Home
ქართული | English
დეკემბერი 2024
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
2526272829301
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
303112345

შეიძინეთ ჩვენი წიგნები ღვინის მაღაზიებში

მულტიმედია

კომენტარები

ოქროს ელიბო

„ახალი ღვინის ფესტივალი“ ერთი წლით დაგვემშვიდობა

ალეკო ცქიტიშვილი
 
8 მაისს თბილისის ეთნოგრაფიულ მუზეუმში ღვინომ ერთი დღით სრულიად საქართველო გააერთიანა. ჩვენი ქვეყნის თითქმის ყველა კუთხიდან წარმოდგენილმა ღვინოებმა გულგრილი არავინ დატოვა, საერო და სასულიერო პირი, მოხუცი და ახალგაზრდა, ოპოზიციონერი და ხელისუფალი... „ახალი ღვინის ფესტივალის“ მონაწილეები და სტუმრები პირდაპირ მოითხოვდნენ, რომ ეს დღესასწაული ყოველწლიური ყოფილიყო. „ღვინის კლუბის“ პრეზიდენტმა, მალხაზ ხარბედიამაც გული არავის დაწყვიტა და გამოაცხადა, რომ ამიერიდან „ახალი ღვინის ფესტივალი“ ყოველი წლის მაისში გაიმართება.
 
