Home
ქართული | English
დეკემბერი 2024
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
2526272829301
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
303112345

შეიძინეთ ჩვენი წიგნები ღვინის მაღაზიებში

მულტიმედია

კომენტარები

ახალი ღვინის ფესტივალი მეხუთედ - როგორ მოვედით აქამდე...

ლევან სეფისკვერაძე

ქართული მეღვინეობის “სუნთქვა” ყველაზე კარგად, ახალი ღვინის ფესტივალზე იგრძნობა. ღვინის კლუბის მიერ დაგეგმილ ამ ღონისძიებაზე წელიწადში ერთხელ, მაისის თვეში, კუს ტბის გზაზე მდებარე საქართველოს ეთნოგრაფიული მუზეუმის ეზოში ღვინის მოყვარული ადამიანები იკრიბებიან და წინა წლის მოსავლის ღვინოებს აგემოვნებენ. ხვალ, 2014 წლის 24 მაისს, “ახალი ღვინის ფესტივალი” საქართველოს ეთნოგრაფიულ მუზეუმში მეხუთედ გაიმართება და მასში ტრადიციულად, ქართული ღვინის მწარმოებელი მსხვილი კომპანიების გარდა, გლეხები და ოჯახური მარნებიც მიიღებენ მონაწილეობას.

ღვინის კლუბის წლევანდელი ფესტივალი კვლავ ღვინის ეროვნული სააგენტოს და თბილისის მერიის მხარდაჭერით გაიმართება. ღვინო ყველასათვის! ყველა ღვინისათვის! - ალბათ ეს უნდა იყოს განვლილი ღვინის ფესტივალების უმთავრესი ლოზუნგი.

ფესტივალების მუდმივმა სტუმრებმა კარგად იციან, რომ ჯერ კიდევ ფესტივალის დაწყებამდე ორი თვის მანძილზე ხდება ხოლმე საფესტივალო ღვინოების შერჩევა. ფესტივალებში ნებისმიერ ღვინის მწარმოებელს შეუძლია მონაწილეობის მიღება მხოლოდ იმ პირობით, რომ ფესტივალზე მათ მიერ წარმოდგენილი ღვინის ნიმუშები არ უნდა იყოს დაავადებული.

ღვინის ვარგისიანობა ყოველთვის ღვინის კლუბის შიდა დეგუსტაციებზე მოწმდებოდა და წელსაც მხოლოდ ჯანსაღი ღვინის მწარმოებლებს მიეცათ ღონისძიებაში მონაწილეობის მიღების უფლება. “ახალი ღვინის ფესტივალში” მონაწილეობას თითქმის ყოველ წელს 40-დან 50--მდე ოჯახური მარანი იღებს, ასევე დაახლოებით 30 ღვინის კომპანია. მათ მიერ წარმოდგენილი ღვინის დაგემოვნება ფესტივალის სტუმრებს ტრადიციულად უფასოდ შეუძლიათ. ფესტივალის სტუმრებს ურიგდებათ სპეციალური ბროშურები, სადაც მონაწილე მარნებისა და კომპანიების შესახებაა მოთხრობილი.

ეთნოგრაფიულ მუზეუმში უკვე მეხუთე ფესტივალი ტარდება და პროგრესი ყოველწლიურად იგრძნობა. ქართველი გლეხები წლიდან-წლამდე აუმჯობესებენ წარმოებული ღვინის ხარისხს და დიდმა კომპანიებმაც ნელ-ნელა ისწავლეს ღვინის მარკეტინგულად სწორად შეფუთვა და სწორად მიწოდება მომხმარებლებისათვის. ღვინის ფესტივალი არის პირველ რიგში ღვინის ზეიმი, მაგრამ ამას გარდა ამ ღონისძიებას თავისი ეკონომიკური მნიშვნელობაც გააჩნია. ფესტივალზე ბევრი ღვინით მოვაჭრე (ნეგოციანტი) მოდის, რომლებიც მათთვის საინტერესო ღვინოებს ინიშნავენ და იძენენ.

ფესტივალის ხუთწლიანი ისტორიის მანძილზე არაერთი რიგითი მევენახე-მეღვინე გახდა ცნობილი მეღვინე და დღეს მრავალი ხარისხიანი, ნატურალური გლეხური ღვინო უკვე ევროპის ქვეყნებშიც კი იყიდება. ფესტივალი არის შეხვედრის ადგილი ღვინის მოყვარულების, მეღვინეების და ღვინით დაინტერესებული ხალხისათვის და ამ მნიშვნელოვან საქმეს ღვინის კლუბი უძღვება უკვე წლების მანძილზე.

