Home
ქართული | English
დეკემბერი 2024
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
2526272829301
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
303112345

შეიძინეთ ჩვენი წიგნები ღვინის მაღაზიებში

მულტიმედია

კომენტარები

ქართული ღვინო დღეს

მალხაზ ხარბედია

ბოლო წლები განსაკუთრებით მნიშვნელოვანი იყო ქართული ღვინის ისტორიაში. XXI საუკუნის დასაწყისს მომავალში ალბათ ერთ-ერთ გადამწყვეტ ეტაპად შეაფასებენ, რადგან სწორედ ამ პერიოდში აღმოაჩინა ქართულმა ღვინომ ხელახლა თავი, დარწმუნდა საკუთარ ძალებში. გამოჩნდნენ ახალი ადამიანები, კომპანიები და დასახელებები, რის გამოც გაცილებით მრავალფეროვანი გახდა ქართული ღვინო. უკანასკნელი წლების მანძილზე მთელმა რიგმა პრობლემებმაც იჩინა თავი, რომელიც შიდა თუ გარე ფაქტორებით იყო გამოწვეული, თუმცა სწორედ ამ პრობლემების გადაჭრაზე მუშაობისას დაისახა ის გზები, გამოიკვეთა ის პრინციპები, რომელიც, იმედია მალე ახალ სულს შთაბერავს ქართულ მევენახეობა-მეღვინეობას.

დამოუკიდებლობის პირველი ათწლეული (1990-2000 წ.) განსაკუთრებით მძიმე იყო მეღვინეობის სფეროსთვის. მიუხედავად იმისა, რომ სწორედ ამ დროს შეიქმნა პირველი დასავლური ტიპის ღვინის საწარმოები, შემოვიდა მსხვილი ინვესტორი (კომპანია Pernod Ricard) დაგაჩნდა ახალი ბაზრები, 2000 წლამდე საქართველოში არსებითად ძალების მოკრების პერიოდი იყო. XXI საუკუნის დასაწყისში მნიშვნელოვანი ძვრები მოხდა, საგრძნობლად გაიზარდა მოთხოვნილება ყურძენზე, განსაკუთრებით კი წითელ ყურძენზე, გაშენდა საფერავის ახალი ვენახები, სტაბილური გახდა ფასიც.

2005 წლისთვის იმატა ექსპორტმაც - თუკი 90-იან წლებში საშუალოდ 5 მილიონი ლიტრი ღვინო გადიოდა ქვეყნიდან, 10 წლის შემდეგ ეს რაოდენობა უკვე 40 მილიონ ლიტრამდე გაიზარდა. სწორედ ამ დროს გამოცხადდა ქართულ პროდუქტებზე ემბარგო რუსეთში. მეზობელი ქვეყნის ხელისუფლებამ პოლიტიკური მოსაზრებებით აკრძალა ქართული ღვინო და მინერალური წყალი, რაც, რა თქმა უნდა, სერიოზული დარტყმა აღმოჩნდა ჩვენი ეკონომიკისთვის და კონკრეტულად ღვინის სფეროსთვის, რადგან ყველაზე მეტი ღვინო სწორედ რუსეთში გადიოდა საქართველოდან.

ცალკე საუბრის თემაა ის, თუ რატომ გახდა ასე დამოკიდებული ჩვენი ღვინო მხოლოდ ერთ კონკრეტულ ბაზარზე? და რის გამო იყო, რომ წლების განმავლობაში საქართველოში ვერ ჩამოყალიბდა უფრო ფართო ხედვები, რაც საშუალებას მოგვცემდა ქართული ღვინო არამხოლოდ ყოფილი საბჭოთა კავშირის და სოციალისტური ბანაკის, არამედ ყველაზე საინტერესო და მკაცრ ბაზრებზედაც დაგვემკვიდრებინა. ამაზე საუბარი შორს წაგვიყვანდა, თუმცა ერთი რამ ცხადია, შედეგის მისაღწევად პირველ რიგში აუცილებელი იყო საბჭოთა ნოსტალგიური იმიჯი ახალი, ჯანსაღი მიდგომებით ჩაგვენაცვლებინა, სადაც თავის ადგილს დაიკავებდა თანამედროვე ტიპის ღვინოებიც და ტრადიციული, უძველესი ტექნოლოგიებით დამზადებული ღვინოებიც. ეს პრობლემები მხოლოდ ახლა გვარდება, 5 წლის წინ კი სულ სხვა ვითარება იყო ღვინის სფეროში.

