გიორგი ბარისაშვილი
სწორედ რომ სენი უნდა ეწოდოს იმას, რაც ჩვენს დედაქალაქში ბევრმა ადამიანმა უკვე რამოდენიმე წელია წესად შემოიღო. სენი კი, მოგეხსენებათ, გადამდებია და მოედო კიდევაც იგი თითქმის მთელ თბილისს. რომელ სენზე გელაპარაკებით?
ამას წინათ კახეთში გახლდით სტუმრად, ერთ ჩემს უფროს მეგობართან. კარგი მეურნეა, კარგად მოვლილი ბაღ-ვენახიცა აქვს და კარგი ეზოკარიც. სახლის გვერდზე, ნეკერჩხლების სქელ ჩრდილში მამა პაპეული მარანი უდგას, რომლის თავზეც სხვენი აქვს მოწყობილი. ეზოში ის-ის იყო შევედი, რომ ჩემმა მასპინძელმა, რომელიც სამოცდაათს მიტანებული ჭარმაგი კაცი იყო პირდაპირ მარანში შემიპატიჟა. შემოდგომის ერთი ლამაზი დღე იდგა. ნეკერჩხალს ფოთლები აქა იქ უკვე შესწითლებოდა. აქა მშვიდობა და ბარაქიანი შემოდგომა ვუსურვე და მარანში შევედით. მე იქაურობას მოვავლე თვალი: უზარმაზარი ქვითკირის საწნახელი თავისი თაღარით, ვეებერთელა ჩასავალი ქვევრები თუ პატარა ქოცოები, თახჩა-ნიშებში შელაგებული ხელადები, ტოლჩები, გოზაურები, ხელჩაფები, მენახევრეები თუ ვინ იცის კიდევ რამდენი რამ სიძველე. მარანს ოთხივე კედელში ქვის ჯვრები ჰქონდა დატანებული. ჩემი მასპინძელი ერთ ქოცოსთან მივიდა, პირჯვარი გამოისახა და თოხით, აუჩქარებლად დაიწყო მისი მოხდა, მერე დაიჩოქა და ხელჩაფით ფრთხილად ამოიღო ღვინო. ცოტა ხნით ნაკლულ ქოცოს ჩააცქერდა, მე მომხედა და მეუბნება: ძმისწულოვ, შვილები მე არა მყავ და მშობლები მე აღარ დამრჩნენ, ეს არი ე დალოცვილი ჩემი მშობელიცა და ჩემი შვილიცაო, პატარძალს არ უნდა იმდენი ფერება და მოვლა, რამდენიც ქვევრსაო და იმიტოა ღვინოც ეგეთი კარგი რომ გამოდისო. ქოცოს სიპი დააფარა, ხელჩაფი მარნის კედელთან მდგარ კასრზე შემოდგა და ცოლს გასძახა, ქალო სატანი რამ ჩამოგვიტა ოოო. ორ წუთში მარანში შავებში ჩაცმული მომსხო ქალი შემოვიდა ხელში ხონჩით, რომელზეც ქოთნით ლობიო, რამოდენიმე შოთი, მარილი, თუშური გუდა, ახლად მოკრეფილი კიტრები და ხაშლამის მოზრდილი ნაჭრები ეწყო. ი სურათი რო გვიკიდია შინა, გოდრით რო ვაარო, ამი გადაღებულიაო, უთხრა ცოლს, შარშან რთველში რო გვიშველა და მერე ალაზნი ლიფსიტასავით გაგვისხლტა აბა ეხლაც წამივიდესო, ამბობდა ღიმილით ჩემს გასაგონად. აიმ გოზაურს რო უყურებ, პაპიჩემის მამის ნახელავიაო, იმ დღეი ერთი ვინმე უცხოელი გადამეკიდა, გინდა თუ არა მომყიდეო, კაი ფულ მოგცემო, გაგიგია ჯოო? მე უთხარ რომა, ჩემი წინაპრები სახელ არა ვყიდი მეთქი მააშ. მოდი ჩემო ძმისწულოვ, ამით ჩვენი წინაპრების განათლება იყოი იმ ქვეყნადაო, ღმერთმა ბრძანოი რომა პირნათლები შევყროდით იმათ სულებსაო, სთქვა და საფერავით სავსე, კარგად მოზრდილი ჯამფილა გამოსცალა. დაასხა და ეხლა მე გადმომილოცა. ცოტა ზარხოშად რო ვიყავით, გარეთ გამომიყვანა და მეუბნება; აბა გახედე ძმისწულოვ, აქაურობაი რამე შეედრებაო? და უკან მიმახედა, მე სუნთქვა შემეკრა, მოსაღამოვებულიყო, ალაზნის ველი ხელის გულზე იდო, ნეკერჩხლის შეწითლებული ფოთლებიდან მოსჩანდა გასპეტაკებული