Home
ქართული | English
ნოემბერი 2024
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
28293031123
45678910
11121314151617
18192021222324
2526272829301

შეიძინეთ ჩვენი წიგნები ღვინის მაღაზიებში

მულტიმედია

კომენტარები

რატომ წაიღო ქვეყანა წყალმა

ალეკო ცქიტიშვილი

წყალდიდობებმა და მეწყერებმა ამ გაზაფხულზეც შეგვახსენა თავი. უკანასკნელ წლებში საქართველოსთვის სტიქიები ერთ–ერთი ყველაზე სერიოზული პრობლემაა. სპეციალისტების აზრით, ეს პრობლემა განპირობებულია რამდენიმე ფაქტორით, როგორიცაა: გლობალური დათბობა და ჩვენი ქვეყნისთვის უკვე საგრძნობი კლიმატის ცვლილება; დაბალი ეკოლოგიური ცნობიერება და გარემოზე ზემოქმედების მზარდი მასშტაბები; სახელმწიფოს მხრიდან არასაკმარისი პრევენციული ღონისძიებები, რაც გამოწვეულია არა იმდენად საბიუჯეტო სახსრების უკმარობით, რამდენადაც პრიორიტეტების არასწორად განსაზღვრით.
„ქვეყნის უსაფრთხოებაზე როცა არის საუბარი, ეს არ ნიშნავს მარტო თავდაცვის სამინისტროს დაფინანსებას, ჯარის გაძლიერებას და მზადებას რომელიმე ქვეყნის აგრესიისაგან დასაცავად. სპეციალისტების მიერ წინასწარ არის პროგნოზირებული ბუნებრივი კატასტროფები, თანაც – არაერთხელ და მთავრობა ვალდებულია, მოსახლეობა ამ საფრთხეებისგანაც დაიცვას“, – ამბობს რეზო გეთიაშვილი - ღია გარემოსდაცვითი სამოქალაქო ინიციატივის კოორდინატორი (CENN).
მართლაც, საკმარისია, ქვეყანაში ოთხი–ხუთი დღე გადაუღებლად იწვიმოს, რომ სახელმწიფო მილიონობით ზარალს იღებს. იტბორება და მწყობრიდან გამოდის ქალაქები, სოფლები, სასოფლო–სამეურნეო სავარგულები. მოსახლეობისათვის ისედაც არასაკმარისი ნაყოფიერი მიწის ნაკვეთები მეწყერს და ღვარცოფს მიაქვს. შეუქცევადი პროცესები იმედსაც არ გვიტოვებს, რადგან სპეციალისტთა პროგნოზით, უხვი ატმოსფერული ნალექების მოსვლის შემთხვევაში, სტიქიები კიდევ არაერთხელ შეგვახსენებს თავს.
 