ემბარგოს პირველი ორი წელი საკმაოდ მძიმე აღმოჩნდა, ყურძენზე მკვეთრად დაეცა მოთხოვნილება, 2005 და 2007 წლის ძალზე უხვმა მოსავალმა კი თვალნათლივ დაგვანახა ის ხარვეზები, რომელთანაც უახლოეს მომავალში მოუწევდა ბრძოლა ქართულ მეღვინეობას. 2007 წელს, სახელმწიფო შეეცადა სუბსიდირებით გადაეჭრა საკითხი, რაც, რა თქმა უნდა, სექტორის განვითარებაზე ვერანაირ დადებით გავლენას ვერ ახდენს.

მიუხედავად იმისა, რომ რუსული ემბარგოს შემდეგ საქართველომ მალე მოიპოვა ალტერნატიული ბაზრები და ექსპორტი თანხობრივად 2006 წლის მაჩვენებელსაც მიუახლოვდა, ჭარბი ყურძნის პრობლემა დღემდე არსებობს, რაც პირველ რიგში იმის გამოა, რომ ღვინის წარმოებით ძირითადად მსხვილი საწარმოები არიან დაკავებული, მცირე მარნები კი სათანადოდ ვერ ვითარდებიან. არ არსებობს კოოპერატივები და არც თავად მევენახეები არიან დაინტერესებული ღვინის დამზადებით და ბაზარზე გამოტანით.

80-იანი წლების დასაწყისის მონაცემებთან შედარებით, დღეს საქართველოში ვენახის ფართობები სამჯერაა შემცირებული. 30 წლის წინ იგი 120 ათას ჰექტარს აღწევდა, დღეს კი დაახლ. 40 ათას ჰექტარზეა ვენახები გაშენებული. კლება ძირითადად 90-იან წლებზე მოდის, თუმცა ბოლო ათწლეულის მანძილზე ისევ დაიწყეს ახალ ფართობებზე ვენახების გაშენება. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ამ მხრივ უკანასკნელი რამდენიმე წლის მონაცემები, რომლის თანახმადაც, შეინიშნება შედარებით იშვიათი და განსაკუთრებული ჯიშების გავრცელების ტენდენციაც. ეს სულ მალე გაცილებით მრავალფეროვანს გახდის ქართული ღვინის ჯიშურ შემადგენლობას.

ფართობი, ჯიშები, წარმოებული ღვინო[1]

საქართველოში გაშენებული ვენახების 70%-მდე კახეთზე მოდის, 20%-მდე იმერეთზე, დანარჩენი კი ქართლზე, რაჭა-ლეჩხუმზე, სამეგრელოზე და გურიაზე.

[1] გამოყენებულია “ასოციაცია ქართული ღვინის” კვლევის მასალები.

ჩვენს ქვეყანაში ყველაზე მეტად რქაწითელის ჯიშის ყურძენია გავრცელებული, 2004 წლის მონაცემებით მას 20 000 ჰექტრამდე უკავია, შემდეგ მოდის ცოლიკოური, რომელიც დაახლოებით 6-7 000 ჰექტარზეა გაშენებული, ასევე - საფერავი, ციცქა, ჩინური, მწვანე კახური, გორული მწვანე და ალექსანდროული-მუჯურეთული.

საქართველოში იწარმოება დაახლოებით 150-250 ათასი ტონა ყურძენი, საიდანაც 50 ათას ტონამდე ღვინის კომპანიებში მუშავდება, 15 ათასი სუფრის ყურძნად და ყურძნისგან დამზადებული სხვა პროდუქტის დასამზადებლად მოიხმარება (ყურძნის წვენი, ჩურჩხელა და ა.შ), 100 ათას ტონაზე მეტს კი კერძო პირები იძენენ და საკუთარ, ე.წ. ოჯახის ღვინოს აწარმოებენ.

საქართველოში 18 ადგილწარმოშობის დასახელებაა რეგისტრირებული. აქედან 14 კახეთში (მანავი, კარდენახი, ტიბაანი, გურჯაანი, კოტეხი, ვაზისუბანი, კახეთი, მუკუზანი, ახაშენი, წინანდალი, თელიანი, ნაფარეული, ყვარელი, ქინძმარაული), და თითო-თითო ქართლში (ატენი), იმერეთში (სვირი), რაჭაში (ხვანჭკარა) და ლეჩხუმში (ტვიში). ამათგან ყველაზე დატვირთული რამდენიმე დასახელებაა: წინანდალს, მუკუზანს, ქინძმარაულს, ტვიშსა და ხვანჭკარას საკმაოდ ბევრი ღვინის კომპანია აწარმოებს. შედარებით მცირე რაოდენობით იწარმოება: მანავი, ახაშენი, ვაზისუბანი, ტიბაანი, გურჯაანი, თელიანი, ნაფარეული, ყვარელი. ბოლო წლებში თითქმის აუთვისებელია სვირისა და ატენის ადგილწარმოშობის დასახელებები და იგი ჯერ კიდევ ელის მწარმოებლებს.

