Home
ქართული | English
დეკემბერი 2024
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
2526272829301
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
303112345

შეიძინეთ ჩვენი წიგნები ღვინის მაღაზიებში

მულტიმედია

კომენტარები

ქვევრის ფონდი - აღორძინების დასაწყისი

ალეკო ცქიტიშვილი

ქვევრი ეთნოგრაფიიდანმეღვინეობას უბრუნდება! სულ უფრო მეტი ადამიანი ინტერესდება ქვევრში ღვინის დაყენების ტრადიციული ქართული ტექნოლოგიების აღდგენით და ამ მიმართულების განვითარებით. ცოტა ხნის წინ ამ ადამიანებმა ერთმანეთი მოძებნეს და ქვევრის ფონდი დააარსეს. ქვევრის ფონდი ერთბაშად რამდენიმე განხრით იმუშავებს და შეეცდება ააღორძინოს არა მხოლოდ ქვევრში ღვინის დაყენების ტრადიციები, არამედ ხარისხიანი ქვევრების წარმოებაც.

 

"ქვევრის ფონდის" დამფუძნებლები არიან: ქართული ტრადიციული ღვინის ფონდი, ასოციაცია "ქვევრის ღვინო", ასოციაცია "ქართული ღვინო" და "ღვინის კლუბი" - მევენახეობა-მეღვინეობის დარგში ყველაზე აქტიური არაკომერციული ორგანიზაციები. მათ გადაწყვიტეს, ძალები გააერთიანონ და ერთად იზრუნონ ქვევრის პოპულარიზაციისათვის.

 

დამფუძნებლები – ცალ-ცალკე და ერთად

 

ქართული ტრადიციული ღვინის ფონდიმეღვინეთა წრეებში უკვე კარგად არის ცნობილი. მას "სამი მეუფის ფონდსაც" უწოდებენ. იგი ცოტა ხნის წინ აბბა ალავერდელი მიტროპოლიტის - დავითის, სამთავისისა და გორის მიტროპოლიტ ანდრიასა და ჭყონდიდის მიტროპოლიტ პეტრეს ლოცვა-კურთხევით და თანამონაწილეობით დაფუძნდა. სამივე სასულიერო პირი ტრადიციული ქართული მეღვინეობის აღორძინებას და მის სამონასტრო ცხოვრებასთან დაკავშირებას ცდილობს. ფონდმა გასული წლის ბოლოს თბილისში, ბახტრიონის ქუჩაზე დააარსა "ქართული ღვინის კულტურის ცენტრი", რომელიც დღესდღეობით ღვინის კულტურისა და განათლების ერთ-ერთი ყველაზე მძლავრი კერაა საქართველოში. აქ ხშირად ნახავთ ალავერდის მარნის მეღვინე-კონსულტანტს, მევენახეობისა და მეღვინეობის საერთაშორისო აკადემიის ნამდვილ წევრს, თეიმურაზ ღლონტს – ქვევრის ღვინის ერთ-ერთ ყველაზე თავდადებულ პროპაგანდისტს. დამსახურებული მეცნიერი და მეღვინე აქედანვე აქტიურად ჩაერთო ქვევრის ფონდის საქმიანობაში.

ასოციაცია ქვევრის ღვინოსაქართველოს რამდენიმე რეგიონის ენთუზიასტს აერთიანებს. მისი დამფუძნებლები არიან მცირე მარნები: შპს "ჩვენი ღვინო-OUR WINE", "მარანი ნიკა", "ნიკოლაძეების მარანი", "მანავის სამეფო ზვრები" და "იაგოს ღვინო". ამ ერთობას საფუძველი ჩაუყარა "სლოუ ფუდის" პროექტმა "ქართული ქვევრის ღვინო". პროექტის კოორდინატორებმა - სოლომონ ცაიშვილმა და რამაზ ნიკოლაძემ, საქართველოს რეგიონებში ხანგრძლივი ძიებისა და შერჩევის შემდეგ, 2010 წელს ტურინში "სლოუ ფუდის" მთავარ ღონისძიებაზე - "ტერა მადრე" ქართული ქვევრის ღვინოები წარადგინეს. ეს პრეზენტაცია იმდენად წარმატებული გამოდგა, რომ პროექტში მონაწილე მეღვინეებმა ასოციაციის შექმნა გადაწყვიტეს. "ფეისბუკში" შეგიძლიათ გაეცნოთ მათ სახელმძღვანელო კოდექსს – "მევენახე-მეღვინეთა მანიფესტს".