კავკასიონი, ალაგ-ალაგ ღრუბლის ქულებში გახვეული, არაფერი სჯობდა იმ სილამაზის ყურებას. მეორე დილით ადრევე გამოვუდექი გზას. მასპინძელმა ორი კალათა გამოიტანა და მანქანასთან დამიწყო, ერთიდან კარგა მოზრდილ დოქს მოუჩანდა ყელი (ყველაზე მეტად ამან გამახარა). შარშან რო რთველში მიშველე იმ ღვინისააო, შეგარგოსო. დანარჩენი? ესა ჩვენი ეზოი კაკალიო, ესა კიდენა შოთები თავი გუდითაო, ცოტა ჩვენი ბაღის კიტრი და ხილიო. ამ რთველზეც მესტუმრე შავი ციკანი უნდა დაგიკლაო, ღიმილით მითხრა და გზა დამილოცა. წამოსვლისას მანქანის სარკეში შევამჩნიე რაღაცნაირი, ნაღვლიანი სახე ჰქონდა, თითქოს ცრემლიც კი შევნიშნე. მარნის თავზე, სხვენში, დიდი ხნის წინათ ატანილ და დამტვერილ აკვანს მოუჩანდა ცალი გვერდი, სწორედ მას უცქერდა ჩემი მასპინძელიც. დღემდე არ მავიწყდება ის დღე და იმ საფერავის სურნელი, რომელშიც ერთმანეთს ეჯობრებოდნენ მწიფე მაყვლის, შავი ქლიავისა თუ ალუბლის გემო თუ სუნი, რომლებიც ღვინოს საოცარ ხალისსა სძენდნენ. ისეთი რა საიდუმლო იცის იმ დალოცვილმა, რომ ესეთ ღვინოს აყენებსმეთქი ვფიქრობდი. ეგეთი ღვინით რომ წინაპრების შესანდობარს იტყვი, ცხონდებიან აბა რა იქნებამეთქი.
მესამე თუ მეოთხე დღეს, დილით ადრე, ჩემს კარგა ხნის უნახავ მეგობარს შევხვდი ბაზრობასთან, ყურძენს ყიდულობდა. მეღვინეს გაუმარჯოს, მეღვინესო, დამიძახა შორიდანვე და ჩემსკენ ღიმილით წამოვიდა. ერთმანეთი რომ მოვიკითხეთ, ვუთხარი, მეცხრე სართულზე ყურძენი სად უნდა დაწურო მეთქი, რატომ მეცხრეზე, მერვეზეო, ღიმილით შემისწორა, როგორც მთელი თბილისი წურავს, მეც ისე ვიქცევიო. მე ვუთხარი გამოგყვები და მაჩვენე შენი ჭურ-მარანიმეთქი, ოღონდაც ოღონდაცო, შენ რომ შარშანწინ ყურძენი მაყიდინე და მერე გამექეცი, განა დამავიწყდაო, მითხრა და წინ გამიძღვა თავისი ყურძნით დატვირთული "ჯიპით". მივედით. მანქანები "გარაჟის" ფართოდ გაღებულ კარებთან მივაჩერეთ. აი ეს არის ჩემი მარანიო, მითხრა ღიმილით. კი მარა, გარაჟის მარნობა ვინა სთქვა და სად გაგონილა მეთქი ვუთხარი, კარგი ერთი ნუ დაიწყეო, მაშ პირველყოფილი ველურები ხომ არა ვართ, ღვინო ქვევრებში დავაყენოთო. მე "მარანში" შევედი, აქა მშვიდობა და ხვავი და ბარაქა ვუსურვე და იქაურობას მოვავლე თვალი: მანქანის მოტორის ზეთიანი ნაწილები, ნახმარი საბურავების ჯარი, ბენზინის კანისტრები, მანქანის ზეთის სავსე თუ ცარიელი ბოთლები, სპირტის ლურჯი კასრები, კარგახნის ლექშემხმარი მინის ბოცები და ვინ იცის კიდე რამდენი რამ. იცი რა ღვინოს ვაყენებთ ბიჭები აქაო? აიმ ლურჯ, პლასტმასის "ბოჭკებს" რო უყურებ, იცი რა იოლი მოსახმარია? ორ წუთში გარეცხილიაო და ღვინოც იმიტო დგება მაგეებში ეგეთი კარგიო. ცოტა მაცალე, საქმეს მივხედო და მერე გაგასინჯებო. მე მოვუბოდიშე და ვუთხარი, ძალიან მეჩქარებამეთქი, მაშინ კარგიო და სადღაც გაიქცა... მე იქვე ჩამოვჯექი, უცებ "მარანში" ძაღლმა შემოიხედა, მისუნ-მოსუნა და ის იყო წასვლა დააპირა, რომ დავუძახე, მოვიდა, ყურებიცა და კუდიც