ადგილობრივი ბაზარი

ადგილობრივი ღვინის ბაზარი დღითიდღე უფრო მრავალფეროვანი ხდება. ზოგიერთმა კომპანიამ, რომლებსაც წლების წინ მხოლოდ ქვეყნის ფარგლებს გარეთ გაჰქონდათ ღვინო (ძირითადად რუსეთში), დღეს ქართული ბაზრის აქტიური ათვისებაც დაიწყეს. ბოლო წლებში ქვეყანაში 300-მდე ღვინის მწარმოებელი კომპანია იყო დარეგისტრირებული, ხოლო თავისი პროდუქციით ადგილობრივ ბაზარზე სულ 15-20-მდე კომპანია იყო ცნობილი. დღეს ეს რიცხვი საგრძნობლად გაიზარდა.

რაც დრო გადის, ქართველი ღვინის მწარმოებლები მით უფრო მეტად აცნობიერებენ ადგილობრივი ბაზრის მნიშვნელობას, თუმცა გაყიდვების საერთო რაოდენობა ჯერ-ჯერობით მაინც დაბალია. “ასოციაცია ქართული ღვინის”მონაცემებით 2010 წელს ღვინის შიდა მოხმარებამ ქვეყანაში დაახლოებით 66 მლნ. ლიტრი შეადგინა, აქედან ძირითადი ნაწილი, დაახლოებით 99% ადგილობრივი ღვინოა, იმპორტირებული ღვინო კი 1%-ზე ნაკლებია. ბოთლებში ჩამოსხმული სახით დაახლოებით 1,5 მლნ ბოთლი გაიყიდა, რაც მთლიანი რაოდენობის მხოლოდ 2.3%-ია, ეს კი არც ისე მაღალი მაჩვენებელია. 

საქართველოში, ისევე როგორც ბევრ სხვა ქვეყანაში, ღვინოს დიდ კონკურენციას უწევს ლუდი (დაახლოებით 65 მლნ. ლიტრი წელიწადში), არაყი (დაახლოებით 13 მლნ ლიტრი) და ბრენდი (დაახლოებით 2 მლნ ლიტრი), ხოლო ღვინის მოხმარება ერთ სულ მოსახლეზე წელიწადში დაახლოებით 15-20 ლიტრს შეადგენს, რაც არც ისე ბევრია, ანუ საშუალო ქართველი ნაკლებ ღვინოს სვამს, ვიდრე ევროპელი მომხმარებელი, მაგრამ უფრო მეტს, ვიდრე პოსტსაბჭოთა მომხმარებელი.

ყველაზე დიდი რაოდენობის ღვინო, რა თქმა უნდა, საზოგადოებრივი კვების ობიექტებში ისმება, აქ ხვდება დიდი კომპანიების მიერ წარმოებული დაბალფასიანი ღვინო და ბევრი ე.წ. ოჯახური ღვინოც, რომელიც, როგორც ზემოთაც აღვნიშნე, დიდი რაოდენობით იწარმოება საქართველოში.

სამწუხაროდ, რესტორნების ქსელი გაჯერებულია უხარისხო, დაავადებული, ზოგჯერ კი სულაც ფალსიფიცირებული ჩამოსასხმელი ღვინით. ცალკე თემაა რიტუალური დანიშნულების წვეულებები, ქელეხები, ქორწილები და ა.შ. სადაც 400-500 კაციან სუფრებზე ხშირად გაუგებარი წარმოშობის სასმელი იხარჯება. ამ პრობლემების მოგვარება, ფალსიფიცირებასთან უფრო ეფექტური ბრძოლა და ხარისხიანი იაფფასიანი ჩამოსასხმელი ღვინის გაჩენა ადგილობრივ ბაზარზე მნიშვნელოვანწილად შეცვლის დარგის პრიორიტეტებსაც და ვფიქრობ, ჭარბწარმოების პრობლემაც მოიხსნება.

ქართული ღვინის ექპორტი

ქართული მეღვინეობა ძირითადად ექსპორტზეა ორიენტირებული. 90-იანი წლებიდან მოყოლებული ჩვენი ღვინის გაყიდვები განუხრელად იზრდებოდა და ამ თვალსაზრისით პიკური 2006 წლის დასაწყისი იყო. რუსულ ემბარგომდე რამდენიმე თვით ადრე 100-მდე კომპანიამ გაიტანა ღვინო ქვეყნის ფარგლებს გარეთ.2007-2010 წლებში ექსპორტიორთა რიცხვმა 60-70-მდე დაიკლო, ბოლო წლების მონაცემების მიხედვით კი, ღვინის ექსპორტის ნახევარზე მეტი 7 მსხვილ კომპანიაზე გადანაწილდა: თბილღვინო, თელავის ღვინის მარანი, ტიფლისკი ვინნი პოგრები, თელიანი ველი, GWS, ვაინმენი და ბადაგონი.

