Home
ქართული | English
დეკემბერი 2024
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
2526272829301
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
303112345

შეიძინეთ ჩვენი წიგნები ღვინის მაღაზიებში

მულტიმედია

კომენტარები

ბჟევნოვის მონასტერი - არამხოლოდ სულიერი საზრდოსთვის

ჯიმშერ რეხვიაშვილი
 
ბენედიქტელთა ორდენისათვის უცხო არასოდეს ყოფილა ინტელექტუალური და ფიზიკური შრომა, ვაჭრობა, საავადმყოფოებისა და სასტუმროების გამართვა, - ყველაფერი ეს შენარჩუნებულია 21-ე საუკუნეშიც, თუმცა დროების შესაბამისად მნიშვნელოვნადაა გაზრდილი კომერციული შემადგენელი. ორდენის მთავარი დევიზის - ora et labora-ს (“ილოცე და იშრომე”)-ს ზედმიწევნით დამცველი წმინდა ძმები ბჟევნოვის მონასტერში მისულ სტუმრებს სულიერის გარდა, საკუთარი შრომით შექმნილ მატერიალურ საზრდოსაც სთავაზობენ.
ბრჟენოვის მონასტრში მამაო ჩვენო შეიძლება არ წარმოთქვა, მაგრამ „პური არსობისა“ მაინც აუცილებლად მოგეცემა. პურს, რომელშიც სოკოსა და ნაღების წვნიანი ასხია, იქვე მონასტერში აცხობენ. ქერქი გაჟღენთილია რძისფერი, ბლანტი სითხით და ერთდროულად ჭურჭლის როლსაც ასრულებს და კერძის ნაწილისაც.
პურის გამოცხობისა არ იყოს, ასევე ბენედიქტელი ბერები ხარშავენ ორი სახეობის, ღია და მუქი ფერის საფირმო ლუდ „კლასტერს“, რომელიც, როგორც წესი, 11%-იანია და ერთი კათხა 30 კრონამდე (დაახლოებით 1,5 $) ღირს, რაც ლუდის ხარისხის გათვალისწინებით, ძვირი სულაც არაა.
ცნობილი ამბავია, რომ კერძებთან ერთად ტურისტი მადიანად შეექცევა მასპინძელი ქვეყნის კულტურასა და ისტორიას, დადებით ემოციასთან ერთად იღებს ცოდნას, რაც კვების სასიამოვნო პროცესს უფრო მეტად აზრიანსა და სასარგებლოს ხდის. შესაბამისად, მარკეტინგის თვალსაზრისით, რესტორანი, რომლის საქმიანობა (ანდა სულაც კერძების დასახელება) რამენაირად გადახლართულია ქვეყნის სულიერ თუ მატერიალურ კულტურასთან, კონკურენეტებთან შედარებით მომგებიან პირობებში იმყოფება. ისტორია (ამბავი) ხომ სწორედ ის საკმაზია, რომელიც ნებისმიერ კერძს გამოარჩევს სხვებისგან. აბა, სად სუპერმარკეტში ნაყიდი და სად IX საუკუნეში აშენებული მონასტრის ღუმელში, ბენედიქტელი ბერების მიერ გამოცხობილი პური? თანაც, ტურისტი რა ტურისტია, თუ შთაბეჭდილებებს არ აგროვებს და ამ შთაბეჭდილებებს მოგვიანებით არავის უზიარებს? პირველ ამბავში მოსაყოლი არაფერია, მეორეში კი - იცოცხლე!..
ძირითად კერძებში ხორცეული ჭარბობს. ერთგვარ საფირმო კერძად ითვლება Kopí sv. Jiří pečený ანუ წმინდა გიორგის (ჩეხებისთვის ირჟის) მახვილზე შემწვარი სხვადასხვა სახის ხორცი და ბოსტნეული, უგემრიელესი კერძი, რომლის გემო თუნდაც იმის გამო არ დაგავიწყდებათ, რომ შამფურად ძლევამოსილი წმინდანის შუბის წვერია გამოყენებული...
