Home
ქართული | English
დეკემბერი 2024
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
2526272829301
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
303112345

შეიძინეთ ჩვენი წიგნები ღვინის მაღაზიებში

მულტიმედია

კომენტარები

ღვინოში მოგზაურობა იზაბელ ლეჟერონთან ერთად

ნინა ახლოური                                                            

     მის გამოჩენას ღვინის სამყაროში ხშირად ადარებენ სუფთა ჰაერის ჩასუნთქვას. რთულია მიხვდე, რა იმალება ამ სიტყვების მიღმა, სანამ პირადად არ გაიცნობ. ის მსოფლიოში ღვინის სფეროში ერთ-ერთი ყველაზე კომპეტენტური ქალია, თუმცა ამას არც ისე სერიოზულად აღიქვამს. ამ სფეროში მოღვაწეობა მისთვის ისეთივე ბუნებრივი რამაა, როგორც თევზისთვის წყალში ყოფნა. ხშირად წერენ, რომ მის ძარღვებში სისხლის მაგივრად ღვინო მოედინება. თითქოს უცნაურად ჟღერს, თუმცა თუკი მის ცხოვრებას თვალს გადაავლებ, ყველაფერს უცებ მიხვდები.
     იზაბელ ლეჟერონი საფრანგეთში დაიბადა და გაიზარდა. ის კონიაკის მწარმოებელთა ოჯახის მეექვსე თაობას მიეკუთვნება. მისმა ბავშვობამ უმეტესწილად ვენახში განვლო, სადაც ოჯახს ღვინის დამზადებაში ეხმარებოდა, ასევე კრეფდა კაკალსა და ლეღვს. ამ მდიდარმა გამოცდილებამ ძალიან დიდი როლი ითამაშა მის ასეთ ბრწყინვალე პროფესიონალად ჩამოყალიბებაში. თუმცა როგორც ჩვენთან პირად ინტერვიუში აღნიშნა, ვენახში მუშაობა მისი ბავშვობის ყველაზე სასიამოვნო მოგონებას არ წარმოადგენს. ისიც კი წამოსცდა, მძულდა ეს საქმიანობაო. ინტერნეტში არსებული ინფორმაციის გავლენით, წინასწარ ისეთი განწყობა მქონდა, რომ ვარდისფერ ფერებში დამიხატავდა თავის ბავშვობას. როდესაც გაოცებულმა ვკითხე, რას ხედავდა ამაში უსიამოვნოს, ჩვეული უშუალობით თუ გულახდილობით მიპასუხა: "ცუდი გრძნობაა, როდესაც ხარ პატარა და ყველა შენი მეგობარი კინოში ფილმის სანახავად მიდის, შენ კი იძულებული ხარ ვენახში დარჩე და იმუშავო". როგორც აღმოჩნდა, იგი არა მხოლოდ ეხმარებოდა ოჯახს მოსავლის აღებაში, არამედ სადილის მომზადებაც ხშირად უწევდა. "მე ამ ყველაფერს დღესაც ვაკეთებ, ვბრუნდები ხოლმე შინ და ვეხმარები. ჩემი ოჯახის ტრადიციები ძალიან ძლიერია, ღვინო კი მისი მხოლოდ ერთ-ერთი ასპექტია. ასეთივე წარმატებით ხშირად ვამზადებდი სოუსს კაკლისაგან".
     თავისი ოჯახის აღნიშნული ტრადიციებიდან გამომდინარე, იზაბელ ლეჟერონი მუდამ ღვინის სფეროში იყო. "დაახლოებით ათი წლის წინ, იმდენად შეყვარებული ვიყავი ამ სასმელზე, რომ კვალიფიკაციის ამაღლება გადავწყვიტე. მინდოდა, რაც შეიძლება მეტი მცოდნოდა", - ამბობს ის.
     ბოლო წლებში იზაბელის განვითარებულ კარიერას რთულია უბრალოდ კვალიფიკაციის ამაღლება უწოდო. დღესდღეობით მას მსოფლიოში ღვინის ერთ-ერთი საუკეთესო მცოდნის რეპუტაცია აქვს. ლეჟერონი არის ისეთი ცნობილი საერთაშორისო კონკურსების ჟიურის შემადგენლობაში, როგორიცაა International Wine Challenge, the Concours Mondial, the Concours des Saveurs in Cognac და Michelangelo competition in South Africa. ასევე აფასებს ღვინოებს მთელი რიგი ორგანიზაციებისა და ჟურნალებისთვის, მაგალითად, “დეკანტერისთვის”. მას მიჰყავს მარკეტინგის კურსები ლონდონის ღვინის სკოლაში, რომელიც თავადვე დააარსა. იზაბელი ასევე დაკავებულია ღვინისა თუ სხვა სახის გასტრონომიული ღონისძიებების მოწყობა-ორგანიზებით. ამასთან, ხშირად იღებს მონაწილეობას შემდეგ სატელევიზიო შოუებში: Great Food Live, Sky One’s Taste, BBC Cs Newsnight, Destination Lunch and Australia’s BCC News, BBC Breakfast.