4 აპრილს, ასოციაცია "ქვევრის ღვინის" ეგიდით პირველი აქცია მოეწყო ბერლინში საქართველოს საელჩოში, ელჩის - გაბრიელა ფონ ჰაბსბურგის ხელშეწყობით. საქართველოს ელჩმა ქვევრის ღვინის დეგუსტაცია დაამთხვია ქართულ-ფრაგული მხატვრული ფილმის "შეყვარებული კულინარის 1001 რეცეპტის“ ჩვენებას. საპატიო სტუმრების რანგში იყვნენ ფილმის რეჟისორი ნანა ჯორჯაძე და მთავარი როლის შემსრულებელი, ცნობილი ფრანგი მსახიობი პიერ რიშარი. საღამოზე მიწვეული იყო ბერლინში აკრედიტებული 50-მდე დიპლომატი სხვადასხვა ქვეყნიდან და ღვინის ბიზნესში მომუშავე ადამიანები. სტუმრებს კახეთის, იმერეთისა და ქართლის ქვევრის ღვინოები ძალიან მოეწონათ.  

ღვინის კლუბი "მარანის" მკითხველისთვის ყველაზე ნაცნობი გაერთიანებაა. დაარსდა 2009 წლის ზაფხულში. პროფესიონალი მეღვინეებისა და მევენახეების გარდა, კლუბი სხვადასხვა პროფესიის ღვინის მოყვარულებს აერთიანებს. ვაზის მივიწყებული ქართულიAჯიშების მეღვინეობაში დაბრუნება და ღვინის დაყენების ტრადიციული ქართული ტექნოლოგიების აღორძინება ღვინის კლუბის ერთ-ერთი პრიორიტეტული მიმართულებაა. გასულ წელს თბილისის ეთნოგრაფიულ მუზეუმში ღვინის კლუბის მიერ ორგანიზებულ ახალი ღვინის ფესტივალზე მსხვილი კომპანიების გარდა ოჯახურმა მარნებმაც მიიღეს მონაწილეობა. წელს 14 მაისს ახალი ღვინის ფესტივალი მეორედ ჩატარდება და სტუმრებს კიდევ უფრო მეტი მარნის გაცნობის საშუალება ექნება. საფესტივალოდ ღვინის კლუბი ქვევრის ღვინოებს დიდი ყურადღებით და სიფრთხილით არჩევს. სამწუხაროდ, ოჯახურ მარნებში ქვევრში ღვინის დაყენების ტრადიციული ტექნოლოგიები დაკნინებულია და ჯანსაღი, ხარისხიანი ქვევრის ღვინო იშვიათია. 

ასოციაცია "ქართული ღვინო" გასული წლის შემოდგომაზე შეიქმნა საქართველოს მთავრობის მონაწილეობით. ასოციაცია აერთიანებს ღვინის მწარმოებელ კომპანიებს, რომლებსაც სახელმწიფო ფინანსურად ეხმარება მსოფლიო ბაზარზე ქართული ღვინის პოპულარიზაციისათვის. ასოციაციის დაფუძნებისას საქართველოს მთავრობამ საწევროს სახით 600 000 ლარი გაიღო. სახელმწიფო ფინანსებს ემატება ღვინის კომპანიების საწევრო გადასახადი და საბოლოო ჯამში, იქმნება გარკვეული ფინანსური ბაზისი მარკეტინგული სტრატეგიებისა და მევენახეობა-მეღვინეობასთან დაკავშირებული სხვადასხვა საკანონმდებლო ინიციატივების შესამუშავებლად. ასოციაციის ხელმძღვანელის, თინა კეზელის თქმით, ქართული მეღვინეობის კონცეფცია და ღვინის ექსპორტის სტრატეგია თავიდან არის დასაწერი.