ასეთი მძიმე მდგომარეობის მიუხედავად, მთავრობამ გასულ წელთან შედარებით, 2010 წლისათვის ნაპირსამაგრი სამუშაოებისათვის გათვალისწინებული თანხა 9 მლნ ლარიდან 1,8 მლნ ლარამდე შეამცირა.
13–დან 17 მარტის ჩათვლით, გადაუღებელი წვიმების გამო, წყალდიდობამ საქართველოში ათასობით ჰექტარი სახნავ-სათესი მიწა დააზიანა. მილიონობით ლარი იზარალა მევენახეობა–მეღვინეობის წამყვანმა რეგიონმა – კახეთმა, სადაც მდინარეები რამდენიმე ადგილას კალაპოტიდან გადმოვიდა და სავარგულები დატბორა. რაღა თქმა უნდა, დაზიანებული ვენახები დიდი დარტყმაა ისედაც წაგებაზე მომუშავე მცირე მარნებისთვის და მევენახეებისთვის.
ახმეტის მუნიციპალიტეტის გამგებლის, კობა მაისურაძის თქმით, ოთხდღიანმა წვიმამ ახმეტის რაიონის თითქმის ყველა სოფლის მდინარე აადიდა. ყველაზე მეტად სოფელი ქვემო ალვანი დაზარალდა, სადაც ასამდე საცხოვრებელი სახლი დაიტბორა, დაიხოცა შინაური ფრინველი და პირუტყვი. მდინარე ალაზნისთვის კალაპოტის შეცვლას ვერ ვახერხებთ. წყალი სოფლის ქუჩებში მოედინება, გზებს ანგრევს და სავარგულებს აზიანებს“, - ჩიოდა ახმეტის გამგებელი და დედაქალაქიდან შველას ითხოვდა.
მთავრობის პრიორიტეტი მოსახლეობაა და არა სავარგულები. სავარგულები ზიანდება მაშინ, როცმდინარე დიდდება.ჩვენ კი,ძირითადად, აქცენტი გაკეთებული გვაქვს იმაზე, რომ თვითონმოსახლეობას და მათ საცხოვრებელსახლებს არ შეექმნას პრობლემები, - ასეთი პასუხი გასცა გარემოს დაცვის სამინისტროს ნაპირსამაგრი დეპარტამენტის ხელმძღვანელმა, ტარიელ ბერიძემ „კახეთის საინფორმაციო ცენტრს“ კითხვაზე, თუ რატომ ვერ ახერხებს მთავრობა ეფექტური ზომების მიღებას სტიქიის შემოტევისას.
რეზო გეთიაშვილის შეფასებით, გარემოს დაცვის სამინისტროს მაღალჩინოსანი, ფაქტობრივად, აღიარებს, რომ სტიქიების დროს საქართველოს მთავრობას ადამიანების სიცოცხლის გადარჩენაც კი უჭირს: „მთავრობა ვერავის აძლევს გარანტიას, რომ მათ საარსებო გარემოს წყალი არ წაიღებს ან მეწყერი არ შთანთქავს. ხოლო რაკი აქცენტი მხოლოდ ადამიანების სიცოცხლის გადარჩენაზე კეთდება და საარსებო გარემოს დაცვაზე არავინ ფიქრობს, ეს ნიშნავს, რომ სახელმწიფო ზერელედ ეკიდება მოქალაქეთა უსაფრთხოებას. კონკრეტულად ტარიელ ბერაძეს კი, რომელიც ნაპირსამაგრ დეპარტამენტს ხელმძღვანელობს, საკუთარი პასუხისმგებლობა მხოლოდ იმ მცირედი თანხების განაწილება ჰგონია, რასაც მას ფინანსთა სამინისტრო აძლევს. არადა, სწორედ მან უნდა მოითხოვოს სახელმწიფო ბიუჯეტში ადეკვატური დაფინანსების გათვალისწინება, რათა ქვეყანა წყალმა არ წაიღოს. სწორედ მან უნდა მიაწოდოს აღმასრულებელ ხელისუფლებასაც და საზოგადოებასაც ინფორმაცია მოსალოდნელ საფრთხეებზე. სამწუხაროდ, ასე არ ხდება და ამიტომ ფინანსთა სამინისტროს რომელიღაც ბუღალტერი წყვეტს, რა თანხები გამოყოს ნაპირსამაგრი სამუშაოებისთვის“. 
 