     ამ ყველაფრის შედეგად, 2009 წელს იზაბელ ლეჟერონს ღვინის დარგში ყველაზე გამორჩეული ქალის ტიტული მიენიჭა და ბოლოს, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, სულ ახლახანს გახდა პირველი ფრანგი ქალი Master of Wine (MW). აღსანიშნავია, რომ ეს უკანასკნელი ყველაზე მნიშვნელოვანი და უმაღლესი ჯილდოა, რაც ღვინის სამყაროში შეიძლება მოგანიჭონ.
     ლეჟერონს ცხოვრებაში ერთი განსაკუთრებული მიზანი აქვს: შეაყვაროს ღვინო სხვებს ისევე ძლიერ, როგორც თვითონ უყვარს. ის ასევე გატაცებულია ახალი ღვინოების აღმოჩენით. ამ ორმა ფაქტორმა განაპირობა ის, რომ იზაბელმა, ახალი ღვინოების აღმოჩენისა და მათი სხვებისთვის გაცნობის მიზნით მსოფლიოს გარშემო დაიწყო მოგზაურობა. ეს პროცესი მან ასახა სერიებში "ღვინოში მოგზაურობა", რომელიც Travel Channel-ზე გადის. მათი ხილვა ასევე შეიძლება CNBC-ზე. ფილმებში ასახულია სხვადასხვა ქვეყნების მევენახეობის ისტორია და კულტურა. ჯერჯერობით ეს მოიცავს სამხრეთ აფრიკის, ესპანეთის, პორტუგალიის, ავსტრალისა და ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის მეღვინეობის ტრადიციებსა თუ ახლანდელ სიტუაციას.
     ამ წლის სექტემბერში იზაბელ ლეჟერონი საქართველოს უკვე მეორედ მოინახულებს იმ პროექტისთვის ახალი სერიის გადასაღებად, რომელსაც "ღვინოში მოგზაურობა" ჰქვია. მთავარი თემა კი, რაღა თქმა უნდა, ქართული მევენახეობისა და მეღვინეობის ტრადიციები და ღვინოები იქნება. ეს პროექტი, "დოკუმენტური ფილმი ქართული ღვინის შესახებ" ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტის ინიციატივით დაარსდა. ის "გეო ფილმ პროდაქშენთან", ბრიტანეთ-საქართველოს სავაჭრო პალატას, Travel Channel სატელევიზიო არხსა და იზაბელ ლეჟერონთან თანამშრომლობით შეიქმნა.
     პირველად იზაბელი ჩვენს ქვეყანას ივნისში ეწვია. ვიზიტის დროს ის გაეცნო საქართველოს იმ კუთხეებს, სადაც ვაზის განსხვავებული ჯიშებია გავრცელებული, ასევე დაათვალიერა ქარხნები, მარნები და სამონასტრო კომპლექსები, სადაც ღვინის წარმოება ხდება. ვიზიტის დასასრულს ლეჟერონი "მარანს" მიღებული შთაბეჭდილებებისა და სამომავლო გეგმების შესახებ ესაუბრა.
     "საქართველო გასაოცარი ქვეყანაა თავისი სტუმარმასპინძლობისა თუUღვინის ტრადიციებით. ქვევრის შესახებ მსმენოდა და საზღვარგარეთ ქართული ღვინოებიც მქონდა დაგემოვნებული, თუმცა მსგავსი აქამდე არაფერი მინახავს. ღვინის დამზადების ტექნოლოგია, განსაკუთრებით კახეთში, ძალიან ორიგინალური და ამაღელვებელია", - ამბობს იზაბელი. ყველაზე მეტად სწორედ ქვევრის ტრადიციამ მოხიბლა. "მე ვფიქრობ, რომ ქართველმა ერმა ფოკუსირება ქვევრის მეთოდოლოგიაზე უნდა მოახდინოს და არა მუხის კასრებზე. ამ უკანასკნელში ამაღელვებელი არაფერია, რადგან ღვინო სხვაგან ყველგან ასე მზადდება. საქართველო ახლა ცდილობს დასავლური ტიპის ღვინოების დამზადებას და ეს ძალიან კარგია, მაგრამ თუ ფიქრობთ სუფთა და ბუნებრივი ღვინის წარმოებაზე, ქვევრის ტექნოლოგიას უნდა მიანიჭოთ უპირატესობა. არ მიყვარს მუხის ძლიერი არომატი ღვინოში. როდესაც გაქვს ღვინო ისეთი მდიდარი ბუკეტით, როგორიცაა საფერავი, ნამდვილად არაფერში გჭირდება ისეთი მძიმე კომპონენტის დამატება, როგორიც მუხის არომატია".
