად დაჭრილი ოხრახუში. წვნიანი მზადაა!
გავხეხე სტაფილო, ბოლოკი, მწვანე ვაშლი, დავჭერი მწვანე ხახვი, ყველაფერ ამას მოვასხი კახური, მზესუმზირის ზეთი (თუ სხვა იქნა, ისიც შეიძლება), მოვაყარე მარილი და შავი წიწაკა. ესეც სალათა. მორჩა. სულ ესაა. მიირთვი! ჩაის ინებებ თუ ყავას? თუ ვერ დანაყრდი, ძალიან ვწუხვარ, მაგრამ ეგეც არაფერი: ქუჩის კუთხეში საშაურმეა, კრემატორიუმის სუნი აქამდე აღწევს, და ერთი დიდი შაურმა ნამდვილად გეყოფა.
არადა, როგორ შემეცოდა ჯეკა! ისეთი კარგი ცუგა იყო, ისეთი ალერსიანი... დარბოდა უბანში, არავის არაფერს უშავებდა და – აჰა! დაიჭირეს, მოკლეს, გაატყავეს, და ტრიალებს ახლა ნელ ალზე საბრალო ჯეკა, ისეთი დანაკუწებული, რომ ძლივს ვიცანი...
კაი, კაი, ჯეკა არაა, ნიკორაა, მაგრამ რა განსხვავებაა, ბოლოს და ბოლოს?
ამ კერძის მოსამზადებლად საჭიროა ნახევარი საათი და...
2 სუფრის კოვზი ერბო ან ზეთი ნახევარი ჩაის კოვზი მდოგვის მარცვალი
2 ცალი წითელი წიწაკა, წვრილად დაჭრილი
1 სუფრის კოვზი გახეხილი ჯანჯაფილი
2 დაფნის ფოთოლი
1 ჩაის კოვზი ხმელი ქინძი
1 ჩაის კოვზი დაფქული დარიჩინი
2,5 ჭიქა (600 გრ) წყალი
4 ცალი კარტოფილი, ოთხკუთხედებად დაჭრილი
350 გრამი უმარილო, ჭყინტი ყველი, ოთხკუთხედებად დაჭრილი
1 თავი ყვავილოვანი კომბოსტო, წვრილ თავებად დაშლილი
2 ჩაის კოვზი მარილი
2 ჩაის კოვზი წვრილად დაჭრილი ოხრახუში
საშუალო ზომის, სქელძირიან ქვაბში, საშუალო ცეცხლზე უნდა გავაცხელოთ 1 სუფრის კოვზი ერბო ან ზეთი. შიგ უნდა ჩავყაროთ მდოგვის მარცვლები და სასწრაფოდ დავახუროთ თავსახური: მარცვლები ტკაცუნს და ხტუნვას დაიწყებენ. როცა ტკაცატკუცი შეწყდება, ჩავყაროთ წიწაკა, ჯანჯაფილი და დაფნის ფოთოლი. ნახევარი წუთი ვურიოთ, მერე ჩავყაროთ ქინძი და დარიჩინი და ჩავასხათ წყალი. ადუღდეს და იდუღოს. ამ დროს, დარჩენილ ერბოში ან ზეთში უნდა შევწვათ კარტოფილი, ყველი და კომბოსტო, სანამ მოოქროსფრო- მოყავისფრო არ გახდება. ქვაბში მოთუხთუხე მასაში ჯერ კომბოსტო უნდა ჩავყაროთ, 5 წუთის მერე – შემწვარი კარტოფილი და ყველი. ავურიოთ და ორი-სამი წუთი კიდევ ვხარშოთ. მერე ამ სიკეთეს მოვაყრით მარილს და ოხრახუშს, ავურევთ და სუფრაზე ცხელ- ცხელს მივარბებინებთ.
სულ ესაა კერძი, რომელსაც მდაბიურად “მარტივი და იორღა” ვუწოდეთ, სინამდვილეში კი “ალუ ფჰურ გობჰი პანირ საბჯი” ჰქვია. მისი მომზადება დიდი ხნის წინათ ერთმა ყოფილმა კონტრაბანდისტმა მზარეულმა მასწავლა, თან დამარიგა, სამზარეულოში ვინმე თუ შემოვიდა, დაიმალეო. ეგ რატომ- მეთქი? იმიტომ, რომ შენისთანა გამწლიკვულის გაკეთებული საჭმელი კაპიკად არ ვარგაო. თავად ბატონი შრიდამი ძალიან შავი, ძალიან ლაპლაპა და ძალიან მსუქანი ბრძანდებოდა.
© ანა კორძაია–სამადაშვილი/vinoge.com
თქვენი კომენტარი