„ბრწყინვალე დღესასწაულია. გარშემო ამდენი ხალისიანი და ბედნიერი ადამიანია, ღვინოც ულევადაა და ერთი ამრევი მთვრალიც კი არსად შემხვედრია. ცხადია, რომ ასეთი ღონისძიება წამახალისებელია ღვინის წარმოებისათვის, რაც ასე ძალიან ჭირდება ახლა საქართველოს. ამიტომ ძალიან სწორად იქცევა ამ ფესტივალის ნებისმიერი დამფინანსებელი, თუნდაც ეს ხელისუფლება იყოს“, - გვითხრა ფესტივალის სტუმარმა, „რესპუბლიკელმა“ ლევან ბერძენიშვილმა.
საქართველოსთვის პირველმა „ახალი ღვინის ფესტივალმა“ თავისი მიზანი შეასრულა. 2009 წლის მოსავლის ღვინოებმა მონაწილეებსა და სტუმრებს მრავალმხრივი ინფორმაცია მიაწოდა ქართული მეღვინეობის უახლესი ტენდენციებისა და პერსპექტივების შესახებ.
გაირკვა, რომ არა მარტო მსხვილ კომპანიებში, არამედ მცირე მარნებსა და ოჯახურ მეურნეობებშიც ექსპერიმენტების ბუმია. ერთი მხრივ, სიახლეებს ეძებენ მევენახეობაში, რადგან უკვე ყველამ იცის, რომ კარგი ღვინო კარგი ვენახიდან იწყება, მეორე მხრივ, ექსპერიმენტები შეეხო უშუალოდ ღვინის დაყენების ტექნოლოგიურ პროცესებს. ყავლგასული, რაოდენობრივ მაჩვენებლებზე ორიენტირებული საბჭოური ტიპის მეღვინეობა ადგილს უთმობს ხარისხზე ორიენტირებულ თანამედროვე, ევროპულ ტექნოლოგიებს. თვალნათლივ შეინიშნება ქართული მეღვინეობის საუკეთესო ტრადიციებთან დაბრუნება, განსაკუთრებით – მცირე მარნებსა და ოჯახურ მეურნეობებში. რამდენიმე მსხვილი კომპანიის მეღვინეები ბიო–ღვინოების წარმოებისთვის ემზადებიან და ამ მიმართულებით პირველი, რაც ახსენდებათ, სწორედ ქართული მამა–პაპური ტრადიციებია.
ქვევრი აუცილებელ და შეიძლება ითქვას, კონცეპტუალურ მნიშვნელობას იძენს მცირე მარნებში, როგორიცაა – „თავად მაყაშვილის მარანი“, „ელიზბარ თალაკვაძე და შვილები“, კომპანია „ხოხბის ცრემლები“, ბიოლოგიურ მეურნეობათა ასოციაცია „ელკანას“ წევრი მარნები და სხვანი და სხვანი. „შუხმანის ღვინოები“ ქვევრში დადუღებულ საუკეთესო ღვინოებს „ვინოტერას“ ბრენდით უშვებს. მათი ავტორი არაერთ კონკურსში გამარჯვებული მეღვინე, გოგი დაქიშვილია.
ექსპერიმენტები შეინიშნება ახალგაშენებულ ვენახებში, სადაც საპატიო ადგილს იმკვიდრებენ უსამართლოდ მივიწყებული ქართული ვაზის ჯიშები. რამდენიმე მსხვილი საწარმო ღირსების საქმედ თვლის, თავის ვენახებში ჰქონდეს რაც შეიძლება მეტი ჯიში. ღვინის კომპანია „შუმს“ საკოლექციო ვენახიც კი აქვს, სადაც გადაშენებას გადარჩენილი ქართული ვაზის 250 ჯიშია დაცული.
მცირე მარნები მეღვინეობის პარალელურად ღვინის ტურიზმის განვითარებასაც ცდილობენ, რადგან აქედან დამატებით შემოსავალს ელიან. ღვინის ტურიზმისთვის სამი რამაა მნიშვნელოვანი – კარგად მოვლილი ვენახი, კეთილმოწყობილი მარანი და ლამაზი ლეგენდა, რომელიც, საუკეთესო შემთხვევაში, ერთდროულად დაუკავშირდება ვენახს, მარანს და რაც ყველაზე მთავარია – ღვინოს.
გამოცდილმა ყვარლელმა მეღვინემ, კობა ქვაჭრელიშვილმა რამდენიმე წლის წინ ინდუსტრიულიდან ტრადიციულ მეღვინეობაში გადაინაცვლა. მან იცის, როგორ უნდა დააყენოს ჯანსაღი ღვინო, ოღონდ, ამჯერად – ოჯახური მარნის პირობებში. „ახალი ღვინის ფესტივალზე“ ღვინოსთან ერთად ლეგენდაც წარმოადგინა, რომლის თანახმად, ერეკლე მეფეს ყვარლის რაიონის პატარა მიკროზონაში – ნაოტარის ტერიტორიაზე თანაბარი რაოდენობით დაკრეფილი რქაწითელის, ხიხვისა და ქისის ყურძნისგან დაწურული ღვინო უყვარდა. კობა ქვაჭრელიშვილის უძველესი მარანი, მრავალსაუკუნოვანი საგვარეულო ქვევრებით სწორედ ნაოტარის ტერიტორიაზეა. აქვეა მისეული რქაწითელის, ხიხვისა და ქისის ვენახები.