ქვევრის ფონდის დაფუძნებაში ასოციაცია "ქართული ღვინის" მონაწილეობა ძალიან მნიშვნელოვანია. ამ გზით ქვევრის ფონდის საქმიანობაში ფაქტობრივად ჩართული იქნება როგორც საქართველოს მთავრობა, ასევე ასოციაციის 20-ზე მეტი დამფუძნებელი ღვინის კომპანიაც, რომელთა დიდ ნაწილს ქვევრის ღვინის წარმოების სურვილი აქვს, ნაწილმა კი ამ საქმეს ხელი უკვე მოკიდა.

 

გეგმები და პრიორიტეტები

 

ქვევრს და ქვევრის ღვინოს დღესდღებით მრავალი პრობლემა აქვს. ყველაზე დიდი პრობლემა საზოგადოებასა თუ თვით მეღვინეთა დიდ ნაწილში გამეფებული ანტაგონიზმია. საბჭოთა პერიოდში ქვევრს გამიზნულად უტეხდნენ სახელს და აცხადებდნენ ანაქრონიზმად, ვიდრე ღვინის ქარხნებიდან საბოლოოდ არ განდევნეს. ოჯახურ მარნებში შემორჩენილ ქვევრებში მხოლოდ სახლისთვის სახარჯო ღვინო მზადდებოდა, რის გამოც ქვევრის ღვინომ ხარისხიანი საბაზრო პროდუქტის სახე დაკარგა.

საბაზრო ეკონომიკის პირობებში ქვევრის ღვინომ თანდათან გაარღვია ბარიერები და ბაზარზე თავისი კუთვნილი ნიშა დაიკავა. ქართული ქვევრები უცხოეთშიც კი გაიტანეს და რამდენიმე ქვეყანაში ქვევრის ღვინის ჩამოსხმა დაიწყეს. თუმცა, ქვევრს ბერძნული "ამფორის" სახელით მოიხსენიებენ, რაც დიდი შეცდომაა, რადგან ამფორა ვიწროყელიანი მცირე ზომის თიხის ჭურჭელია, რომელსაც ძველად ღვინის ტრანსპორტირებისთვის იყენებდნენ და ქვევრთან საერთო არაფერი აქვს.

ქვევრის ფონდი სწორედ ამ და სხვა პრობლემების შესწავლაზე და მოგვარებაზე იზრუნებს. ამ მიზნით ქვევრის ფონდში სამი მუდმივმოქმედი კომისია შეიქმნა: 1) ქვევრის ღვინის ტექნოლოგიის კომისია -განსაზღვრავს ქვევრში ღვინის დაყენების ერთიან ტექნიკურ და ტექნოლოგიურ პირობებს. ამავე დროს, თავისი კომპეტენციის ფარგლებში შიმუშავებს საკანონმდებო ინიციატივებს, რაც განსაზღვრული იქნება ქვევრის ფონდის გამგეობის მიერ; 2) ქვევრის წარმოების კომისია - განსაზღვრავს ქვევრის წარმოების ერთიან ტექნიკურ და ტექნოლოგიურ პირობებს, საჭირო ნედლეულის პარამეტრებსა და სხვა; 3) ინტელექტუალური საკუთრების და მარკეტინგისა კომისია - განახორციელებს ფონდის ინტელექტუალური საკუთრების იდენტიფიკაციას, რეგისტრაციას და დაცვას საქართველოში და საზღვარგარეთ; შეიმუშავებს ტერმინის - "ქვევრის ღვინო" პრომოუშენისა და პოპულარიზაციის პროგრამებს, განახორციელებს სხვა საქმიანობას, რაც განსაზღვრული იქნება ქვევრის ფონდის გამგეობის მიერ. 