შიგ ძირში ჰქონდა დაუნანებლად მისხეპილი, მე ხელი გავუწოდე და იმან ჩემდა გასაკვირად ჩამომართვა თათი, მერე პლასტმასის ბოთლი გადავუგდე, რომელიც წამშივე უკან მომიტანა, ფეხებთან დამიგდო და თავი მუხლებზე ამისვ-ჩამისვა. ძალიან მომეწონა და ეტყობა იმასაც მოუვედი თვალში. ბალანიცა და თვალებიც ერთიანად თაფლისფერი ჰქონდა, მეც მივეფერე, სულ გადაირია და აღარ მომშორდა, მელაქუცებოდა და თვალებით რაღაცას მეუბნებოდა. ნეტავ რა ჰქვიამეთქი, გაფიქრებაც ვერ მოვასწარი, რომ ჩემი მეგობარიც მოვიდა, თაფლუჭ შენ აქ რა გინდაო და ძაღლი გარეთ გააგდო, თვითონ ხელში თევზის კონსერვი, პური და კიდევ არ ვიცი, რაღაცა ეჭირა, რომლებიც ხის ყუთზე დააწყო და თაროდან პლასტმასის ერთჯერადი ჭიქები გადმოიღო, ნაკლულ ბოცას თავი მოხადა და ჩამოასხა. სადღეგრძელო ჩქარჩქარა თქვა, ჩვენს წინაპრებს გაუმარჯოსო და ღვინო გადაჰკრა, მერე დაბლა დაიხარა, ორი ცალი კოკაკოლას პლასტმასის ბოთლი მოძებნა და იგივე ღვინით გაავსო, შენ რომ შარშანწინ ყურძენი მაყიდინე, იმ ღვინისააო, მითხრა და ბოთლები მანქანაში ჩამიყარა. მე ღვინოს დავსუნე და გაჭირვებით ცოტაოდენი მოვსვი... ის რომ, ღვინო უკვე კარგა ხნის დაძმარებული იყო, ამაზე არც კი ღირს რამის თქმა, დანარჩენი? ღვინოში ერთმანეთს ეჯიბრებოდნენ ბენზინის, პლასტმასის, ლაყე კვერცხის და რაღაც თევზისმაგვარის "არომატები". როგორიაო? მკითხა ჩემმა მეგობარმა, მე ვუთხარი "მალადეც"-მეთქი. მერე ერთმანეთს გამოვემშვიდობეთ და მე აუჩქარებლად დავუყევი დაღმართს. დღემდე არ მავიწყდება იმ ღვინის საშინელი გემო, მაგნაირი ღვინით რომ წინაპრების შესანდობარს იტყვი, ისინი რამ უნდა აცხოვნოს? მოვდივარ და უცებ ერთი, ორი, სამი, ათი... მანქანა გავაჩერე და ცოტაოდენი ფეხით გამოვიარე, ვხედავ ხალხს გაუღიათ "გარაჟის" კარებები და მიდის გაჩაღებული ყურძნის წურვა და ფუსფუსი, დაუვსიათ სპირტის კასრები დასადუღებელი ტკბილით და გაცხარებულები კამათობენ ევროპული სჯობია თუ კახურიო, იმერული თუ ქართლისაო. ზოგან უკვე მიუბარებიათ შემოდგომა "მარნებისათვის" და გაჩაღებულა ლხინი. წინაპრებისაო, ტრადიციებისაო, ვაზის ფესვებისაო, ქართული სუფრისაო, შესანდობარიო, სადიდებელიო... თანაც სულ ლექსებით ამკობენ ყველა სადღეგრძელოს. შემირცხვენია ქვევრებში გაცვლილი სპირტის "ბოჭკებიცა" და გამარნებული გარაჟებიც. კაცთან სტუმრად მიხვიდე, მარანში შეხვიდე და ყველაზე მეტად ძაღლი მოგეწონოს? არა ძმაო, არც მაგნაირი მარნისა და ღვინისა მწამს და არც მაგნაირი სადღეგრძელო-შესანდობრისა. მასეთ, სპირტის "ბოჭკებიან" გარაჟებს თავისი ღვინითა და თავისი ფუჭი სადღეგრძელოებით, ერთ ფიალა ნამდვილ, მართალ ღვინოში გავცვლიდი და იმით კიდევ ჩვენი წინაპრების სადღეგრძელოს შევსვავდი.
© „მარანი“
გიორგი, მოგიწოდებთ, სასწრაფოდ ჩაასწოროთ ეს თქვენი არაკორექტული, მეტიც, უზრდელური პოსტი და სხვა დროს ეცადეთ (ძალიან ეცადეთ) ასეთი შუღლის გამაღვივებელი აქ აღარაფერი დაწეროთ!
პ.ს. იგივე ეხება ვეფხიასაც!
თქვენი კომენტარი