ძველი ქართული ჯიშები – ხიხვი და ქისი ბევრს აღარც ეუცხოვება. ამ ჯიშებისგან დაწურული ღვინოები უკვე თითქმის ყველა თავმოყვარე კომპანიის არსენალშია. „თელავის ღვინის მარანმა“ ქისი კახურ მწვანესთანაც კი შეაკუპაჟა და სრულიად განსხვავებული ღვინო მიიღო. ამ ნიმუშმა „ახალი ღვინის ფესტივალზე“ კამათიც გამოიწვია. გამოითქვა აზრი, რომ ქისისა და მწვანის კუპაჟით მიღებული ღვინო ამ ჯიშებისთვის სრულიად უცხო ტროპიკული ხილის სურნელით გამოირჩეოდა. თუმცა, მსგავსი ღვინო ჯერჯერობით არავის შეუქმნია და მისი შედარებითი დახასიათება შეუძლებელია. ვერავინ იტყვის, შეიძლება თუ არა მწვანისა და ქისის ღვინოს სხვანაირი სურნელი ჰქონდეს.
ხიხვი და ქისი „ახალი ღვინის ფესტივალზე“ „ქინძმარაულის მარანმაც“ წარმოადგინა. „ჩვენ გვიყვარს ექსპერიმენტები, მაგრამ ისიც გვაქვს გააზრებული, რომ ყველა ექსპერიმენტი გონივრული უნდა იყოს და ღვინო არ უნდა დააზარალოს“, – გვითხრა კომპანიის გაყიდვების მენეჯერმა, ქეთი ჯურხაძემ.
„წინა წლებში რომ ფესტივალები და ღვინის კონკურსები ტარდებოდა, იქ ღვინოები მხოლოდ სამი–ოთხი ვაზის ჯიშით იყო წარმოდგენილი. ახლა ბევრად მრავალფეროვანი არჩევანია და საზოგადოებაც ნელ–ნელა ერკვევა სხვა ჯიშების ღირსებებში“, – ამბობს სს „კორპორაცია ქინძმარაულის“ გენერალური დირექტორი, პროფესიონალი დეგუსტატორი, ნუგზარ ქსოვრელი. იგი „ახალი ღვინის ფესტივალზე“ გამოტანილი ღვინოების ხარისხით კმაყოფილია და მიაჩნია, რომ ვითარების გაუმჯობესება მიდგომების შეცვლას უკავშირდება: „ტექნოლოგიებშიც შეინიშნება ექსპერიმენტები და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, ადგილებმა შეიძინეს განსაკუთრებული მნიშვნელობა. სავენახე ადგილების შერჩევა და მათთან ღვინის დაკავშირება უფრო გონივრულად ხდება. ფესტივალზე განსაკუთრებით „მწვანეები“ მომეწონა. ეს ღვინო ჩვენც გვაქვს და შედარება გავაკეთე სხვებთან. ძალიან კმაყოფილი ვარ და მინდა, დიდი მადლობა ვუთხრა „ღვინის კლუბს“, რომ მეღვინეებს ერთმანეთთან შეხვედრის, ერთმანეთის ღვინოების დაგემოვნების საშუალება მოგვცა“.
„ახალი ღვინის ფესტივალზე“ ღვინოების მრავალფეროვნება მოეწონა ცნობილ არქეოლოგს, ყოფილ სახელმწიფო მინისტრ იულონ გაგოშიძესაც, რომელსაც ყველაზე მეტად დასავლეთ საქართველოს ღვინოები აინტერესებდა.
„ქართულ მეღვინეობას ძალიან ცუდი კვალი დაუტოვა საბჭოთა პერიოდმა, როცა საქართველო იყო უზარმაზარი იმპერიის დანამატი. ჩვენი ქვეყნის მხარეებიდან საბჭოთა კოლმეურნეობებისთვის მხოლოდ რამდენიმე ვაზის ჯიში იყო შერჩეული, კახეთში – რქაწითელი და საფერავი, იმერეთში – ციცქა და ცოლიკოური, რაჭაში – ალექსანდროული და მუჯურეთული და ა. შ. ამ მიდგომამ ქართული მეღვინეობა ძალიან დააზარალა და უნიკალური ქართული ჯიშების გენოფონდიც გადაშენების პირას მიიყვანა. ძალიან მიხარია, რომ ვითარება იცვლება. ბოლო დროს და ახლაც, ამ ფესტივალზე, ბევრი ისეთი ჯიშიდან დაწურული ღვინო გავსინჯე, რომელთა შესახებ ინფორმაცია მხოლოდ ივანე ჯავახიშვილის ნაშრომებიდან ვიცოდი“, – გვითხრა იულონ გაგოშიძემ, რომელმაც დასავლური ღვინოების გასინჯვის შემდეგ „კახეთში“ გადაინაცვლა და დიდი ინტერესით მოუსმინა კობა ქვაჭრელიშვილის ლეგენდას ნაოტარისა და ერეკლე მეფის საყვარელი ღვინის შესახებ.  
კახური თეთრი ღვინოებიდან გამოირჩეოდა გურჯაანელი გიორგი ნატროშვილის ბიო–ღვინო რქაწითელისა (80%) და კახური მწვანეს (20%) კუპაჟი; „შუხმანის ღვინოების“ ტრადიციული კახური ტექნოლოგიით ქვევრში დადუღებული გაუფილტრავი ღვინოები „რქაწითელი“ და „მწვანე“; ქვევრის ღვინო „თავად მაყაშვილის მარნიდან“, რომელიც მზადდება ბაკურციხის პატარა ვენახში მოყვანილი რქაწითელისგან (90%), კახური მწვანესგან (7%) და ხიხვისგან (3%).