პრობლემების ფართო სპექტრი და მათზე ორიენტირება ასახულია ქვევრის ფონდის მიზნებშიც, რომლებიც დამფუძნებლებმა შემდეგნაირად ჩამოაყალიბეს: ქვევრში ღვინის დაყენების ორიგინალური ქართული ტექნოლოგიის დაცვა, აღორძინება და პოპულარიზაცია; ღვინის ტრადიციული ქართული წარმოების ტექნოლოგიის – ქვევრში ყურძნის ჩაწურვა და დადუღება-დავარგების რეგლამენტაცია და სტანდარტიზაცია; ქვევრის წარმოების, მონტაჟის, რეცხვა-დამუშავების მეთოდების სრულყოფა და სტანდარტიზაცია; საქართველოს სხვადასხვა კუთხეებში მექვევრეობის კერების კვლევა. ქვევრის სახელების (სინონიმების), ქვევრთან დაკავშირებული იარაღ-ინვენტარისა და ზოგადად ამ თემასთან დაკავშირებული ისტორიისა და ეთნოგრაფიის კვლევა; საქართველოში ღვინის ტურიზმის განვითარებისათვის ქვევრის, როგორც უნიკალური ქართული ფენომენის პოპულარიზაცია; ქვევრში ღვინის დამყენებლების მოძიება და მათი აღრიცხვა. მოძიებული ინფორმაციის საფუძველზე ქართველ მექვევრეთა საკონტაქტო ინფორმაციის, საქმიანობისა და ზოგადი ბიოგრაფიის შემცველი ბუკლეტის გამოცემა და გავრცელება; ქვევრში ღვინის დაყენებასთან დაკავშირებული საკანონმდებლო ინიციატივებისა თუ ნორმატიული აქტების პროექტების მომზადება და წარდგენა კომპეტენტურ ორგანოებში.

ამ მიზნების მისაღწევად ქვევრის ფონდი მოახდენს თანხების აკუმულირებას ფონდის დამფუძნებლების, წევრებისა და შემომწირველებისაგან ქვევრში ღვინის დაყენების ორიგინალური ქართული ტექნოლოგიის მოვლა-აღორძინებისა და პოპულარიზაციისათვის; ითანამშრომლებს უცხოურ და ადგილობრივ დონორებთან თანხების მოსაზიდად; გააწევრიანებს ქვევრში ღვინის დაყენებით დაინტერესებულ პირებს და აღმოუჩენს მათ ფინანსურ და მეთოდოლოგიურ დახმარებას.; ხელს შეუწყობს ღვინის ტრადიციული ქართული ატრიბუტების (ტრადიციული ქართული საღვინე ჭურჭელი, მევენახეობა-მეღვინეობასთან დაკავშირებული იარაღ-ინვენტარი) წარმოებას და გაუწევს მათ პოპულარიზაციას; გაშლის ტრადიციულ ქართულ მევენახეობა-მეღვინეობასთან დაკავშირებულ საგამომცემლო საქმიანობას.

ღვინის კლუბის პრეზიდენტის, მალხაზ ხარბედიას თქმით, წარსულის კვლევა და ქვევრის ღვინის ტრადიციული ქართული ტექნოლოგიის თანამედროვე მეღვინეობაში დაბრუნება დღეს არის ყველაზე მნიშვნელოვანი ნოვაცია, რომელსაც ქართული ღვინის მომავალი უკავშირდება. მისი თქმით, მიუხედავად იმისა, რომ ქვევრთან დაკავშირებული ეჭვები ბევრს ისევ აწუხებს, ტენდენციები გვიჩვენებს, რომ მოწინააღმდეგეები უკვე ვეღარაფერს დაუპირისპირებენ იმ კონკრეტულ ნაბიჯებს, რასაც ქვევრის ფონდის გარშემო შემოკრებული ადამიანები გადადგამენ.