გადაუღებელი წვიმების ქრონიკა
 
13-დან 17 მარტის ჩათვლით, სტიქიამ კახეთ 1 455 000 ლარიზარალა.ადიდებულმა მდინარე ილტომ ახმეტა-თიანეთის 24-ე კილომეტრზე გზა წაიღო და ილტოს ხეობის 8 სოფელი გარესამყაროს მოსწყვიტა. ილტომ ახმეტის სასმელი წყლის სათავე ნაგებობაც დააზიანა და რაიონის მოსახლეობის 80% რამდენიმე დღით სასმელი წყლის გარეშე დარჩა.
საგარეჯოს მუნიციპალიტეტში კალაპოტიდან გადმოსულმა მდ. თვალთხევმა რამდენიმე საცხოვრებელი სახლი და საკარმიდამო ნაკვეთები დატბორა.
საცხოვრებელი სახლის პირველი სართულები, ეზოები და სასოფლო-სამეურნეო ნაკვეთები დაიტბორა გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფლებში – ძირკოკში, ვეჯინსა და კოლაგში. ადიდებულმა ჭერმისხევმა სოფელ ჭერემთან დამაკავშირებელი ერთადერთი გზა დააზიანა, რის გამოც სოფელში მისვლა–მოსვლა მხოლოდ საცალფეხო ბილიკებით ხერხდებოდა. სასოფლო-სამეურნეო სავარგულები და ვენახები დაიტბორა სოფლებში შაშიანში, ახაშენსა და ველისციხეში. ე.წ. ახტალის ხევიდან გადმოვარდნილმა წყალმა სოფელ ჭანდარში 40 ჰა ნაკვეთი ქვა-ღორღით და ნაგვით გაავსო. წყალმა ნაკვეთებთან მისასვლელი ხიდიც წაიღო.
როგორც „კახეთის საინფორმაციო ცენტრს“ სოფელ ჭანდრის მკვიდრმა, ოთარ ნაცვლიშვილმა განუცხადა, ხევი, რომელიც სასოფლო-სამეურნეო სავარგულების შუაში ჩამოდის, მეექვსე წელია, გასაწმენდია: „ვეღარ ვითვლით,იმდენი განცხადება შევიტანეთმუნიციპალიტეტის გამგეობაში, მაგრამ არავინ ყურადღებას არ გვაქცევს. რამდენჯერმე დავიტბორეთ, დავზარალდით, მაგრამ ყურადღება მაინც გვეღირსა. გასულ წელს სოფლის დახმარების პროგრამით გამოყოფილი თანხა თითქოს ამ ხევის გაწმენდზე ახარჯეს, მაგრამ სინამდვილეში არაფერი გაუკეთებიათ“.
თელავის რაიონში ასობით ჰექტარი სასოფლო-სამეურნეო სავარგული დაიტბორა. „სოფელ ვანთაში ხევი 1956 წლის შემდეგ არ ადიდებულა. ახლა კიხევი კალაპოტიდან გადმოვარდა და წყალი ქუჩებში მოდიოდა. საბედნიეროდ, მსხვერპლი არ არის. სოფლის ბოლოს სავარგულებისდიდი ნაწილი დაიტბორა“, - განაცხადა სოფელ ვანთის ტერიტორიული ორგანოს რწმუნებულმა, იოსებ იოსებაშვილმა.
            სამწუხაროდ, კახეთი გამონაკლისი არ ყოფილა. იმავე პერიოდში სტიქია მძვინვარებდა ქართლშიც. ორდღიანი გადაუღებელი წვიმების დროს ადიდდა შიდა ქართლის მდინარეები – მტკვარი, ლიახვი, ტორტლა და ლეხურა. საფრთხე შეექმნა გორისა და კასპის რაიონებს. ქალაქ გორის ქუჩებში ერთი ღამის განმავლობაში შეუჩერებელინიაღვარი მოდიოდა.
            არანაკლები პრობლემები შეიქმნა დასავლეთ საქართველოში. იმერეთის რეგიონს მილიონ ლარზე მეტი ზიანი მიადგა. ადიდებულმა მდინარეებმა – რიონმა, ცხენისწყალმა და ყვირილამ პრობლემები თერჯოლას, ვანს, ხონსა და წყალტუბოს შეუქმნა. ყველაზე მეტად თერჯოლის რაიონი დაზარალდა. სოფელ სიმონეთთან მდინარემ ხიდი წაიღო. მარტო ამ ხიდის აღდგენა 800 000 ლარამდე დაჯდება.
ხონის რაიონში მდ. ცხენისწყალმა სოფელ ლეხაინდრავოსთან დამაკავშირებელ ხიდთან 60 მეტრი გზა წაიღო. საინტერესოა, რომ სწორედ ამ ნაწილში 2009 წელს მდინარეს ნაპირი გაუმაგრეს. თურქული კომპანიის მიერ აგებულმა დამბამ ადიდებული მდინარის ძალას ვერ გაუძლო და დაინგრა. მდინარემ ასევე დატბორა წყალსაცავი, საიდანაც ხონის რაიონის მოსახლეობა სასმელ წყალს იღებს.
            სტიქიამ შეუტია რაჭა–ლეჩხუმსაც. სამდღიანი კოკისპირული წვიმის გამო, ადიდებულმა რიონმა სოფელ ორბელში 50-მდე ოჯახი გარესამყაროს მოწყვიტა, სამანქანო გზა კი მეწყერმა ჩაიტანა. ორბელის მეწყერსაშიში ზონიდან აუცილებელი გახდა ხუთი ოჯახის გასახლება.
ცაგერში მდინარე ლაჯანურმა 30 ოჯახი დატბორა. წყალში მოყვა პირუტყვი და სახნავ–სავარგულები. მეწყერმა დააზიანა ცაგერი–ამბროლაურის ავტომაგისტრალი.
ამბროლაურის რაიონში რიონი რამდენიმე ადგილზე გადმოვიდა კალაპოტიდან. სოფელ ბუგეულში მთის ფერდობი ჩამოიშალა და საავტომობილო გზა ჩაიხერგა. ონის რაიონის ნაწილი, უგზოობის გამო, გარე სამყაროს მოწყდა.
 