საქართველოში ღვინოსთან დაკავშირებული ღონისძიებებით ღვინის ქართველი მოყვარულები განებივრებულნი ნამდვილად არ არიან. თბილისში მთელი წლის მანძილზე სულ სამი მსგავსი ტიპის ღონისძიება იმართება. (“ახალი ღვინის ფესტივალი”, “თბილისობა ღვინის კლუბთან ერთად” და ვინექსპო). როგორც ღვინის კლუბის წევრები ამბობენ, ფესტივალს ყოველ წელს მეტი და მეტი ადამიანი ესწრება, რაც ძალიან მნიშვნელოვანია. მაგალითად, ბოლო ღვინის ფესტივალზე ღვინის კლუბმა დაახლოებით 15 ათას სტუმარს უმასპინძლა.

ახალი ღვინის ფესტივალი ღვინის არჩევანის და რაოდენობის მხრივ, ბევრ ცნობილ ევროპულ ფესტივალს არ ჩამოუვარდება. ღონისძიებაზე ისინჯება თითქმის ყველა ტიპის ღვინის ნიმუში, რაც კი ჩვენს ქვეყანაში იწარმოება. შარშან განსაკუთრებული მოწონება დაიმსახურა ქვევრის ღვინის ცალკეულმა ნიმუშებმა, რომლებიც მეღვინეებმა საქართველოს სხვადახვა კუთხიდან წარმოადგინეს.

წინა ფესტივალებმა ღვინის მხრივაც მრავალი სიახლე შესათავაზეს სტუმრებს. მაგალითად შარშან ფესტივალის სიახლე იყო სამეგრელოში, მარტვილის რაიონის სოფელ თარგამეულში ჩამოსხმული მშრალად დაყენებული მეგრული ოჯალეში. შარშანწინ კი ფესტივალის ღვინო-ჰიტი, ჭიკაანის ქვევრის ქისი იყო, იგივე შეიძლება ითქვას ოცხანურ საფერეებზე იმერეთიდან და გარეკახურ საფერავებზე. ასეთი გამორჩეული ღვინოები წლევანდელ ფესტივალზეც აუცილებლად იქნება.

შარშან და შარშანწინ კახეთში მომხდარმა ბუნებრივმა კატასტროფებმა კახური მევენახეობა-მეღვინება ძალიან დააზარალა. ალბათ სწორედ ამის ბრალი იყო ის, რომ წინა წელს ახალი ღვინის ფესტივალზე თელავისა და გურჯაანის რაიონი ტრადიციულად მძლავრად ვერ იყო წარმოდგენილი. წელს კი პრობლემატური წელი იმერულ ღვინოებს ჰქონდათ. შიდა დეგუსტაციებმა აჩვენა, რომ წლევანდელ ფესტივალზე შესაძლოა ქართლის ღვინოებმა განსაკუთრებული აღიარება დაიმსახურონ. ღვინის ექსპერტების შეფასებით, გასული წელი ქართლში მევენახეობა-მეღვინეობის კუთხით გამორჩეულად კარგი იყო.

უკანასკნელმა ახალი ღვინის ფესტივალებმა ასევე აჩვენა, რომ გამოცოცხლებაა ქვემო ქართლში. ქვემოქართლელმა (ბოლნისის, მანგლისის და მარნეულის რიაონები) მეღვინეებმა სრულიად განხვავებული გემური თვისებების გორული მწვანესგან, საფერავისგან და რქაწითელისგან დაყენებული ღვინოები წარმოადგინეს. როგორ ერთ-ერთ შიდა დაგუსტაციაზე ღვინის ექსპერტმა, დავით ჩიჩუამ აღნიშნა, ქვემო ქართლის ღვინოებს “ახალი სუნთქვა გაეხსნათ.”

ფესტივალის ერთ-ერთ მუდმივ სტუმარს კი, ზოგადად გლეხების ღვინის ხარისხის ამაღლება ახარებს.

”დაახლოებით 5-10 წლის წინ, სიმართლე რომ გითხრათ გლეხური ღვინის აბსოლუტური უმრავლესობა არც კი დაილეოდა. საქმე მხოლოდ ის არ არის, რომ გლეხები ღვინოს შაქარს აყრიდნენ. ბევრმა ღვინის ელემენტარულად შენახვაც კი არ იცოდა. ახლა ყველა ფესტივალზე დავდივარ და ძალიან გახარებული ვარ, რომ გლეხებმა ღვინის მოვლაც ისწავლეს და ბევრი ისეთი ნიმუში გავსინჯე, არაერთ ცნობილ და ბრენდად ქცეულ ღვინოს რომ არ ჩამოუვარდება. ბარაქალა გლეხებს და ღვინის კლუბს, რომელმაც ამ ადამიანებს სტიმული მისცა და ღვინის დიდი ბაზრისაკენ გზა გაუკვალა!” – ამბობს 46 წლის შოთა მგელიაშვილი.