© ღვინის კლუბი/Weekend



უფროსებისგან ვიცი, რომ 50–60–იან წლებში ჩვენთან ურბნისში წარმოებული არქეოლოგიური გათხრებისას თითქმის ყველგან, სადაც ~ბარს დაკრავდნენ~ ნახულობდნენ ქვევრებს. შემდეგ უკვე ჩემს ხსოვნაშიც იყო ასეთი შემთხვევები, მაგალითად სოფლის გამგეობის ამჟამინდელი შენობისთვის საძირკველის გაჭრისას (რომელიც პირდაპირ ურბნისის გალავანის ნარჩენების მიმდებარე ტერიტორიაზეა) თუ არ ვცდები ოცამდე ქვევრი იპოვეს ერთად. ბევრი ქვევრი ურბნისის ტაძრის ეზოშიც იყო ხოლმე, ოღონდ მაღლა მიწაზე ელაგა. არ ვიცი საიდანმე იყო ამოღებული, თუ იქვე ეკლესიის ეზოში მდებარეობდა მარანი და იქიდან ამოყარეს (სავარაუდოდ ბოლშევიკებმა). საინტერესოა, რომ ქვევრი თუ დასჭირდებოდათ ურბნისელებს მიდიოდნენ ტაძარში, სანთელს ანთებდნენ ერთგვარად ნების დართვის მიზნით და მიჰქონდათ ქვევრი შინ, მერე რამდენიმე წელიწადს გამოიყენებდნენ მას და აბრუნებდნენ ისევ ეკლესიის ეზოში....


ამ ბოლო ამბავზე უფრო კონკრეტულად ხომ არ იცით რამე? "საინტერესოა, რომ ქვევრი თუ დასჭირდებოდათ ურბნისელებს მიდიოდნენ ტაძარში, სანთელს ანთებდნენ ერთგვარად ნების დართვის მიზნით და მიჰქონდათ ქვევრი შინ, მერე რამდენიმე წელიწადს გამოიყენებდნენ მას და აბრუნებდნენ ისევ ეკლესიის ეზოში....". წინასწარ დიდი მადლობა.


საუბარი მაქვს კომუნისტების დროზე, როდესაც ეკლესია უმოქმედო იყო. აგერ დასაზუსტებლად ამ წუთსაც ვკითხე დედაჩემს და მეუბნება, რომ მის ბავშვობაში კიდევ უფრო ბევრი ქვევრები იყო ტაძრის ეზოში (უამრავი)! ისინი ძირითადად შეწირულები იყო ტაძარს – მოსახლეობისაგან (უფრო ადრე ალბად სასულიერო პირებს მარანი ჰქონდათ ტაძართან და იქ სწირავდნენ ხალხი ქვევრებს, სავარაუდოდ). გარდა ამისა საინტერესო ისიცაა, რომ ხალხს გატეხილი ქვევრებიც კი მიჰქონდათო იქ. მთლად დაფშხალული კი არა, უბრალოდ გამოუსადეგარი, საქმე ისაა, რომ გადაგდებაც ენანებოდათ ქვევრისა და ტაძრის ეზოში ამიტომ მიიტანდნენ ხოლმე. რაც შეეხება სანთლის დანთებას და ქვევრის წამოღებას. ვისაც სჭირდებოდა მიქონდა ქვევრი სახლში და ვინაიდან სასულიერო პირები აღარ იყვენენ ტაძარში, დაუკითხავად წამოღება რომ არ ყოფილიყო, სანთელს ანთებდნენ, ერთგვარად ნებართვას იღებდნენ ღმერთისგან და მხოლოდ ამის მერე წაიღებდნენ ხოლმე შინ. თუ ქვევრი დიდ ხანს ჩერდებოდა ამ ოჯახში მამა შვილს უბარებდა, რომ ეს წმინდა სტეფანეს, ანუ ჩვენი ეკლესიის ქვევრია და როცა იქნება უნდა დააბრუნოო (გამოყენების დრო შეზღუდული არ იყო). ამასთან ეკლესიის ქვევრში დაყენებული ღვინის ზედაშე რამდენიმე ლიტრი აუცილებლად ეკლესიაში გადაქონდათ და ეზოში ღმერთი სადიდებელს ამბობდნენ....