წვიმების შემდეგ...

            გამოიდარა თუ არა, სტიქიამ უკან დაიხია, თუმცა, ძველი პრობლემები პრობლემებად რჩება. სპეციალისტები ხელისუფლებას კომპლექსური ღონისძიებების გატარებისკენ მოუწოდებენ. მათი რჩევით, სახელმწიფო ბიუჯეტის ფორმირებისას აუცილებელია, ფინანსები გათვალისწინებული იყოს მონიტორინგისათვის, პრევენციისათვის და უშუალოდ სტიქიით მიყენებული ზარალის აღმოხვრისათვის.
სამწუხაროა, რომ ხშირ შემთხვევაში სტიქიას ადამიანებიც „ეხმარებიან“ – ჩეხავენ დამცავ ტყეებს, რასაც მეწყერები მოსდევს. მთაგორიან რეგიონებში დაკარგულია დატერასების ტრადიციები, რის გამოც ფერდობებზე გაშენებული ვენახები მუდმივად ჩამორეცხვის რისკის ქვეშაა. ხშირად ვენახებს და ყანებს ზედ მდინარის პირას ნახავთ, მაშინ, როცა ნაპირს ჯებირი არ იცავს.
აი, თქვენც დაჰყურებთ ფოტოსურათს, სადაც სოფელ საცხენეს მკვიდრი, ვიქტორ დვალიშვილი მდინარე შორახევისგან მიტაცებულ შვილივით ნაზარდ ვენახს დასტირის. მართლაც გულდასაწყვეტია, რომ ამხელა შრომა წყალში ჩაიყარა – როგორც პირდაპირი, ისე სიმბოლური გაგებით. ჩვენც გვიჭირს, ეს სტატია იმედიანად დავამთავროთ, რადგან კარგად გვესმის, რომ ყოველთვის მზიანი ამინდი არ იქნება. ჩვენი უსაფრთხო ცხოვრება კი, როგორც ჩანს, ამინდზეა დამოკიდებული.
 
© ღვინის კლუბი/“Weekend“
 

თქვენი კომენტარი

თქვენი ელ-ფოსტა არ გამოქვეყნდება
  • Web page addresses and e-mail addresses turn into links automatically.
  • No HTML tags allowed

More information about formatting options

საქართველოს ღვინის რუკა
თქვენ შეგიძლიათ დაეხმაროთ ჩვენს ბლოგს "PayPal"-ის საშუალებით.

ტოპ ხუთეული