ქალები ღვინო ის ფენომენია, სადაც გენდერული თანასწორობა მსოფლიოს თითქმის ყველა ქვეყანაშია დაცული. მთელს მსოფლიოში წარმატებით იყიდება იტალიაში, აშშ-ში, საფრანგეთში, ესპანეთში და სხვა ქვეყნებში მცხოვრები ქალი მეღვინების მიერ დაყენებული ღვინოები. ბოლო წლებში ქალი მეღვინეები დიდ წარმატებებსაც აღწევენ და ცნობილ ღვინის კონკურსებზეც არაერთი ღვინო დაჯილდოვდა სხვადასხვა სინჯის მედლებითა და პრიზებით. მსოფლიოს ტენდენციებს არც ქართველი ქალები ჩამორჩნენ და შარშანდელ ახალი ღვინის ფესტივალზე შეკრებილ საზოგადოებას უკვე ქალი მეღვინეების მიერ დაყენებული ღვინის ნიმუშების გასინჯვაც შეეძლოთ. 

ახალი ღვინის ფესტივალის კულმინაცია ტრადიციულად ქვევრის მოხდის ცერემონიალია, რომელშიც ღვინის კლუბის წევრებთან ერთად სტუმრებიც იღებენ მონაწილეობას. შარშან ქვევრში კახეთის სოფელ ვაზისუბანში, მეღვინე მერაბ მირცხულავას მიერ დაყენებული რქაწითელი-მწვანეს ღვინო ესხა. შარშანწინ ჭიკაანელი კობა ქვაჭრელიშვილის ქისი. წელს კი ეთნოგრაფიული მუზეუმის ეზოში ღვინის კლუბის მიერ ჩარგულ ქვევრში ქართლელი მეღვინის, გოგი დვალიშვილის ჩინურისა და გორული მწვანის ღვინო დახვდებათ სტუმრებს და ამ ღვინის მოყვარულებს შეუძლიათ აქედანვე დაიჭირონ თადარიგი.

შარშან, საკუთარი ღვინის წარმატებით იმედმიცემულ მერაბ მირცხულავას წლევანდელ ფესტივალზეც რეკორდული ღვინის რაოდენობა – ღვინის ხუთი ნიმუში ექნება წარმოდგენილი. მერაბ მირცხულავა თბილისელი კაცია, რომელმაც მეღვინეობას ხელი სულ რამდენიმე წლის წინ მოჰკიდა და ქართლში (სოფელი ოკამი) და კახეთში (სოფელი ვაზისუბანი) უკვე ხუთი დასახელების განსხვავებული ღვინოები დააყენა. მერაბ მირცხულავა, მეღვინე: ”ფესტივალში წელს მესამედ ვიღებ მონაწილეობას. შარშანწინ ჩემი მხოლოდ ერთი ღვინის ნიმუში გავიდა საფესტივალო ღვინოებს შორის. შარშან და წელს კი ღვინის ხუთი ნიმუშით ვარ წარმოდგენილი. ღვინოს ვაყენებ როგორც ქვევრში, ასევე კასრებსა და უჟანგავი ლითონის ჭურჭელში. სასიხარულოა, რომ ფესტივალს ბევრი ახალგაზრდა ესწრება. ახალგაზრდების იმედი მაქვს და მჯერა, რომ მომავალი თაობა უკეთ დააფასებს და შეიყვარებს ქართულ ღვინოს. ჩვენი ღვინო ჯერ აქ, ამ ქვეყანაში უნდა დაფასდეს და მხოლოდ შემდეგ შეიძლება ვიფიქროთ უცხოეთის ბაზრებზე”.

ახალი ღვინის ფესტივალი ალბათ ყველაზე ნათლად წარმოაჩენს ქართული მეღვინეობის როგორც დადებით, ასევე უარყოფით მხარეებს. თუმცა, ღვინის მოყვარულებიცა და სპეციალისტებიც თანხმდებიან იმაზე, რომ ჩვენი ქვეყნის მეღვინეობა მართალია არასასურველად ნელი ტემპებით, მაგრამ მაინც უახლოვდება ევროპას. ევროპასთან მიახლოვება რასაკვირველია მხოლოდ ევროპული ტიპის ღვინის დაყენებას არ ნიშნავს. (მით უმეტეს, როდესაც ქართული ქვევრის ღვინო ევროპაში სულ უფრო პოპულარული ხდება) უმთავრესია ქართველმა მეღვინეებმა ალღო სათანადოდ აუღონ ღვინის მარკეტინგს და ღვინის ხარისხს კიდევ უფრო მეტი ყურადღება მიაქციონ.

ქართულ მეღვინეობაში არსებულ ტენდენციებს უფრო ნათლად წლევანდელი, რიგით მეხუთე 2014 წლის ახალი ღვინის ფესტივალი წარმოაჩენს. ასეთი ტიპის ღონისძიებები ერთ-ერთი საუკეთესო საშუალებაა ღვინის კულტურის დასახვეწად.

© ღვინის კლუბი /Weekend

თქვენი კომენტარი

თქვენი ელ-ფოსტა არ გამოქვეყნდება
  • Web page addresses and e-mail addresses turn into links automatically.
  • No HTML tags allowed

More information about formatting options

საქართველოს ღვინის რუკა
თქვენ შეგიძლიათ დაეხმაროთ ჩვენს ბლოგს "PayPal"-ის საშუალებით.

ტოპ ხუთეული