დიდი მადლობა ვასილ ამ კომეტარებისთვის. ხშირად შემოიხედე ხოლმე :)



დიდი მადლობა! ისე მარანი ჩემი ერთ–ერთი უსაყვარლესი ვებ–გვერდია და ამაზე არაერთხელ ამიღნიშნავს კიდეც მარანის საკონტაქტო მაილზე. კიდევ ერთხელ მადლიერებით გეტყვით, რომ ძალიან კარგ საქმეს აკეთებთ! გაგაძლიეროთ ღმერთმა!!!


ბატონო ვასილ, ზუსტად თქვენისთანა ხალხს ვეძებთ და მასეთი ისტორიებია ჩვენთვის ძალიან საინტერესო. ჩემთვის განსაკუთრებით რადგანაც ქართლზეა საუბარი და გული მწყდება, რომ დღეს დღეობით ეს რეგიონი ისე შთამბეჭდავად არ გამოიყურება მეღვინოების დარგში როგორც მის ისტორიულ წარსულს ეკადრება. ახლა თუ არის შემორჩენილი რაიმე ნაშთები მაინც ან იმ ქვევრების ან კიდევ მარნების? დიდი სიამოვნებით ვინახულებდით. აქვე გვინდა ვისარგებლოთ შემთხვევით და შემოგთავაზოთ მაგ მხარეში თუ გეგულებათ ადამიანი რომელსაც შეიძლება ჰქონდეს საინტერესო ღვინო იქნებ ეცადა ჩვენს ახალი ღვინის ფესტივალში მონაწილეობის მიღება. ჩვენ შეძლებისდაგვარად ვუგულშემატკივრებდით და ხელს შევუწყობდით.


არაჩვეულებრივი წამოწყებაა, მივესალმები და მიხარია.... მიყვარს და ყველაფერი მაინტერესებს ქვევრის შესახებ.


არჩვეულებრივი წამოწყებაა, მივესალმები და მიხარია... ქვევრი ჩვენი საგანძურია. მიყვარს და მაინტერესებს ყველაფერი ქვევრის შესახებ.


როცა ეკლესიის ეზოში ძველი ქვევრები ვნახე დავინტერესდი და აი, რა გავიგე ჩემი მამამთილისგან; წინათ კაცი სახლის მშენებლობას ქვევრის ჩადგმით იწყებდა, ამიტომ ასეთ ქვევრს ზედაშეს ( "ზედ ააშენე") ანუ ფუძის ანგელოზს ეძახდნენ. ამის შემდეგ შენდებოდა საცხოვრებელი სახლი, ხოლო ქვევრები მარნად იქცეოდა... რაც შეეხება ზედაშეს, ის განსაკუთრებული ქვევრი იყო, რომელშიც ისხმებოდა წინწანაქარი, საუკეთესო ყურძნის წვენი , რომელიც დაწურვამდე გასდიოდა დაკრეფილ ყურძენს საწნახელიდან... მისგან დაყენებული საუკეთესო ღვინო აუცილებლად გაიცემოდა - ეკლესიისთვის შესაწირად, უპოვართა სამადლოდ და მიცვალებულთათვის ქელეხში მოსაკითხად ანუ - საღვთოდ გაიცემოდა. ცარიელ ქვევრს, ახალი ღვინით ავსებამდე კი , ძალიან დიდი პატივით ექცეოდნენ- სუფთად ინახავდნენ და პერიოდულად სანთელსაც უნთებდნენ, აქვე იყო სამლოცველო კუთხეც.. როდესაც კომუნისტების დროს ეს ტრადიცია მოიშალა, ეკლესიებიც დაიხურა და მადლის გაცემაც დავიწყებას მიეცა ( ზედმეტი არ უნდა გქონოდა), ხალხმა ეს ზედაშეები ამოთხარა და ეკლესიის ეზოში მიიტანა, ეშინოდათ უფუნქციო ქვევრისა - მისი მომვლელიც არავინ იყო წესისამებრ და ამიტომ მიჰქონდათ ეკლესიებში. ასეთი ქვევრებით სავსე იყო თითქმის ყველა ტაძარი ...