ფესტივალის სტუმრებისაგან განსაკუთრებული აღიარება კი ალავერდის მონასტრის მარნის ღვინოებმა მოიპოვა. როგორც მონასტრის ბერმა, მამა გიორგიმ გვითხრა, ერთი ვენახიდან დაკრეფილი ერთი და იგივე ჯიშის ყურძნისგან დამზადებული ღვინო მნიშვნელოვნად განსხვავდება ერთმანეთისგან, თუკი სხვადასხვა ქვევრშია დადუღებული: „ნიადაგი, კლიმატი, ვენახის მოვლა, ღვინოზე ხომ დიდ გავლენას ახდენს, მაგრამ არანაკლებ გავლენას ახდენს ქვევრის მიკროსამყარო. ჩვენი მარნის „რქაწითელი“, სხვადასხვა ქვევრიდან, შეგვიძლია, დედმამიშვილებს შევადაროთ, რომლებსაც ერთი მშობელი ჰყავთ, ერთმანეთსაც ჰგვანან, მაგრამ ამავე დროს განსხვავდებიან კიდეც ერთმანეთისგან“.
ქართლის რეგიონი „ახალი ღვინის ფესტივალზე“ რამდენიმე საინტერესო ღვინით იყო წარმოდგენილი. პირველ რიგში აღსანიშნავია დუშეთელი კაცის, ზურაბ მისრიაშვილის თავდადება, რომელმაც ზღვის დონიდან 860 მეტრ სიმაღლეზე შეძლო ქართლის სახელგანთქმული ჯიშის - თავკვერის ვენახის გაშენება და დაამტკიცა, რომ თუ გული გულობს, კარგი ღვინო თვით მეღვინეობისათვის არატრადიციულ რეგიონშიც შეიძლება დაამზადოს კაცმა.
საინტერესო ძიებები აქვს გორელ ახალგაზრდა კაცს, ვალერი რჩეულიშვილს, რომელმაც ფესტივალზე ცალკე გორული მწვანესა და ჩინურის კუპაჟი წარმოადგინა, ცალკე კი - „მხიარული ხიდისთავური“. ამ ღვინის დამზადების უძველესი რეცეპტი ბლოგ www.vinoge.com-ზე აღმოაჩინა – გორული მწვანე და ჩინური ჩაწურა საწნახელში, მერე მათ სუფთა წვენს ზემოდან დააწურა თავკვერი ჭაჭიანად. ასე გააჩერა 5 დღით და მიიღო „მხიარული ხიდისთავური“.
„ღვინის კლუბის“ წევრმა, „ახალი ღვინის ფესტივალის“ დირექტორმა, იაგო ბიტარიშვილმა თავისი ღვინო – „ჩარდახი“ წარმოადგინა. ეს არის სოფელ ჩარდახში 1 ჰექტარზე გაშენებული ჩინურისგან დამზადებული ბიო–ღვინო, რომლის ხარისხსა და ეკოლოგიურ სისუფთავეს იაგო მუდმივად გადამეტებული ყურადღებით ეკიდება.
არ შემიძლია, არ აღვნიშნო „ახალი ღვინის ფესტივალზე“ წარმოდგენილი ყველაზე იშვიათი ჯიშის ორი ღვინო. ოზურგეთის რაიონის სოფელ შემოქმედიდან ანდრო ვარშალომიძის „საკმიელა“ და კომპანია „ხოხბის ცრემლების“ „შავკაპიტო“ – ლიახვის ხეობის ვაზის ჯიშისგან მიღებული ღვინო.
ფესტივალის დასასრულს „ღვინის კლუბმა“ ყველა მონაწილე სერთიფიკატებითა და მცირე სკულპტურით დააჯილდოვა. ამ სკულტურას ერთ–ერთმა სტუმარმა ენამოსწრებულად „ელიბო“ უწოდა. მომავალ წელს „ღვინის კლუბი“ „ოქროს ელიბოს“ საუკეთესო ღვინოების ავტორებს ჯილდოდაც გადასცემს. მანამდე კი „ახალი ღვინის ფესტივალი“ ყველას კეთილი სურვილებით დაემშვიდობა.
შეგახსენებთ – „ღვინის კლუბის“ მიერ ორგანიზებული ფესტივალი თბილისის მერიის პატრონაჟით ჩატარდა. მხარდამჭერები იყვნენ - საქართველოს ეროვნული მუზეუმი, Slow Food Tbilisi, ბიოლოგიურ მეურნეობათა ასოციაცია „ელკანა“, წინანდლის მუზეუმი და ჟურნალი „ტაბულა“. საინფორმაციო უზრუნველყოფა – რადიო „უცნობი“, რადიო „ნაცნობი“, გაზეთი „მარანი – Weekend” და ბლოგი ღვინისა და გემოვნების შესახებ – www.vinoge.com.
 
© ღვინის კლუბი/“Weekend“

თქვენი კომენტარი

თქვენი ელ-ფოსტა არ გამოქვეყნდება
  • Web page addresses and e-mail addresses turn into links automatically.
  • No HTML tags allowed

More information about formatting options

საქართველოს ღვინის რუკა
თქვენ შეგიძლიათ დაეხმაროთ ჩვენს ბლოგს "PayPal"-ის საშუალებით.

ტოპ ხუთეული