საფირმო კერძად ითვლება Návrat sestry Aquinely-ც , ანუ „და აკვინელას დაბრუნება“. ესაა ორაგული ჩილით, ქუნჯუტის (sesamum indikum) მარცვლებითა და სალათის ფურცლებით. კერძი, რომელიც „სეზამ გაიღეს“ დაძახების გარეშეც ახდენს სასწაულებს.
„და აკვინელა“ მენიუდან ორიოდე წლის წინ ამოიღეს და ეს ამბავი, სავარაუდოდ, უკავშირდება მონაზონ და აკვინელას (ლუდმილა ლოსკოტოვას, ერთგვარ ჩეხ დედა ტერეზას) გარდაცვალებას, თუმცა იმის გამო, რომ რესტორნის სტუმრებმა კერძი ვერაფრით დაივიწყეს, მოწყალე ბერებმა, მცირე ყოყმანის შემდეგ, „აკვინელა“ კვლავ დააბრუნეს მენიუში, ოღონდ ოდნავ შეცვლილი სახელწოდებით: „და კვინელა“ და „და აკვინელას დაბრუნება“ ერთი კერძის ორი სახელია.
ძალიან გემრიელია ღორის ორგინალურად დაბასტურმებული და შემწვარი ნეკნები, რომელსაც ხის დაფაზე დახვავებულს მოგართმევენ, თუმცა არაფერი შეედრება ღორის უზარმაზარ (1 კგ-იან) კანჭს, რომელიც, თუ გარგანტუასი არაფერი გცხიათ, კისერს მოგატეხინებთ. ღუმელში შემწვარი კანჭის ოქროსფერი კანი თხელი, კვრიხინა და წვნიანია, სიღრმეში კი ხორცი იმდენად კარგადაა შემწვარ-ჩაორთქლილი, რომ მნიშვნელოვანი ძალისხმევის გარეშე სცილდება ძვალს. კანჭს თან ახლავს რამდენიმე (მათ შორის პირშუშხას) საწებელი და ერთგვარი გარნირი, რომელშიც მწნილეულის ასორტი სჭარბობს.
დესერტად უნდა მოითხოვოთ კენკრის თბილ სოუსში მოცურავე ვანილის ნაყინის ორი მოზრდილი გუნდა. ესაა ცივისა და ცხელის, ერთმანეთისადმი მტრულად განწყობილი ელემენტების მრავალსაუკუნოვანი ბრძოლის ყველაზე მშვენიერი დასასრული, რომელსაც თან ახლავს ემოციების ფოიერვერკი: აღფრთოვანება, ნეტარება, გაოცება, სიხარული... - მოკლედ, ყველაფერი, იმედგაცრუების გარდა! თუმცა სულ ბოლოს, როცა დესერტიც ილევა და მოსმული კოვზი თეფშის ფსკერზე თეთრ ნაკაწრებს ტოვებს, ამჩნევ, როგორ თანდათანობით კარგავს სამყარო მრავალფეროვნებას, როგორ ცვლის ხმაურიან მეჯლისს სადაგი დღე, ვნებას - გულგრილობა... საოცრად დაღლილი და კმაყოფილი ხარ, ყველა სურვილი მიძინებულია ერთის გარდა: გინდა გულწრფელი მადლობა გადაუხადო ადამიანებს, რომლებიც არ ჰკარგავენ არც რწმენას, არც ტრადიციას და ღვთის სადიდებლად და ადამიანის გასახარად 21-ე საუკუნეშიც შრომობენ და ლოცულობენ.
 
© vinoge.com
 


მაგარია, მონასტერიც და ავტორიც.


bravo jimsher,,, imedia desertic shesabamisi daakole mag sadils ;) --- alex r.


საერთოდ არის ევროპაში სასმელი ან საჭმელი რომელიც მონსატრებში არ გამოეგონოთ?

თქვენი კომენტარი

თქვენი ელ-ფოსტა არ გამოქვეყნდება
  • Web page addresses and e-mail addresses turn into links automatically.
  • No HTML tags allowed

More information about formatting options

საქართველოს ღვინის რუკა
თქვენ შეგიძლიათ დაეხმაროთ ჩვენს ბლოგს "PayPal"-ის საშუალებით.