მარნების ნაშთები აღარაა, ხოლო ის ქვევრები, რომლებიც ტაძრის ეზოში იყო და უკვე ცოტაღა დარჩენილიყო საღი, ეკლესიის ამოქმედების მერე (1995 წ) სასულიერო პირებმა შეინახეს. ურბნისის ეკლესიის ერთ მხარეს ფუნქციონირებს დედათა, მეორე მხარეს კი მამათა მონასტერი. თუ არ ვცდები (უხერხულია ჩემგან ამაზე ლაპარაკი და ვარაუდებიც) იქ რომელიმე ეზოში უნდა იყოს, თუმცა მამები გადარჩენილ ქვევრებს რომ არ გადაყრიდნენ ეგ უდაოა! რაც შეეხება საინტერესო ღვინოს... შევეცდები რამე საინტერესო ინფორმაცია მოგიძიოთ ამაზე. ისე კი ატენსა და ხიდისთავში მგონი უნდა იყოს ასეთი საინტერსო ოჯახები, რომლებიც კარგი ღვინოს აყენებენ. მე პირადად ტალავერს ჩემს ეზოში დიდი რუდუნებით ვუვლი, მაგრამ ვიდრე მამაჩემის ხელი უვლიდა გაცილებით არომატული და კარგი ღვინო გვქონდა ხოლმე. ახლაცაა ეს ჯიშები (ჩინური, გორული მწვანე, ატენური, რქაწითელი) ჩემს ხეივანზე, მაგრამ ...ჯერაც ბევრი მაქვს სასწავლი. ისე კი მინდა მეღვინეობას უფრო დიდი ინტერესით მოვეპყრა და ვიმედოვნებ შედეგიც იქნება. გარდა ამისა სურვილი მაქვს თქვენთან ურთიერთობისაც, ვფიქრობ სწორ გზაზე გასასვლელად ჩემთვის ეს აუცილებელია


კაცხის სვეტზე, რომლის სიმაღლე 40-45 მერტია, ხოლო თხემის ფართობი დაახლოებით 120-160 კვადრატული მეტრი, არქეოლოგიური გათხრების დროს აღმოჩნდა (ახლა უკვე აღდგენილი) 6 ქვევრიანი მარანი. საოცრებაა... "ცაში გამოკიდების" დროსაც ვერ შეეელია ქართველი კაცი ქვევრს. ნახეთ ბმულები: http://www.youtube.com/watch?v=L0Q8EGxbUiQ http://www.church.ge/index.php?showtopic=4372


მე მაქვს 120 წლის ქვევრების მარანი.

თქვენი კომენტარი

თქვენი ელ-ფოსტა არ გამოქვეყნდება
  • Web page addresses and e-mail addresses turn into links automatically.
  • No HTML tags allowed

More information about formatting options

საქართველოს ღვინის რუკა
თქვენ შეგიძლიათ დაეხმაროთ ჩვენს ბლოგს "PayPal"-ის საშუალებით.

ტოპ ხუთეული