     იზაბელმა ერთხელ აღნიშნა, რომ ღვინო არის ძალიან მარტივი და ჭიქა თავად ამბობს ხოლმე მის სათქმელს. უბრალოდ, ხანდახან ღვინოებს პატარა თარგმანის გაკეთება სჭირდებათ. როდესაც ვკითხე, როგორ გადათარგმნიდა ქართულ ღვინოებს, თქვა, რომ ჩვენი ღვინოები უნიკალური და გასაოცარი გემოთი გამოირჩევა. განსაკუთრებით იყო მოხიბლული თეთრ ღვინოში თხილისა და თაფლის არომატების კომბინაციით. ფავორიტი ღვინის დასახელებას მოერიდა, თუმცა მაინც აღნიშნა, რომ ფილმის გადაღების პროცესში უპირატესობას კახურ, ტრადიციულ ღვინოებს მიანიჭებს, რადგან ისინი განსაკუთრებული ინდივიდუალიზმითაა მდიდარი. ისეც, ქვევრის ტრადიცია ფილმის ცენტრალური თემა იქნება, რადგან საქართველოს რეგიონებისა და ვაზის ჯიშების მრავალფეროვნების გამო, ვერ ხერხდება ყველაფრის გადაღება. სწორედ ამიტომ, იზაბელი აპირებს აქცენტი გააკეთოს იმაზე, რაც ქართულ მეღვინეობას განსაკუთრებულს ხდის, ანუ ქვევრზე. ფილმში, სავარაუდოდ, ასევე მოხვდება ქართული სუფრის ელემენტები, რთველი, არქეოლოგიური სანახაობები, მონასტრები და ჩვენებური სიმღერები.
     იზაბელი მოხიბლულია ქართული სუფრის ტრადიციებით. "ყველაფერი ძალიან გემრიელია, ასე რომ, სულ ჭამაზე ფიქრობ. ამიტომ, როცა მეორედ ჩამოსვლას დავაპირებ, წინასწარ უნდა მოვემზადო. ეს ტრადიციები არაჩვეულებრივია, რადგან სწორედ ის ქმნის ქვეყნის ინდივიდუალურ სახეს". აქვე დაამატა, რომ ქვევრის ღვინო, მიუხედავად იმისა, რომ არცთუ მსუბუქია, არაჩვეულებრივია რესტორნებისთვის, რადგან ბევრი სახის და დიდი როდენობის საკვებზე კარგად მიდის. მალხაზ ხარბედიას თხოვნაზე, მოეძებნა თეთრი კახური ღვინისთვის კარგი მეწყვილე არაქართული სამზარეულოდან, ცოტა ხანს დაფიქრდა, შემდეგ კი სოკო, რიზოტო და წიწილა დაასახელა. მოგვიანებით კი გამოგვიტყდა, მირჩევნია ღვინო ყველაფრის გარეშე მივირთვა, მაგრამ თუ მაინცდამაინც მეწყვილის არჩევაზე მიდგა საქმე, ისევ ღვინოს ავირჩევ, ან კარგ კამპანიასო.
     კარგი კამპანია და მეგობრებთან ყოფნა იზაბელის ცხოვრებაში ყველაზე დიდი ფუფუნებაა, რადგან ამისთვის დროს იშვიათად პოულობს. იდეალურად დროის გატარება ასე წარმოუდგენია: ადრიან შემოდგომაზე, თავისუფალი დღე, სოკოების მოსაძებნად ტყეში წასვლა, შემდეგ მათი მომზადება, სადილი მეგობრებთან ყავის, პურისა და კარაქის თანხლებით. ისევე, როგორც ღვინის ინტერპრეტაციისას, ცხოვრებაშიც ყველაფერს მარტივს ამჯობინებს. თავის საქმეში კი, რა თქმა უნდა, ღვინის გარდა, ის უყვარს, რომ მოგზაურობის და ახალი აღმოჩენების გაკეთების საშუალება ეძლევა.
     დასასრულს, იზაბელმა ასევე ისაუბრა ბრიტანეთის ბაზარზე ქართული ღვინის პერსპექტივების შესახებ. მისი აზრით, მიუხედავად იმისა, რომ ეს უკანასკნელი ყველაზე კონკურენტული ღვინის ბაზარია მსოფლიოში, ქართულ ღვინოს მაინც აქვს დიდი შესაძლებლობები იმისათვის, რომ თავი დაიმკვიდროს. ამის მთავარი წინაპირობა კი მაღალი ხარისხი, ორიგინალური გემო და პიარ ტექნოლოგიებია. საჭიროა ქართული ღვინის გაცნობა ბრიტანელი მომხმარებლისთვის, ოღონდ უკეთესი იქნება, თუ ეს მოხდება რესტორნებში ექსპერტების მიერ და არა სუპერ მარკეტებში. მთავარია ტექნოლოგიის გაცნობა, უცხოელებისთვის ამბის მოყოლა, - მიაჩნია ლეჟერონს. ეჭვგარეშეა, რომ ის ფილმიც, რომლის გადაღება სექტემბერში იგეგმება, მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს ქართული ღვინის ცნობადობის გაზრდას საზღვარგარეთ.
 
© ღვინის კლუბი/“Weekend“

თქვენი კომენტარი

თქვენი ელ-ფოსტა არ გამოქვეყნდება
  • Web page addresses and e-mail addresses turn into links automatically.
  • No HTML tags allowed

More information about formatting options

საქართველოს ღვინის რუკა
თქვენ შეგიძლიათ დაეხმაროთ ჩვენს ბლოგს "PayPal"-ის საშუალებით.

ტოპ ხუთეული