ექსპორტის 2005 წლის მაჩვენებელს მართალია დღემდე ვერ მივაღწიეთ, მაგრამ სამაგიეროდ ქართული ღვინო გაცილებით მრავალფეროვანი გახდა და იგი მზად აღმოჩნდა ყველაზე გემოვნებიანი და სიახლის მაძიებელი მყიდველი დააინტერესოს. დღეს სულ უფრო მეტი უცხოელი მომხმარებელი და ღვინით მოვაჭრე ყიდულობს ქართულ ღვინოს, კერძოდ კი ღვინოებს, რომლებიც განსაკუთრებული ინდივიდუალობით გამოირჩევიან და უნიფიცირებული თანამედროვე ბაზრის პირობებში ბევრისთვის ერთგვარ თავშესაფრადაც იქცა. ეს პირველ რიგში ტრადიციული ტექნოლოგიით, ქვევრში დაყენებულ ღვინოს ეხება, თუმცა გაყიდვების უდიდესი ნაწილი ჯერ კიდევ პოსტსაბჭოთა ქვეყნებზე და იმ ღვინის სახეობებზე მოდის, რომელიც საბჭოთა პერიოდში იყო გავრცელებული.

2010 წლის მონაცემებით საერთო გაყიდვების 52% უკრაინას უკავია, შემდეგ მოდის – ყაზახეთი – 13%, ბელორუსია – 9%, პოლონეთი – 5%, ლიტვა და ლატვია – 3-3%-ით, აზერბაიჯანი – 2%. და ბოლოს, აშშ, ჩინეთი, დიდი ბრიტანეთი, გერმანია და სხვა ქვეყნები.

ექსპორტზე უფრო მეტად წითელი ღვინო გადის, დაახლოებით 70%, სადაც დიდი წილი ნახევრადტკბილ ღვინოებზე მოდის, თუმცა, როგორც გითხარით, სულ უფრო იზრდება მოთხოვნილება ექსკლუზიურ ღვინოებზეც. საკმაოდ სტაბილური და ამავე დროს მზარდია გერმანიის ბაზარი, მომავალში კი იმედი გვაქვს, აშშ-ს და ბრიტანეთის ბაზარზეც გაიზრდება გაყიდვების წილი, ასევე ევროპის სხვა ქვეყნებშიც.

ქართულ ღვინოს რამდენიმე ძალიან მნიშვნელოვანი წინაპირობა აქვს, რის გამოც იგი საინტერესო შეიძლება გახდეს უცხოელი მყიდველისთვის. პირველ რიგში ესაა ადგილობრივი უნიკალური ჯიშები, რომელიც თანამედროვე მომხმარებელს ბევრ სიახლეს პირდება, განსაკუთრებით კი მათ, ვისაც მობეზრდა გლობალიზებული გემოები და სიახლეს ეძებს. მეორე - საქართველოს სამართლიანად დაუმკვიდრდა ღვინის სამშობლოს ტიტული. აქ კულტურული მევენახეობისა და მეღვინეობის უძველესი კვალია აღმოჩენილი და რაც მთავარია, მეღვინეობის ტრადიცია ჩვენს ქვეყანაში უწყვეტია, განსხვავებით მცირე აზიისა და სამხრეთ კავკასიის რეგიონის იმ ქვეყნებისგან, სადაც ასეთი არქაული ნაკვალევია აღმოჩენილი. აქედან გამომდინარეობს მესამე, ასევე ძალიან მნიშვნელოვანი წინაპირობა, რომელიც ტრადიციულ ქართულ, მსოფლიოში უძველეს ტექნოლოგიას გულისხმობს, ქვევრში ღვინის დადუღებასა და დავარგებას.

ამ წინაპირობების წყალობით სამომავლოდ კიდევ უფრო გამოიკვეთება ქართული ღვინის სახე და მთელს მსოფლიოში დამკვიდრდება ის ახალი, განსაკუთრებული იმიჯი, რომელიც ერთი მხრივ კიდევ უფრო ცნობადს გახდის ქართული ღვინის უძველეს კულტურას, მეორე მხრივ კი თანამედროვე ღვინის სამყაროს ახალი, საინტერესო ფერით შეავსებს.

© მალხაზ ხარბედია, მედია ჰაუსი დეკომი, ღვინის კლუბი, ქართული ღვინის გზამკვლევი – 2012

თქვენი კომენტარი

თქვენი ელ-ფოსტა არ გამოქვეყნდება
  • Web page addresses and e-mail addresses turn into links automatically.
  • No HTML tags allowed

More information about formatting options

საქართველოს ღვინის რუკა
თქვენ შეგიძლიათ დაეხმაროთ ჩვენს ბლოგს "PayPal"-ის საშუალებით.

ტოპ ხუთეული